საქართველოს მოქალაქე ემზარ პაქსაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1219 |
ავტორ(ებ)ი | ემზარ პაქსაძე |
თარიღი | 11 მაისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიღების საფუძველი, ვინაიდან: ა) კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გ) სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის მიხედვით არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) სადავო საკითხი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე გათვალისწინებულ საკითხებს ვ) კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადას სარჩელის წარსადგენად ; ზ) სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი წარმოვადგენ ადვოკატთა ასოციაციის წევრს დაარსების დღიდან საერთო სპეციალობით; ჩემი სიითი ნომერია 1138; ამასთანავე ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციის (თგუდა"-ს) გამგეობის თავმჯდომარე და საქართველოს იურიდიულ ფირმათა ასოციაციის გამგეობის წევრი; 1.1. 2017 წლის 26 აპრილს ვახორცილებდი თბილისის საქალაქო სასამართლოში (მოსამართლე ქალბატონი ლილი მსხილაძე) ბრალდებულ მამუკა მგალობლიშვილის ინტერესების დაცვას; სამწუხაროდ ამავე დროს ანუ, 2017 წლის 26 აპრილს 11 საათზე მონაწილეობას ვღებულობ თეთრიწყაროსს რაიონულ სასამართლოში ბრალდებულ ემზარ ნაკაიძის ბრალდების საქმეზე (აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლოს სხდომა ჩანიშნული იყო 20 აპრილს, თუმცა შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე მოსამართლის მიერ აღნიშნული პროცესი გადადებული იქნა განუსაზღვრელი ვადით, რის შემდეგ წინა დღით 2017 წლის 25 აპრილს დამიკავშირდა მოსამართლის თანაშემწემ და მაცნობა, რომ პროცესი ჩანიშნა იმავე დღეს 11 საათზე და დასწრება სავალდებულოა); 2. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩემს მიერ კანონით დადგენილი წესით წარდგენილი იქნა შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ, სადაც მივუთითე საპატიო მიზეზის შესახებ და ასევე აღნიშნუი შესახებ ვაცნობე ბრალდების მხარეს; 3. სამწუხაროდ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ჩემს მიერ წარდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით და ,,არასაპატიოდ გამოუცხადებლობის გამო" დამაჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით; 4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად აღნიშნული განკარგულება არ საჩივრდება; 5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის #2/2/558 გადაწყვეტილების თანახმად არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მეცხრე ნაწილი, მათ შორის იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებდა პროცესზე არასაპატიო მიზეზით (ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაგვიანებით) გამოცხადების გამო მიღებული განკარგულების გასაჩივრების აკრძალვას სამოქალაქო სამართალწარმოების დროს; 6. შესაბამისად ჩემი საკონსტიტუციო სარჩელი მთლიანად ეფუძნება ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას, რომლის მიხედვითაც: 6. 1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმარ- თოს სასამართლოს”. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ეს ნორმა ადგენს უფლებას სამართლიან სასამართლოზე, რომლის შინაარსი და ფარგლები განსაზღვრულია თავად კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით (იხილეთ 2014 წლის 27 თებერვლის #2/2/558 გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილის პირველი პარაგრაფი). 6.2. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. სწორედ (უფლების სასამართლოში დაცვის) აღნიშნული შესაძლებლობა წარმოადგენს კონკრეტული უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს გარანტიას (იხილეთ 2014 წლის 27 თებერვლის #2/2/558 გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილის მეორე პარაგრაფი). 7. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად წარმოადგენს სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია ჩარევას სამართლიანი სასამართლოს ძირითად უფლებაში და რამდენად შეესაბამება იგი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ძირითად უფლებას. 8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, 8. სასამართლოში პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას მას სხდომის თავმჯდომარე განკარგულებით აკისრებს ჯარიმას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაც პროცესის მონაწილეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან. ეს განკარგულება არ გასაჩივრდება. ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს პირის ფინანსურ მდგომარეობას 9. პირის შესაძლებლობა, მის უფლებასთან დაკავშირებული საქმე განხილულ იქნეს საჯარო მოსმენით და ჰქონდეს საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, ასევე, გაასაჩივროს მის უფლებასთან შემხებლობაში მყოფი აქტი, დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით. შესაბამისად, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ახდენს პირის აღნიშნული შესაძლებლობების შეზღუდვას, წარმოადგენს ჩარევას სამართლიანი სასარმართლოს უფლებაში. ამდენად, სადავო ნორმით ხდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა. 10. მიუხედავად იმისა, რომ უფლებას სამართლიან სასამართლოზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ არის აბსოლუტური. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს. კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის. 11. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 91-ე მუხლით დადგენილი რეგულაცია, რამდენად არსებობს თანაზომიერება ლეგიტიმურ მიზნებსა და გამოყენებულ საშუალებას შორის და დაცულია თუ არა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტები. 12. ამასთანავე უფლების შეზღუდვის თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად მიჩნევისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს, რამდენად სწორად არის შერჩეული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება და ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების გამოყენებით აღნიშნული მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. 13. მოცემულ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა მდგომარეობს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრების დაუშვებლობაში. 14. სამართლიანი სასამართლოს უფლება უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტიად ამ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას თვლის. უფლების დაცვის მიზნით, სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის არსებობის გარეშე, თავად უფლებით სარგებლობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. „შესაბამისად, უფლება თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს თავად იმ უფლების უგულებელყოფის საფრთხეს, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება #1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარ- ლამენტის წინააღმდეგ”, II, 14). (იხილეთ ასევე (იხილეთ 2014 წლის 27 თებერვლის #2/2/558 გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილის 54-ე პარაგრაფი). 15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან თვითნებობის თავიდან აცილების მექანიზმს და მოსამართლეს უბიძგებს, თავიდან აიცილოს შესაძლო შეცდომები, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. (იხილეთ 2014 წლის 27 თებერვლის #2/2/558 გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილის 55-ე პარაგრაფი). 16. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაჯარიმების შესახებ სასამართლოს განკარგულებაზე არ დაიშვება არც საჩივრის შეტანა და არც მისი გასაჩივრება, საქმეზე გამოტანილ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. 17. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია სრულად გამორიცხავს პირის მიერ გასაჩივრების უფლებით სარგებლობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების სასამართლო წესით დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის, რომლის მიმართაც ადგილი აქვს სახელმწიფო იძულების ელემენტების მატარებელი ზომების გატარებას, სამართალწარმოებაში ამ პირის სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად. - პირს, რომელსაც სახელმწიფო აკისრებს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევისათვის, უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლებით სარ გებლობის შესაძლებლობა. რეგულაცია, რო მელიც სასამართლოსადმი მიმართვის ყველა საშუალებას გამორიცხავს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებისარსს და ვერ იქნება გამართლებული ლეგიტიმური საჯარო მიზნით. (იხილეთ 2014 წლის 27 თებერვლის #2/2/558 გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილის 57-ე პარაგრაფი). 18. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ისეთი უმნიშვნელოვანესი მიზნების მიღწევაც კი, როგორიცაა სასამართლო ინსტიტუტებისადმი პატივისცემა და მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება, პროცესის მონაწილეთა ღირსების, წესრიგისა და დადგენილი ეთიკის დაცვა არ უნდა განხორციელდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების შელახვის ხარჯზე. სამართალწარმოება, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის უფლებამოსილებას, გაასამართლოს პირი, მათ შორის სასამართლოსადმი უპატივცემულობისათვის გამოტანილი განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე, არათანაზომიერად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. (იხილეთ 2014 წლის 27 თებერვლის #2/2/558 გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილის 58-ე პარაგრაფი). 19. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში პირის გაძევების/დაჯარიმების განკარგულების გასაჩივრების უფლება ვერ გამოიწვევს საქმეზე ძირითადი პროცესის გაჭიანურებას, ვერ შექმნის დაბრკოლებას სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. გასაჩივრების შემთხვევაში, განკარგულების კანონიერების ან/და დასაბუთებულობის გადამოწმება უნდა განხორციელდეს ცალკე სასამართლო წარმოების ფარგლებში. ამდენად, პირისათვის პროცესუალური დაცვის შესაძლებლობების მინიჭება უარყოფითად ვერ აისახება თავად გამოყენებული ღონისძიების მიზნებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება პროცესის მონაწილისა და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ განკარგულების გასაჩივრების დაუშვებლობას, ლოგიკურად არ უკავშირდება არც მოპასუხის მიერ მითითებულ ლეგიტიმურ მიზნებს. (იხილეთ 2014 წლის 27 თებერვლის #2/2/558 გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილის 59-ე პარაგრაფი). |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი