ედუარდ მარიკაშვილი და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/13/1384 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 23:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ედუარდ მარიკაშვილი და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) ედუარდ მარიკაშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში – ა.ა) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით; ა.ბ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე, მოსარჩელე „ა(ა)იპ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი – ედუარდ მარიკაშვილი; მოსარჩელეების – ედუარდ მარიკაშვილისა და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი – თეიმურაზ სვანიძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა; მოწმე – საპენსიო სააგენტოს დირექტორი – ლევან სურგულაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1384) მომართეს ედუარდ მარიკაშვილმა და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“. №1384 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 14 იანვარს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 7 მარტს.
2. №1384 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა დასაქმებულისათვის ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში სავალდებულოა საპენსიო სქემაში მონაწილეობა, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი). ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი დამსაქმებელს ავალდებულებს, ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შეიტანოს მასზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტი. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებელი ასევე ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის ინდივიდუალურ ანგარიშზე ამავე ოდენობით, მონაწილე დასაქმებულის სახელით. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო, მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის საპენსიო ანგარიშზე რიცხავს 2 ან 1 პროცენტს დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის მოცულობის შესაბამისად. სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულის დასაბეგრი წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება 60 000 ლარს.
4. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა მოსარჩელე ედუარდ მარიკაშვილის სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. შედეგად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო მე-19 მუხლი განამტკიცებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები დასაქმებულ და დამსაქმებელ პირებს ავალდებულებს საპენსიო სქემაში გაწევრებას. დასაქმებული პირის დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტი განთავსდება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია, დამატებით გაიღოს დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტი დასაქმებულის სასარგებლოდ. აღნიშნულის რეგულირება გაუმართლებლად ზღუდავს ორივე მოსარჩელის საკუთრების უფლებას. გარდა ამისა, სახელმწიფო საპენსიო სქემაში მონაწილე პირების ნაწილის საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს შენატანს მისი დასაბეგრი ხელფასის 1 ან 2 პროცენტის ოდენობით. სადავო რეგულირება სახელმწიფოს მიერ გასაკეთებელი შენატანის ოდენობის განსაზღვრისას არ ითვალისწინებს საპენსიო სქემის მონაწილეთა ქონებრივ მდგომარეობას საპენსიო გაცემების დროს, არამედ შენატანის ოდენობას ადგენს დასაქმების პერიოდში, მონაწილის ხელფასის ოდენობის შესაბამისად. ამდენად, სახელმწიფო ნეიტრალურ რეგულირებას ავრცელებს არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ, რაც ეწინააღმდეგება თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზანია დასაქმებულთათვის გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული დანაზოგის შექმნის შესაძლებლობის მიცემა. დასახელებული მიზანი არ არის საზოგადოებრივ ინტერესებში, რადგან მოსარჩელეს ეზღუდება საკუთრების უფლება თავად მისივე კეთილდღეობის მოტივით, რაც პატერნალიზმის იმგვარი ფორმაა, რომელიც თავსებადი არ არის თავისუფალ საზოგადოებასთან. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი გამორიცხავს ამ მიზნით საკუთრების უფლების შეზღუდვას. გარდა აღნიშნულისა, კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული საპენსიო სქემის სანდოობის უზრუნველყოფის გარანტიები. ამასთან, გამოყენებული ღონისძიება არ არის დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საპენსიო რეფორმის კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზნად დასახელებულია საბიუჯეტო ფისკალური რისკების შემცირება, რაც შესაძლოა, მართლაც დაედოს საფუძვლად საკუთრების უფლების შეზღუდვას. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მოქმედი სოციალური (საბაზისო) საპენსიო სისტემა კვლავ მოქმედებს და ბიუჯეტის ვალდებულებად რჩება, დაგროვებითი საპენსიო სქემის შემოღება ვერ შეამცირებს საბიუჯეტო რისკებს. ამდენად, არ არსებობს ლოგიკური და რაციონალური კავშირი დასახელებულ საჯარო ინტერესსა და სადავო ნორმებით დადგენილ შეზღუდვას შორის.
9. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო რეგულირების კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზნად მიიჩნევა კაპიტალის ბაზრის განვითარება. კერძოდ, საპენსიო სქემის მონაწილეები ფინანსებს შორეული მომავლისთვის ზოგავენ, შესაბამისად, ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება, საპენსიო ფონდმა სესხების გაცემის გზით დააფინანსოს ადგილობრივი კორპორაციები თუ სამთავრობო უწყებები. აღნიშნული საჯარო ინტერესის მიღწევა ვერ ჩაითვლება აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად. ხსენებული მიზნის მიღწევის უამრავი სხვა, უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება არსებობს.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები განსაკუთრებით პრობლემურია დამსაქმებელთან მიმართებით, რადგან იგი ვალდებულია, დასაქმებულის სასარგებლოდ განახორციელოს შენატანი, რომლისგანაც ის ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია საპენსიო შენატანს არ მიიჩნევს გადასახადად, დამსაქმებლის პერსპექტივიდან მისთვის აღნიშნული ვალდებულების დაკისრება განხილული უნდა იქნეს საგადასახადო ტვირთის დაწესებად და არა საპენსიო შენატანად. გადასახადის შემოღება კი მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის დასაშვები. ამასთან, დამსაქმებლის მიმართ ამ ვალდებულების დაწესებით იგი კარგავს მის საკუთრებაზე მოთხოვნის უფლებასაც, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევად უნდა დაკვალიფიცირდეს. თუმცა, თუნდაც დამსაქმებლის მიმართ სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება საკუთრების შეზღუდვად იქნეს მიჩნეული, ის ვერ დააკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს ზემოთ განხილული გარემოებების გამო.
11. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, სადავო რეგულირება არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანაბარ მოპყრობას აწესებს. კერძოდ, შესადარებელი ჯგუფები არიან დაბალი და მაღალი ქონებრივი მდგომარეობის მქონე პირები. სადავო რეგულირება სახელმწიფოს მიერ გასაცემი კონტრიბუციის ოდენობას უკავშირებს მათი ხელფასის ოდენობას საპენსიო შენატანის განხორციელების მომენტში და არ ითვალისწინებს მათ რეალურ ქონებრივ მდგომარეობას პენსიაზე გასვლის დროს. შესაბამისად, საბოლოოდ, შესაძლოა, სოციალურად გაჭირვებულ მონაწილეებს მოუწიოთ შეძლებულ პირთა თანაბარი ან უფრო ნაკლები თანხის მიღება. პენსიის მიზნებიდან გამომდინარე კი, მისი დანიშნულება უნდა იყოს პენსიაზე გასვლის მომენტში სოციალურად გაჭირვებულ პირთა მეტად დაფინანსება, ვიდრე შეძლებულების. ამასთან, შეზღუდვის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შეაფასოს მკაცრი შეფასების ტესტის საფუძველზე.
12. მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში სახეზეა გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე, ვინაიდან არ არსებობს სადავო ნორმებით გამოწვეული მატერიალური დანაკარგის ანაზღაურების შესაძლებლობა.
13. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს სქემაში გაწევრების ვალდებულებას, თუმცა ის, თავისთავად, არ აკისრებს შესაბამის პირებს რაიმე ფინანსურ ტვირთს. აქედან გამომდინარე, ხსენებული დანაწესი ვერ გამოიწვევს საკუთრების უფლების შეზღუდვას. გარდა აღნიშნულისა, სადავო რეგულირების საფუძველზე, პირებს ეკისრებათ ფინანსური ვალდებულება და არ ხორციელდება მათ საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევა. ერთი მხრივ, მათ გარკვეული პერიოდით ეზღუდებათ დასაბეგრი ხელფასის 2%-ის განკარგვა, თუმცა, მეორე მხრივ, მათ საკუთრებაში დამატებით გადადის ხელფასის 4%, შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შეზღუდვა. ამასთან, საპენსიო სქემის მონაწილისათვის სახელმწიფოს მიერ შენატანის წილის მისი ხელფასის ოდენობის შესაბამისად განსაზღვრა ემსახურება მოქალაქეთა სქემაში მონაწილეობის წახალისებას. სახელმწიფომ აირჩია, ამ პრინციპის საფუძველზე, მის მიერ გასაცემი შენატანის განაწილება, რაც ვერ ჩაითვლება არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანაბარ მოპყრობად.
14. მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი, რადგან არ იკვეთება მოსარჩელეთა მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. კერძოდ, დასაქმებულთა მიერ საპენსიო სქემაში განხორციელებული შენატანი ინახება მათ ინდივიდუალურ ანგარიშზე და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაიბრუნონ მათ მიერ გაღებული ფინანსური დანახარჯი. ამასთან, შენატანი ასევე დაუბრუნდებათ დამსაქმებლებს, რადგან მათ მიერ გაწეული დანახარჯის ოდენობა განსაზღვრულია და, ამ მხრივ, არ არსებობს რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი. ამასთან, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებით მნიშვნელოვნად შეფერხდება აღნიშნული სისტემის ფუნქციონირება, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საჯარო ინტერესებს.
15. განსახილველ საქმეზე მოწმედ მოწვეული იქნა საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე. მოწმის განცხადებით, საპენსიო სქემაში გაწევრების სავალდებულოობის კომპონენტის გაუქმება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის ზოგადად ამ რეფორმის განხორციელებას. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ არსებობს რაიმე შემაფერხებელი ბარიერი, რაც ხელს შეუშლიდა პირთა მიერ გაღებული შენატანის მათ საკუთრებაში დაბრუნებას. შესაბამისად, სადავო ნორმების მოქმედება ვერ გამოიწვევს მოსარჩელეთა მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომას. გარდა ამისა, ხსენებული საპენსიო რეფორმა ემსახურება ბევრი მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის უზრუნველყოფას, რასაც სადავო ნორმების შეჩერება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის. ამრიგად, არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საფუძველი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ სასამართლოს, „... თუ მათ მიაჩნიათ, რომ დაირღვა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის №2/2/508 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გევორქ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამდენად, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება დასაბუთება, რომ იგი კონსტიტუციურ სარჩელს წარადგენს არა სხვისი, არამედ საკუთარი უფლებების დასაცავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მას არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. №1384 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ედუარდ მარიკაშვილი სადავოდ ხდის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მისი მითითებით, სადავო რეგულირება სახელმწიფოს მიერ გასაცემი კონტრიბუციის ოდენობას უკავშირებს ხელფასის ოდენობას საპენსიო შენატანის განხორციელების მომენტში და არ ითვალისწინებს პენსიის მიმღები პირების რეალურ ქონებრივ მდგომარეობას პენსიაზე გასვლის დროს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს შედარებით სოციალურად გაჭირვებულ პირთა მიერ იგივე ან უფრო ნაკლები ოდენობით პენსიის მიღება, ვიდრე შეძლებულთა მიერ. ამდენად, სახეზეა არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობა.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „მოსარჩელის უფლებების დარღვევის რეალურობის შემოწმების და კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით ... სასამართლომ უნდა შეისწავლოს ის მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობის მონაწილე განჭვრეტად მომავალში აუცილებლად გახდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. მოსარჩელე ედუარდ მარიკაშვილის დასაბუთება სადავო ნორმის დისკრიმინაციულ ბუნებასთან მიმართებით ეფუძნება მტკიცებას, რომ მის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის დროს შესაძლოა, ის განეკუთვნებოდეს სოციალურად გაჭირვებულ ფენას და შეძლებული პირების თანაბარი ან უფრო ნაკლები პენსია მიიღოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელზე უფლებამოსილ სუბიექტად მიჩნევისთვის მოსარჩელემ სასამართლოს უნდა დაანახოს მის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას სოციალურად გაჭირვებულად ყოფნის გონივრული შესაძლებლობა, რადგან მხოლოდ ამგვარი საფრთხის რეალურობამ შეიძლება, განაპირობოს მოსარჩელის შესაძლებლობა, იდავოს მის მიერ იდენტიფიცირებული თანასწორობის უფლების შეზღუდვაზე.
5. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის დასაბუთება და მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ არსებობს რაიმე ხარისხის ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, საპენსიო ასაკის მიღწევისას მოსარჩელე მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს მძიმე სოციალურ მდგომარეობაში. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ედუარდ მარიკაშვილი არის 28 წლის, შესაბამისად, იგი საპენსიო ასაკს მიაღწევს 37 წლის შემდგომ. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე ხელშესახები მტკიცებულება საპენსიო ასაკის მიღწევისას მის შესაძლო მძიმე სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შეუძლებელია მყარი დამაჯერებლობით იმის მტკიცება, რომ 37 წლის შემდეგ იგი აღმოჩნდება იმ შესადარებელ პირთა კატეგორიაში, რომელთა თანასწორობის უფლების დარღვევაზეც არის მითითებული კონსტიტუციურ სარჩელში. შესაბამისად, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელიდან უშუალოდ მოსარჩელის უფლების სავარაუდო დარღვევის რეალური საფრთხე არ იკვეთება და ხსენებული მოთხოვნის ნაწილი სარჩელი შემოტანილია არასათანადო სუბიექტის მიერ.
6. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ თანასწორობის უფლების შეზღუდვის წარმოსაჩენად მოსარჩელე მიუთითებს საბიუჯეტო რესურსის არასამართლიანად განაწილებაზე. იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, პენსიაზე გასვლის დროს შესაძლებელია, სახელმწიფოს მიერ მეტი ან იგივე კონტრიბუცია მიიღონ შეძლებულმა პირებმა, სოციალურად გაჭირვებულ პირებთან შედარებით. მისი მოსაზრებით, საბიუჯეტო ხარჯები უნდა განაწილდეს არა თანაბრად, არამედ მოქალაქეთა საჭიროების გათვალისწინებით.
7. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, საბიუჯეტო რესურსს სახელმწიფო იყენებს საჯარო მიზნების დასაფინანსებლად, მაგალითად, აგებს გზებს, აფინანსებს სახელმწიფო სერვისებს, რომლზეც თანაბარი ხელმისაწვდომობა გააჩნია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ბუნებრივია, სახელმწიფო სერვისებით, მაგალითად, საჯარო რეესტრის, საგანგებო სამსახურის მომსახურებით ზოგიერთი პირი უფრო ხშირად ისარგებლებს, ზოგს კი ნაკლებად დასჭირდება, თუმცა ხსენებული თანასწორობის უფლების შეზღუდვაზე არ მიუთითებს. ამდენად, საბიუჯეტო რესურსის ზოგადი მიზნებისათვის პირთა მიმართ ნეიტრალური რეგულირების ფარგლებში გამოყენება, თვისთავად, თანასწორობის უფლების შეზღუდვას არ იწვევს.
8. სადავო კანონით სახელმწიფო ახორციელებს საპენსიო რეფორმას და ქმნის დაგროვებითი პენსიის სქემას. კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ხსენებულ მიზნად ისახავს, სამომავლოდ, მოქალაქეთა ასაკით პენსიის დაფინანსებისათვის ბიუჯეტისაგან დამოუკიდებელი ფინანსური რესურსის შექმნას და ამ გზით საპენსიო ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტზე ზეწოლის შემცირებას. საპენსიო სქემის მიმზიდველობის უზრუნველსაყოფად, გარდა კერძო კონტრიბუციისა, კანონი ითვალისწინებს გარკვეული საბიუჯეტო რესურსის გაღებას. მათ შორის, სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადისაგან ათავისუფლებს დასაქმებულის, ისევე, როგორც დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს (საგადასახადო შეღავათის არარსებობის პირობებში ხსენებული შენატანები 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრებოდა, რაც ჯამში დასაქმებულის მიერ მიღებული დაუბეგრავი ხელფასის 0.8%-ს შეადგენს) და, ამავე დროს, დასაქმებულის სასარგებლოდ, ასევე რიცხავს გარკვეულ თანხებს. ხსენებული საბიუჯეტო რესურსი მიმართულია საჯარო მიზნების მიღწევისკენ, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება ასაკით პენსიის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების შექმნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რათა ამტკიცოს თანასწორობის უფლების დარღვევა, მოსარჩელე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი, ხსენებული საჯარო ინტერესის მისაღწევად გამოიყენოს საჯარო რესურსი პირთა მიმართ ნეიტრალური რეგულირების ფარგლებში. აღნიშნულის საპირისპიროდ, სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც დაასაბუთებდა, რომ სადავო კანონით შექმნილი საპენსიო სქემის ეფექტურად იმპლემენტაციისა და სამომავლოდ ასაკით პენსიის დასაფინანსებლად ალტერნატიული ფინანსური წყაროს შექმნის ინტერესი განსხვავებულად მიემართება სხვადასხვა სოციალური შესაძლებლობის მქონე პირებს და, ამავე დროს, ინტერესთა სხვაობა იმდენად არსებითია, რომ ისინი არსებითად უთანასწოროდ უნდა იქნენ მიჩნეულნი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1384 კონსტიტუციური სარჩელი, მოსარჩელე ედუარდ მარიკაშვილი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ამავე დროს დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთან, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
11. №1384 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე ედუარდ მარიკაშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სადავოდ არის გამხდარი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა, საპენსიო სქემაში ფინანსური შენატანის განხორციელების ვალდებულების დაწესებით, ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას.
12. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული დასახელებული სადავო ნორმების რეგულირების სფერო, ფარგლები და შინაარსი. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი)“. აღნიშნული ნორმა, ადგენს საპენსიო სქემაში გაწევრების ვალდებულებას გარკვეულ პირთა წრის მიმართ. კერძოდ, საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი).
13. სადავო ნორმა არ ადგენს უშუალოდ საპენსიო სქემის მახასიათებლებს, არ განსაზღვრავს საპენსიო სქემის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, არ მიუთითებს სქემის მონაწილეთა მიერ ფინანსური შენატანის განხორციელების ვალდებულებაზე. მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის შესახებ დასაბუთება სრულად მიემართება სავალდებულო ფინანსური ტვირთის დაკისრების შედეგად საკუთრების უფლების დარღვევას. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა არ ადგენს რაიმე სახის ფინანსურ ტვირთს. ამდენად, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1384 კონსტიტუციური სარჩელი, მოსარჩელე ედუარდ მარიკაშვილის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
15. №1384 კონსტიტუციურ სარჩელში, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სადავოდ არის გამხდარი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე აპელირებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ხდება დამსაქმებლისთვის საკუთრების ჩამორთმევა.
16. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. ამ ცნებაში ვერ თავსდება ნებისმიერი შემთხვევა, რაც პირის მიერ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, საკუთრების დაკარგვას გულისხმობს. საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). ამასთან, საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესი ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ეს ხორციელდება საამისოდ უფლებამოსილი სუბიექტების (სახელმწიფო ორგანოების) მიერ საჯარო ამოცანების შესასრულებლად. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება საკუთრების ქონებრივ კომპონენტს. საკუთრების ჩამორთმევის ურთიერთობისათვის დამახასიათებელია, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ ადგენს ჩამორთმევის სამართლებრივ რეჟიმს, არამედ პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს ჩამორთმევის კონკრეტულ პროცესში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის პირველი აპრილის №2/155 გადაწყვეტილება საქმეზე „აკაკი საღირაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
17. ამავდროულად, საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს საკუთრების უფლებით სარგებლობის, საკუთრების შეძენის და განკარგვის წესს და ამ ფორმით ადგენს საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების რეგულირების სფეროში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით კი, შეფასებადია საკუთრების ექსპროპრიაციის მარეგულირებელი ნორმების კონსტიტუციურობა. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების ექსპროპრიაცია სახეზეა მაშინ, როდესაც ხდება კერძო საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა, როდესაც სადავო ნორმების მიზანი საკუთრების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის შემთხვევების განსაზღვრაა და არა საკუთრების უფლებით თავისუფალი სარგებლობის შეზღუდვა, მისი რეგულირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
18. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმის საფუძველზე, დამსაქმებელს ეკისრება დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით სავალდებულო შენატანის განხორციელება დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახული აქტივები მისი საკუთრებაა, რომლით სრულყოფილად სარგებლობისა და განკარგვის უფლებაც საპენსიო ასაკის მიღწევისას წარმოეშობა. ამდენად, როგორც მითითებული საკანონმდებლო მოწესრიგების ანალიზი ცხადყოფს, აღნიშნული შენატანის დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განთავსებით, იგი გადადის დასაქმებულის საკუთრებაში. როგორც უკვე აღინიშნა, საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. მისი ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია პირის საკუთრებაში არსებული კონკრეტული ქონების ჩამორთმევა. განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგულაცია არ მიემართება კონკრეტულ ქონებაზე საჯარო ინტერესის არსებობას და მისი ჩამორთმევის წესის განსაზღვრას, არამედ სახელმწიფო გარკვეულ პირთა წრეს (დამსაქმებლებს) ავალდებულებს, მათ მიერ ხელფასის სახით გასაცემი ქონების ნაწილი გადავიდეს სხვა პირების (დასაქმებულების) საკუთრებაში. ამ შემთხვევაში ხდება საკუთრების უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრა, საკუთრების უფლების შეზღუდვა და არა საკუთრების კონკრეტული ობიექტის ჩამორთმევა. შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევა. ამრიგად, არ არის დასაბუთებული სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარანტიასთან.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1384 კონსტიტუციური სარჩელი, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მათი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1384 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
21. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
24. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების საფუძველზე, მოსარჩელეები ვალდებულნი არიან, ხელფასის ყოველ ჯერზე მიღებისას/გაცემისას განახორციელონ საპენსიო შენატანი საპენსიო სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის უფლებების შესაძლო დარღვევა ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღებიდან საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე არსებულ პერიოდში თავისთავად ვერ გამოდგება გამოუსწორებელი შედეგის არსებობის დამადასტურებელ გარემოებად. უფლების შესაძლო შეზღუდვა, როგორც წესი, ყველა იმ საქმეზე არსებობს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს. უფლების შეზღუდვის განგრძობადი ხასიათი არ გულისხმობს, რომ არსებობს სადავო ნორმით გამოუსწორებელი შედეგი. ცხადია, შეუძლებელია უფლების ნებისმიერი შეზღუდვის სრული ფაქტობრივი გამოსწორება. გამოუსწორებელი შედეგი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ხდება ნორმის მოქმედების შეჩერება, გულისხმობს ისეთ კრიტიკულ შემთხვევებს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება ნორმით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ”, II-16).
25. მოსარჩელე მხარის მითითებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მექანიზმს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ საპენსიო შენატანის სახით გაღებული ფინანსური ხარჯის უკან დაბრუნება. ამდენად, არსებობს მათი საკუთრების უფლების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე.
26. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, თუკი სასამართლომ მიიჩნია, რომ საპენსიო შენატანების ამ ფორმით განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, აღარ იარსებებს ის საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს, ზემოაღნიშნული საპენსიო შენატანის განხორციელება დაავალდებულოს მოსარჩელეებს. საპენსიო სისტემაში უკვე არსებული ფინანსური რესურსი კი განთავსებულია საპენსიო სქემის მონაწილეთა (დასაქმებულთა) ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და მათი საკუთრებაა. აღნიშნული, თავისთავად, გულისხმობს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს აღარ ექნება დასაქმებულთა საკუთრებაში არსებული საპენსიო შენატანების ფლობის კანონიერი საფუძველი, რაც, თავის მხრივ, საპენსიო სქემის მონაწილეთა (დასაქმებულთა) მიერ მათ საკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნების ლეგიტიმური მოთხოვნის საფუძველს ქმნის. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მესაკუთრის მიერ საკუთარი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესაძლებლობას და შესაბამის მექანიზმებს. მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია, რატომ ვერ ისარგებლებენ დასაქმებული პირები, მათი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმებით. შესაბამისად, არ დასტურდება, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელე დასაქმებულ პირს არ დარჩება მის მიმართ დამდგარი ეკონომიკური დანაკლისის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
27. აღსანიშნავია ისიც, რომ საპენსიო შენატანები ინახება სქემის მონაწილეთა ინდივიდუალურ ანგარიშზე და ითვლება მათ საკუთრებად, შესაბამისად, მათ ანგარიშზე არსებული ფინანსების ოდენობა ცხადად განსაზღვრულია. ამდენად, არ იკვეთება რაიმე ტიპის ადმინისტრაციული სირთულე, საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულ პირთა საკუთრებაში არსებული ფინანსური რესურსის ზუსტი ოდენობის დადგენისა და უკან დაბრუნების შესაძლებლობასთან მიმართებით.
28. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილდება და საპენსიო სქემაში ჩართულ პირებს შეეძლებათ მათ მიერ გაღებული მატერიალური ხარჯის უკან დაბრუნება, მათთვის მიყენებული ზიანი სრულად ვერ ანაზღაურდება, რადგან აღნიშნულ პირთა მიერ საპენსიო შენატანის გაცემიდან მის უკან დაბრუნებამდე პერიოდში მათ საკუთრებაში არსებული აქტივების მსყიდველობითუნარიანობა შემცირდება და ის დაკარგავს იმ ღირებულებას, რაც მას გააჩნდა შენატანის განხორციელების დროს. აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, დროთა განმავლობაში ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლება (ინფლაცია) მოსალოდნელია და ამას მოწმობს სახელმწიფოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ყოველწლიური გეგმური ინფლაციის მაჩვენებლებიც. შესაბამისად, მართლაც არსებობს საფრთხე, რომ საპენსიო სქემის მონაწილე პირებმა სრული ღირებულებით ვერ აინაზღაურონ გაწეული დანახარჯი. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს ხსენებულ ფაქტორს და შეაფასებს აღნიშნული რისკის მასშტაბურობას და მნიშვნელობას.
29. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე ასევე განმარტეს, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს შეუძლია საპენსიო სქემის მონაწილეთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული აქტივების ინვესტირება განახორციელოს და იგი აღმოჩნდეს მესამე პირთა ხელში, რომელთა მიმართ მოთხოვნის უფლება მოსარჩელეებს არ ექნებათ. ამასთან, შესაძლოა, განხორციელებულმა ინვესტიციამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღოს და საპენსიო სქემის მონაწილეთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე კუთვნილი აქტივების დაბრუნებას პრობლემები შეექმნას. შესაბამისად, აღნიშნული რისკების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს მართლაც გააჩნია ზემოაღნიშნული უფლებამოსილება. ინვესტირების განხორციელებას კი ყოველთვის, თავისთავად, ახლავს ფინანსური რისკები. ამდენად, მოსარჩელეთა შუამდგომლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მხედველობაში მიიღებს ზემოთ დასახელებულ ფაქტორებს.
30. დასაქმებულთაგან არსებითად განსხვავებული რეალობაა დამსაქმებელ პირებთან მიმართებით. როგორც უკვე აღინიშნა, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა მიერ გაღებული საპენსიო შენატანი განთავსდება დასაქმებულ პირთა პირად ანგარიშზე და განეკუთვნება მათ საკუთრებას. კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დამსაქმებლებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ მათ მიერ გაღებული, დასაქმებულთა საკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნების პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას მოსარჩელე დამსაქმებლის მიმართ, სადავო რეგულირების საფუძველზე, ზიანის დადგომის საფრთხის რეალურობის შესახებ.
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის გარდა, მხედველობაში იღებს ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად სხვათა უფლებებისა და საჯარო ინტერესების დარღვევის რისკებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1311 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ II-29).
32. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ხორციელდება რეფორმა, რომლის მიზანია ქვეყნის საპენსიო სისტემის ძირეულად და არსებითად შეცვლა, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის სოციალური პოლიტიკის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს ემსახურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო რეფორმის განხორციელების შეფერხება, თავისთავად, შექმნის საჯარო ინტერესებისათვის ზიანის მიყენების საფრთხეს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების შეჩერების შედეგად, დამსაქმებელთა მიერ საპენსიო შენატანების განხორციელება აღარ იქნება სავალდებულო, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს საპენსიო ფონდში ფინანსური რესურსის აკუმულირების მნიშვნელოვნად შემცირება. თავის მხრივ, საპენსიო სისტემაში ფინანასური რესურსების კლება არაერთ პრობლემურ ფაქტორთან არის დაკავშირებული, საპენსიო სქემის ფუნქციონირების თვალსაზრისით. საპენსიო სქემის სამომავლო ფუნქციონირების დღის წესრიგი მკაცრად რეგლამენტირებულია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკმარისი ფინანასური რესურსის არსებობაზე. მაგალითისთვის, სადავო კანონის 27-ე მუხლის მიხედვით, საპენსიო აქტივების ინვესტირება ხორციელდება, რაც ემსახურება საპენსიო სისტემაში დამატებითი ფინანსების მობილიზებას და მაქსიმალური ამონაგების მიღწევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება, თუნდაც რამდენიმე თვის ვადით, მნიშვნელოვან ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის დაგროვებითი საპენსიო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, რაც ფაქტობრივად რეფორმის დროებით სრულად შეჩერებას გაუთანაბრდება და, საბოლოო ჯამში, ეჭვის ქვეშ დააყენებს მთლიანად რეფორმის სანდოობასა და მისი სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობას.
33. დამსაქმებელთან მიმართებით სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში შეიზღუდება სქემის მონაწილე დასაქმებულების ინტერესები, ვინაიდან შეჩერდება დამსაქმებლების მიერ დასაქმებულების საპენსიო ანგარიშზე თანხის შეტანის ვალდებულების განმსაზღვრელი სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საპენსიო სქემაში ჩართული დასაქმებულები სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების პერიოდში ვეღარ მიიღებენ დასაქმებულის მიერ გადასახდელ ოდენობას და განიცდიან მნიშვნელოვან ქონებრივ დანაკლისს. განსაკუთრებით ინტენსიური იქნება იმ დასაქმებულების ინტერესების შეზღუდვა, ვინც ნებაყოფლობით გაწევრიანდა საპენსიო სქემაში, მათ შორის, იმის გამო, რომ ჰქონდა მის ანგარიშზე დასაქმებულის მიერ თანხის შეტანის გონივრული მოლოდინი.
34. ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში მოსარჩელეთა უფლებებისადმი მიყენებული პოტენციური ზიანი თავისი მნიშვნელობით რამდენად გადაწონის ნორმის შეჩერების შედეგად შელახულ საჯარო და კერძო პირების ინტერსებს.
35. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედებით დასაქმებულთათვის მიყენებული ზიანი შესაძლოა გამოიხატოს მათ საკუთრებაში არსებული აქტივების ინფლაციის შედეგად ღირებულების დაკარგვასა და შესაძლო წარუმატებელი ინვესტირებით გამოწვეულ ფინანსურ დანაკარგში. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სქემის მონაწილეთა ანგარიშზე არსებული თანხის ღირებულების შემცირებით გამოწვეული ზიანის ოდენობა შემოიფარგლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ინფლაციის დონის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ რთულია აღნიშნული პერიოდის ხანგრძლივობის წინასწარ დაზუსტებით განსაზღვრა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პერიოდში იმდენად დაიკლოს აქტივების ღირებულებამ, რომ სქემის მონაწილეებს მნიშვნელოვანი ოდენობის ზიანი მიადგეთ. ამგვარი სცენარის განვითარების ალბათობა მნიშვნელოვნად დაბალია და იგი ვერ გადაწონის საპენსიო სქემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის ლეგიტიმურ ინტერესს.
36. რაც შეეხება არასწორი ინვესტირებით საპენსიო სქემის მონაწილეთა აქტივების დაკარგვის საფრთხეს, მსგავსი სცენარის შედეგად ზიანის დადგომის საფრთხე ვერ იქნება გამორიცხული. თუმცა ამ ტიპის საფრთხის რეალურობის დასაბუთებისას მოსარჩელეს ევალება, მიუთითოს კონკრეტულ გარემოებებზე, ასეთი საფრთხის თავიდან აცილების არასაკმარისი გარანტიების არსებობაზე, რაც ნათლად დაანახებდა სასამართლოს საფრთხის რეალურობას და დაარწმუნებდა მსგავსი ნეგატიური შედეგის დადგომის მაღალ ალბათობაში. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი დასაბუთება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ ჰიპოთეტური საფრთხის არსებობის საფუძველზე ვერ ჩათვლის დასახელებულ საფრთხეს იმდენად სერიოზულად, რაც საფუძვლად შეიძლება დაედოს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასა და, შესაბამისად, საპენსიო რეფორმისა და საპენსიო სააგენტოს საქმიანობის შეფერხების საფრთხის შექმნას.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულ პირთა დანაკლისი, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე გამოწვეულმა მათი აქტივების მსყიდველობითუნარიანობის შემცირებამ ან ინვესტირების შედეგად გამოწვეულმა ფინანსურმა დანაკარგმა, ვერ ჩაითვლება საკმარისად მნიშვნელოვან ზიანად, რაც გადაწონიდა კერძო და საჯარო ინტერესებისადმი მოსალოდნელი მნიშვნელოვანი საფრთხის დადგომის თავიდან აცილების ინტერესს.
38. როგორც აღინიშნა, ცალკე შეფასებას ექვემდებარება დამსაქმებელთა მიმართ არსებული გამოუსწორებელი ზიანის საფრთხე. დამსაქმებელთათვის მიყენებული ზიანი გამოიხატება მათ მიერ დასაქმებულ პირთა ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მათივე დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ყოველ ჯერზე გადარიცხვით. აღნიშნულის გათვალისწინებით აშკარაა, რომ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება მიადგეს დამსაქმებელს, რომელმაც შესაძლოა, სრულად დაკარგოს მის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანი და მასზე მოთხოვნის უფლება. ამდენად, უნდა შეფასდეს დამსაქმებელთა მიმართ დამდგარი ზიანის მნიშვნელობა და დადგინდეს, რამდენად გადაწონის მოსარჩელე დამსაქმებლის უფლებრივი ინტერესი სქემაში ჩართული დასაქმებულებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის ჯეროვნად ფუნქციონირების ინტერესებს.
39. ცალკეულ დამსაქმებელთა მიმართ დამდგარი ფინანსური დანაკარგის განსაზღვრა დამოკიდებულია დასაქმებულთა და მათთვის გადასახდელი ხელფასის ოდენობაზე. შესაბამისად, აღნიშნულმა ფინანსურმა ზიანმა, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, მართლაც მნიშვნელოვან მასშტაბს მიაღწიოს. თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მონაცემები არ მიუთითებს მის მიერ განცდილი/მოსალოდნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასშტაბის ფინანსური დანაკარგების შესახებ (მოსარჩელის მიერ ხსენებული საფუძვლით გადახდილი საპენსიო შენატანების ჯამი ყოველთვიურად, დაახლოებით, 1000 ლარს უტოლდება). ამასთან, რთული წარმოსადგენია, რომ დამსაქმებლის ჯამურ ფინანსურ რესურსთან შედარებით, ამ დანაკარგის პროცენტულმა წილმა მნიშვნელოვნად მაღალ ნიშნულს მიაღწიოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით დანაკარგმა დასაქმებულს შეუქმნას ისეთი ფინანასური პრობლემები, რამაც შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს მის სიცოცხლისუნარიანობასა და საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დამსაქმებელს აღნიშნული ხარჯის გაღება უწევს პერიოდულად (ყოველი ხელფასის გაცემისას) და არა ერთიანად, რაც, გარკვეულწილად, ასევე ამსუბუქებს ფინანსური ტვირთის სიმძიმეს.
40. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება დასაქმებულების ინტერესის დაცვის საკითხი. კერძოდ, მათ საპენსიო ანგარიშებს დააკლდება ნორმის მოქმედების შეჩერების პერიოდში განსახორციელებელი შენატანები და სადავო ნორმის კონსტიტუციის შესაბამისად მიჩნევის შემთხვევაში არ იარსებებს ამ თანხის დაბრუნების შესაძლებლობა. როგორც აღინიშნა, დასახელებული ინტერესის დაცვა განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირებთან მიმართებით, ვინც თავისი ნებით ჩაერთო საპენსიო სქემაში, რადგან ჰქონდა, მათ შორის, დამსაქმებლის მიერ შენატანის განხორციელების გონივრული მოლოდინი.
41. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირებას და სქემის მონაწილე დამსაქმებლებს ერთობლივად ბევრად მასშტაბურ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მისი მოქმედების შემთხვევაში მიადგება მოსარჩელის ინტერესებს. ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ ნორმის მოქმედებით გამოწვეული შესაძლო გამოუსწორებელი ზიანის საფრთხე თავისი მასშტაბით გადაწონის იმ ინტერესების დაზიანების საფრთხეს, რომელთა დაცვასაც ნორმის მოქმედება უზრუნველყოფს.
42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1384 კონსტიტუციური სარჩელი („ედუარდ მარიკაშვილი და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) ედუარდ მარიკაშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1384 კონსტიტუციური სარჩელი („ედუარდ მარიკაშვილი და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) ედუარდ მარიკაშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში –
ა.ა) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ა.ბ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი.
8. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
ირინე იმერლიშვილის
განსხვავებული აზრი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/13/1384 საოქმო ჩანაწერზე
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/13/1384 საოქმო ჩანაწერის (შემდგომში: „საოქმო ჩანაწერი“) იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მივიჩნევ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეეჩერებინა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შემდეგი გარემოებების გამო:
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით“. ამრიგად, დასახელებული ნორმების საფუძველზე, დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, ხელფასის ყოველ ჯერზე გაცემისას განახორციელონ საპენსიო შენატანი საპენსიო სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოსარჩელე დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის სახით გაღებული ფინანსური ხარჯის უკან დაბრუნების მექანიზმს. ამდენად, არსებობს მისი საკუთრების უფლების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მართებულად მიუთითა საოქმო ჩანაწერში, რომ დამსაქმებელთა მიმართ არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე. კერძოდ, დამსაქმებელთა მიერ გაღებული საპენსიო შენატანი განთავსდება დასაქმებულ პირთა პირად ანგარიშზე, დასაქმებულების საკუთრება ხდება და აღარ განეკუთვნება დამსაქმებლის საკუთრებას. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში დამსაქმებლებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ მათ მიერ გაღებული, დასაქმებულთა საკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნების პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ, შესაძლოა, დამსაქმებელთა მიმართ გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი.
7. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მსჯელობისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად სხვათა უფლებების და საჯარო ინტერესების დარღვევის რისკებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1311 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ II-29). საოქმო ჩანაწერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში შეიზღუდება სქემის მონაწილე დასაქმებულების ინტერესები, მოხდება საპენსიო სააგენტოს ფინანსური რესურსის შემცირება და პრობლემები შეექმნება საპენსიო სქემის ფუნქციონირებას. მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ბალანსი, ერთი მხრივ, მოსარჩელის საკუთრების უფლებასა და, მეორე მხრივ, სქემის მონაწილე დასაქმებულებისა და საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირების ინტერესებს შორის.
8. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებელთა მიმართ მოქმედი ვალდებულების დამდგენი ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, დასაქმებული პირები კვლავ ვალდებულნი იქნებიან, განახორციელონ შესაბამისი საპენსიო შენატანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ ნორმის მოქმედების შეჩერება გამოიწვევდა საპენსიო სააგენტოს ფინანსური რესურსის საგრძნობლად შემცირებას, არ გამოკვეთილა, რომ ამით სააგენტოს ფუნქციონირებას არსებითი პრობლემები შეექმნებოდა. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს პირველი 3 წლის ბიუჯეტი 100 პროცენტით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დამსაქმებელთა მიერ საპენსიო სააგენტოში მათთვის განსაზღვრული შენატანის განუხორციელებლობა საპენსიო სააგენტოს გამართულ საქმიანობასა და ფუნქციების სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებდა.
9. რაც შეეხება დასაქმებულების ინტერესებს, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში ისინი მართლაც განიცდიდნენ გარკვეულ დანაკლისს, თუმცა ეს დანაკლისი ვერ გადაწონის დამსაქმებელთა საკუთრების უფლების მიმართ გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების ინტერესს. ასეთ შემთხვევაში ერთანეთს უპირისპირდება ორი კერძო პირის ინტერესი, დასაქმებულებს აქვთ მოლოდინი, რომ მიიღონ დამსაქმებლების მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანი, ხოლო დასაქმებულებმა კი შესაძლებელია, სამუდამოდ დაკარგონ უკვე მათ საკუთრებაში არსებული ქონება. როგორც აღინიშნა, დამსაქმებელთათვის ხსენებული ფინანსური ტვირთის შენარჩუნების შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება მათ მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტვირთია და, საბოლოო ჯამში, კერძო პირთა ინტერესების გარდა, შესაძლოა, დააზიანოს ეკონომიკური გარემო ქვეყანაში.
10. არ ვიზიარებ საკონსტიტუციო სასამართლოს ხედვას, რომ გამოუსწორებელი შედეგის მასშტაბის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის მიმართ დამდგარი შედეგის მოცულობა. ნორმის მოქმედების შეჩერება შეეხება არა მხოლოდ მოსარჩელეს, არამედ - ყველა პირს, რომელზეც ეს ნორმა ვრცელდება და რომლის მიმართაც შესაძლებელია, არსებობდეს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე. შესაბამისად, გამოუსწორებელი შედეგის მასშტაბის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, ასევე მოსარჩელის კატეგორიაში მყოფი სხვა პირების ინტერესები და სწორედ ის შეუპირისპიროს კოლიდირებულ ინტერესებს. ვფიქრობ, განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გამოუსწორებელი შედეგის საერთო მასშტაბისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ინტერესთა ბალანსი დამსაქმებლებისა და ქვეყნის ეკონომიკური გარემოს სასარგებლოდ უნდა გადაეწყვიტა.
11. ამრიგად, მივიჩნევ, რომ სახეზეა დამსაქმებელთა საკუთრების უფლების მიმართ გამოუსწორებელი შედეგის საფრთხე, რომლის თავიდან აცილების ინტერესს ვერ გადაწონის დასაქმებულებისა და საპენსიო სქემის ფუნქციონირების ინტერესების დაცვის საჭიროება და არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის მოქმედების შეჩერების ყველა წინაპირობა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის შუამდგომლობა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ირინე იმერლიშვილი