საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გიუაშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/14/1260 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2018 16:17 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გიუაშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის პირველი, 61-ე და 63-ე პუნქტების, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №13 დადგენილების მე-2 მუხლის, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №14 დადგენილების მე-2 მუხლის და „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №15 დადგენილების მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1260) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - შალვა ნათელაშვილმა და გიორგი გიუაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას განსახილველად გადაეცა 2017 წლის 25 სექტემბერს. №1260 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 ივლისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების მე-4 მუხლი განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების და მოხმარების ტარიფებს საცალო მომხმარებლებისათვის გაზგამანაწილებელი კომპანიების მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე. აღნიშნულ მუხლში მოცემული ცხრილის პირველი, 61-ე და 63-ე პუნქტები კი შეეხება კონკრეტული გამანაწილებელი კომპანიების - შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, სს „საქორგგაზის“ და შპს “სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების და მოხმარების ტარიფებს. კერძოდ, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფები საცალო მომხმარებლისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე არის, შესაბამისად, 26,750 თეთრი/კუბ.მეტრი, 10,479 თეთრი/კუბ.მეტრი, 39,113 თეთრი/კუბ.მეტრი. სს „საქორგგაზის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფები, შესაბამისად, 26,750 თეთრი/კუბ.მეტრი, 19,680 თეთრი/კუბ.მეტრი, 48,314 თეთრი/კუბ.მეტრი. ხოლო შპს “სოკარ ჯორჯია გაზის" - 26,750 თეთრი/კუბ.მეტრი, 19,620 თეთრი/კუბ.მეტრი, 48,254 თეთრი/კუბ.მეტრი.
4. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №13 დადგენილების მე-2 მუხლის, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №14 დადგენილების მე-2 მუხლის, „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №15 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად განისაზღვრა, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიების - შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, სს „საქორგგაზის“ და შპს “სოკარ ჯორჯია გაზის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობა შეადგენდა 0,5 თეთრს/კუბურ მეტრზე.
5. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის შესაბამისად კი საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც უშუალოდ კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა მეტად მძიმეა. ამასთან, ბუნებრივი გაზი წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელი მოხმარების საგანს, შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა დიდ ტვირთად აწვება მოსახლეობას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება ტარიფის ზრდის ობიექტური აუცილებლობა. გარდა ამისა, ტარიფის დადგენისას აუცილებლად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მომხმარებელთა რეალური გადახდისუნარიანობა. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სამომხმარებლო ტარიფით გამოწვეული ტვირთის სუბსიდირება უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან. ქვეყანა, რომელიც აშენებს სოციალურ, სამართლებრივ სახელმწიფოს, ვალდებულია, თავის თავზე იღებდეს არასტაბილური ეკონომიკის უარყოფით შედეგებს.
7. მოსარჩელე მხარე დამატებით განმარტავს, რომ გაზგამანაწილებელი კომპანიები ახორციელებენ მონოპოლიურ საქმიანობას. მომხმარებლებს არ აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იძულებულნი არიან, იყვნენ ერთი კონკრეტული კომპანიის მომხმარებლები. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ბაზარზე კონკურენციის არსებობის პირობებში უკეთ იქნებოდა დაცული მათი, როგორც მომხმარებლების უფლებები. ხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების, მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური უფლებები.
8. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს. მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა სახეზეა მაშინ, როდესაც რაიმე უფლება არ არის მოცემული კონსტიტუციაში ან კონსტიტუციური უფლების ფარგლები არის უფრო ვიწრო, ვიდრე ეს საერთაშორისო ვალდებულებებითაა გათვალისწინებული. მოსარჩელეები მაგალითისათვის მიუთითებენ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზე და აღნიშნავენ, რომ ხსენებული პაქტით უფრო ფართოდ არის დაცული მომხმარებელთა უფლებები, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციით. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციის 39-ე მუხლი განსაკუთრებით იცავს სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარე უფლებებს. შესაბამისად, სადავო ნორმები ასევე არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.
9. №1260 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელეების მტკიცებით, სადავო ნორმების მოქმედება მათ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც, თუ სარჩელი დაკმაყოფილდება და ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა აღმოჩნდება უსაფუძვლო, შეუძლებელი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილების წარსულ დროში აღსრულება და ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს გაზგამანაწილებელი კომპანიების - შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, სს „საქორგგაზის“ და შპს “სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების და მოხმარების ტარიფებს, ამასთან, განსაზღვრავს, რომ ხსენებული გაზგამანაწილებელი კომპანიების ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობა შეადგენს 0,5 თეთრი/კუბურ მეტრს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით მოხდა ბუნებრივი გაზის ტარიფების ობიექტური საჭიროების გარეშე გაზრდა. მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ, რომ ტარიფის განსაზღვრისას მხედველობაში არ ყოფილა მიღებული მომხმარებელთა გადახდისუნარიანობა.
3. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩლე მიუთითებს ტარიფის ობიექტური საჭიროების გარეშე გაზრდაზე, თუმცა ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი არ არის კონკრეტული მტკიცებულებები. ტარიფის განსაზღვრის პრინციპებს ადგენს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე და 43-ე მუხლები. ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიას განსაზღვრავს „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის N33 დადგენილება. ხსენებული დოკუმენტი ამომწურავად ჩამოთვლის ყველა იმ კომპონენტს, რომელიც გაითვალისწინება ტარიფის განსაზღვრისას. მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა ტარიფის რომელიმე კომპონენტის არასწორად განსაზღვრაზე ან/და ტარიფის მეთოდოლოგიის დადგენისას კომისიის მიერ რომელიმე კომპონენტის საჭიროების გარეშე გათვალისწინებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიცია, რომლის მიხედვითაც ტარიფის ზრდა ობიექტური საჭიროების გარეშე მოხდა, არ ეფუძნება სათანადო არგუმენტაციას და ამ თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
4. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ერთადერთი არგუმენტი, რომელიც ტარიფის განსაზღვრის პროცესს უკავშირდება, არის მისი განსაზღვრისას მომხმარებლის გადახდისუნარიანობის გათვალისწინების საჭიროება. ამ თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმები განსაზღვრავს თავად ტარიფების მოცულობას და არა მათი გაანგარიშების წესს. იმ პირობებში, როდესაც ცალკე ნორმებით განისაზღვრება ტარიფის გაანგარიშების წესი, უშუალოდ ტარიფის ოდენობის დამდგენი ნორმები თავის თავში არ მოიცავს ტარიფის შემუშავების პრინციპებს. შესაბამისად, სადავო ნორმები არ არეგულირებს ტარიფის განსაზღვრისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს, მათ შორის, არც მომხმარებლის გადახდისუნარიანობის მხედველობაში მიღების საკითხს. აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მომდინარეობს ბუნებრივი გაზის ზღვრული ტარიფების გაანგარიშების წესის დამდგენი ნორმებიდან და არა სადავო ნორმებიდან, რომლებიც უშუალოდ ადგენს ზღვრული ტარიფების კონკრეტულ ოდენობებს. სწორედ ტარიფების გაანგარიშების წესების საფუძველზე განისაზღვრება ტარიფის შემადგენელი კომპონენტები, მისი დადგენის პრინციპები და ის გარემოებები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ტარიფის კონკრეტული ოდენობის შემუშავებისას. შესაბამისად, ამ წესებითვე დგინდება, მიიღება თუ არა მხედველობაში მომხმარებელთა გადახდისუნარიანობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფებში მომხმარებელთა გადახდისუუნარობის გათვალისწინებასთან დაკავშირებული არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმებს.
5. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდის ობიექტური აუცილებლობის არსებობის შემთხვევაშიც, ქვეყნის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან უნდა მომხდარიყო აღნიშნული აუცილებლობით გამოწვეული ფინანსური ტვირთის სუბსიდირება. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ტარიფის დადგენით, სახელმწიფო, მომხმარებელთა დაცვის მიზნით არეგულირებს ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობებს. ამ ფორმით ტარიფის რეგულირების მიზანია, განსაზღვროს მაქსიმალური ზღვრული ფასი, რომლის ანაზღაურებაც შეიძლება მოითხოვოს მომსახურების გამწევმა სუბიექტმა ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ. ამდენად, სადავო ნორმები ემსახურება ბუნებრივი გაზის ტარიფების დამტკიცებას და ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფში ფასნამატის ოდენობის განსაზღვრას და მათი რეგულირების სფერო შემოიფარგლება აღნიშნული საკითხის მოწესრიგებით.
6. ამა თუ იმ მომსახურებაზე ტარიფის განსაზღვრა და გაზის საფასურის სუბსიდირება იმ მოსახლეობის დახმარების მიზნით, რომელთაც არ აქვთ საფასურის გადახდის შესაძლებლობა, არ შეუძლია სუბსიდიის დაწესება, ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცესია. ტარიფი დგინდება იმ მიზნით, რომ წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მისაღებ ფასად მოხდეს ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის მიწოდება. ხოლო სუბსიდირების პირობებში სახელმწიფო საკუთარ რესურსს მიმართავს ამა თუ იმ პირთა წრის დასახმარებლად. სუბსიდირება არ არის მეწარმესა და მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობის შემადგენელი კომპონენტი, არამედ მის ფარგლებში სახელმწიფო ეხმარება პირებს, რათა მათ უკვე დადგენილი პირობებით შეძლონ შესაბამისი პროდუქტის (გაზის) შეძენა.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით რეგულირებული სფერო დამოუკიდებელია სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისათვის სუბსიდიის დაწესებისაგან. სადავო ნორმების რეგულირების სფეროს სცდება იმის მოწესრიგება, თუ რა ფორმით გადაიხდება მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური, მას სრულად აანაზღაურებს მომსახურების მიმღები მომხმარებელი, თუ სახელმწიფოს მიერ მოხდება მისი სრული ან ნაწილობრივი სუბსიდირება. სადავო ნორმები არ მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან ტარიფების სუბსიდირების ვალდებულებაზე, თუმცა არც რაიმე ფორმით გამორიცხავს მას. ისინი საერთოდ არ არეგულირებს ბუნებრივი გაზის ღირებულების გადახდის, მათ შორის, მისი სუბსიდირების საკითხებს. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტაცია, რომელიც შეეხება სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების განხორციელების ვალდებულებას, ასევე არ მიემართება სადავო ნორმების რეალურ შინაარსს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1260 („საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გიუაშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი