საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N/1/10/1290 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 6 დეკემბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 დეკემბერი 2018 20:05 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების, 32-ე მუხლის, 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 55-ე მუხლის სიტყვების „... ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღის ვადით...“, 1002 მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 123-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 150-ე მუხლის 22 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1533 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით...“, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით...“, 1552 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით...“, 157-ე მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 166-ე მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 173-ე მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 17415 მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით“, 1752 მუხლის პირველი და 11 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით...“ და მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით...“, 1771 მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 178–ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1811 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით“, 1971 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით“, 1972 მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1973 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით“ და 2081 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1290) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 18 იანვარს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 6 დეკემბერს.
2. №1290 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები აწესებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის, კერძოდ, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების წესს, შეფარდების პირობებსა და ხანგრძლივობას. ცალკეული სადავო ნორმები ადგენს ამა თუ იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის როგორც ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შესაძლებლობას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა, ხოლო მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პატიმრობის გამოყენება, ისეთი სახის სამართალდარღვევისათვის, რომელიც მცირე მნიშვნელობის არის და რომელსაც კანონმდებელი არ მიაკუთვნებს სისხლის სამართლის სფეროს, არ შეესაბამება იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა მომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევიდან.
6. კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობის სამტკიცებლად, მოსარჩელე მიმოიხილავს პატიმრობის როგორც ადმინისტრაციული სახდელის სამართლებრივ ბუნებას და უთითებს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი ადმინისტრაციული პატიმრობა უტოლდება სისხლისსამართლებრივ სასჯელს. ამასთან, ადმინისტრაციული პატიმრობის მიზანია არა იმდენად სამართალდამრღვევის დასჯა, არამედ - მისი აღზრდა, რესოციალიზაცია და ამ გზით სამართალდარღვევის შემდგომი პრევენცია.
7. მოსარჩელის არგუმენტაციით, სასჯელმა, მათ შორის ადმინისტრაციულმა პატიმრობამ, უნდა შეაკავოს ზიანის მომტანი ქმედება იმაზე მეტი ზიანის გამოწვევის გარეშე, რის პრევენციასაც ის თავად ახდენს. ამგვარად, საპატიმრო სანქციის გამოყენება არ შეესაბამება ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისგან მომდინარე საფრთხეებს და, შესაბამისად, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
8. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რელევანტურ პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1290 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სხვა ნორმებთან ერთად სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით....“, 166-ე და 173-ე მუხლების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 20 ივლისის (რეგისტრაციის ნომერი 3154-რს) საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ასევე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის 17 მაისის (რეგისტრაციის ნომერი 2374-IIს) საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის საფუძველზე. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შეიცვალა ხსენებული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქციის ოდენობები.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1290 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536, 166-ე და 173-ე მუხლები ძალადაკარგულია. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა განხორციელდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
5. ამდენად, №1290 კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით,....“, 166-ე და 173-ე მუხლების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით, არსებობს საქმის შეწყვეტის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
7. №1290 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმები, რომლებიც ადგენს ადმინისტრაციული პატიმრობის როგორც სახდელის გამოყენების საფუძვლებს და სახდელის სახედ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული გადაცდომებისთვის დადგენილი საპატიმრო სახდელი არაპროპორციულად მძიმეა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). ამასთანავე, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
9. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ ადმინისტრაციული სახდელის დამდგენი ნორმა არსებითად განსახილველად იქნეს მიღებული, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახდელის კონკრეტული ზომა არის იმდენად მკაცრი, რომ ის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევად შეიძლება დაკვალიფიცირდეს. საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან ადმინისტრაციული სახდელის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“ (Mutatis Mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის #4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
10. სანქციის პროპორციულობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება აკრძალული ქმედების სიმძიმე და მის საპასუხოდ დადგენილი სასჯელის (სახდელის) ურთიერთმიმართება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე აპელირებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ხასიათის სამართალდარღვევიდან მომდინარე საფრთხის ხარისხი არ აღწევს ისეთ ინტენსივობას, რომ გამოყენებული იქნეს სანქცია ადმინისტრაციული პატიმრობის სახით. აკრძალული ქმედებისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების დაბალი ხარისხის წარმოსაჩენად მოსარჩელის არგუმენტაცია მეტწილად ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სამართალდარღვევები მოქცეულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და არ არის სისხლისსამართლებრივი.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ზოგადი მითითება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები არ აღწევს ინტენსივობის იმ ხარისხს, რომლის საპასუხო სანქციაც იქნება ადმინისტრაციული პატიმრობა, არ არის საკმარისი სანქციის არაპროპორციულობის დასაბუთებისათვის. ამისათვის აუცილებელია, დასაბუთებული იყოს კონკრეტული სამართალდარღვევის სიმძიმის, მისგან გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროებისა და სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის (სახდელის) აშკარა არაპროპორციულობა. კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიების არაპროპორციულობის არგუმენტად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ შესაბამისი სამართალდარღვევები მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და არა სისხლის სამართლის კოდექსში. ამა თუ იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმეს და მისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს განაპირობებს თავად ქმედების ბუნება და არა მხოლოდ ის გარემოება, რომ აკრძალვა მოცემულია რომელიმე კონკრეტულ საკანონმდებლო აქტში, იქნება ეს სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი თუ სხვა აქტი. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მარტოოდენ იმ ფაქტზე მითითება, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემადგენლობები მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც განაპირობებს ქმედების ნაკლებად მძიმე ხასიათს და მისთვის დაწესებული საპატიმრო ღონისძიების არაპროპორციულობას, ვერ წარმოაჩენს ცხად შინაარსობრივ მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცულ უფლებასთან.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1290 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების, 32-ე მუხლის, 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით,“ 55-ე მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღის ვადით...“, 1002 მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 123-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 150-ე მუხლის 22 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1533 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით,...“,, 1552 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით....“, 157-ე მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“,, 17415 მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით“, 1752 მუხლის პირველი და 11 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით...“ და მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით...“, 1771 მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 178–ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1811 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1971 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით“, 1972 მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1973 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით“ და 2081 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1290 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების, 32-ე მუხლის, 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით,“ 55-ე მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღის ვადით...“, 1002 მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 123-ე მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 150-ე მუხლის 22 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1533 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით,...“,, 1552 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით....“, 157-ე მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“,, 17415 მუხლის მე-4 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით“, 1752 მუხლის პირველი და 11 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით...“ და მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით...“, 1771 მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 178–ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1811 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1971 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით“, 1972 მუხლის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“, 1973 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით“ და 2081 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე კონსტიტუციურ სარჩელზე №1290 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით...“, 166-ე და 173-ე მუხლების სიტყვების „...ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი