საქართველოს მოქალაქე გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/1258 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 თებერვალი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2018 19:28 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1258) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ვაშაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2017 წლის 19 სექტემბერს. №1258 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 22 თებერვალს.
2. №1258 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი და მე-18 მუხლი.
3. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საპენსიო ასაკის - 65 წელს მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას.
4. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს მოქალაქე მამაკაცთა უფლება, ვინაიდან მათი საპენსიო ასაკი უფრო მაღალია, ვიდრე ქალთა საპენსიო ასაკი, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.
5. მოსარჩელის განმარტებით, სადავო რეგულირების საფუძველზე ხდება არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა სქესის ნიშნით, შესაბამისად, სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობა უნდა შეაფასოს მკაცრი შეფასების ტესტით.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ქალთა და მამაკაცთა საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ქალის და მამაკაცის თანასწორობა დასაქმების მხრივ, თანასწორი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, შესადარებელი პირების თანასწორობის საკითხი საპენსიო შენატანთან და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო დონეზე დაცულია ქალისა და მამაკაცის თანასწორობა განათლების მიღების, დასაქმების შესაძლებლობის, თანაბარი ანაზღაურებისა და საპენსიო შენატანის მხრივ. შესაბამისად, სახელმწიფოს წინაშე არ დგას ქალებისათვის სადავო ნორმით გათვალისწინებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენების საჭიროება.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება სადავო რეგულირება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოში ქალების რაოდენობა აღემატება მამაკაცთა რაოდენობას და ასევე, ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტია მამაკაცებთან შედარებით. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომლის მიღწევასაც შესაძლოა ემსახურებოდეს ამ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში ქალებისათვის შეღავათის დაწესება. ამასთან, თუნდაც არსებობდეს დიფერენციაციის ლეგიტიმური მიზანი, სადავო რეგულირება არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოცემული კონსტიტუციური დავის ფარგლებში, მის მოთხოვნას წარმოადგენს განსხვავებული მოპყრობის აღმოფხვრა იმგვარად, რომ საპენსიო ასაკად ყველასთვის განისაზღვროს 60 წელი და არ მოხდეს საპენსიო ასაკის გაზრდა. მისი განმარტებით, სხვადასხვა სახელმწიფოში შეინიშნება საპენსიო ასაკის ზრდის ტენდეცია, რაც გამართლებულია სიკვდილიანობის ასაკის მატებით, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ქვეყნებში არ დგას სამუშაო ადგილების ნაკლებობის პრობლემა, ასევე არსებობს მაღალი სახელფასო ანაზღაურება და ადამიანებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათებით სარგებლობა. შესაბამისად, სანამ საქართველოში სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, საპენსიო ასაკის გაზრდა გამართლებული ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საპენსიო ასაკად უნდა განისაზღვროს ყველასათვის 60 წელი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, იგი შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ სასამართლოს, „... თუ მათ მიაჩნიათ, რომ დაირღვა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის №2/2/508 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გევორქ ბაბაიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით ირღვევა საქართველოს მოქალაქე მამაკაცთა, მათ შორის, მოსარჩელის კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, რადგან მამაკაცთა საპენსიო ასაკი აღემატება ქალთა საპენსიო ასაკს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „მოსარჩელის უფლებების დარღვევის რეალურობის შემოწმების და კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით ... სასამართლომ უნდა შეისწავლოს ის მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობის მონაწილე განჭვრეტად მომავალში აუცილებლად გახდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის მოსარჩელის პირადობის მოწმობის ასლი, რომლის მიხედვითაც, იგი არის 36 წლის. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ მას, როგორც მამაკაცს, სახელმწიფო პენსიის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს 60 წლის ასაკში, ქალების მსგავსად. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს, რომ მას პენსია დაენიშნოს 24 წლის შემდეგ.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში წინასწარ, ზუსტი დამაჯერებლობით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ 24 წლის შემდეგ, სადავო ნორმით მოწესრიგებული ურთიერთობის შინაარსისა და მისი საკანონმდებლო მოწესრიგების შესაძლო ცვლილების გათვალისწინებით, მას კვლავ ექნება იგივე შინაარსი, რაც დღეს აქვს და შედეგად მოსარჩელე მაღალი ალბათობით გახდება დადგენილი დიფერენციაციის სუბიექტი. ამგვარი ხანგრძლივი პერიოდი არ წარმოადგენს ისეთ განჭვრეტად მომავალს, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება უფლების დარღვევის საფრთხის რეალურობის შეფასება. იმის ვარაუდი, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორი 24 წლის შემდეგ აუცილებლად გახდება სადავო რეგულირების სუბიექტი და აღმოჩნდება უფლების დარღვევის საფრთხის წინაშე, არ აკმაყოფილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დამკვიდრებულ სტანდარტს. შესაბამისად, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელიდან უშუალოდ მოსარჩელის უფლების სავარაუდო დარღვევის რეალური საფრთხე არ იკვეთება.
4. ასეთ პირობებში, მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია არა საკუთარი არამედ სხვა პირთა უფლებების დაცვისკენ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის N2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-3;). N1258 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა დღეს და განჭვრეტად მომავალში შეეხება არა მოსარჩელეს არამედ სხვა პირებს. შესაბამისად, შინაარსობრივად N1258 კონსტიტუციური სარჩელი ემსგავსება ”actio popularis” რაც საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში არ დაიშვება.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ №1258 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1258 („საქართველოს მოქალაქე გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი