საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1292 |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 15 იანვარი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლები | მე–17 მუხლის პირველ და მე–2 პუნქტებთან; ასევე 42–ე მუხლის მე–5 პუნქტთან. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუქტის "ბ" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის "ი" ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, რომელიც სარჩელის განსახილველად არ მიღების წინაპირობა იქნებოდა. კერძოდ, სარჩელი შინაარსობრივად და ფორმალურად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
შესაბამისად, არ არსებობს სარჩელზე განსახილველად არ მიღების საფუძვლები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ".
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთება: დავის საგნის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძველს და ასევე წარმოადგენს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონს. იგი ემყარება პრინციპს: არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე „nullum crimen sine lege“ და არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე „nulla poena sine lege“.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს აწესებს სისხლის სამართლის კანონის მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში.
აღნიშნული ნორმა ადგენს კანონის განჭვრეტადობის ვალდებულებას, რათა პირმა ნათლად გაიგოს მისი რომელი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. გარანტია, რომელიც კონსტიტუციის დასახელებულ დებულებაშია განმტკიცებული, კანონიერების პრინციპის განუყოფელი ელემენტია. კანონიერების პრინციპი პირს იცავს სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი იძულების თვითნებური გამოყენებისა და გავრცელებისაგან, იმავდროულად, უზრუნველყოფს შესაძლებლობით, რომ წინასწარ განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში სისხლისსამართლებრივი წესით აკრძალული ნიშნების არსებობა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის პირველი აბზაცის, იმპლიციტური პრინციპია, რომ ქმედების შემადგენლობებისა და სანქციების დეფინიციას თავისი საფუძველი უნდა ჰქონდეს სამართლებრივ ნორმაში. მნიშვნელოვანია სამართლის ხელმისაწვდომობისა და წინასწარ განჭვრეტადობის უზრუნველყოფა, ვინაიდან, სხვა საკანონმდებლო ნორმებისგან განსხვავებით, სისხლის სამართალი ყველაზე უფრო მაღალი ხარისხით მოითხოვს ხელმისაწვდომობასა და წინასწარ განჭვრეტის უზრუნველყოფას.[1]
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლი ადგენს კანონის მიზანს, ხოლო მეორე პუნქტი აღნიშნავს, რომ კოდექსი შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.
სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე და 3782-ე მუხლები კი ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვას არ უზრუნველყოფს, ვინაიდან დისპოზიციის საკვანძო სიტყვები – აკრძალული საგანი, არ არის განმარტებული საქართველოს კანონით. სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის აუცილებელი ელემენტია აკრძალული ნივთები, რომლის გამოყენების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, აკრძალული ნივთები განსაზღვრული უნდა იყოს საქართველოს კანონით.
ამ დროისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე და 3782-ე მუხლებში გათვალისწინებული აკრძალული ნივთების შესახებ ჩამონათვალი განსაზღვრულია შესაბამისი მინისტრების ნორმატიული აქტებით.[2] კერძოდ, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში აკრძალული ნივთების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორში აკრძალული ნივთების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი ყოფნის იზოლატორში აკრძალული ნივთების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით. აქვე აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლებით ასევე დასჯადია ჰაუპტვახტში აკრძალული ნივთის ფლობა, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაუპტვახტები აღარ არსებობენ.[3]
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტის მიმართ, კანონს უნდა გააჩნდეს მაღალი ლეგიტიმაცია და გარანტია, რასაც ვერ უზრუნველყოფს ისეთი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, როგორიც არის მინისტრის ბრძანება. ამრიგად, საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლები არაკონსტიტუციურია, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, ქმედება დასჯადი მხოლოდ სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე შეიძლება იყოს.
სახელმწიფო ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში განხორციელების უზრუნველყოფისთვის, ნორმა იმდენად ნათელი უნდა იყოს, რომ გამოირიცხოს მისი თვითნებური განმარტების ალბათობა.[4] ხელისუფლების განხორციელებისას სახელმწიფო შებოჭილი და შეზღუდულია, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის ისეთი ძირითადი პრინციპით, როგორებიცაა სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი უსაფრთხოების, კანონის განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის პრინციპები.
სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპების რეალური დაცვისთვის პრაქტიკული და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონის ხელმისაწვდომობასა და განჭვრეტადობას, რაც, ამავდროულად, გულისხმობს კანონის ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილებას.[5] კანონის ხარისხი მოითხოვს, საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს კანონის ნების შეცნობა და მის შესაბამისად მოქმედება.[6] კანონის ხარისხის დაუკმაყოფილებლობა თავის თავში მოიცავს სახელმწიფო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას, თვითნებობასა და სამართლებრივი სახელმწიფის პრინციპის უგულებელყოფას.
სისხლის სამართლის სფეროში მოქმედებს კანონთა განსაზღვრულობის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტები, რადგან სისხლის სამართალი ქმედების დანაშაულებრიობისა და სასჯელის სამართალია. აღნიშნულ საკითხს კი მკაფიოდ განმარტავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.[7] საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საფუძვლებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში. რაც იცავს პირს, რათა არ განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი იძულების თვითნებური გამოყენება და გავრცელება, იმავდროულად, უზრუნველყოფს შესაძლებლობით, რომ წინასწარ განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში სისხლისსამართლებრივი წესით აკრძალული ნიშნების არსებობა.
სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას, წინასწარ დადგენილი, საჯაროდ ხელმისაწვდომი და არა ინდივიდუალიზებული სამართლებრივი წესების შესაბამისად შეძლოს იმის განჭვრეტა, თუ რა ქმედებები წარმოადგენენ სამართალდარღვევებს და, შესაბამისად, თუ როგორ წარმართოს საკუთარი ქცევა, რაც უმნიშვნელოვანესი გარანტიაა თვითნებური დევნისა და ბრალდების წინააღმდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე კი სასიცოცხლოდ აუცილებლია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე და 3782-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება განიმარტოს კანონით, იყოს წინასწარ დადგენილი და საჯაროდ ხელმისაწვდომი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა.[8]
საქართველოს საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის დადგენის მიზნით, ბრალმდებელი ხელმძღვანელობს მინისტრთა ზემოაღნიშნული ბრძანებებით. (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მინისტრის ბრძანებების შესაბამისად - თავისუფლების აღკვეთის და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში აკრძალული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხევაში - ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ხოლო - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი ყოფნის იზოლატორში აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით).
დავის საგნის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
როგორც კანონმდებლობით, ისე პრაქტიკით ნათლად იკვეთება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე და 3782-ე მუხლებით განსაზღვრული სასჯელი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, რადგან არ არის ქმედებისგან მომდინარე საფრთხის პროპორციული.
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, რომელსაც თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი სისხლის სამართლის კოდექსის 3782 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის, კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთის - ბანქოს ფლობისთვის. მსჯავრდებული ითხოვდა, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ბანქოს ფლობის გამო დაკისრებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის - პროპორციულობის საკითხის შესწავლას.
საკითხის შესწავლის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველმა გამოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლებით გამოტანილი განაჩენების ასლები, ქუთაისის, თბილისის, ბათუმის, რუსთავის საქალაქო და მცხეთის რაიონული სასამართლოდან, 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული განაჩენების მიხედვით, ზემოაღნიშნულ პერიოდში, გამოტანილია 19 განაჩენი და აქედან აბსოლუტურად ყველა საქმეზე არის საპროცესო შეთანხმება გაფორმებული. 19 განაჩენიდან, ათ შემთხვევაში სასჯელის სახედ გამოყენებულ იქნა - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, ორ შემთხვევაში - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო შვიდ შემთხვევაში - პირობითი სასჯელი 1 წლით ან უფრო დიდი ვადით. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის განაჩენი დადგა ისეთ აკრძალულ ნივთებზე როგორიცაა თვითნაკეთი ბანქო, თვითნაკეთი ტატუირების აპარატი, მჩხვლეტავი საგანი რომლითაც პატიმარმა ხელის მტევანი მიიჭედა მაგიდაზე, ალკოჰოლური სასმელი ე.წ. „ბრაგა“, დაშლილი ერთჯერადი სამართებელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული განაჩენების მიხედვით აღნიშნულ პერიოდში გამოტანილია 33 განაჩენი და ამ შემთხვევაშიც აბსოლუტურად ყველა საქმეზე, გარდა ერთისა, საპროცესო შეთანხმება არის გაფორმებული. 33 განაჩენიდან, სამ შემთხვევაში სასჯელის სახედ გამოყენებულ იქნა - თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით, 14 შემთხვევაში გამოყენებულ იქვა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ორ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, სამ შემთხვევაში გამოყენებულ იქნა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ორ შემთხვევაში სასჯელის სახედ გამოყენებულ იქნა - 1 წელი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რვა შემთხვევაში გამოყენებულ იქნა - პირობითი სასჯელი 6 თვით ან უფრო მეტი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად განიხილა მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმე და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო სასჯელის სახით განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წელი და 6 თვის ვადით. აქვე აღსანიშნავია, რომ თბილისში განხილული საქმეებიც, ისევე როგორც ქუთაისის სასამართლოში განხილული სისხლის სამართლის საქმეების დიდი ნაწილი, შეეხებოდა ისეთ აკრძალულ ნივთებს, როგორიცაა თვითნაკეთი ბანქო, თვითნაკეთი ტატუირების აპარატი, მჩხვლეტავი საგანი, ლითონის ფირფიტა, ალკოჰოლური სასმელი ე.წ. „ბრაგა“ და დაშლილი ერთჯერადი სამართებელი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნულ პერიოდში სასამართლოს მიერ გამოტანილია მხოლოდ ერთი განაჩენი და ამ შემთხვევაშიც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, აკრძალული ნივთის -სტანდარტული (ქარხნული) წესით დამზადებული მექანიკური საპარსი მოწყობილობის დაშლის შედეგად განცალკევებული, ბასრი ნაწიბურების მქონე ფრაგმენტის ფლობისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რომელიც სსკ-ს 63 მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით.
რუსთავის და მცხეთის რაიონული სასამართლოდან მიღებული პასუხის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მცხეთის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე განსახილველად არ შემოსულა.
გამოკვეთილი პრაქტიკა ასევე ადასტურებს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და სასჯელის დაკისრება პენიტენციური დაწესებულების კონტროლის ქვეშ მყოფი პატიმრისთვის პრაქტიკაში კიდევ უფრო მარტივია, ვიდრე სხვა ჩვეულებრივ სიტუაციაში. ეს კი თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს მოცემული საკანონმდებლო გარემოს შეუთავსებლობას კონსტიტუციასთან. კერძოდ, საერთო სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად სისხლის სამართლის სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლებით განხილული საქმეების 99.5% სრულდება საპროცესო შეთანხმებით, ხოლო ბრალდებულთა აბსოლუტური უმრავლესობა არის პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული პატიმარი, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს შესაძლებლობა აქვს აღიარებითი ჩვენების სხვადასხვა შესაძლო ბერკეტები გამოიყენოს.
საქართველოს პატიმრობის კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის ო) ქვეპუნქტის თანახმად, პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
პატიმრობის კოდექსის, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე არის დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში ამ დროისთვის არსებულ 15 თავისუფლების აღკვეთისა და ერთი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებისთვის მინიტრის ბრძანებით, თითოეული დაწესებულების დებულებები[9]. სწორედ აღნიშნულ, დებულებათა დანართი განსაზღვრავს იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალებათ მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ამავე დანართების მიხედვით არის განსაზღვრული მსჯავრდებულებთან ან ბრალდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისთვის იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა შეტანა აკრძალულია დაწესებულების ტერიტორიაზე. შესაბამისად, დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი ან მათთან შეხვედრაზე შემსვლელი პირი ინფორმირებული უნდა იყოს კონკრეტულად იმ დაწესებულების დებულების მიხედვით აკრძალული ნივთების შესახებ, სადაც იმყოფება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აკრძალული ნივთების ჩამონათვალში არის როგორც სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ნივთები, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერებები, ასევე, ისეთი სახის ნივთები, როგორიცაა ბანქო, შაქარი, საფუარი და ნებისმიერი დოკუმენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არ არის ზუსტი და საკმარისად განჭვრეტადი, რათა მოქალაქემ შეძლოს განსაზღვროს თუ რა სახის ნივთები არის აკრძალული სისხლის სამართლის 3781 და 3782 მუხლებით, კოდექსში მითითებულ დაწესებულებებში და ამასთან, რის საფუძველზე შეიძლება იყოს კონკრეტული ნივთი აკრძალული.
ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის, მეორე ნაწილის თანახმად, მინისტრის ბრძანება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ხოლო მე-17 მუხლის, მეორე ნაწილის მიხედვით „მინისტრის ბრძანებით არ შეიძლება გადაწყდეს საკითხი, რომლის მოწესრიგებაც გათვალისწინებულია საკანონმდებლო აქტით“.
მინისტრთა მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, აკრძალული ნივთების ჩამონათვალი სხვადასხვა დაწესებულებაში განსხვავდება ერთმანეთისგან და ასევე ნივთების ჩამონათვალი იცვლება პერიოდულად, მინისტრის ან მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული ახალი ბრძანებების შესაბამისად. აღნიშნული ფაქტის დასტურად შეგვიძლია განვიხილოთ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2016 წლის 28 აპრილს პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, დანართი N1-ში არსებული აკრძალული ნივთი, კერძოდ:
„ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).“
ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა (ერთ ეგზემპლარად), ასევე მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა).“
მოცემული მაგალითით, ნათლად ჩანს, რომ 2016 წლის 28 აპრილამდე არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, კრიმინალიზებული იყო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, აბსტრაქტულად – ნებისმიერ სახის დოკუმენტის ფლობა, ხოლო მითითებული თარიღის შემდეგ, ასჯერ გაიზარდა აკრძალული ნივთის რაოდენობის ფლობის უფლება და აღარ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.
არსებული პრაქტიკა ადასტურებს, რომ მინისტრის ან მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული ბრძანება ვერ უზრუნველყოფს სამართალშემოქმედების მაღალ ხარისხს, ვინაიდან მას, არ აქვს კანონის მისაღებად დადგენილი მაღალი ლეგიტიმაცია და განჭვრეტადობის ხარისხი.
კიდევ ერთი მაგალითის სახით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მინისტრის ბრძანებით აკრძალულია ისეთი ნივთები, როგორიც არის სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები, საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებს სითბურ დამუშავებას, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, ბანქო, ნებისმიერი დოკუმენტი, საღებავები და კოპირების ქაღალდები, ხოლო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების დებულებაში აღნიშნული ნივთები აკრძალულ ნივთების ნუსხაში არ შედის.
ასევე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული აკრძალული ნივთების ჩამონათვალში, ისეთი ნივთების შეტანა, როგორიც არის ბანქო და მოცემულ ნივთზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, იმ საკითხის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ამავე ბრძანების მიხედვით, ამავდროულად დაშვებულია, სხვა სამაგიდო თამაშები, მათ შორის, ნარდი, დომინო, შაში და ჭადრაკი.
საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობით[10] მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აკრძალული ნივთების ნუსხაში ბანქოს შეტანის საფუძველის შესახებ, იმ საკითხის გათვალისწინებით, რომ სხვა სამაგიდო თამაშები დაშვებულია ამავე დაწესებულებებში. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პასუხის მიხედვით[11] არ იქნა დასაბუთებული ბანქოს აკრძალვის ლეგიტიმური მიზანი, რის სანაცვლოდ, მიღებული პასუხით დადგინდა კიდევ ერთი კანონშეუსაბამო ნორმის არსებობა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N108 ბრძანებაში, რომლის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც: გ) არ არის გათვალისწინებული დებულებით განსაზღვრული (დებულების დანართი №2, №3 და №4) იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით (აგრეთვე ფოსტის მეშვეობით) მიიღოს, შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე და 3782-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისათვის დადგენილი სასჯელის ზომა, ბანქოს, დოკუმენტის ან ნებისმიერი სხვა ნივთისთვის, რომლის ფლობა, შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა სისხლის სამართლის კოდექსის ან კანონის მიხედვით არ არის დასჯადი ქმედება, შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან სასჯელის პროპორციულობის კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და სხვა კანონებით განსაზღვრულია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ან აკრძალული ნივთების ჩამონათვალი და დადგენილია პროპორციული სასჯელი აკრძალული ნივთის ფლობისთვის. ამასთან, ვინაიდან, კანონმდებელს უფლება აქვს შემოიტანოს სპეციალური ნორმა რომელსაც უპირატესობა ენიჭება საერთო ნორმის მიმართ და დააწესოს უფრო მკაცრი სასჯელი სპეციალური ტიპის დაწესებულებაში აკრძალული ნივთის ფლობისთვის, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე და 3782-ე მუხლები არის სწორედ სპეციალური ნორმები, შესაბამისად კანონითვე უნდა იყოს განსაზღვრული აკრძალული ნივთების ჩამონათვალიც.
ამრიგად ბუნებრივია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3781-ე და 3782-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებისთვის დადგენილი სასჯელის ზომა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, თავისი ნორმატიული და მატერიალური შინაარსით, საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ სტანდარტთან.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სასამართლოდან მიღებული განაჩენების შესწავლის შედეგად მკაფიოდ იკვეთება, რომ გამოყენებული სასჯელი არაპროპორციულია, და მოცემულ შემთხვევებში ქმედებისთვის დაკისრებული სასჯელი გონივრულ და პროპორციულ დამოკიდებულებაში არ არის კონკრეტული დანაშაულით გამოწვეულ ზიანთან, რომელიც შეიძლება მიადგეს პირს ან საზოგადოებას. აღნიშნული არგუმენტის გამყარება შესაძლებელია სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით[12], რომლის მიხედვითაც ტატუირების აპარატის ფლობისთვის პირს დაეკისრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით. შესაბამისად, სასჯელი მკვეთრად, უხეშად დისპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან და პოტენციურ საფრთხეებთან. ამასთანავე, კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, მოსამართლემ სასჯელის დაკისრებისას გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის გარემოებები, ქმედებით გამოწვეული ზიანი, დამნაშავის ბრალეულობის ხარისხი და სხვა, რათა ფაქტობრივად გამოირიცხოს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სასჯელის გაუთვალისწინებლად არაპროპორციული შეფარდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ სხვა ნებისმიერ ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ არის განსაზღვრული ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები: სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა, თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს.
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, მინისტრების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის, კერძოდ, ბრძანების საფუძველზე, შესაძლოა დადგინდეს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებაში აკრძალული ნივთების ჩამონათვალი, რომელთა ფლობა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა უნდა იწვევდეს დისციპლინურ პასუხისმგებლობას და არავითარ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის ი) ნაწილის მიხედვით, დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა ითვლება დისციპლინურ დარღვევად და შესაბამისად ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა. ამრიგად, დაუშვებელია ამ ეტაპზე საქართველოს მართლმსაჯულებაში დამკვიდრებული პრაქტიკის უცვლელად დატოვება და მინისტრების მიერ განსაზღვრული აკრძალული ნივთების ნუსხით, საქართველოს მოქალაქისთვის სისხლის სამართლის კოდექსით თავისუფლების აღკვეთა პროპორციული სასჯელი იყოს სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპებთან შესაბამისობაში.
ევროკავშირის ქვეყნების მაგალითს თუ გადავხედავთ, რუმინეთის პენიტენციურ სისტემაში ბანქოს, დოკუმენტის ფლობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არ არის, ხოლო სხვა აკრძალული და დაშვებული ნივთების სია განსაზღვრულია კანონმდებლობით.[13]
მოლდოვეთში (ევროკავშირის ასოცირებული წევრი სახელმწიფო) პატიმრის მიერ ბანქოს, დოკუმენტის ან სამოქალაქო ბრუნვით დაშვებული სხვა ნივთის ფლობა არ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და პენიტენციურ სისტემაში ბრძანებით გათვალისწინებული აკრძალული ნივთის ფლობა ექვემდებარება მხოლოდ კონფისკაციას.[14]
უდავოდ, სახელმწიფოს პოლიტიკის სფეროა, რომელი ქმედების კრიმინალიზაციას მოახდენს და როგორ სასჯელს დააწესებს კონკრეტული ქმედების ჩადენისთვის, რადგან სწორედ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ეფექტური შესაძლებლობა, ებრძოლოს კონკრეტული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებს და მათი სიმძიმის, სერიოზულობის გათვალისწინებით მოახდინოს მათი კრიმინალიზება, ამასთან, შეარჩიოს პასუხისმგებლობის ის ზომა, რომელიც საკმარისი და ეფექტური იქნება ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად. თუმცა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ამ ინსტრუმენტის მიზნობრივად გამოყენებისთვის, რადგან ის (ინსტრუმენტი) თავად არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ხელთ იმ სიკეთეების დარღვევის წყაროდ, რომელთა დასაცავადაც მისი გამოყენების კონსტიტუციური ვალდებულება აქვს ხელისუფლებას,[15] თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს სასჯელთა პოლიტიკა იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მისი შედეგი ადამიანის ამა თუ იმ უფლების დარღვევაა, ხოლო სასჯელის ზომა აშკარად არაგონივრული და არაპროპორციულია. სასამართლო უფლებამოსილია და ვალდებულიც, შეაფასოს იმ სასჯელთა კონსტიტუციურობა, რომელთა არაადეკვატურობის, არა პროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს, დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია. რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება თავის მიზნებს და გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.[16]
[1] 2010 წლის 17 მაისი Kononov v. LVA, განაცხადი 36376/04, para.185; NJOZ 11 (2011), 226.
[2] საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №373;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის ბრძანება №71;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №107, ბრძანება №108, ბრძანება №109, ბრძანება №110, ბრძანება №111, ბრძანება №112, ბრძანება №113, ბრძანება №114, ბრძანება №115, ბრძანება №116, ბრძანება №117, ბრძანება №118, ბრძანება №119, ბრძანება №120.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №423;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 30 მარტის ბრძანება №31.
[3] საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 მაისის ბრძანება №237; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის ბრძანება №25.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, პარ. 14
[5] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1999 წლის 20 მაისის გაჩინება საქმეზე, Rekvenyl v. Hungary, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 12 დეკემბრის განჩინება საქმეზე, N.F. v. Italy, პარ. 26
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, პარ. 11
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის N1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, პარ 19, პარ 21
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/552 „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16
[9] საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №373;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის ბრძანება №71;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №107, ბრძანება №108, ბრძანება №109, ბრძანება №110, ბრძანება №111, ბრძანება №112, ბრძანება №113, ბრძანება №114, ბრძანება №115, ბრძანება №116, ბრძანება №117, ბრძანება №118, ბრძანება №119, ბრძანება №120.
[10] საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 10 აგვისტოს N15-9/14353 წერილი.
[11] საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 27 ოქტომბრის N31700844556 წერილი.
[12] ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განაჩენი - საქმე N1/327-17
[13] ORDIN nr. 2.714/C din 20 octombrie 2008 (annexa - Nr.crt.30 Joc de şah, table, rummy, cărţi de joc etc.)
[14] CODUL PENAL al Republicii Moldova. Articolul 322. Transmiterea ilegală a unor obiecte interzise persoanelor deţinute în penitenciare
[15] (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33
[16] იქვე.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი