• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 12.01.2018
      • N1291
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/7/1291 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/7/1291
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე,
თარიღი 28 მაისი 2019
გამოქვეყნების თარიღი 28 მაისი 2019 22:44

კოლეგიის შემადგენლობა:

თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის №256-IIს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 12 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1291) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1291 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 18 იანვარს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 28 მაისს.

2. №1291 კონსტიტუციური სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი; „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.

3. „„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის №256-IIს კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ამავე კანონის დროში მოქმედების ფარგლებს და ადგენს, რომ „ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული დისციპლინური საქმეების წარმოება, აგრეთვე ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების საქმეთა წარმოება წარიმართოს და დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით“.

4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო კანონის საფუძველზე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების მხრივ მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა. თუმცა უშუალოდ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, ზემოაღნიშნული პოზიტიური ცვლილებები არ გავრცელდა დისციპლინური სამართალწარმოების მონაწილე კონკრეტულ პირებზე. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე დაწყებული დისციპლინური საქმეებისა და ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების საქმეთა წარმოებაზე გავრცელდა არა ცვლილებების შედეგად მიღებული რეგულირება, არამედ ცვლილებებამდე არსებული საქმის წარმოების წესები.

6. მოსარჩელის განმარტებით, პირთა იმ კატეგორიას, რომელთა მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო ან რომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომა ჩადენილ იქნა ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე, არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ცვლილებების შედეგად დადგენილი გაუმჯობესებული წესებით. ამრიგად, ისინი იმყოფებიან დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმ პირებთან მიმართებით, ვისაც ამგვარი შესაძლებლობა მიეცა.

7. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმა, რიგ მნიშვნელოვან ასპექტში, ახდენს შესადარებელ პირთა დიფერენცირებას, რაც განსხვავებული მოპყრობის მაღალ ინტენსივობაზე მიუთითებს. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეფასდეს მკაცრი შეფასების ტესტის საფუძველზე. ამასთან, გაუგებარია, რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობა და საკანონმდებლო ცვლილებებით მიღებული გაუმჯობესებული წესების მოქმედების გარკვეული დროით შემოსაზღვრა. ამდენად, განსხვავებული მოპყრობა თვითმიზნურ ხასიათს ატარებს, არ გააჩნია რაციონალური საფუძველი და ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას.

8. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმის მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს მიმდინარე დისციპლინურ საქმეთა წარმოების დასრულება იმგვარად, რომ მოსამართლეთა ნაწილს არ მიეცეს გაუმჯობესებული წესებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც მათ უფლებრივ მდგომარეობას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველი. 2019 წლის 3 აპრილს მოსარჩელის წარმომადგენელმა მიხეილ შარაშიძემ მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1291 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. შეწყდეს საქმე №1291 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

თეიმურაზ ტუღუში

ირინე იმერლიშვილი

მანანა კობახიძე

თამაზ ცაბუტაშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ