საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/20/852 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 დეკემბერი 2017 19:30 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - გიორგი გოცირიძე; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - გიორგი ჩიფჩიური და თინათინ ერქვანია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №852) მომართა საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძემ. №852 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 11 ოქტომბერს. 2017 წლის 17 მაისის №2/7/852 საოქმო ჩანაწერით №852 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 2 ნოემბერს.
2. №852 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ადგენს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადასულ პირებს, რომელთა ვინაობაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, მიენიჭებათ მათი სპეციალური წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება. ხოლო სადავო მე-3 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლით გათვალისწინებულ პირთა სპეციალური წოდების შესაბამის სამხედრო წოდებასთან გათანაბრების შემთხვევაში სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ჩაითვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 1994-2004 წლებში მუშაობდა უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე. მას აქვს სამხედრო წოდება ვიცე-პოლკოვნიკი. სამინისტროს გაუქმების შემდეგ მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, სადაც მისი ნამსახურობის სტაჟი შეადგენს 5 თვესა და 26 დღეს. 2005 წლის 1 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საგამოძიებო დანაყოფების ორგანიზაციული კონტროლის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის მოვალეობის შემსრულებლად, გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. 2007 წლის 24 ივლისიდან დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან, სადაც მისი ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 1 წელი 9 თვე და 23 დღე. 2009 წლის 24 აგვისტოდან იგი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სამხედრო პოლიციის კახეთის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს პატრულის განყოფილების პატრულად დაინიშნა, საიდანაც 2011 წლის 4 იანვრიდან დათხოვნილი იქნა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 1 წელს, 4 თვეს და 22 დღეს.
6. 2013 წლის პირველ აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რაზეც მიიღო უარი. თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციაში, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა და თავდაცვის სამინისტროს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად აუცილებელ ერთ-ერთ პირობას. კერძოდ, დადგინდა, რომ მოსარჩელემ შეიარაღებულ ძალებში, საერთო ჯამში, იმსახურა 3 წელი, 2 თვე და 13 დღე, ხოლო კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად, მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელი იყო შეიარაღებულ ძალებში სამსახურის არანაკლებ 10 წლიანი სტაჟი.
7. მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ შეიარაღებული ძალების რიგებში სამსახურის პერიოდის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღო მის მიერ უშიშროების სამინისტროში მუშაობის 10 წლიანი და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის 5 თვიანი სტაჟი იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ორგანოები არ შედიოდა შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. მოსარჩელე აპელირებს სადავო ნორმებზე და აღნიშნავს, რომ მათზე დაყრდნობით, იმ პირებს, რომლებიც მოსარჩელის მსგავსად მუშაობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ხოლო 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადავიდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ზემოხსენებულ სამსახურში ნამსახურობის სტაჟი ეთვლებათ შეიარაღებულ ძალებში მუშაობის სტაჟად და აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ადგენს არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობას, ხოლო დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროში გადასვლის დრო. იმის გამო, რომ მოსარჩელემ აღნიშნული ქმედება განახორციელა არა სადავო რეგულაციებით დადგენილ პერიოდში, არამედ უფრო ადრე - 2005 წელს, იგი არ ექცევა კომპენსაციის მიმღებ პირთა წრეში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ნიშანი არ წარმოადგენს დიფერენცირების კლასიკურ ნიშანს, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტით, რადგან უფლებაში ჩარევას აქვს ინტენსივობის მაღალი ხარისხი. აღნიშნულის მტკიცებისას იგი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირები სრულიად გამორიცხულნი არიან სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრიდან. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მამაკაცს სახელმწიფო პენსია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, უმუშევრად დარჩენილ მოსარჩელეს შესაძლოა 15 წლის განმავლობაში მოუწიოს რეალური შემოსავლის გარეშე არსებობა.
9. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეს სურვილი აქვს, თავადაც მიიღოს კომპენსაცია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ უფლებას ვერ მიანიჭებს. თუმცა, სასამართლოს შეუძლია არაკონსტიტუციურად ცნოს სადავო ნორმა და გადაწყვეტილების აღსრულება გადაავადოს, რაც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, სადავო რეგულირების მოქმედება გაავრცელოს მოსარჩელის კატეგორიის პირებზეც.
10. მოსარჩელე მხარემ შესადარებელ პირთა წრედ განსაზღვრა, ერთი მხრივ, პირები, რომელთაც 1991 წლიდან 1995 წლამდე დაიწყეს სამხედრო სამსახური, დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, შრომის საერთო სტაჟი აქვთ მინიმუმ 20 წელი და 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში გადავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და, მეორე მხრივ, პირები, რომლებიც მოსარჩელის მსგავსად, აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს, გარდა იმისა, რომ ისინი სადავო რეგულირებით დადგენილ პერიოდში არ გადასულან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
11. მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სახელმწიფოს მხრიდან რაიმე პრივილეგიის მიღების მოლოდინის საფუძველი იმ პირთა მხრიდან, რომელთაც სადავო რეგულირება ანიჭებს აღნიშნულ პრივილეგიებს. შესაბამისად, ხსენებულ პირთა ინტერესებზე მითითებით გამართლებული ვერ იქნება დიფერენცირებული მოპყრობა. მოსარჩელის წარმომადგენელმა არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითა, რომ გაუგებარია რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს სადავო ნორმით დაწესებული განსხვავებული მოპყრობა. აღნიშნული მეტყველებს დიფერენცირების გაუმართლებელ ხასიათსა და გასაჩივრებული რეგულაციების არაკონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
12. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე განხორციელდა რეფორმა, რომლის შედეგად თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში მოხდა გარკვეული სახის უწყებრივი ცვლილებები. სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანს წარმოადგენდა უწყებრივი ცვლილებების შედეგად ერთი სამინისტროდან მეორეში გადასული თანამშრომლებისათვის სტაჟისა და სამხედრო წოდებების შენარჩუნება. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ზემოაღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით დეტალური მონაცემები მათთვის არ არის ხელმისაწვდომი, რადგან ეს წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. თავად საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს წვდომა ხსენებულ საიდუმლო ინფორმაციაზე და დაინტერესების შემთხვევაში, სასამართლოს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს დეტალური ინფორმაცია რეფორმის და მათ შორის, სადავო რეგულირების მიზნებთან დაკავშირებით.
13. მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით, დიფერენცირების კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტით, რადგან მოსარჩელე არ არის მოკლებული სოციალურ დაცვას. ამასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებას თავად შეუძლია განსაზღვროს შიდა პოლიტიკა თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში. შესაბამისად, საკანონმდებლო ხელისუფლება მას ამ მხრივ მკაცრს ფარგლებს ვერ დაუდგენს.
14. მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიის მოხსნას იმ ადამიანთათვის, რომლებიც ხსენებული რეფორმის დროს ერთი სამინისტროდან მეორეში გადავიდნენ და შეინარჩუნეს რეფორმის განხორციელებამდე არსებული სტაჟი. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი რეფორმის პერიოდში ერთი სამინისტროდან მეორეში გადასული თანამდებობის პირების უფლებების დარღვევის თავიდან აცილება. კერძოდ, აღნიშნულ პირებს გააჩნდათ კანონიერი მოლოდინი, რომ მათი წოდება და სტაჟი შენარჩუნებული იქნებოდა, რადგან ეს ადამიანები სხვა სამინისტროში საკუთარი ნებით არ გადასულან. ეს გამოიწვია რეფორმის შედეგად წარმოშობილმა უწყებრივმა ცვლილებებმა. შესაბამისად, ამ პირებს ჰქონდათ წოდებისა და სტაჟის შენარჩუნების ლეგიტიმური მოლოდინი, ერთი უწყებიდან მეორეში რეფორმამდე გადასული პირებისაგან განსხვავებით, რომელთაც ასეთი მოლოდინი ვერ ექნებოდათ.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
16. 2017 წლის 16 ნოემბერს მოსარჩელე პაატა ბაკურაძის წარმომადგენელმა, გიორგი გოცირიძემ მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამავდროულად, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. მოსარჩელე მხარემ 2017 წლის 16 ნოემბრის განცხადებით უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №852 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №852 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი