ნუკრი ჩოგოვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/1345 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 11 ივლისი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 12 ივლისი 2024 18:16 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – კოლეგიის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ნუკრი ჩოგოვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1345) მომართა ნუკრი ჩოგოვაძემ. №1345 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 27 აგვისტოს. №1345 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 11 ივლისს.
2. №1345 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება ასევე დასაშვებია, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
4. №1345 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე საერთო სასამართლოებში ითხოვდა 1993 წელს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და ქალაქ ქუთაისში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებაში მიღებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე, პრივატიზაციის ხელშეკრულება ნამდვილად ჩაითვალა და მოსარჩელეს უარი ეთქვა ქონების საკუთრებაში რეგისტრაციაზე.
7. ქუთაისის რაიონული პროკურატურის 2018 წლის 16 მარტის დადგენილების საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, შეწყდა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა დადგინდა, რომ 1993 წლის 15 სექტემბერს სადავო ქონება, დანაშაულებრივი გზით, გადაეცა სხვა პირს. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, მოსარჩელემ მიმართა საკასაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით. მოსარჩელის განმარტებით, დოკუმენტი, რომელსაც ემყარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, ყალბია. შესაბამისად, არსებობს საქმის წარმოების განახლებისა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება განუხილველად დატოვა, იქიდან გამომდინარე, რომ საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა 2008 წლის 28 თებერვალს, ხოლო ნუკრი ჩოგოვაძემ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილს მიმართა. შესაბამისად, მოსარჩელემ გაუშვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ხუთწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა, თუმცა საქმის წარმოების განახლებას მოსარჩელე ვერ ახერხებს, სწორედ, სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის გამო.
10. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების ადეკვატურ დაცვას, სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიან რეალიზაციას და კონკრეტულ საქმეზე სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გარკვეული პროცესუალური ვადების არსებობა, თავისთავად, არ იწვევს კონსტიტუციური უფლების დარღვევას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობისთვის ხუთწლიანი ვადის დადგენა, არაგონივრულია და საკითხის ამგვარი მოწესრიგება შეუძლებელს ხდის ზემოხსენებული მიზნების მიღწევას.
11. მოსარჩელე მხარის მითითებით, იმ დოკუმენტის სიყალბის ფაქტი, რომელსაც ეყრდნობოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, მისთვის ცნობილი გახდა გამოძიების შედეგად, რომელიც სახელმწიფო ორგანოების მიერ დასრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგ. შესაბამისად, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, საკუთარი უფლებრივი ინტერესის დასაცავად, ედავა ხანდაზმულობის ხუთწლიანი ვადის გასვლამდე. მისი აზრით, სადავო ნორმით დადგენილი 5 წლიანი ვადის ათვლის დაწყება, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან, ეჭვქვეშ აყენებს იმ პირთა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, რომელთა უფლების დაცვის შესაძლებლობა დამოკიდებულია სხვა ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც მათთვის საქმის განხილვის დროს არ იყო ცნობილი. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც ამგვარი გარემოებების დადასტურებისა და მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა არ არის დამოკიდებული მხარის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. ამრიგად, უფლების ეფექტიანი რეალიზებისათვის საჭიროა, ვადის ათვლა დაიწყოს გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოვლენის მომენტიდან.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
13. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია 31-ე მუხლის პირველი პუნქტით.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობა შესაფასებელია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
6. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში უკვე შეფასდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
7. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საქმის წარმოების განახლების ზოგად საფუძველს იმ შემთხვევებისთვის, რომლებიც არ თავსდება ამ მუხლით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებში. აღნიშნული ზოგადი წესი არსებითად განსხვავდება სხვა საფუძვლებისგან იმით, რომ შეეხება იმგვარ ვითარებებს, როდესაც პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ მათთვის მინიჭებული ყველა საპროცესო საშუალებით, მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვაში, წარედგინათ საკუთარი და გამოეკვლიათ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებები და ამ გზით გავლენა მოეხდინათ სამართლებრივ შედეგებზე. შესაბამისად, ამ ვითარებაში პირის საპროცესო უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის ხარისხი მკვეთრად განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როდესაც მხარეს საერთოდ არ ჰქონდა წვდომა რომელიმე საპროცესო მექანიზმზე. საკონსტიტუციო სასამართლომ, გარდა გადაწყვეტილების საბოლოობის ზოგადი ინტერესისა, ყურადღება გაამახვილა იმ პირთა ინტერესზე, ვის სასარგებლოდაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ამასთანავე, სასამართლომ განმარტა, რომ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, იზრდება სასამართლოს წინაშე არასანდო მტკიცებულებათა წარდგენის ალბათობა და ამგვარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასების რისკი. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო რეგულირება ადგენს გონივრულ ბალანსს და არ არსებობს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-47-53).
8. ამრიგად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებით. №1345 კონსტიტუციურ სარჩელში, სადავო ნორმასთან მიმართებით, არ არის იდენტიფიცირებული რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც სასამართლოს არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. ამდენად, განსახილველ სადავო ნორმასთან მიმართებით, კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებულ ყველა შესაძლო პრობლემურ საკითხზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და მოსარჩელის მიერ მითითებული შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მიხედვით, საქმის პლენუმისათვის გადაცემის საფუძველი.
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, №1345 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1345 კონსტიტუციური სარჩელი („ნუკრი ჩოგოვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე