საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/7/852 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი 2017 18:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე- წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №852) მომართა საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძემ. №852 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 11 ოქტომბერს.
2. №852 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 მაისს.
3. №852 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ადგენს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადასულ პირებს, რომელთა ვინაობაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, მიენიჭებათ მათი სპეციალური წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება. ხოლო სადავო მე-3 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლით გათვალისწინებულ პირთა სპეციალური წოდების შესაბამის სამხედრო წოდებასთან გათანაბრების შემთხვევაში სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 1994-2004 წლებში მუშაობდა უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე. მას აქვს სამხედრო წოდება ვიცე-პოლკოვნიკი. სამინისტროს გაუქმების შემდეგ მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, სადაც მისი ნამსახურობის სტაჟი შეადგენს 5 თვესა და 26 დღეს. 2005 წლის 1 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საგამოძიებო დანაყოფების ორგანიზაციული კონტროლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის მოვალეობის შემსრულებლად, გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. 2007 წლის 24 ივლისიდან დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, სადაც მისი ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 1 წელი 9 თვე და 23 დღე. 2009 წლის 24 აგვისტოდან იგი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სამხედრო პოლიციის კახეთის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს პატრულის განყოფილების პატრულად დაინიშნა, საიდანაც 2011 წლის 4 იანვრიდან დათხოვნილი იქნა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 1 წელს, 4 თვეს და 22 დღეს.
7. 2013 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რაზეც მიიღო უარი. თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციაში, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა და თავდაცვის სამინისტროს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად აუცილებელ ერთ-ერთ პირობას. კერძოდ, დადგინდა, რომ მოსარჩელემ შეიარაღებულ ძალებში, საერთო ჯამში, იმსახურა 3 წელი, 2 თვე და 13 დღე, ხოლო კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად, მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელი იყო შეიარაღებულ ძალებში სამსახურის არანაკლებ 10 წლიანი სტაჟი.
8. მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის პერიოდის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღო მის მიერ უშიშროების სამინისტროში მუშაობის 10 წლიანი და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის 5 თვიანი სტაჟი იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ორგანოები არ შედიოდა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. მოსარჩელე აპელირებს სადავო ნორმებზე და აღნიშნავს, რომ მათზე დაყრდნობით, იმ პირებს, რომლებიც მოსარჩელის მსგავსად მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადავიდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ზემოხსენებულ სამსახურში ნამსახურობის სტაჟი ეთვლებათ შეიარაღებულ ძალებში მუშაობის სტაჟად და აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ადგენს არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობას, ხოლო დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროში გადასვლის დრო. იმის გამო, რომ მოსარჩელემ აღნიშნული ქმედება განახორციელა არა სადავო რეგულაციებით დადგენილ პერიოდში, არამედ უფრო ადრე - 2005 წელს, იგი არ ექცევა კომპენსაციის მიმღებ პირთა წრეში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ნიშანი არ წარმოადგენს დიფერენცირების კლასიკურ ნიშანს, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტით, რადგან უფლებაში ჩარევას აქვს ინტენსივობის მაღალი ხარისხი. აღნიშნულის მტკიცებისას იგი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები სრულიად გამორიცხულნი არიან სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრიდან. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მამაკაცს სახელმწიფო პენსია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, უმუშევრად დარჩენილ მოსარჩელეს შესაძლოა 15 წლის განმავლობაში მოუწიოს რეალური შემოსავლის გარეშე არსებობა.
10. სარჩელის მიხედვით, არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი, რასაც შესაძლოა ემსახურებოდეს სადავო ნორმები. აღნიშნული მეტყველებს დიფერენცირების გაუმართლებელ ხასიათსა და გასაჩივრებული რეგულაციების წინააღმდეგობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
11. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №852 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №852 („საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი