ეფრაიმ გური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/1420 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 11 ივლისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 12 ივლისი 2024 18:23 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – კოლეგიის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ეფრაიმ გური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1420) მომართა ეფრაიმ გურიმ. №1420 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 24 აპრილს. №1420 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 11 ივლისს.
2. №1420 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია მისი შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები და წესი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.
5. №1420 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე ეფრაიმ გურის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სამართალწარმოება, რა დროსაც იგი იმყოფებოდა ისრაელში და მისთვის არ ყოფილა ცნობილი მიმდინარე სამოქალაქო დავის თაობაზე. როგორც მოსარჩელე განმარტავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს იგი არ მიუწვევია საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით და 2012 წლის 16 იანვარს იმავე სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც დაკმაყოფილდა „სს საქართველოს ბანკის“ სარჩელი მის წინააღმდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, გაიცა სააღსრულებო ფურცელი და მოსარჩელის უძრავი ქონება აუქციონის გზით შეიძინა „სს საქართველოს ბანკმა“. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ მას არც დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაეგზავნა/ჩაბარდა.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამართალწარმოებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო მხოლოდ 2018 წლის მარტში, რის შემდეგაც კანონით დადგენილ 1 თვიან ვადაში მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ხსენებული, თავის მხრივ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა „სს საქართველოს ბანკმა“ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ეფრაიმ გურიმ დაარღვია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ხუთწლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო სადავო ნორმის საფუძველზე, საკითხს იმგვარად გადაწყვეტს, რომ მას წაერთმევა ყოველგვარი შესაძლებლობა, აღიდგინოს დარღვეული უფლებები.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლიანი სასამართლოს უფლება, საჯარო მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიზღუდოს საპროცესო ვადებისა და ხანდაზმულობის დადგენით. კერძოდ, სამართლებრივი სტაბილურობა მოითხოვს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იყოს საბოლოო და არ გახდეს, ნებისმიერ დროს, ხელახალი შედეგის დამდგენი. მუდმივი გაურკვევლობა და პოტენციური საფრთხე, რომ გადაწყვეტილება გაუქმდება, მხარეებს ხელს შეუშლის, დაგეგმონ მათი მომავალი ხანგრძლივ პერსპექტივაში.
8. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაცია ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპს და მომეტებულად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სარჩელში განვითარებული არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმა არაპროპორციულად ზღუდავს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას იმ პირთა მიმართ, ვისთვისაც არ იყო ცნობილი საქმის წარმოების შესახებ და იმის შესაძლებლობასაც კი ართმევს, რომ სასამართლომ გამოიკვლიოს, რამდენად კანონიერად მოხდა მათი ინფორმირება. ამასთანავე, მაშინ, როდესაც სასამართლო და საქმეში ჩართული მხარე აცნობიერებს, რომ მეორე მხარის ინტერესები ილახება, ამგვარად მოქმედი სამართლებრივი წესრიგის ან მხარის ინტერესის დაცვა ვერ იქნება სათანადო ლეგიტიმური მიზანი. აღსანიშნავია, რომ ნორმა არც იმის დიფერენცირებას ახდენს, პირმა იცოდა მის მიმართ სამართალწარმოების შესახებ სხვა გზით და არ დაინტერესებულა 5 წლის განმავლობაში, თუ პირი ობიექტურად სრულიად არაინფორმირებული იყო.
9. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ სამოქალაქოსამართლებრივ დავებზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საერთო ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი, ხოლო საქმის წარმოების განახლების ხანდაზმულობის ვადა ისეთ საქმეზე, რომლის განხილვისას ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული – 5 წელი. ამგვარი მოწესრიგება მხარეს, რომლის სარჩელიც დაკმაყოფილდა, აძლევს შესაძლებლობას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყოს სწორედ 5 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ. ასეთ შემთხვევაში, პირს აღარ ექნება უფლება, სასამართლოს გზით დაიცვას საკუთარი ინტერესები.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ეფრაიმ გური მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, ასევე 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
11. №1420 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმის მოქმედების შეუჩერებლობის შემთხვევაში, მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლო, კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში, გააუქმებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და მოსარჩელე ვეღარ შეძლებს, იდავოს მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრების დაბრუნების თაობაზე. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, მას წაერთმევა შესაძლებლობა, მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლებების აღსადგენად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ, უკვე გასულია. შესაბამისად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეუჩერებლობის შემთხვევაში, მას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის საკითხი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში უკვე შეფასდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ინტერესი, რომელიც უკავშირდება სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი თუ ფაქტობრივი მოცემულობების შეუცვლელობას, ნაკლებად არსებობს, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია კონსტიტუციისა და კანონის ფუნდამენტურ მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, „იმ პირის უფლებების დაცვის/აღდგენის სამართლებრივი ინტერესი, რომელმაც არ იცოდა მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ, გადაწონის, როგორც მეორე მხარის უფლებას, სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობაზე, ისე საჯარო ინტერესს განჭვრეტად და სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვასთან დაკავშირებით“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №3/2/1400 საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
5. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობით, გამოიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ პირთა ორი კატეგორია - ერთი მხრივ, პირები, რომლებიც არ იყვნენ მიწვეული სხდომაზე კანონით დადგენილი წესით, თუმცა ჰქონდათ ინფორმაცია მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (სარჩელის ჩაბარებით ან სხვა წყაროდან შეტყობინებით); მეორე მხრივ კი, პირები, რომელთაც ობიექტურად არ გააჩნდათ სამართალწარმოების თაობაზე ინფორმაცია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევასთან მიმართებით, დაადგინა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ინტერესთა ბალანსის დარღვევა.
6. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას იმ პირობებში, როდესაც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა არ იცოდა სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
7. ამრიგად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სადავოდ გამხდარი საკითხი გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებით. მოსარჩელის მიერ არ არის იდენტიფიცირებული რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც სასამართლოს არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მიხედვით, საქმის პლენუმისათვის გადაცემის საფუძველი.
8. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1420 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
9. №1420 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმის რეგულირება, ასევე გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმა, ვინაიდან ის ვერ უზრუნველყოფს პირის ეფექტურ დაცვას იმგვარი უკანონო სასამართლო აქტებისგან, რომლებიც პირის საკუთრებაზე ახდენს გავლენას.
10. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით უზრუნველყოფილი საკუთრების უფლება გულისხმობს, პირის მიერ, სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში, თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, საკუთრების/ქონებრივი უფლებების შეძენის, მფლობელობის, სარგებლობისა თუ განკარგვის შესაძლებლობას, აგრეთვე საკუთრების უფლებაში ნაგულისხმევი უფლებამოსილებების შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-7).
12. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სადავო საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის რეგულირების ფარგლებში მოქცევისათვის აუცილებელია, იგი აწესრიგებდეს საკუთრებითსამართლებრივ ურთიერთობებს და რაიმე ფორმით განსაზღვრავდეს საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს. ამგვარად, აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ საქმეზე სადავოდ გამხდარი საკანონმდებლო ნორმები, რაიმე ფორმით, აწესრიგებს/ზღუდავს საკუთრების/ქონებრივი უფლებების შეძენის, სარგებლობის, მფლობელობისა თუ განკარგვის წესს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/22/930 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანა ჯალაღონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/14/879 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი, ირმა ჯანაშვილი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
13. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სადავო რეგულაციით დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ხანდაზმულობის ვადა. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმა განსაზღვრავს 5 წლიან ვადას, რომლის განმავლობაშიც პირს აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, თუკი მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილება არღვევს მის ამა თუ იმ უფლებას და არსებობს საამისოდ გათვალისწინებული შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. აღსანიშნავია, რომ სადავო გადაწყვეტილება შესაძლებელია, შეეხებოდეს უფლებებისა თუ თავისუფლებების ფართო სპექტრს ‒ როგორც საკუთრებითსამართლებრივ, აგრეთვე სხვა, არასაკუთრებით ურთიერთობებს სადავო გადაწყვეტილების შინაარსისა და დავის საგნის ბუნების გათვალისწინებით. ამასთანავე, თავისთავად, ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო გადაწყვეტილება შეეხება მოსარჩელის საკუთრებით უფლებებს, არ შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ სადავო რეგულაცია, რაიმე თვალსაზრისით, ადგენს საკუთრების უფლების შინაარსს ან ფარგლებს და განსაზღვრავს საკუთრების შეძენის, მფლობელობის, საკუთრებით სარგებლობის ან/და მისი განკარგვის წესს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის საოქმო ჩანაწერი საქმეზე №3/4/1400 საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-9).
14. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმა განეკუთვნება სამოქალაქო საქმეებზე საპროცესოსამართლებრივი წესრიგის ნაწილს. გასაჩივრებული ნორმის მიზანმიმართულება შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ერთ-ერთი უფლებრივი კომპონენტის პროცედურული მოწესრიგებითა და სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების რეგლამენტაციით.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის უშუალო შედეგი შეიძლება იყოს საკუთრების, თავისუფლების, თანასწორობის და ნებისმიერი სხვა უფლების დარღვევა. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალკეული უფლებრივი კომპონენტების მარეგლამენტირებელი ნორმები, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, იმავდროულად, შეფასებადია ყველა იმ უფლებასთან, რომელთა დასაცავადაც პირი სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე დგება“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს №2/6/765 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №3/2/531 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
16. სარჩელში განვითარებული არგუმენტაციით, სადავო ნორმა ზღუდავს პირის საკუთრების უფლებას იმდენად, რამდენადაც ის ვერ უზრუნველყოფს პირთა ეფექტიან დაცვას იმგვარი უკანონო სასამართლო აქტებისგან, რომელიც საკუთრებაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, მოსარჩელის დასაბუთებაც მიემართება სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას. ამგვარად, რამდენადაც განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაცია აწესრიგებს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაციის ერთ-ერთ პროცესუალურ ასპექტს და მის უშუალო სფეროს არ განეკუთვნება საკუთრებითსამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება, არ განსაზღვრავს საკუთრების უფლების ფარგლებს, მათგან მომდინარე შეზღუდვა მიემართება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცულ სფეროს და სადავო ნორმას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან შინაარსობრივი მიმართება არ გააჩნია.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო რეგულირების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, №1420 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1420 კონსტიტუციური სარჩელი („ეფრაიმ გური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე