საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1291 |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 12 იანვარი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N256-IIს,
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N256-IIს, მე-2 მუხლი: „ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული დისციპლინური საქმეების წარმოება, აგრეთვე ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების საქმეთა წარმოება წარიმართოს და დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუქტის "ბ" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის "ი" ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, რომელიც სარჩელის განსახილველად არ მიღების წინაპირობა იქნებოდა. კერძოდ, სარჩელი შინაარსობრივად და ფორმალურად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
შესაბამისად, არ არსებობს სარჩელზე განსახილველად არ მიღების საფუძვლები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ".
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კანონის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N256-IIს მე-2 მუხლის არაკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით
1) არსებითად თანასწორ პირთა მიმართ არათანასწორი მოპყრობა
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია ის გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ე.წ. მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღის” ფარგლებში. თუმცა, ამ კონტექსტში პრობლემურია “მესამე ტალღის” საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ნორმა, რომლის თანახმადაც, ცვლილებების ამოქმედებამდე დაწყებული დისციპლინური საქმეების წარმოება, აგრეთვე, მის ამოქმედებამდე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების საქმეთა წარმოება წარიმართება ცვლილებებამდე არსებული წესით. ამგვარი ბლანკეტური ნორმა დისციპლინური სამართალწარმოების მონაწილე კონკრეტულ პირებს უზღუდავს შესაძლებლობას, ისარგებლონ ყველა იმ გაუმჯობესებული წესით, რომლებიც გათვალისწინებულია ე.წ “მესამე ტალღით”. გაუგებარია, თუ რა ლეგიტიმური ინტერესით არის გამართლებული გარკვეული პერიოდი დისციპლინურ სამართალწარმოებაში პირების დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენება ყველა იმ გაუმჯობესებულ წესთან მიმართებით, რომლებიც “მესამე ტალღით” განისაზღვრა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას და, ამავდროულად, წარმოადგენს „თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას.“[1]აღსანიშნავია, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“[2]. საბოლოო ჯამში კი, კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსს წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“[3].
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იდენტური საპროცესო მდგომარეობის (სტატუსის) მქონე პირები მიჩნეული უნდა იქნენ არსებითად თანასწორებად“.[4] აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „საქართველოს მოქალაქეები- ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ ძველი და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედების დროს ბრალდებული პირები არსებითად თანასწორები იყვნენ და მათ ასეთად მიჩნევის აუცილებლობას განაპირობებდა სწორედ მათი არსებითად ერთნაირი საპროცესო მდგომარეობა- ისინი იყვნენ ბრალდებულები, ხოლო იმას, თუ რა დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდათ მათ ასეთი სტატუსი, არ ჰქონდა განმსაზღვრელი მნიშვნელობა.
მოსარჩელის აზრით, ამ სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა არსობრივად მსგავსია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ საქმეში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების. გასაჩივრებული ნორმა ადგენს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მესამე ტალღით განხორცილებული საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე დაწყებული დისციპლინური საქმეების წარმოება, აგრეთვე მის ამოქმედებამდე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების საქმეთა წარმოება წარიმართება ცვლილბებამდე არსებული წესით. შესაბამისად პირთა იმ კატეგორიას, რომელთა მიმართ დისციპლინური წარმოება დაწყებულია ან რომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია “მესამე ტალღის” ცვლილებების ამოქმედებამდე არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ იმ გაუმჯობესებული წესებით, რომელებიც საკანონმდებლო ცვლილებებით დადგინდა, შესაბამისად ისინი იმყოფებიან დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმ პირებთან მიმართებით, ვისაც ამგვარი შესაძლებლობა მიეცა.
სადავო ნორმა ასევე დიფრენცირებულ მდგომარეობაში აყენებს დისციპლინური საჩივრის ავტორებს, რადგან პირთა გარკვეულ კატეგორიას უფლება აქვს მიიღოს დასაბუთება თუ რატომ შეწყდა მის საჩივარზე დისციპლინური სამართალწარმოება, მეორე ნაწილი კი ამ შესაძლებლობას მოკლებულია.
2) “მესამე ტალღით” გაუმჯობესებული წესების მიმოხილვა:
2.1 დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება
მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის” მიღებამდე არსებული კანონმდებლობით, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება, იუსტიციის საბჭოსთან ერთად, ჰქონდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ყველა მოსამართლის მიმართ, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს _ შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიმართ. მართლმსაჯულების რეფორმის `მესამე ტალღის”მიღების შემდეგ, აღნიშნული წესი შეიცვალა და უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს აღარ აქვთ ამგვარი უფლებამოსილება, რაც მისასალმებელია.
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა გულისხმობს მის დამოუკიდებლობას არა მარტო ხელისუფლების სხვა ორგანოებისგან, არამედ მას აქვს, ასევე, „შიდა“ ასპექტი. სასამართლო განხილვის დროს მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი სხვა მოსამართლეებისგან, მისი სასამართლოს თავმჯდომარისგან და სხვა (სააპელაციო თუ ზემდგომი) სასამართლოებისგან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილებამ შესაძლოა გამოიწვიოს საქმის განმხილველი მოსამართლის დამოუკიდებლობის დაკნინება, მაგალითად, ისეთ ვითარებაში, თუ მოსამართლეს კონფლიქტი აქვს სასამართლოს თავმჯდომარესთან.
2.2 მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წესი
მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის” მიღებამდე, მოსამართლის მიმართ შემოსული საჩივრის წინასწარი შემოწმების შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აფასებდა დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და იღებდა გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მიიჩნევდა, რომ დისციპლინური დევნა უნდა შეწყვეტილიყო, იგი განსახილველად წარედგინებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
დისციპლინური სამართალწარმოების საწყის ეტაპზე იუსტიციის საბჭოს მდივნის ექსკლუზიურ უფლებამოსილებები გადაჭარბებულად და, შესაბამისად, ნეგატიურად ფასდებოდა. ზემოაღნიშნულიდა გამომდინარე, მისასალმებელია “მესამე ტალღით” განსაზღვრული ცვლილებები, რომლითაც აღნიშნული უფლებამოსილება იუსტიციის საბჭოს მდივანს ერთპიროვნულად აღარ აქვს. კერძოდ, ცვლილებებით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელსაც 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. დამოუკიდებელი ინსპექტორი წინასწარი შემოწმების შედეგად შეაფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას, რის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კოლეგიურად მიიღებს გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის დაწყებისა და მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის ან დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე.
2.3 დისციპლინური სამართალწარმოების ვადები
„მესამე ტალღის” რეფორმის მიღებამდე კანონმდებლობით არ იყო განსაზღვრული, თუ რა ვადაში უნდა ჩატარებულიყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა სადისციპლინო საკითხზე, რომელზეც საბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, კონკრეტული მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა დამოკიდებული იყო ხანდაზმულობის ზოგად ვადებზე, რაც მოცემულია კანონში. ასეთ ვითარებაში აზრს კარგავდა კანონის ის დებულებები, რომლებიც არეგულირებს განცხადების განხილვისა და დისციპლინური საქმის გამოკვლევის ვადებს. რეალურად, ისინი ეფექტური ვერ იქნებოდა, თუკი საკანონმდებლო დონეზე არ განისაზღვრებოდა ვადა, რომლის განმავლობაშიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა განიხილოს სადისციპლინო საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული რეგულაციის არქონა იწვევდა სადისციპლინო საკითხების განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებას. შესაბამისად, გაუმჯობესდა სიტუაცია ”მესამე ტალღით” მიღებული იმ ცვლილებებით, რომელთა თანახმადაც, დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში უნდა იყოს მიღებულიგადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ.
2.4 დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის დასაბუთება
კანონმდებლობით განსაზღვრულია დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძვლები. ერთ-ერთ ამგვარ საფუძველს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეული ჩადენა არ დადასტურდება. თუმცა „მესამე ტალღის” საკანონმდებლო რეფორმის მიღებამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ევალებოდა მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება და არც საჩივრის ავტორს განემარტებოდა წარმოების შეწყვეტის საფუძვლიანობა. ეს კი ხელს უშლიდა დისციპლინურ საქმეებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, იმავდროულად, შეიცავდა უფლებამოსილების შერჩევითად გამოყენების საფრთხეს და ართულებდა იუსტიციის საბჭოზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მისასალმებელია “მესამე ტალღით” განხორციელებული ის ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, იუსტიციის საბჭო ვალდებული იქნება, მიიღოს საქმის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება, შესაბამისად საჩივრის ავტორსაც ექნება შესაძლებლობა მიიღოს დასაბუთებული პასუხი თუ რატომ შეწყდა მის საჩივარზე წარმოება.
2.5 მოსამართლის ჩართულობა და ინფორმირებულობა დისციპლინურ სამართალწარმოებაში
მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის” მიღებამდე მოსამართლისთვის დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება არასრულყოფილად იყო რეგულირებული. კერძოდ, იუსტიციის საბჭოს მდივანი დისციპლინურ საქმეზე წინასწარი შემოწმების ჩატარებისას არ იყო ვალდებული დაკავშირებოდა მოსამართლეს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, მოსამართლეს უნდა ეცნობოს მიმდინარე დისციპლინური სამართალწარმოების საწყის ეტაპზევე, რათა მან დროულად შეძლოს, ისარგებლოს დამცველის დახმარებით. ეს უფლება უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ სადისციპლინო კოლეგიის მიერ საქმის განხილვის დროს, არამედ პროცესის ყველა ეტაპზე. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ იყო ვალდებული, დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, ან მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვისას მოეწვია მოსამართლე, რაც მოსამართლეს უზღუდავდა შესაძლებლობას საკუთარი პოზიციები დაეცვა იუსტიციის საბჭოს წინაშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მისასალმებელია მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღით” განხორციელებული ის ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, იუსტიციის საბჭო ვალდებული ხდება, სხდომაზე მოიწვიოს მოსამართლე, ხოლო მოსამართლე უფლებამოსილია, გამოცხადდეს დამცველთან ერთად.
2.6 კერძო სარეკომენდაციო ბარათის გამოყენების უფლებამოსილება
კანონმდებლობა დისციპლინური ღონისძიების ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებდა იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვას, თუ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისა ან დისციპლინური საქმის გამოკვლევისას უტყუარად დადგინდებოდა მოსამართლის მიერ ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რომლისთვისაც მიზანშეუწონლად იქნებოდა მიჩნეული მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად, მოსამართლის მიმართ ნეგატიური ღონისძიება ისე შეიძლებოდა გატარებულიყო, რომ მას საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მისცემოდა. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ საჩივრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონით კერძო სარეკომენდაციო ბარათი არ წარმოადგენდა დისციპლინური სახდელის სახეს, ცხადია, იგი უარყოფითად მოქმედებდა მოსამართლის კარიერაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მისასალმებელია მართლმსაჯულების რეფორმის “მესამე ტალღით” განხორციელებული ის ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, იუსტიციის საბჭოს აღარ ექნება მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის უფლებამოსილება.
2.7 მტკიცების სტანდარტი დისციპლინურ პროცესში
კანონმდებლობა არ განსაზღვრავდა დისციპლინურ პროცესში მტკიცების სტანდარტს აქედან გამომდინარე, ბუნდოვანი იყო თუ რა სახის მტკიცებულებათა ერთობლიობა იქნებოდა საჭირო ამა თუ იმ დისციპლინური ღონისძიების გამოსაყენებლად.
მესამე ტალღის ცვლილებებით კი აღნიშნული საკითხი გარკვეულწილად დაზუსტდა და განისაზღვრა, რომ სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმის განხილვის შედეგად ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა აღნიშნული მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეული ჩადენა და სადისციპლინო კოლეგიას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
2.8 დისციპლინური სამართალწარმოების საჯაროობა
მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღით“ გათვალისწინებული ცვლილებებით მოსამართლეს მიეცა შესაძლებლობა, მოითხოვოს დისციპლინური სხდომების საჯაროობა. აღნიშნული შეესაბამება ზოგად პრინციპებს სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, რომელიც მოითხოვს, რომ დისციპლინური საჩივრის შესწავლა მის ადრეულ ეტაპზე განხორციელდეს კონფიდენციალურობის დაცვით, თუ თავად მოსამართლემ არ მოითხოვა საპირისპირო. გამჭვირვალობა უნდა იყოს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური განხილვის ზოგადი წესი, ხოლო გამონაკლისს უნდა წარმოადგენდეს ის შემთხვევები, როცა თავად მოსამართლე რომელსაც ბრალი ედება, მოითხოვს საქმის დახურულ ფორმატში განხილვას. შესაბამისად, დისციპლინურ პროცესში ჩართული მოსამართლის უფლებამოსილება ამ კუთხითაც გაუმჯობესდა.
3) დიფერენცირებული მოპყრობის გამართლებულობის შეფასებისათვის გამოსაყენებელი ტესტი
სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, იმის მიხედვით თუ რა ნიშნითა თუ ინტესივობით ხდება უფლებაში ჩარევა, გამოიყენება შეფასების სხვადასხვა ტესტი. მოცემულ შემთხვევაში, დიფერენციაცია არ ხდება ე.წ. კლასიკური ნიშნის მიხედვით, შესაბამისად, ის თუ რა ტესტის გამოყენებს სასამართლო უნდა დადგინდეს უფლებაში ჩარევის (დიფერენციაციის) ინსტენსივობის მიხედვით. აღნიშნულის ფარგლებში, სასამართლოს შეფასებით, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ის, თუ არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში ექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად აცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისგან.
როგორც ზემოთ იქნა განხილული, სადავო ნორმა არაერთ მნიშვნელოვან საკითხში აყენებს დიფერენცირებულ მდგომარეობაში არსებითად თანასწორ პირებს, შესაბამისად დიფერენცირებული მოპრობა ინტენსიურ ხასიათს ატარებს, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევს რომ სასამართლომ უნდა გამოიყენოს მკაცრი შეფასების ტესტი.
4) დაუძლეველი ინტერესი და პროპორციულობა
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებისას, სასამართლო ამოწმებს თუ რამდენად არსებობს დაწესებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც სახელმწიფოსთვის წარმოადგენს დაუძლეველ ინტერესს და ამდენად ამართლებს დიფერენცირებულ მოპყრობას.[5]
მოსარჩელე მხარისთვის გაუგებარია თუ რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობა და ბლანკეტურად ყველა იმ გაუმჯობესებული წესის გარკვეული დროით შემოსაზღვრა, რომლებიც მესამე ტალღით იქნა განხორციელებული. შესაბამისად დიფერენცირებული მოპყრობა თვითმიზნურ ხასიათს ატარებს, არ გააჩნია რაციონალური საფუძველი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
იმ შემთხვევაშიც კი თუკი სასამართლო სადავო ნორმებს შეაფასებს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის გამოყენებით, არ არსებობს არც დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის გამამართლებელი გარემოება და რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის სწორედ ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო. შესაბამისად ამ შემთხვევაშიც სასამართლომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა სცნოს.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II.პ.1
[2]იქვე
[3]იქვე, II.პ.2
[4]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის #1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები- ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II. პ.13 [გელბახიანის საქმე]
[5]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II.პ.6;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა