საქართველოს მოქალაქე გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/8/1287 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 10 ოქტომბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ოქტომბერი 2019 19:36 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო და შრომის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1287) მიმართა საქართველოს მოქალაქე გევორგ ბაბაიანმა. №1287 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 25 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 10 ოქტომბერს.
2. №1287 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი განსაზღვრავს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის საფუძვლებსა და წინაპირობებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამგვარი განცხადების შეტანა დაიშვება, თუ დადგინდება მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება, ხოლო ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს მხარეების და მათი წარმომადგენლების დანაშაულებრივი ქმედების ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედების დადგენის შემთხვევაში ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
5. №1287 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორი დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში. იგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს 2009 წლის 30 აპრილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების წელთა ნამსახურების ცნობის არასწორად გაანგარიშების და ნამსახურების დანამატის უსაფუძვლოდ გაცემის გამო. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დოკუმენტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის სამსახურიდან განთავისუფლებას, იყო ყალბი. თუმცა სადავო ნორმით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გამო, იგი ვერ ახერხებს, ხსენებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე დაყრდნობით, საქმის წარმოების განახლებას.
6. მოსარჩელემ, მომხსენებელი მოსამართლის მიმართვის საპასუხოდ, 2019 წლის 5 აპრილის წერილით დააზუსტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილთან მიმართებით, საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, მას არაკონსტიტუციურად მიაჩნია მითითებული სადავო ნორმა არა სრულად, არამედ მისი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდგომ დაუშვებლად აცხადებს ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ სამოქალაქო და შრომის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებზე, აგრეთვე ადმინისტრაციულ დავებზე, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავებთან მიმართებით, რომლებიც შეეხება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
7. მოსარჩელის პოზიციით, ადმინისტრაციული დავების შემთხვევაში ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. მოსარჩელე განმარტავს, რომ გამოძიების მიმდინარეობის მაქსიმალური ვადა აღემატება 5 წელს, რაც, ხშირ შემთვევაში, ქმნის საფრთხეს, რომ საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელი გარემოება გამოვლინდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში საქმის წარმოების განახლება ვერ მოხდება სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის არსებობის გამო, რაც განაპირობებს მისი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
8. მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული დავის დროს დაინტერესებული პირების უფლების დაცვის შესაძლებლობას უპირისპირდება სახელმწიფოს ინტერესი სამართლებრივ უსაფრთხოებაზე. დემოკრატიულ საზოგადოებაში კი პრიორიტეტი უნდა ენიჭებოდეს ინდივიდის, მოქალაქის კანონიერ უფლებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დაინტერესებული პირების შეზღუდვა 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადით მაშინ, როდეაც სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებულია მათი უფლების დამრღვევი სასამართლო გადაწყვეტილება, არ ადგენს სამართლიან ბალანსს მოსარჩელის ინტერესებსა და დაპირისპირებულ, სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესს შორის.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1287 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც მსგავსი/იდენტური შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განამტკიცებდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ანალოგიურად, სამართლიანი სასამართლოს უფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. №1287 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელისთვის პრობლემურია აღნიშნული სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, მოსარჩელე მხარე აღნიშნულ წესს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო და შრომის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავებთნ დაკავშირებით. მოსარჩელის მტკიცებით, საქმის განახლების საფუძვლები სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ შესაძლოა, დადასტურდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში პირს არ გააჩნია სამართლებრივი შესაძლებლობა, მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო. შესაბამისად, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით უკვე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 30 აპრილს მიიღო №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემას წარმოადგენდა სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ზოგადად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში ჩამოთვლილ, განცხადების შეტანისთვის საჭირო რომელიმე კონკრეტულ საფუძველზე მითითების გარეშე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლები, რომელთა მიმართ სადავო ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა პრობლემურია მოსარჩელე მხარისთვის, ასევე გათვალისწინებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №1/3/161 საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, იმსჯელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ შინაარსზე, რომელიც შეეხებოდა, ზოგადად, სამოქალაქო საქმეებს, მათ შორის სამოქალაქო და შრომის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს.
7. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ზემოაღნიშნული №161 კონსტიტუციური სარჩელი და მიიჩნია, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის „426-ე მუხლის სადავო მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა გამართლებულია სამართალში არსებული უფლებრივი წესრიგით. უფლება, როგორც ფასეულობა, არ შეიძლება მუდმივად, განუსაზღვრელად, საეჭვოობის (საცილოობის) ხასიათს ატარებდეს. თუკი კანონმდებლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უსასრულოდ დაუშვებდა უფლების საეჭვოობის შესაძლებლობას, ეს წინააღმდეგობაში მოვიდოდა თვით უფლების იდეასთან და საფუძველს გამოაცლიდა სამართლებრივ წესრიგს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი, მართალია, მასში გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ პირს ართმევს შესაძლებლობას, იდავოს საკუთარი უფლების თაობაზე და მოითხოვოს საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მაგრამ იგი წარმოადგენს აუცილებლობას მოწესრიგებული და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის არსებობისათვის.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის საქმის გადაცემის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №1287 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო და შრომის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებზე, უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
10. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამავე კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. მაშასადამე, სადავო ნორმა ასევე ვრცელდება ადმინისტრაციულ საქმეებზე. სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება ადმინისტრაციულ საქმეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებული არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1287 კონსტიტუციური სარჩელი, დასახელებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლისმე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1287 კონსტიტუციური სარჩელი („გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავებზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ ადმინისტრაციულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1287 კონსტიტუციური სარჩელი („გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო და შრომის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით პირის მიერ სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი