საქართველოს მოქალაქე გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/1289 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 მარტი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მარტი 2019 16:06 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1289) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ბერუაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 18 იანვარს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 7 მარტს.
2. №1289 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე, რომლისთვისაც სასჯელის სახედ განსაზღვრულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.
4. №1289 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, რომლის თანახმად, არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების შესატყვისი დებულება გათვალისწინებულია მოქმედი კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით, რომლის მიხედვით, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
6. №1289 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე გიორგი ბერუაშვილს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა ყაჩაღობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, როგორც ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში მონაწილეობის მისაღებად მის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიებაში.
7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმაში გამოყენებული სიტყვები - „არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ ბუნდოვანია და იდენტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში იძლევა მისი სხვადასხვაგვარი, მათ შორის, ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსით განმარტების შესაძლებლობას, შესაბამისად, იგი ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის კონსტიტუციურ მოთხოვნებს. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ არც სადავო ნორმა და არც მასთან სისტემურ კავშირში მყოფი რომელიმე საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტი არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ანტისაზოგადოებრივ ქმედებად.
8. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის განსაზღვრულობის განსაკუთრებულ საჭიროებას ხედავს იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ იგი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, გარდა ამისა, ნორმა ემსახურება არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ნორმის ბუნდოვანება, ერთი მხრივ, აზარალებს პირს, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება სწორად აღიქვას კანონი და მისი მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს თავისი ქცევა, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან კანონის უნებლიეთ ან განზრახ არასწორად განმარტებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკს, რაც, თავის მხრივ, აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და კანონის დისკრიმინაციული აღსრულების საფრთხეს. ამასთან, ბუნდოვანი კანონი რეალური საჯარო მიზნების მიღწევას შეუძლებელს ხდის.
10. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმამ უკვე წარმოშვა საერთო სასამართლოებში მისი არაერთგვაროვანი განმარტების პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში მიიჩნია, რომ ანტისაზოგადოებრივ ქმედებად ითვლებოდა არასრულწლოვნის დაყოლიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მეორე შემთხვევაში კი, პირიქით, სადავო ნორმის მიზნებისათვის ანტისაზოგადოებრივი ქმედებიდან ამორიცხა სწორედ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებში არასრულწლოვანთა ჩაბმა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე,“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. კონსტიტუციის დასახელებული დებულება, დღეის მდგომარეობით, აღარ არის მოქმედი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ადგენდა იმ ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აკრძალვას, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, დასახელებული შინაარსი გადმოცემულია 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებაში, რომლის თანახმადაც, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“. ამდენად, სწორედ ამ დებულებასთან მიმართებით შეაფასებს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
4. განსახილველ საქმეში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე,“ კონსტიტუციურობას. დასახელებული დებულება განსაზღვრავს დანაშაულის შემადგენლობას. მის შესაბამისად, დასჯად ქმედებებს წარმოადგენს არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე. დასახელებული ქმედებები საკანონმდებლო ნორმაში დაკავშირებულია „ან“ კავშირის საშუალებით, რაც მიანიშნებს მათ ალტერნატიულ ხასიათზე. შესაბამისად, სადავო ნორმა დასჯად ქმედებად განსაზღვრავს, ერთი მხრივ, არასრულწლოვნის კონკრეტულ ქმედებაზე - მათხოვრობაზე დაყოლიებას, ხოლო, მეორე მხრივ, არასრულწლოვნის დაყოლიებას ნებისმიერ სხვა ქმედებაზე, რომელიც მოიაზრება ანტისაზოგადოებრივი ხასიათის მქონედ. ამდენად, ცხადია, რომ სადავო ნორმაში გადმოცემულია ორი ნორმატიული წესი და ის დასჯადად აცხადებს ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ქმედებას.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ცხადი ხდება, რომ მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სადავო ნორმა პრობლემურია იმ ნაწილში, რომელიც სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად აცხადებს არასრულწლოვნის დაყოლიებას ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე. მოსარჩელე ცალსახად მიუთითებს, რომ არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე, ერთი მხრივ, მისთვის სრულად აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს, ხოლო, მეორე მხრივ, განსახილველი საქმის ფარგლებში, ეს ქმედება არ წარმოადგენს დავის საგანს. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ სადავო ნორმად მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია სრულად, თუმცა შინაარსობრივად ის დაობს მხოლოდ იმ ნორმატიულ წესზე, რომელიც ადგენს არასრულწლოვნის სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე დაყოლიების დასჯადობას.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1289 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია, ვერ აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის დასახელებული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1289 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1289 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1289 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი