ააიპ „წყლის მრეწველთა ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/9/1336 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:53 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ააიპ „წყლის მრეწველთა ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №719 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების სიტყვების „მწარმოებლის“ და „შესაბამისობის დეკლარაციის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1336) მომართა ააიპ „წყლის მრეწველთა ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაციამ“. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2018 წლის 26 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
2. №1336 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №719 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის შესაბამისობის შეფასების პროცედურას. აღნიშნული მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მწარმოებელს ევალება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მწარმოებელმა შესაბამისობის დეკლარაცია უნდა წარუდგინოს შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან კონკრეტული პროდუქციის შესაბამისობის შეფასების მიზნით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა“.
5. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, სხვადასხვა ბიზნესოპერატორები, რომლებიც არ იყვნენ პროდუქციის უშუალო მწარმოებლები, ახორციელებდნენ მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ექსპორტს. თუმცა 2018 წლის 17 იანვრიდან სადავო ნორმატიულ აქტში შესული ცვლილებების შედეგად, მათ აეკრძალათ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება და პროდუქციის ექსპორტზე გატანის ექსკლუზიური უფლებამოსილება გადაეცათ მწარმოებლებს. შესაბამისად, სახელმწიფომ შემოიღო რეგულირება, რომლის საფუძველზეც, აღნიშნულ ბაზარზე ჩამოყალიბდა მონოპოლია და მოსარჩელე მხარეს შეეზღუდა თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის თავისუფლება.
6. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ დაწესებული ბარიერების შედეგად, მოხდა ბაზრის მონოპოლიზება და მცირე და საშუალო ბიზნესის ბაზრიდან ხელოვნური განდევნა. სახელმწიფოს ევალება, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კონკურენტული გარემოს განვითარებას, რასაც შედეგად სიკეთე მოაქვს არა მხოლოდ კონკრეტულ ბაზარზე მოქმედი სხვადასხვა ბიზნესოპერატორისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, მაქსიმალურად აარიდოს თავი ხელოვნური ბარიერების შექმნას და უზრუნველყოს თავისუფალი საბაზრო გარემოს არსებობა, რაც საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაზრდას უწყობს ხელს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ევალება საბაზრო ურთიერთობებში ჩარევა იმგვარად, რომ ყოველი მექანიზმი მიმართული იყოს მონოპოლიების ჩამოყალიბების აღკვეთისაკენ. ამის საპირისპიროდ, სადავო რეგულირების საფუძველზე, სახელმწიფომ თავად შეუწყო ხელი კონკრეტული სუბიექტების მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩაყენებას. შედეგად, გარდა ბაზრიდან განდევნილი სუბიექტებისა და უმუშევრად დარჩენილი პირებისა, აუთვისებელი დარჩა ბაზრის ის სეგმენტი, სადაც ოპერირებდნენ მცირე კაპიტალის მქონე სუბიექტები, რადგან ბაზრის დომინანტი აქტორებისათვის ნაკლებად საინტერესოა მცირე სეგმენტის მქონე ბაზრის ათვისება.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის გასაჩივრებული სიტყვები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებს და მოითხოვს სადავო რეგულირების არაკონსტიტუციურად ცნობას და პროდუქციის ექსპორტირების შესაძლებლობის მინიჭებას ბიზნესოპერატორებისათვის, მიუხედავად იმისა, მწარმოებელია თუ არა იგი.
9. კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულია შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის გასაჩივრებული სიტყვების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო რეგულირების მოქმედება იწვევს მოსარჩელისათვის მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს. შესაბამისად, თუკი მისი მოქმედება არ შეჩერდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თეორიულადაც შეუძლებელი გახდება აღნიშნული ზიანის ანაზღაურება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აზრს დაკარგავს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე ითხოვს „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №719 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების სიტყვების „მწარმოებლის“ და „შესაბამისობის დეკლარაციის“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით. დასახელებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის შესაბამისობის შეფასების პროცედურები ხორციელდება შემდეგი ფორმებით: ა) მწარმოებლის მიერ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა; ბ) მწარმოებლის მიერ შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან კონკრეტული პროდუქციის შესაბამისობის შეფასების მიზნით“.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს კონსტიტუციური სარჩელი და მიუთითოს იმ უფლებაშემზღუდველ ნორმატიულ აქტზე, რომელიც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, უპირველს ყოვლისა, საჭიროა სადავო ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების სიტყვები „მწარმოებლის“ და „შესაბამისობის დეკლარაციის“ ადგენდეს უფლების შემზღუდველ წესს.
4. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმატიული აქტის ცალკეულ სიტყვებს უფლების შემზღუდველი ხასიათი შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ დამოუკიდებელი ნორმატიული შინაარსი გააჩნიათ და ადგენენ ქცევის წესს, რომელმაც შესაძლოა, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა გამოიწვიოს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლებრივი რეგულირების კონსტიტუციურობის შემოწმებისას შესაფასებელი მოცემულობაა კანონის ნორმატიული შინაარსი და არა ამა თუ იმ წინადადების სხვადასხვა გრამატიკული ერთეულებისაგან შემდგარი ერთობლიობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/17/1301 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მზია ტურაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-6).
5. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ ნორმებში (ისევე როგორც, ზოგადად, სხვა ნორმების ტექსტებშიც) მოცემულია სიტყვები, რომელთა კომბინაციითაც გრამატიკულად შესაძლებელია სხვადასხვა შინაარსის მქონე წინადადებების ჩამოყალიბება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ თითოეული ეს სიტყვა დამოუკიდებლად ადგენს რაიმე ქცევის წესს. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული სიტყვების შინაარსი არ მოიცავს არაფერ სხვას, გარდა თავად ამ სიტყვების მნიშვნელობისა და არ ადგენს რაიმე ქცევის წესს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გასაჩივრებულ სიტყვებში ამოიკითხოს რაიმე ნორმატიული შინაარსი და იმსჯელოს მის კონსტიტუციურობაზე. მოსარჩელეს ევალება, სადავო ნორმა მთლიანად ან ნაწილობრივ გაასაჩივროს იმგვარად, რომ სადავო ნორმებიდან შესაძლებელი იყოს გარკვეული ნორმატიული წესის ამოკითხვა, მისი შინაარსის იდენტიფიცირება და კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობა. სასამართლო ვერ იმსჯელებს ნორმატიული შინაარსის არმქონე ცალკეული სიტყვების კონსტიტუციურობაზე. ამდენად, სადავო ნორმის გასაჩივრებული სიტყვები არ ადგენს უფლების შემზღუდველ წესს, შესაბამისად, ვერ შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცულ უფლებას.
6. გარდა აღნიშნულისა, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად იგი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის N2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვის, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო რეგულირების ამოქმედების შედეგად, სხვადასხვა ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ახორციელებდნენ ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ექსპორტს, გაუმართლებლად შეეზღუდათ თავისუფალი მეწარმეობის კონსტიტუციური უფლება. სადავო რეგულირებით რეგლამენტირებული ურთიერთობის ფარგლებში თავისუფალი მეწარმეობის უფლების დაცვის სუბიექტი შეიძლება იყოს ის პირი, რომელიც ახორციელებს ზემოაღნიშნულ საქმიანობას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს ააიპ „წყლის მრეწველთა ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაციას“ და დაობს იმ პირთა უფლებების დარღვევაზე, რომლებიც ახორციელებდნენ დასახელებული პროდუქციის ექსპორტს. აშკარაა, რომ მოსარჩელე მიუთითებს სხვათა უფლებების შესაძლო დარღვევაზე და, ამდენად, 1336-ე კონსტიტუციური სარჩელი ”actio popularis“ წარმოადგენს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, აგრეთვე ამავე მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და, ამავე დროს, არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. შესაბამისად, იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1336 („ააიპ „წყლის მრეწველთა ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი