საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/12/926 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 2 ივნისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 1 ივნისი 2017 15:39 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №926) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 12 აპრილს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 2 ივნისს.
2. №926 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში: „სსკ“) 255-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრძალულია პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით. აღნიშნული ქმედების ჩადენა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ამავე ვადით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი განმტკიცებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება და ცენზურის დაუშვებლობა, ხოლო მე-4 პუნქტში მოცემულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, პორნოგრაფიული ნაწარმოებისა და გამოსახულების უკანონო გავრცელებისთვის. პროკურორის 2015 წლის 3 ივნისის დადგენილების თანახმად, მოსარჩელე 2013-2015 წლებში უკანონოდ ტვირთავდა პორნოგრაფიის შემცველ მასალას, რაც ხელმისაწვდომი იყო ვებგვერდის მომხმარებლებისთვის.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმა ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის პრინციპის მოთხოვნებს. მისი მტკიცებით, საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პორნოგრაფიის ცნებას და არსებობს მისი უხამსობასთან, სქესობრივ აქტთან ან სხვა მსგავს ტერმინთან გაიგივების შესაძლებლობა, რაც ბადებს ბუნდოვანების საფრთხეს.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული ნორმა კრძალავს პორნოგრაფიული მასალის მხოლოდ უკანონო დამზადებასა და გასაღებას. ამის მიუხედავად, კანონმდებლობა ნათლად არ აყალიბებს რეგულაციებს იმის შესახებ, თუ რა გზით არის შესაძლებელი ამგვარი ნაწარმოების კანონიერად დამზადება, გავრცელება, რეკლამირება ან/და სადავო ნორმით გათვალისწინებული სხვა ქმედების განხორციელება.
8. მოსარჩელის მტკიცებით, ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა განჭვრეტადობის მოთხოვნებს, ზოგადად შემოწმებადია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, თუმცა გასაჩივრებული დებულება, ამ კუთხით, აგრეთვე უნდა შემოწმდეს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებითაც, რამდენადაც იგი მსუსხავ ეფექტს წარმოშობს. მისი აზრით, ბუნდოვანი რეგულაციით დაწესებული სანქციის შიშმა შესაძლოა, აიძულოს პირი, თავი შეიკავოს იმგვარი მასალის გავრცელებისგანაც, რომელიც გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ექცევა.
9. მოსარჩელე კანონმდებლის მიერ დადგენილი აკრძალვის ლეგიტიმურ მიზნად არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას მიიჩნევს, რამდენადაც ისინი არ არიან სათანადოდ მომწიფებულნი სექსუალური ცხოვრებისათვის და პორნოგრაფიული ხასიათის მასალას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს მათ განვითარებაზე. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული რეგულაციის კიდევ ერთ მიზნად დასახელებულია იმ სრულწლოვანი პირების ინტერესების დაცვა, რომელთაც არ სურთ, მოულოდნელად, მათი ნებისგან დამოუკიდებლად გახდნენ პორნოგრაფიული მასალის მხილველნი – ე.წ. „დატყვევებული აუდიტორია“.
10. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ გასაჩივრებული ნორმა არ წარმოადგენს დასახელებული მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. იგი პარალელს ავლებს ბლოკირებისა და ფილტრაციის კომპიუტერულ პროგრამასთან და აღნიშნავს, რომ ფილტრაციის რეჟიმის პირობებში ინფორმირებულ სრულწლოვანს კომპიუტერით სარგებლობის დაწყებისთანავე შეუძლია პროგრამის დეაქტივაცია, სასურველი საიტების დათვალიერება, ხოლო კომპიუტერით სარგებლობის დასრულების შემდეგ აღნიშნული პროგრამის კვლავ გააქტიურება. ასეთ შემთხვევაში დაცულია როგორც არასრულწლოვანთა ინტერესები, რამდენადაც ისინი ვეღარ შეძლებენ პორნოგრაფიული საიტების მონახულებას, აგრეთვე იმ სრულწლოვან პირთა ინტერესები, რომელთა კონსტიტუციურ უფლებასაც წარმოადგენს ინფორმაციის, მათ შორის პორნოგრაფიული მასალის გაცნობის შესაძლებლობა.
11. კონსტიტუციურ სარჩელში განხილულია ინფორმაციის მასობრივად გავრცელების სხვადასხვა საშუალებების ბუნება და მათი სპეციფიკური მახასიათებლები. მოსარჩელის აზრით, რადიოსა და ტელევიზიისგან განსხვავებით, ინტერნეტი გამორიცხავს პორნოგრაფიული შინაარსის მქონე მასალის შემთხვევით გაცნობის შესაძლებლობას. პორნოგრაფიული შინაარსის ინტერნეტგვერდზე მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის აქტიური მოქმედებების შედეგად, რისი განხორციელებაც შეუძლებელია პირის ნების არარსებობის შემთხვევაში.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებს, ასევე 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე იშველიებს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. მოსარჩელე ითხოვს სსკ-ის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. სსკ-ის 255-ე მუხლის პირველი ნაწილი, ერთი მხრივ, განსაზღვრავს დანაშაულის ქმედების შემადგენლობას „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს - „ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით“. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, წარმოდგენილი იყოს არგუმენტაცია, როგორც სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის, ასევე სასჯელის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.
3. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმა შეიცავს ბუნდოვან ტერმინებს, რის გამოც პირს არ აქვს შესაძლებლობა, გაიგოს, რომელი ქმედებაა აკრძალული და არსებობს მისი თვითნებური და დისკრიმინაციული დასჯის შესაძლებლობა. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა არაპროპორციულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, რადგან იმაზე ფართოა, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი. აშკარაა, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია მიემართება სსკ-ის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომლითაც დასაბუთდებოდა სასჯელის განმსაზღვრელი ნორმის ნაწილის „ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით“ არაკონსტიტუციურობა.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №926 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სსკ-ის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
6. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს, მათ შორის, სსკ-ის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადების“ დანაშაულის შემადგენლობის მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი „იცავს საყოველთაო უფლებას, პირმა თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის № 2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-158). ხოლო შემოქმედების თავისუფლებისა და შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობის უფლებები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების საფუძველზე, პირს უფლება აქვს, დაუბრკოლებლად, სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე განახორციელოს შემოქმედებითი საქმიანობა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის №1/13/711 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)
8. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
9. პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება წარმოადგენს შემოქმედებით საქმიანობას. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადების აკრძალვა ადგენს შემოქმედებითი საქმიანობის და არა პირის მიერ ინფორმაციის გავრცელების რეგულირებას.
10. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი განამტკიცებს შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლების უფლებას. პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება როგორც შემოქმედებითი საქმიანობა სწორედ მოცემული კონსტიტუციური დებულებით დაცულ სფეროში ექცევა. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას, ამ კონსტიტუციური უფლებით დაცულია უკვე არსებული, დამზადებული შემოქმედებითი საქმიანობის პროდუქტის გავრცელების თავისუფლება. უშუალოდ პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების სეგმენტს გამოხატვის თავისუფლება არ მოიცავს. პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადების აკრძალვის შეფასება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასთან გამოიწვევს კონსტიტუციის განსხვავებული უფლებებით დაცული სფეროების ხელოვნურ გაფართოებას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ემყარება მოსარჩელის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების შინაარსისა და ფარგლების არასწორ აღქმას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კონსტიტუციური სარჩელი №926 დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სსკ-ის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის „დამზადება“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, №926 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №926 („საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ“, „გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობას 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით“ კონსტიტუციურობას 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №926 („საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის „დამზადება“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მერაბ ტურავა