საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/1292 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:19 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1292) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1292 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2018 წლის 19 იანვარს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
2. №1292 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში, სსკ) 3781 მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაულის შემადგენლობად განსაზღვრულია პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა, რისთვისაც სასჯელის ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით. სსკ-ის 3781 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები განსაზღვრავენ აღნიშნული დანაშაულის კონკრეტულ დამამძიმებელ გარემოებებს. კერძოდ, 3781 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასჯადია აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 378-ე–379-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის გადაცემით, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გადაცემით, იარაღის გადაცემით ან რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. აღნიშნული ქმედებებისათვის სასჯელის ზომად განისაზღვრება თავისუფლების აღვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დამამძიმებელ გარემოებადაა მიჩნეული აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.
4. ამასთან, სსკ-ის 3781 მუხლის შენიშვნის თანახმად, აკრძალულ საგნად ჩაითვლება ყველა საგანი (ნივთი), გარდა იმ საგნებისა (ნივთებისა), რომელთა თან ქონაც დასაშვებია პენიტენციურ დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისთვის.
5. სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებადაა მიჩნეული და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა. სსკ-ის 3782 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების დამამძიმებელი გარემოებები. აღნიშნული ნორმა დანაშაულის შემადგენლობად განსაზღვრავს სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ჯგუფურად, არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 378-ე–379-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ან რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი და აღნიშნული დანაშაულისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებული არგუმენტაციის თანახმად, სსკ-ის 3781 და 3782 მუხლები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, სსკ-ის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს „აკრძალულ საგნებს,“ რომელთა არსებობა სადავო ნორმებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია. მოქმედი კანონმდებლობით, სსკ-ის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული აკრძალული საგნების ჩამონათვალი განსაზღვრულია შესაბამისი თანამდებობის პირების კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში აკრძალული საგნების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი ყოფნის იზოლატორში კი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით[1]. მოსარჩელის მითითებით, იმისათვის, რომ სადავო რეგულაციები პასუხობდეს კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნებს, აკრძალული საგნების ჩამონათვალი განსაზღვრული უნდა იყოს არა შესაბამისი თანამდებობის პირების კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, არამედ საქართველოს კანონით. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლების შეზღუდვა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვად.
8. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი სისხლის სამართლის კანონმდებლობით მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, რათა არ მოხდეს სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი იძულების ღონისძიებების თვითნებური გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აკრძალული საგნების ჩამონათვალი პირდაპირ არ არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, სსკ-ის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის დადგენის მიზნით, საერთო სასამართლოებში სამართალწარმოებისას ბრალმდებელი ხელმძღვანელობს შესაბამისი თანამდებობის პირების დასახელებული ბრძანებებით. აღნიშნული კი განაპირობებს სადავო მუხლების შინაარსის ბუნდოვანებას. მოსარჩელის აზრით, სადავო რეგულაციები არ არის საკმარისად ნათლად განსაზღვრული, რათა პირს შეეძლოს, წინასწარ განჭვრიტოს აკრძალული ქმედების ნიშნები და შეაფასოს საკუთარი ქმედების დანაშაულებრივი ხასიათი.
9. მოსარჩელის განმარტებით, სსკ-ის 3781 და 3782 მუხლები არაკონსტიტუციურია აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, ვინაიდან დასახელებული მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა, კერძოდ, ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა აშკარად არაგონივრული და არაპროპორციულია. აღნიშნული სასჯელები, თავისი ნორმატიული და მატერიალური შინაარსით შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ სტანდარტთან და არ არის ქმედებისაგან მომდინარე საფრთხის პროპორციული. ამასთანავე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული კანონი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სასჯელის არაპროპორციული შეფარდება.
10. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ გამოყენებული სასჯელები არაპროპორციულია და არ შეესაბამება კონკრეტული ქმედებით გამოწვეულ ან პოტენციურ ზიანს. მოსარჩელე მიუთითებს საერთო სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმადაც, პირებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით, ეკისრებათ თავისუფლების აღკვეთა ისეთი საგნების შენახვისათვის, როგორებიცაა ტატუირების აპარატი, ბანქო და სხვა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელები მკვეთრად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან და პოტენციურ საფრთხეებთან მიმართებით.
11. მოსარჩელის არგუმენტაციით, შესაბამისი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე შესაძლებელია დადგინდეს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში აკრძალული საგნების ჩამონათვალი, რომელთა ფლობა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა უნდა იწვევდეს არა სისხლისსამართლებრივ, არამედ დისციპლინურ პასუხისმგებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სსკ-ის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომა ბანქოს, დოკუმენტის ან ნებისმიერი სხვა ისეთი ნივთის გამოყენებისათვის, რომლის ფლობა, შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა სისხლის სამართლის კოდექსის ან სხვა კანონის მიხედვით, საზოგადოდ არ არის დასჯადი ქმედება, შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
12. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე და საზღვარგარეთის სახელმწიფოების კანონმდებლობებზე.
13. №1292 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა გაიმართოს ზეპირი მოსმენით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სსკ-ის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემისა და აღნიშნული პირების მიერ აკრძალული საგნის შეძენის, შენახვის, ტარების, მოხმარების ან/და ამ საგნით სარგებლობისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა – ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს არაპროპორციულ სასჯელს, მკვეთრად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, ქმედებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებთან მიმართებით და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსკ-ის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის დადგენილი უნდა იყოს მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობა. დამატებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ შესაბამისი თანამდებობის პირების ბრძანებებით გათვალისწინებული აკრძალული საგნების ჩამონათვალი სხვადასხვა დაწესებულებაში განსხვავდება ერთმანეთისაგან და იცვლება პერიოდულად, შესაბამისი თანამდებობის პირების ან მათი მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული ახალი ბრძანებების საფუძველზე. აკრძალული საგნების ჩამონათვალში მოცემულია როგორც სამოქალაქო ბრუნვაში არსებული, აგრეთვე სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსკ-ის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არ არის ზუსტი და საკმარისად განჭვრეტადი. ამასთან, მოსარჩელის აზრით, ვინაიდან „აკრძალულ საგანთა“ ჩამონათვალი არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებში, ამიტომ ამ მუხლებში აღწერილი ქმედება ვერ ჩაითვლება კანონით აკრძალულ დანაშაულად.
სასჯელის პროპორციულობა (მიმართება კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან)
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელს გააჩნია ფართო მიხედულების ფარგლები სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრის და კონკრეტული ქმედებისათვის სასჯელის ზომის დადგენის თვალსაზრისით. „ ... სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება კანონით კონკრეტული ქმედებების რეგულირება, აკრძალვა და ასეთი საყოველთაო წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). სახელმწიფოს პოლიტიკის სფეროა „ ... რომელი ქმედების კრიმინალიზაციას მოახდენს და როგორ სასჯელს დააწესებს კონკრეტული ქმედების ჩადენისთვის, რადგან სწორედ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ეფექტური შესაძლებლობა, ებრძოლოს კონკრეტული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებს და მათი სიმძიმის, სერიოზულობის გათვალისწინებით მოახდინოს მათი კრიმინალიზაცია. ამასთან, შეარჩიოს პასუხისმგებლობის ის ზომა, რომელიც საკმარისი და ეფექტური იქნება ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). მიუხედავად სისხლის სამართლის პოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს მიხედულების ფართო ფარგლებისა, კანონმდებლის უფლებამოსილება სასჯელის ზომის განსაზღვრისას არ არის აბსოლუტური და ზღვარდადებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით. შესაბამისად, კონკრეტული უმართლობისათვის სანქციის განსაზღვრისას კანონმდებელი ვალდებულია, მოქმედებდეს პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის დაცვით. საკანონმდებლო ორგანოს მიერ განსაზღვრული სანქცია, ერთი მხრივ, უნდა წარმოადგენდეს ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ქმედით საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, არ უნდა იწვევდეს ადამიანის ძირითად უფლებებში გადამეტებულ, არაპროპორციულ ჩარევას.
4. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, კონკრეტული უმართლობისათვის განსაზღვრული სანქციის ზომა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი შესაძლებელია გახდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სასჯელის ზომა აშკარად არაგონივრული და არაპროპორციულია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „უფლებამოსილია შეაფასოს იმ სასჯელთა კონსტიტუციურობა, რომელთა არაადეკვატურობის, არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს, დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია. რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება თავის მიზნებს და გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა იმდენად არაპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, პოტენციურ საფრთხეებთან და აღნიშნული ქმედებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან მიმართებით, რომ ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებში გაუმართლებელ ჩარევას განაპირობებს. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ იმას შეაფასებს, არის თუ არა სადავო კანონებით განსაზღვრული სასჯელები აშკარად არაპროპორციული იმ ხარისხით, რომ ისინი მიჩნეულ იქნეს ღირსების დამამცირებელ, არაადამიანურ ან სასტიკ სასჯელად საქართველოს კოსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით.
5. სადავო მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის ზომის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართების დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, გარკვეულ იქნეს იმ შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, რომლის მიღწევასაც კანონმდებელი ცდილობს ქმედების დასჯადობის დაწესებით. ამასთან, „აუცილებელია, რომ დაწესებული სანქცია არ იყოს დასახული მიზნის მიღწევის აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული ზომა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის №2/1/516 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
6. მოცემულ შემთხვევაში, სადავო მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების კრიმინალიზაცია ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს, როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება, პენიტენციურ დაწესებულებაში და მოთავსების სხვა ადგილებში წესრიგის დაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, ამ დაწესებულებების შეუფერხებელი საქმიანობა, დეზორგანიზაციის, დესტაბილიზაციისა და დანაშაულის თავიდან აცილება, საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევის პრევენცია, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რისკების შემცირება, ამ დაწესებულების თანამშრომელთა და საკუთრივ პატიმრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მათ შორის პატიმართა დაცვა დაზიანებისა თუ თვითდაზიანებისაგან და სხვა. როგორც უკვე აღინიშნა, სსკ-ის 3781 და 3782 მუხლებით დასჯად ქმედებებადაა მიჩნეული პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემისა და აღნიშნული პირების მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა. პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას სამართლებრივი რეჟიმისა და ბრალდებული/მსჯავრდებული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის პრევენცია და დაწესებულებებში ვითარების დესტაბილიზაციის თავიდან აცილება, ისევე, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა, წარმოადგენს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა ხელყოფამაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და გამოიწვიოს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ხელის შეშლა. პენიტენციური და განთავსების სხვა ადგილებისათვის დამახასიათებელი მომეტებული რისკებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მაღალია პენიტენციური დაწესებულების ან განთავსების სხვა ადგილის უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი და საჭიროება. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებისათვის კანონმდებელი უფლებამოსილია, განსაზღვროს შესაბამისი დანაშაულის შემადგენლობა და აღნიშნული უმართლობისათვის სასჯელის შესაბამისი ზომა.
7. ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სასჯელები prima facie, ვერ ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად და, ამის გამო ღირსების დამამცირებელ, არაადამიანურ ან სასტიკ სასჯელად კონსტიტუციის მე-17 მუხლის გაგებით.
8. მოსარჩელე სსკ-ის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაწესებული სასჯელის არაპროპორციულობის დასასაბუთებლად ძირითად აქცენტს აკეთებს ბანქოსა და ტატუირების აპარატის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ისეთი ნივთის ფლობისათვის დაწესებული სანქციის ზომაზე, რომელთა ფლობა, შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა საზოგადოდ არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯად ქმედებას. მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს, რომ ამ ნივთებთან მიმართებაში სადავო ნორმებით დაწესებული თავისუფლების აღკვეთის სასჯელი არ არის ქმედებისგან მომდინარე საფრთხისა და ქმედების უმართლობის პროპორციული. თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი არგუმენტაცია, თუ რატომ არის შესაბამისი ქმედება მცირე საფრთხის შემცველი და რაში ვლინდება ამ საფრთხეებთან მიმართებით სასჯელების აშკარა დისპროპორციულობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ, საზოგადოდ, კანონიერ ბრუნვაში არსებული ნივთების ჩამონათვალი შესაძლებელია იყოს საკმაოდ ვრცელი და თითოეული მათგანი შეიცავდეს სხვდასხვა ხარისხის საფრთხეს პენიტენციური დაწესებულებისა თუ განთავსების სხვა ადგილის უსაფრთხოებისათვის. მოსარჩელეს არც ზოგადად წარმოუდგენია თავისი არგუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რატომ არ ქმნის კანონიერ ბრუნვაში არსებული საგნების პენიტენციურ თუ განთავსების სხვა დაწესებულებაში არსებობა საფრთხეებს. ამასთან, მოსარჩელეს დაზუსტებული არა აქვს, მიიჩნევს თუ არა იგი სისხლის სამართლის კოდექსის 3781 მუხლით გათვალისწინებულ სასჯელს - ჯარიმას - ასევე არაპროპორციულად და რა მოსაზრებიდან გამომდინარე.
9. სარჩელში ასევე არ არის დაზუსტებული, შეეხება თუ არა იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენისათვის დაწესებული სასჯელების პროპორციულობის საკითხს. მოსარჩელე, ერთი მხრივ, მთლიანად ითხოვს ამ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას, მეორე მხრივ კი, სარჩელში არაფერს ამბობს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქმედებებისათვის დაწესებული სასჯელების არაპროპორციულობაზე. სარჩელის მოთხოვნა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, უკავშირდება მხოლოდ ამ მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულსა და სასჯელს.
10. სასჯელთა პროპორციულობის შეფასებისას სასამართლო, ცხადია, დამატებით იღებს მხედველობაში სადავო კანონის გამოყენების პრაქტიკასაც. საკუთრივ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან, რომელიც შეეხება ამ სფეროში ქუთაისის, თბილისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში განხილულ საქმეებს 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ირკვევა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლებით გამოტანილი განაჩენები უკავშირდებოდა ისეთ აკრძალულ ნივთებს, როგორებიცაა თვითნაკეთი ბანქო, თვითნაკეთი ტატუირების აპარატი, მჩხვლეტავი საგანი, ალკოჰოლური სასმელი ე.წ. „ბრაგა“, ლითონის ფირფიტა, სტანდარტული (ქარხნული) წესით დამზადებული მექანიკური საპარსი მოწყობილობის დაშლის შედეგად განცალკევებული, ბასრი ნაწიბურების მქონე ფრაგმენტი, დაშლილი ერთჯერადი სამართებელი. ამავე ინფორმაციით, რომელიც კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საერთო სასამართლოებიდან არის მიღებული, ირკვევა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლებით განხილული საქმეების 99.5% სრულდება საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებულთა აბსოლუტური უმრავლესობა არის პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული პატიმარი, ხოლო სასჯელები განსხვავებულია - დიდი უმრავლესობის შემთხვევაში გამოყენებულია 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა (3, 6, 9 თვით), შედარებით იშვიათია 1 ან 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა; არის სასჯელის პირობით გამოსაცდელი ვადით ჩათვლის შემთხვევებიც. ასე რომ, საერთო სასამართლოები პრაქტიკულად არ იყენებენ სანქციით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ან მაქსიმალურთან მიახლოებულ სასჯელებს.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლების, ისე ამ კანონთა გამოყენების სასამართლო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია საკმარისი მიზეზები, რათა შესაბამისი სასჯელები მიზნის მისაღწევად გამოუსადეგარ, აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულად შეაფასოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე და მიიჩნიოს ისინი ღირსების დამამცირებელ, არაადამიანურ ან სასტიკ სასჯელად. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სადავო კანონებით გათვალისწინებული ქმედებების სისხლის სამართლის წესით დასჯადობა ან შესატყვისი სანქციები აშკარად არ არის „გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში კონკრეტული დანაშაულით გამოწვეულ ზიანთან, რომელიც შეიძლება მიადგეს პირს ან საზოგადოებას“. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელები ვერ ჩაითვლება ღირსების დამამცირებელ, არაადამიანურ ან სასტიკ სასჯელად კონსტიტუციის მე-17 მუხლის გაგებით.
12. განსახილველი დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს საკუთრივ იმ საკითხზე, თუ რამდენად გამართლებულია ამა თუ იმ კონკრეტული ნივთის არსებობა აკრძალულ საგანთა ჩამონათვალში, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, შინაგან საქმეთა მინისტრებისა თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებებით. თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ესა თუ ის საგანი არ უნდა იყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ აკრძალულ საგანთა ჩამონათვალში, მათი გასაჩივრება შესაძლებელია კანონით დადგენილი წესით.
13. მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას გააჩნია ბერკეტები პატიმრებისაგან აღიარებითი ჩვენების მისაღებად, ვერ გამოდგება დაწესებული სასჯელის ზომის არაგონივრულობისა და არაპროპორციულობის სამტკიცებლად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს გარემოება უკავშირდება უფლებამოსილი პირების მიერ კანონის კეთილსინდისიერი აღსრულების საკითხს და იგი გავლენას ვერ მოახდენს სადავო ნორმებით დაწესებული სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასებაზე.
14. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული მუხლები არ იძლევა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის გარემოებების, ქმედებით გამოწვეული ზიანის, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სასჯელის არაპროპორციული შეფარდება. სადავო მუხლებით დადგენილი სანქციების ფარგლები საკმაოდ ფართოა და იძლევა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ქმედების ჩამდენი პირის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. აღნიშნული, ცხადია, არ გამორიცხავს საერთო სასამართლოს მიერ კონკრეტული პირისადმი ამა თუ იმ შემთხვევაში მკაცრი და არაადეკვატური სასჯელის შეფარდების ალბათობას, მაგრამ უსამართლო სასჯელების შეფარდება ამგვარ ცალკეულ შემთხვევებში საქმის ზედა ინსტანციებში გასაჩივრების გზით უნდა გამოსწორდეს და არა კანონის არაკონსტიტუციურად ცნობით. დამატებით, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სადავო მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის არაპროპორციულობის სამტკიცებლად არ გამოდგება სსკ-ის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განჭვრეტადობის არგუმენტაცია.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1292 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
არის თუ არა დანაშაული სისხლის სამართლის კანონით დადგენილი (მიმართება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან)
16. მოსარჩელე მხარე ითხოვს სსკ-ის 3781 და 3782 მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
17. მოსარჩელის განმარტებით, ქმედების დასჯადობა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე. შესაბამისად, მოცემული მუხლებით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების საკვანძო ელემენტები - „აკრძალული საგნების“ ჩამონათვალი - განსაზღვრული უნდა იყოს არა საქართველოს შესაბამისი თანამდებობის პირების ბრძანებებით, რომლებიც წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, არამედ სისხლის სამართლის კანონმდებლობით, იყოს წინასწარ დადგენილი და საჯაროდ ხელმისაწვდომი. ამასთან, აუცილებელია, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი სისხლის სამართლის კანონმდებლობით მკაფიოდ იყოს ფორმულირებული, რათა პირმა წინასწარ განსაზღვროს, რა არის სისხლის სამართლის კანონმდებლობით აკრძალული ქმედება და რა – არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლების შეზღუდვა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვად.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარანტია კანონიერების პრინციპის განუყოფელი ნაწილია და განამტკიცებს პირის ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრისა და პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურ სტანდარტებს. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ითვალისწინებს ორ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, კერძოდ, ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება ნათლად და მკაფიოდ უნდა იყოს გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონმდებლობით და აღნიშნული კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი უნდა იყოს იმ ხარისხით, რომ რეგულირების ადრესატს შეეძლოს, გაითვალისწინოს თავისი ქმედების სამართლებრივი შედეგები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში. იგი ემყარება საყოველთაოდ ცნობილ პრინციპებს – „არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე“ და არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე. ... კანონიერების პრინციპი პირს იცავს სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი იძულების თვითნებური გამოყენებისა და გავრცელებისაგან, ამავდროულად, უზრუნველყოფს შესაძლებლობით, რომ წინასწარ განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში სისხლისსამართლებრივი წესით აკრძალული ნიშნების არსებობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38). შესაბამისად, სადავო მუხლების საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართების გამოსაკვეთად აუცილებელია დადგინდეს, არის თუ არა სსკ-ის 3781 და 3782 მუხლებით აკრძალული დანაშაულის ნიშნები სისხლის სამართლის კანონით დადგენილი.
19. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლებით ნაგულისხმები ქმედება ვერ ჩაითვლება „კანონით გათვალისწინებულად“ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის გაგებით. მოსარჩელის ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ ხსენებულ სადავო კანონებში მითითებული სიტყვები -„აკრძალული საგანი“- საკუთრივ სისხლის სამართლის კოდექსით განმარტებული არ არის. აკრძალულ საგანთა ჩამონათვალი დადგენილია შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრებისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებებით, რომლებიც წარმოადგენენ არა კანონს, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, რის გამოც, უფლების შეზღუდვა ვერ ჩაითვლება კანონით გათვალისწინებულად. მოსარჩელე საერთოდ მიუღებლად მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსში ბლანკეტური ნორმების არსებობას. გარდა ამისა, მოსარჩელის აზრით, ვინაიდან აკრძალულ საგანთა ჩამონათვალი პირდაპირ არ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით, ამიტომ კოდექსის 3781 და 3782 მუხლების შინაარსი ბუნდოვანია, არ არის საკმარისად განჭვრეტადი პირისათვის, რათა მას ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს, თუ რა იგულისხმება „აკრძალულ საგანში“, რა არის სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალული ქმედება და რა არა. მოსარჩელის აზრით, ასეთი ბლანკეტური ნორმა იძლევა თვითნებური განმარტებისა და გამოყენების შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით დაუშვებელია სისხლის სამართლის კანონთან მიმართებაში.
20. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სადავო მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის ერთ-ერთი ელემენტის - აკრძალული საგნების - ჩამონათვალი გათვალისწინებულია შესაბამისი თანამდებობის პირის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და არა უშუალოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, მაგრამ თავად ქმედების უმართლობას, კონკრეტული სანქციის სახესა და ზომას განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მოცემული თვალსაზრისით, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრებისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებები ვერ ჩაითვლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებად და არ ითვალისწინებენ უფლების შემზღუდველ ღონისძიებას - სანქციის სახესა თუ ზომას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ადგენს და შესაბამის სანქციას აწესებს სისხლის სამართლის კოდექსის გასაჩივრებული ნორმები და არა მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. შესაბამისად, არამართებულად უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის პოზიცია, რომ ქმედების დასჯადობა და პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება კანონით არ არის გათვალისწინებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრივ აკრძალულ საგანთა ჩამონათვალი რომ პენიტენციური დაწესებულების დებულებით უნდა განისაზღვროს, ეს კანონითაა დადგენილი. კერძოდ, პატიმრობის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ „პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უნდა იყოს... იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, ხოლო ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილში კი აღნიშნულია, რომ „...ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული … საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით, რომელსაც ... ამტკიცებს მინისტრი ». ამგვარად, ის გარემოება, რომ აკრძალულ საგანთა ჩამონათვალი განსაზღვრულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან თავისთავად წინააღმდეგობას არ ქმნის ის გარემოება, რომ ქმედების ობიექტური მხარის რომელიმე ელემენტი კანონით დელეგირების საფუძველზე აღწერილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს საკითხის სპეციფიკითაა ნაკარნახევი. შესაბამისად, დანაშაულის კანონით გათვალისწინების მოთხოვნა მაშინაც დაკმაყოფილებულებულია, როდესაც ქმედების შემადგენლობის კონკრეტული ელემენტის და არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან სასჯელის ზომის განსაზღვრის უფლებამოსილება დელეგირებულია კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში საქმე შეეხება სხვადასხვა ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში ნივთების აკრძალვას და გონივრულია, რომ ასაკრძალი ნივთების ჩამონათვალი განისაზღვრებოდეს იმ სამინისტროს მინისტრის ბრძანებით, რომელიც პაუხისმგებელია შესაბამის პენტენციურ დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრხოების დაცვაზე.
21. რაც შეეხება საზოგადოდ სადავო ნორმის ბლანკეტურობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ სარჩელის ფარგლებში იგი ვერ იმსჯელებს მოსარჩელის მოსაზრებაზე იმის შესახებ, რომ კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნიდან გამომდინარე, საერთოდ დაუშვებელია სისხლის სამართლის კოდექსში ბლანკეტური ნორმების გამოყენება. სასამართლო შემოიფარგლება იმის აღნიშვნით, რომ როგორც სამართალურთიერთობათა მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, ბლანკეტური ნორმების არსებობა სისხლის სამართლის კოდექსში გაუმართლებლად ვერ ჩაითვლება, თუმცა, ცხადია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ესა თუ ის ბლანკეტური ნორმა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ სტანდარტებს.
22. მოსარჩელე სადავო მუხლების განჭვრეტადობაზე მსჯელობისას საკუთარ არგუმენტაციას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ აკრძალული საგნების ჩამონათვალი დადგენილია აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი თანამდებობის პირების კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლის ბრძანება ვერ უზრუნველყოფს სამართალშემოქმედების მაღალ ხარისხს, ვინაიდან მას არა აქვს კანონის მისაღებად დადგენილი მაღალი ლეგიტიმაცია და განჭვრეტადობის ხარისხი. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში მარტოოდენ ის გარემოება, რომ აკრძალული საგნების ჩამონათვალი დადგენილია აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირთა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, არ ამცირებს კანონის განჭვრეტადობის ხარისხს, განსაკუთრებით კი - მოცემულ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება მხოლოდ „აკრძალულ საგანთა“ ჩამონათვალს, რომელიც ზუსტ კონკრეტიკას შეიცავს და მინიმუმამდე ამცირებს (თუ საერთოდ არ გამორიცხავს) კანონის შემფარდებელი სუბიექტის დისკრეციის ფარგლებს ამა თუ იმ საგნის „აკრძალულად“ მიჩნევისას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, თუ რატომ ქმნის სსკ-ის 3781 და 3782 მუხლების ბლანკეტურობა მათი თვითნებური, ან/და განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას; არ მიუთითებია რაიმე მაგალითი, სადაც რომელიმე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული რომელიმე „აკრძალული საგანი“ განსხვავებულად და არაგონივრულად იქნებოდა განმარტებული ან გამოყენებული საერთო სასამართლოს მიერ. მოსარჩელეს არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია, რომ პირის მიერ აკრძალულ საგანთა ჩამონათვალის თაობაზე ზუსტი ინფორმაციის მიღება, მათ შორის სამართლებრივი დახმარების გზით, შეუძლებელი ან გართულებულია ამ ჩამონათვალის შინაარსობრივი ბუნდოვანების ანდა მინისტრთა შესაბამისი ბრძანებებისადმი ხელმიუწვდომლობის გამო.
23. ამა თუ იმ იურიდიული ნორმის განჭვრეტადობის ხარისხისა თუ მისი ხელმისაწვდომობის განმსაზღვრელი ვერ გახდება თავისთავად ის გარემოება, იგი კანონშია მითითებული თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. ამა თუ იმ ნორმის განჭვრეტადობის ხარისხი უკავშირდება ნორმის შინაარსს, მისი დებულებების სიცხადეს და არა ნორმატიული აქტების იერარქიაში იმ აქტის ადგილს, რომელიც ამ ნორმას შეიცავს. შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებები, წარმოადგენენ რა კანონქვემდებარე იურიდიულ აქტებს, არის საჯარო და ისინი დადგენილი წესით გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. შესაბამისად, ისინი ყველასათვის არის ხელმისაწვდომი, ამასთან, განჭვრეტადიც, გონივრულობის ისეთი ხარისხით, რომელიც საკმარისად ჩაითვლება იმისათვის, რათა ნებისმიერმა პირმა ნათლად განსაზღვროს საკუთარი ქმედების სამართლებრივი შედეგები.
24. ადამიანის უფლებათა სამართლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უფლების შემზღუდველი ნორმის აბსოლუტური სიცხადე ყოველთვის შესაძლებელი არ არის, ამიტომ, როდესაც ნორმის შინაარსი საკმარისად განჭვრეტადია, თუნდაც სამართლებრივი დახმარების გზით, ნორმა, პრინციპულად, აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, „დანაშაული ნათლად უნდა იყოს განმარტებული კანონით. ეს პირობა დაკმაყოფილებულია, როდესაც პირისათვის ტექსტი გასაგებია ან საჭიროების შემთხვევაში მისთვის ხელმისაწვდომია სამართლებრივი განმარტება იმის თაობაზე, თუ მისი რომელი ქმედება ან უმოქმედობა დააკისრებს მას პასუხისმგებლობას“ ( იხ. Kokkinakis v. Greece, სერია „ა“, No. 14307/88, No. 260-A, 25.5.93;) „ნებისმიერი ჩარევის სამართლებრივი საფუძველი უნდა იყოს როგორც ადეკვატურად ხელმისაწვდომი, ასევე ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით, რომლითაც პირი შეძლებს, დაარეგულიროს საკუთარი ქცევა: ადამიანს უნდა შეეძლოს - საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი რჩევა-დარიგების გზით - წინასწარ განსაზღვროს, იმ ხარისხით, რაც გონივრულად მიიჩნევა არსებულ გარემოებებში, ის შედეგები, რომლებიც შეიძლება მოცემულმა ქმედებამ გამოიწვიოს“ (იხ: Sunday Times v. UK; (No.1). სერია „ა“, No. 30, 26, 4.79. პარ. 49. )
25. ამავე მოსაზრებიდან გამომდინარე, სასამართლოს რელევანტურად არ მიაჩნია მოსარჩელის მიერ ნორმის განუჭვრეტადობის დასასაბუთებლად მოყვანილი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ „აკრძალულ საგანთა“ ჩამონათვალი განსხვავდება პენიტენციური დაწესებულებებისდა მიხედვით და მისი შინაარსი პერიოდულად იცვლება. საკონსტიტუციო სასამართლოს სავსებით გამართლებულად ესახება, რომ სხვადასხვა ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში (ბრალდებულთა და მსაჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა დაწესებულება, როგორიცაა მაგალითად, დაბალი თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის, ასევე არასრულწლოვანთა ან ქალთა სპეციალური დაწესებულება) მათი სპეციფიკისა და იქ დადგენილი რეჟიმის გათვალისწინებით, აკრძალულ საგანთა ჩამონათვალი განსხვავდებოდეს და დადგენილი იყოს მკაცრი და ნაკლებად მკაცრი შეზღუდვები, რაც თავისთავად არ გულისხმობს ამ შეზღუდვების ბუნდოვანებას.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1292 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სსკ 3781 და 3782 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1292 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი