მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/232 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 20 მაისი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.ოთარ ბენიძე - სხდომის თავმჯდომარე;
2.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი - მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 436-ე მუხლის მეორე ნაწილი.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი - ავთანდილ კახნიაშვილი.
2003 წლის 1 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №232) მომართა მოქალაქე ნელი მუმლაძემ და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 436-ე მუხლის მეორე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 89-ე მუხლები, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე, გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების და მისი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 18 ნოემბრის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერით (№2/9/205) არსებითად განსახილველად მიღებულ 198-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი, ვინაიდან, დასახელებულ ორივე კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანი არსობრივად იდენტურია.
კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილს და არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
რაც შეეხება კონსტიტუციური სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც ეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 436-ე მუხლის მეორე ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ თვით სარჩელშიც არ არის მითითებული ის არგუმენტები, რომელთა თანახმად თვითონ კანონის ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მოსარჩელის მოსაზრება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოცემული სადავო ნორმის განმარტება შინაარსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არ წარმოადგენს საქმის არსებითად განსახილველად მიღების საფუძველს, ვინაიდან ნორმის არასწორად გაგება–განმარტება და შესაბამისად მისი არასწორად გამოყენების საკითხის განხილვა სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე ნელი მუმლაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408 მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით;
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოქალაქე ნელი მუმლაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 436-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით;
3. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდეს 205-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული;
4. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
5. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში „ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2002 წლის 12 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.