საქართველოს მოქალაქე გევორგ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1287 |
ავტორ(ებ)ი | გევორგ ბაბაიანი |
თარიღი | 22 დეკემბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი | კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სასარჩელო განცხადება :
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უშუალოდ უფლებამოსილი პირის მიერ, საქართველოს მოქალაქის გევორგ ბაბაიანის მიერ, ვინაიდან ეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით დაცულ უფლებებს;
გ) მასში მითითებული საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან მოთხოვნა დაკავშირებულია საქართველოს საკანონმდებლო აქტის ნორმათა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხების შემოწმებასთან;
დ) მასში მითითებული სადავო საკითხები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 30 აპრილს განიხილა საქმეზე #1/3/161 „საქართველოს მოქალაქეები-ოლღა სუმბატაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხის ზოგადად (მთლიანობაში) შესაბამისობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მაგრამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტა მოხდა სხვა სამართლებრივი რეჟიმის პირობებში, რის შემდეგ განხორციელდა ძირეული ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში, რომლებმაც, სამართალგამოყენებითი პრაქტიკის გათვალისწინებით, პრობლემატური გახადეს სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ცალკეული პოზიციის კონსტიტუციურობის საკითხი. სწორედ ამ ცალკეულ პოზიციებს ეხება მოცემული სასარჩელო განცხადება - მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის განაჩენით დადგენილი ახალი გარემოებების გამოყენების შსაძლებლობას: დოკუმენტის, დასკვნის სიყალბე; ცრუ ჩვენება, არასწორი თარგმანი; დანაშაულებრივი ქმედების ფაქტები.
ე) მასში მითითებული სადავო საკითხები გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ, კონსტიტუციის 42-ე მუხლით;
ვ) მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა დარღვეული არ არის;
ზ)სადავოა საკანონმდებლო აქტის ნორმები და არა კანონქვემდებარე აქტისა, ამიტომ იერარქიის დარღვევის საკითხი არ დგება;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმატიული აქტი და კონსტიტუციის დებულებები:
1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად:
„გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.“
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
მოქმედი კანონმდებლობა უშვებს შესაძლებლობას, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან გაუქმებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება, თუ:
„ა) არმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;
გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;“, ... აგრეთვე ამავე მუხლის სხვა პუნქტებში ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას.
მაგრამ აქ მოყვანილი სამი საფუძველი სასამართლო მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტები დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (სსსკ-ის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ანუ დამოკიდებულია სისხლის სამართლის საქმის დასრულებაზე. იმავდროულად მოცემულ მუხლში ასახული ყველა შემთხვევის გამოყენებისათვის კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი იყო აკრძალვა 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადის სახით, რომელიც აითვლება სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. შემდგომ, 2010 წ. და 2016 წ., გამონაკლისები დაეშვა საერთაშორისო ორგანიზაციების (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის) გადაწყვეტილებით დადგენილი ახალი გარემოებების მიმართ და ხანდაზმულობის ვადა დადგინდა არა გადასასინჯი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის დროიდან. გამონაკლისების დაშვება გამოწვეული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის პრაქტიკით, იმით, რომ საქმეების განხილვას მრავალი წელი მოუნდებოდათ და გადაწყვეტილება 5 წლის გასვლის შემდეგ დგებოდა, ამიტომ შეუძლებელი იყო ახალი გარემოებების გამოყენება. საქართველოს პარლამენტმა ამ საკანონმდებლო ცვლილებებით აღიარა საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტი, ასევე საერთაშორისო აქტების უპირატესობა შიდასახელმწიფო საკანონმდებლო აქტებზე. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნა ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების დასკვნები და რეკომენდაციები, კერძოდ, 2003 წლის 30 აპრილის #1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის სამოტივაციო ნაწილის მე- 7 პუნქტში აღნიშნულია: „სასამართლო კოლეგია ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მომწესრიგებელი ნორმები საჭიროებენ შემდგომ სრულყოფას. კერძოდ, მხედველობაშია მისაღები იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც მართალია ადგენენ კონკრეტულ, აღმკვეთ ვადებს, რომლის შემდეგაც დაუშვებელია გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაგრამ მათგან ითვალისწინებენ ცალკეულ გამონაკლისებს“. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სამოქალაქო საქმეების განახლებისათვის კანონით დადგენილი 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ. ძირითადი არგუმენტაცია იყო - უზრუნველყოფილი იქნას სამართლებრივი უსაფრთხოება, დავების უსასრულო გაგრძელება არ ხდებოდეს, პროცესში მონაწილე მეორე მხარის ინტერესები და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა დაცული იქნას. კოლეგია აღნიშნა ასევე, რომ სასამართლოში მიმართვის უფლება არ გულისხმობს მიმართვას საპროცესოსამართლებრივი წესების დაცვის გარეშე: „...სადავო ნორმა კი არ გამორიცხავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, არამედ გარკვეულ პროცესუალურ წესრიგში ათავსებს მას ...“. ამიტომ, დღეის მდგომარეობით, სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი 5- წლიანი ხანდაზმულობის საერთო ვადიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სამ შემთხვევაში: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას - თუ დაინტერესებული პირი არ იყო მოწვეული თავდაპირველი საქმის განხილვაზე, ასევე საქმის წარმოების განახლების ორ შემთხვევაში, როცა სახეზეა საერთაშორისო ორგანიზაციით დადგენილი ახალი გარემოება. მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მის შემდეგ შეიცვალა და წინააღმდეგობაში მოვიდა ადამიანის კონსტიტუციურ უფლებასთან, თავად შეარჩიოს, დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს თუ სხვა ხერხი გამოიყენოს ამისათვის. ამჟამინდელმა სამართლებრივმა მდგომარეობამ მოქალაქეს ამ მხრივ არ დაუტოვა არჩევის უფლება: მასზე დამოუკიდებელი გარემოების გამო ვერ ახდენს ზეგავლენას მტკიცებულების დროულად, 5 წლის ამოწურვამდე მოპოვების პროცესზე, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. გამოძიების და სასამართლო განხილვის ვადების ხანგრძლივობა განისაზღვრება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ, ხოლო თავად პროცესუალური ვადების ფარგლები იმდენად დიდია, რომ რამოდენიმე ჯერ აღემატება სსსკ 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ 5-წლიან ხანდაზმულობის ვადას.
ამ კონტექსტში აღსანიშნავია აგრეთვე, რომ #1/3/161 კონსტიტუციური სარჩელის 2003 წელს განხილვის პროცესში მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მიერ სარჩელზე უარის თქმისათვის მოყვანილ არგუმენტაციაში მითითებული იყო, რომ ხანდაზმულობის ვადები დაწესებულია არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში, არამედ დამახასიათებელია აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესისათვისაც. მაგრამ კანონმდებელმა შემდგომ გამოასწორა აღნიშნული პოზიცია და 2009 წელს მიღებულ ახალ სსსს კოდექსში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისათვის შემზღუდავი ხანდაზმულობის ვადები აღარ დააწესა, რითაც აღნიშნული სფერო მოიყვანა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობაში.
გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია ერთსულოვანი არ იყო, მას ახლავს კოლეგიის წევრის იაკობ ფუტკარაძის განსხვავებული აზრი, რომელიც აქტუალური გახდა დღეის მდგომარეობით, იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი იქნა ძირეული ცვლილებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ახალი გარემოებების აღმოჩენა-დადგენის ვადებზე. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმით დადგენილ გარემოებებთან მიმართებით, 2010 წლიდან ამოქმედებული ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მანამდე მოქმედ კოდექსთან შედარებით, გაადიდა გამოძიების ვადების ფარგლები და დააკავშირა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადებთან, ხოლო ამ უკანასკნელი ვადებიც თავის მხრივ გადიდებული იქნა გარკვეულ დანაშაულთა კატეგორიის მიმართ, მაგალითად სამოხელეო დანაშაულზე. ამიტომ სრულიად დასაშვებია, და სინამდვილეში ასეც ხდება სამართალგამოყენებითი პრაქტიკის მიხედვით, რომ სისხლის სამართლის საქმით დადგენილი ახალი გარემოებები, მოქალაქის ბრალის გარეშე, ვერ გამოიყენება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების (სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეზე) გადასინჯვისათვის, ვინაიდან მათი გამოყენების შესაძლებლობას კანონი უკავშირებს დასრულებულ სისხლის სამართლის საქმესთან, რაც 5-წლიანი ვადის გადაჭარბებით ხდება. აღსანიშნავია ამ კონტექსტში აგრეთვე, რომ არც საქართველოს პარლამენტს და არც მთავრობას არანაირი ბერკეტი გამოძიების და სასამართლო განხილვის ვადების „გონივრულ“ ჩარჩოში მოქცევისათვის არ გააჩნია, ვინაიდან გამომძიებელი და პროკურორი ემორჩილებიან მხოლოდ ზემდგომ პროკურორს, ხოლო მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა კონკრეტული საქმის განხილვასთან დაკავშირებით, დაუშვებელია. ამაზე მიუთითებს ჩემს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელსაც წარვადგინე #1209 კონსტიტუციურ სარჩელთან დამატებითი არგუმენტაციის სახით, 9.09.2017 წ. განცხადებასთა ერთად.
მთლიანად ვუზიარებ ბატონ იაკობ ფუტკარაძის მოსაზრებებს და მაგალითისათვის მოგახსენებთ ჩემს შემთხვევას: 2009 წლამდე ვიმსახურე საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სამხედრო სამსახურში 30 წელზე მეტი ნამსახურობით, სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებით „პოლკოვნიკი“, უმწიკლო პირადი საქმის პირობებში დამითხოვეს საქართველოს შსს ს.ს.დ. - სასაზღვრო პოლიციიდან იმჟამინდელი უფროსის გენერალ ზ.გოგავას 30.04.2009 წ. # 813 პ/შ ბრძანებით, ფალსიფიცირებული საბუთების გამოყენებით. ამით ჩამომართვეს სოციალური უზრუნველყოფის უფლება, სხვა სამსახურში ხელახლა შესვლის გზა გადამიჭრეს და ა.შ.. იმ პერიოდის უსამართლო სასამართლოს პირობებიც განვიცადე, შედეგს ვერ მივაღწიე სასამართლოში მიმართვის გზით. ჩემს წინააღმდეგ 13.05.2009 წ. აღძვრული #010098118 ს.ს.საქმის გამოძიების 7 წლის თავზე და სასამართლოში მისი არსებითი განხილვის პირობებში როგორც იქნა გამოაშკარავდა საბუთების გაყალბების ფაქტი, რომლებიც 2009 წელს საფუძვლად დაუდეს ჩემი სამსახურიდან დათხოვნისათვის. ახალი გარემოება - საბუთების გაყალბება დადგეილია 2015 წელს გამოძიების მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით, აგრეთვე სასამართლო განხილვის პროცესში სავარაუდოდ ახალი გარემოებები კიდევ დამატებით დადგენილი იქნება. მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის არსებული რედაქციის ძალით ამ ახალ გარემოებებს ვერ გამოვიყენებ ჩემი ბრალის გარეშე. მოქმედი კანონმდებლობა მაძლევდა ახალი გარემოებების გამოყენების შესაძლებლობას ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში, გამოვიყენე - ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია სადავო ცნობების გაყალბების ფაქტი, 2015 წელს წარვუდგინე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სსსკ 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის მიხედვით, მაგრამ მოსამართლის ნ.ჭალიძის მიერ არ იქნა გაზიარებული იმ მოტივით, რომ თავდაპირველი განხილვის დროს 2009 წელს არ არსებობდა და შექმნილია შემდგომ პერიოდშიო. აგრეთვე ექსპერტიზის დასკვა ჩემს მიერ წარდგენილი იქნა უშუალოდ ადმინისტრაციულ ორგანოში - სასაზღვრო პოლიციაში და ზემდგომ ორგანოში - შსს-ში, მაგრამ უშედეგოდ: უარი დააფუძნეს იმაზე, რომ სანამ არ გაუქმებულა კანონიერ ძალაში შესული 2009 წლის სასამართლო გადაწყვეტილება, ჩემი სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებას ვერ გააუქმებენო. ამიტომ რჩება მხოლოდ უფლება ამ მტკიცებულების ისევ სასამართლოში გამოყენებისათვის - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით. მაგრამ ამას ხელს შემიშლის კოდექსის იმავე მუხლის მე-4 ნაწილის არსებული რედაქცია.
კვლავ სამართლიანობას ვერ მივაღწევ !
აქ უადგილო არ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ი.ფუტკარაძის განსხვავებული აზრიდან ციტატის მოყვანა: „სადავო ნორმით უხეშად ირღვევა მართლმსაჯულების ისეთი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, როგორიც არის სამართლიანობა. აბა, რა სამართლიანობაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა, მაგალითად, მოსამართლემ ერთის სახლკარი ქრთამის გამო მეორეს მიაკუთვნა, ხუთი წლის თავზე კი მექრთამე მხილებულია, მაგრამ დაზარალებულს ეკრძალება, რომ თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს“. 2003 წელს ციტატის ავტორის მიერ მაგალითის სახით მოყვანილი იმ დროს ყველაზე დამახასიათებელი მოვლენის - მექრთამეობის ნაცვლად თუ მივუთითებ პოლიტიკურ ან კორპორატიულ ინტერესს, რომელიც დამახასიათებელი იყო ჩემი საქმის სასამართლოში განხილვის პერიოდისათვის 2009-2010 წლებში, გამოვა რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი უწინასწარიმეტყველა ჩემი უსამართლობის შესახებ, რომელიც დღემდე გრძელდება ...
სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული სასამართლოში მიმართვის უფლების უარყოფა. შეუსაბამობის აღმოფხვრისათვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით იზღუდება 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ იმ ახალი გარემოებების გამოყენება, რომლებიც დადგენილია სისხლის სამართლის საქმით (სსსკ 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტები), არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი. მითუმეტეს, რომ საკითხი ეხება ზემოაღნიშნული ახალი გარემოებების ადმინისტრაციულ პროცესში გამოყენების შესაძლებლობას, რომელშიც მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას უპირისპირდება ადმინისტრაციული ორგანოს ყალბი ინტერესი (უფრო სწორედ, ცალკეული მოხელეების არაჯანსაღი ინტერესი). ხოლო ასეთ პირობებში, დემოკრატიულ საზოგადოებაში, პრიორიტეტი ენიჭება ინდივიდის, მოქალაქის კანონიერ უფლებას. ასეთ მიდგომას ავლენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც, რომლის ერთ-ერთ მიღებულ გადაწყვეტილებაში (5.11.2013წ. #3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქე თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ვკითხულობ: „29. ... სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ინსტიტუტის არსებობა, სამართლიანი სასამართლოს სხვა უფლებრივ კომპონენტებთან და გარანტიებთან ერთად, ემსახურება ზემოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. თუმცა, იმავდროულად ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული პროცესუალური გარანტიის, ხანდაზმულობის ვადების ინსტიტუტის ჩათვლით, კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაცია ეფუძნებოდეს ინტერესთა გონივრულ და სამართლიან ბალანსს, რათა ერთი მხრივ, რეალურად ემსახურებოდეს საჯარო მიზნების მიღწევას, ხოლო, მეორე მხრივ, არ იწვევდეს კონკრეტული პირების უფლებაში გაუმართლებელ, არათანაზომიერ ჩარევას. ამისთვის კი კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული.
... 36. განსხვავებულია ვითარება, როდესაც დაინტერესებული პირების უფლების დაცვის შესაძლებლობას უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესი, ანუ, როდესაც კონკრეტული დავა გადაწყდა სახელმწიფოს და არა კერძო პირის სასარგებლოდ ... აქ განსხვავებულია დაპირისპირებული ინტერესები და, შესაბამისად, განსხვავებული უნდა იყოს მიდგომაც ამ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის არსებობის შეფასებისათვის. როდესაც ლეგიტიმურ საჯარო მიზნებისთვის საფრთხის მიყენების რისკები უმნიშვნელოა ან არ არსებობს, ან/და სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვის მცდელობას თავად შეუძლია გამოიწვიოს ამავე ლეგიტიმური მიზნის უგულებელყოფა, მაშინ უფლებაში ჩარევის საჭიროება გაცილებით ნაკლებია. ამიტომ დაინტერესებულ პირებს ასეთ შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა დაიცვან საკუთარი უფლება, მათ შორის, მოითხოვონ სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული მათი უფლების დამრღვევი სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობა, როდესაც ეს არის უშუალო და აუცილებელი გზა უფლების აღდგენისა თუ კომპენსაციის მიღებისთვის.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ:
ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ნორმატიული შინაარსი ამავე კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“-„გ“ პუნქტებთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა