„შპს თაკვერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/11/1390 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მაისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მაისი 2019 22:30 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „შპს თაკვერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 და 74 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1390) მომართა „შპს თაკვერმა“. №1390 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 28 იანვარს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 28 მაისს.
2. №1390 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე 2011 წლის 1 ივლისიდან საკუთრების უფლების აღიარების საფასური უთანაბრდება კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურს“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ამ მუხლში მითითებული უძრავი ნივთის გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა, ასევე, ვალდებულების გამო გადახდევინების მიქცევა რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო სადავო მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის მოხსნა შესაძლებელია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ პირის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის, ასევე უძრავი ნივთის ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით. ამავე კანონის სადავო 74 მუხლის მიხედვით, „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მართლზომიერად ფლობს მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, რომელიც მას მფლობელობაში გადაეცა შპს „შევარდენისგან“ 1994 წლის 29 აგვისტოს №3 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამავე წლის 15 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების შესაბამისად, ერთი პირის ფირმა „თაკვერს“, რომლის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს „თაკვერი“, საკუთრებაში გადაეცა ზემოხსენებული ქონება. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან დღემდე მოსარჩელე მართლზომიერად ფლობს მას. 2011 წელს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო კანონის საფუძველზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 26 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების (№TT2011077797-08) საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის საფუძვლით.
6. ზემოაღნიშნულის შემდგომ მოსარჩელემ მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის 2011 წლის 15 დეკემბრის №282 გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „თაკვერს“ უარი ეთქვა ზემოაღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იქიდან გამომდინარე, რომ საკითხის განხილვა არ წარმოადგენდა კომისიის კომპეტენციას. მოსარჩელემ კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 8 იანვარს იმავე მოთხოვნით, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ამავე წლის 12 იანვრის №882016007790-03 გადაწყვეტილებით, კვლავ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება და მიუთითა, რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა სადავო კანონის 74 მუხლიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელემ დაკარგა მსგავსი ტიპის ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. საბოლოოდ, 2016 წლის 12 თებერვლის №882016007790-08 გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა ხსენებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 მარტის №55795 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „თაკვერის“ ადმინისტრაციული საჩივარი და უცვლელად დარჩა 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
7. მოსარჩელე მხარემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სასამართლომ ბათილად ცნო ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება, შპს „თაკვერის“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. კერძოდ, კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე 2011 წლის 1 ივლისიდან საკუთრების უფლების აღიარების საფასური უთანაბრდება კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურს. ფიზიკური პირები კი მსგავსი შეზღუდვისგან გათავისუფლებული არიან. შესაბამისად, ადგილი აქვს არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობასა და თანასწორობის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. გარდა აღნიშნულისა, დასახელებული სადავო ნორმა ასევე აწესებს თანაბარ მოპყრობას არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ. კერძოდ, აღნიშნული რეგულირებით ერთმანეთს უთანაბრდებიან, ერთი მხრივ, კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მართლზომიერად ფლობდნენ მიწას, მეორე მხრივ, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთაც თვითნებურად დაიკავეს აღნიშნული ქონება. ამდენად, სადავო ნორმა ამ მხრივაც პრობლემურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის უფლებას.
9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო კანონის 74 მუხლი ასევე აწესებს დისკრიმინაციულ მოპყრობას კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს შორის, რაც გამოიხატება იმ გარემოებაში, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. მსგავსი შეზღუდვა ასევე არ მოქმედებს ფიზიკური პირების მიმართ და განსახილველ შემთხვევაშიც ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
11. მოსარჩელე მხარე სასამართლოს მომართავს შუამდგომლობით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს გასაჩივრებული ნორმების მოქმედება. მოსარჩელის განმარტებით, მან მიმართა უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით, შესაბამისად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს სადავო ნორმების მოქმედებას, შესაძლოა, უზენაესმა სასამართლომ მოსარჩელის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტოს საქმე, რაც გამოიწვევს მისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. №1390 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. აღსანიშნავია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სიტყვების: „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან (თანასწორობის უფლება) მიმართებით შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებაში საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №522 და №553 კონსტიტუციური სარჩელები და მიიჩნია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სადავო სიტყვები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლს.
4. განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლს სრულად და მიუთითებს, რომ იგი აწესებს დისკრიმინაციულ მოპყრობას კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს შორის, რაც გამოიხატება იმ გარემოებაში, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას, მსგავსი შეზღუდვა კი არ მოქმედებს ფიზიკური პირების მიმართ. როგორც უკვე აღინიშნა, დასახელებულ შესადარებელ პირთა მიმართ განსახვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობის საკითხი კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე იქნა შეფასებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებაში. ამასთან, №1390 კონსტიტუციურ სარჩელში, სადავო კანონის 74 მუხლთან მიმართებით, არ არის იდენტიფიცირებული რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც სასამართლოს არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. ამდენად, განსახილველ სადავო ნორმასთან მიმართებით კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებულ ყველა შესაძლო პრობლემურ საკითხზე სასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვს და მოსარჩელის მიერ მითითებული შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მიხედვით, საქმის პლენუმისათვის გადაცემის საფუძველი.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1390 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე.
7. მოსარჩელე მხარე ითხოვს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო კანონის 73 მუხლის მე-2 პუნქტი კერძო სამართლის იურიდიულ პირებს უდგენს ამავე მუხლით განსაზღვრული უძრავი ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან ვალდებულების გამო გადახდევინების მიქცევის დაუშვებლობის მოთხოვნას საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტი კი ითვალისწინებს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი რეგულირების საგამონაკლისო წესს. კერძოდ, მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვების მოხსნას უშვებს მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
8. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე მიემართება სადავო კანონის 73 მუხლის პირველ პუნქტსა და ამავე კანონის 74 მუხლს. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოცემული არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ და რა ფორმით არღვევს აღნიშნული კანონის 73 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები მის კონსტიტუციურ უფლებას. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვის, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
11. მოსარჩელე სადავოდ ხდის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მისი განმარტებით, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა მიმართ (ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის), მეორე მხრივ, თანაბრად ეპყრობა არსებითად უთანასწორო პირებს (მიწის მართლზომიერად და თვითნებურად მფლობელ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს).
12. დასახელებული სადავო ნორმა ადგენს, რომ 2011 წლის პირველი ივლისიდან კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური უთანაბრდება კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურს. შესაბამისად, იმისათვის, რომ აღნიშნულმა ნორმამ კონკრეტული იურიდიული პირის მიმართ სამართლებრივი შედეგი გამოიღოს, აუცილებელია, მას გააჩნდეს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების სამართლებრივი საფუძველი. სადავო კანონის მე-5 მუხლი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების აღიარების წესს. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულ პირს ევალება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა კანონით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოში. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ 2011 წელს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 26 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის საფუძვლით. აღნიშნულის შემდგომ მოსარჩელემ კვლავ მიმართა სააგენტოს იმავე მოთხოვნით 2016 წელს. თუმცა სადავო კანონის 74 მუხლის საფუძველზე, 2012 წლის პირველი იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების აღიარების უფლება.
13. ზემოაღნიშნული გარემოებები ნათლად მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიმართ არც ერთ შემთხვევაში არ გავრცელებულა სადავო კანონის 73 მუხლის მოქმედება, რომელიც არეგულირებს საკუთრების აღიარების საფასურს. აღნიშნული წესი 2012 წლის პირველ იანვრამდე მოსარჩელის მიმართ შეიძლებოდა გავრცელებულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის წარმოადგენდა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს განმარტების თანახმად, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა საჯარო რეესტრისთვის პირველ ჯერზე მიმართვისას. ხოლო 2012 წლის პირველი იანვრიდან სადავო კანონის 73 მუხლი ვერ გავრცელდებოდა მოსარჩელეზე იქიდან გამომდინარე, რომ ამავე კანონის 74 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელემ საერთოდ დაკარგა ამ კანონის საფუძველზე მიწაზე საკუთრების აღიარების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიმართ არ გავრცელებულა სადავო ნორმის მოქმედება და არსებული საკანონმდებლო რეალობიდან გამომდინარე, იგი მომავალშიც ვერ მოექცევა სადავო ნორმის მოქმედების ქვეშ. შესაბამისად, №1390 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1390 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს თაკვერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი