საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/13/1384 საოქმო ჩანაწერზე
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do2/13/1384 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ირინე იმერლიშვილი |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ირინე იმერლიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის N2/13/1384 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/13/1384 საოქმო ჩანაწერის (შემდგომში: „საოქმო ჩანაწერი“) იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მივიჩნევ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეეჩერებინა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შემდეგი გარემოებების გამო:
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით“. ამრიგად, დასახელებული ნორმების საფუძველზე, დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, ხელფასის ყოველ ჯერზე გაცემისას განახორციელონ საპენსიო შენატანი საპენსიო სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოსარჩელე დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის სახით გაღებული ფინანსური ხარჯის უკან დაბრუნების მექანიზმს. ამდენად, არსებობს მისი საკუთრების უფლების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მართებულად მიუთითა საოქმო ჩანაწერში, რომ დამსაქმებელთა მიმართ არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე. კერძოდ, დამსაქმებელთა მიერ გაღებული საპენსიო შენატანი განთავსდება დასაქმებულ პირთა პირად ანგარიშზე, დასაქმებულების საკუთრება ხდება და აღარ განეკუთვნება დამსაქმებლის საკუთრებას. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში დამსაქმებლებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ მათ მიერ გაღებული, დასაქმებულთა საკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნების პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ, შესაძლოა, დამსაქმებელთა მიმართ გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი.
7. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მსჯელობისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად სხვათა უფლებების და საჯარო ინტერესების დარღვევის რისკებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1311 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ II-29). საოქმო ჩანაწერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში შეიზღუდება სქემის მონაწილე დასაქმებულების ინტერესები, მოხდება საპენსიო სააგენტოს ფინანსური რესურსის შემცირება და პრობლემები შეექმნება საპენსიო სქემის ფუნქციონირებას. მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ბალანსი, ერთი მხრივ, მოსარჩელის საკუთრების უფლებასა და, მეორე მხრივ, სქემის მონაწილე დასაქმებულებისა და საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირების ინტერესებს შორის.
8. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ დამსაქმებელთა მიმართ მოქმედი ვალდებულების დამდგენი ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, დასაქმებული პირები კვლავ ვალდებულნი იქნებიან, განახორციელონ შესაბამისი საპენსიო შენატანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ ნორმის მოქმედების შეჩერება გამოიწვევდა საპენსიო სააგენტოს ფინანსური რესურსის საგრძნობლად შემცირებას, არ გამოკვეთილა, რომ ამით სააგენტოს ფუნქციონირებას არსებითი პრობლემები შეექმნებოდა. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს პირველი 3 წლის ბიუჯეტი 100 პროცენტით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დამსაქმებელთა მიერ საპენსიო სააგენტოში მათთვის განსაზღვრული შენატანის განუხორციელებლობა საპენსიო სააგენტოს გამართულ საქმიანობასა და ფუნქციების სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებდა.
9. რაც შეეხება დასაქმებულების ინტერესებს, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში ისინი მართლაც განიცდიდნენ გარკვეულ დანაკლისს, თუმცა ეს დანაკლისი ვერ გადაწონის დამსაქმებელთა საკუთრების უფლების მიმართ გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილების ინტერესს. ასეთ შემთხვევაში ერთანეთს უპირისპირდება ორი კერძო პირის ინტერესი, დასაქმებულებს აქვთ მოლოდინი, რომ მიიღონ დამსაქმებლების მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანი, ხოლო დასაქმებულებმა კი შესაძლებელია, სამუდამოდ დაკარგონ უკვე მათ საკუთრებაში არსებული ქონება. როგორც აღინიშნა, დამსაქმებელთათვის ხსენებული ფინანსური ტვირთის შენარჩუნების შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება მათ მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტვირთია და, საბოლოო ჯამში, კერძო პირთა ინტერესების გარდა, შესაძლოა, დააზიანოს ეკონომიკური გარემო ქვეყანაში.
10. არ ვიზიარებ საკონსტიტუციო სასამართლოს ხედვას, რომ გამოუსწორებელი შედეგის მასშტაბის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის მიმართ დამდგარი შედეგის მოცულობა. ნორმის მოქმედების შეჩერება შეეხება არა მხოლოდ მოსარჩელეს, არამედ - ყველა პირს, რომელზეც ეს ნორმა ვრცელდება და რომლის მიმართაც შესაძლებელია, არსებობდეს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხე. შესაბამისად, გამოუსწორებელი შედეგის მასშტაბის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, ასევე მოსარჩელის კატეგორიაში მყოფი სხვა პირების ინტერესები და სწორედ ის შეუპირისპიროს კოლიდირებულ ინტერესებს. ვფიქრობ, განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გამოუსწორებელი შედეგის საერთო მასშტაბისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, ინტერესთა ბალანსი დამსაქმებლებისა და ქვეყნის ეკონომიკური გარემოს სასარგებლოდ უნდა გადაეწყვიტა.
11. ამრიგად, მივიჩნევ, რომ სახეზეა დამსაქმებელთა საკუთრების უფლების მიმართ გამოუსწორებელი შედეგის საფრთხე, რომლის თავიდან აცილების ინტერესს ვერ გადაწონის დასაქმებულებისა და საპენსიო სქემის ფუნქციონირების ინტერესების დაცვის საჭიროება და არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის მოქმედების შეჩერების ყველა წინაპირობა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის შუამდგომლობა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ირინე იმერლიშვილი