საქართველოს მოქალაქე მაია კონცელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/14/925 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 8 სექტემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 სექტემბერი 2017 22:48 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მაია კონცელიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებული შეწყალების წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №925) მიმართა საქართველოს მოქალაქე მაია კონცელიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 12 აპრილს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 8 სექტემბერს.
2. №925 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან იმ პირის გათავისუფლებას, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - „სსკ“) 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (თაღლითობა). პირი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე აღნიშნული კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
4. „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებული შეწყალების წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ შეწყალება არ გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისთვის და მოხდილი არ აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი - შეწყალება არ გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არ აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი.
5. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები“.
6. მოსარჩელის მითითებით, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნა ის ნორმატიული აქტები, რაც არ უნდა გამოყენებულიყო. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებული შეწყალების წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების უგულებელყოფა მოხდა მოპასუხეთა მხრიდან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-1).
2. №925 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებული შეწყალების წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. მოსარჩელის მტკიცებით, „მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნა ის ნორმატიული აქტები, რაც არ უნდა გამოყენებულიყო“, რამაც გამოიწვია სადავო ნორმების შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტთან. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ მოპასუხეთა მხრიდან სადავო ნორმების, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებული შეწყალების წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების უგულებელყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
4. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა, თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე სადავო ნორმებით გათვალისწინებულ რეგულირებას არაკონსტიტუციურად. მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს, რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს გასაჩივრებულ ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტს შორის. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი არც იმას განმარტავს, თუ რა მოთხოვნები უგულებელყვეს მოპასუხეებმა. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ ზოგადი მითითება იმის შესახებ, რომ „მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ის ნორმატიული აქტები, რაც არ უნდა გამოყენებულიყო“ და რომ მოპასუხეებმა უგულებელყვეს თავად სადავო ნორმების მოთხოვნები.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №925 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №925 („საქართველოს მოქალაქე მაია კონცელიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი