საქართველოს მოქალაქეები გოჩა თევდორაძე, ვაჟა ოთარაშვილი, ფრიდონ ინჯია და კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/859 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი 2017 18:06 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე– წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები გოჩა თევდორაძე, ვაჟა ოთარაშვილი, ფრიდონ ინჯია და კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 18 ნოემბრის №3-Iს დადგენილების პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; ბ) „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 18 ნოემბრის №3-Iს დადგენილების თანდართული სიის მე-6, 76-ე, 112-ე და 132-ე პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №859) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა გოჩა თევდორაძემ, ვაჟა ოთარაშვილმა, ფრიდონ ინჯიამ და კახა კუკავამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 5 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 მაისს.
2. №859 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და მე-40 მუხლის პირველი პუნქტი.
3. „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 18 ნოემბრის №3-Iს დადგენილების პირველი პუნქტი ადგენს: „ცნობილ იქნეს 2016 წლის 8 ოქტომბერს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება თანდართული სიის შესაბამისად“. თანდართული სიის მე-6, 76-ე, 112-ე და 132-ე პუნქტები გაწერს კონკრეტული პირების გვარებსა და სახელებს (ბენაშვილი გია, მაჭავარიანი ენძელა, სულეიმანოვი აზერ და წერეთელი გიორგი) რომელთა უფლებამოსილებაც ცნო პარლამენტმა.
4. საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც“.
5. მოსარჩელეები რეგისტრირებულნი იყვნენ საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ სიითი ნომრებით: 7, 8 ,9 და 10.
6. მოსარჩელეთა განმარტებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ამომრჩევლის ხმათა 5%-ზე მეტი მიიღო სამმა სუბიექტმა („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 48.68% (37 მანდატი); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ –27.11% (20 მანდატი); „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5.01% (3 მანდატი), შესაბამისად, გაუნაწილებელი დარჩა 17 მანდატი). საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (შემდგომში ცესკო) გაუნაწილებელი საპარლამენტო მანდატები გაანაწილა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციისთვის“ ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი მანდატების განაწილების შემდეგ დარჩენილი გაუნაწილებელი მანდატები, გადაანაწილა მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე“ (შესაბამისად, სუბიექტებმა მიიღეს შემდეგი რაოდენობის მანდატები: „ქართული ოცნება“ – 37 + 7= 44 მანდატი; „ნაციონალური მოძრაობა“ – 20 + 7 = 27 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 + 3 = 6 მანდატი).
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მანდატები კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის დაცვით გადანაწილდებოდა, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი მანდატების მიღების შემდეგ, დარჩენილი გაუნაწილებელი 14 მანდატიდან მიიღებდა დამატებით 4 მანდატს და მივიღებდით შემდეგნაირ სურათს: „ქართული ოცნება“- 37 + 5 = 42 მანდატი; „ნაციონალური მოძრაობა“- 20 + 5 = 25 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსი“- 3 + 3 (ფრაქციის შესაქმნელად საჭირო მანდატები) + 4 = 10 მანდატი.
8. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ცესკომ მანდატები კონსტიტუციის დარღვევით გაანაწილა, მათი მანდატები მიიღეს „საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 18 ნოემბრის №3-Iს დადგენილების თანდართული სიის მე-6, 76-ე, 112-ე და 132-ე პუნქტებით გათვალისწინებულმა პირებმა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ, სადავო ნორმით დადგენილ პირებს შეუწყდეთ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და, სანაცვლოდ, მათი, როგორც პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა მოხდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ. მოცემულ საქმეში მოსარჩელეები რეგისტრირებულნი იყვნენ საარჩევნო ბლოკის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ საარჩევნო სიაში. ისინი მოითხოვენ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების ის დანაწესი, რომელიც შეეხება გია ბენაშვილის, ენძელა მაჭავარიანის, აზერ სულეიმანოვის და გიორგი წერეთლის საქართველოს პარლამენტის წევრებად უფლებამოსილების ცნობას, რათა შემდგომში თავად მოსარჩელეებმა შეძლონ აღნიშნული პირების ნაცვლად მიიღონ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
2. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დავის უფლებამოსილებით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი პირთა შეზღუდულ წრეს აღჭურავს, კერძოდ, აღნიშნული უფლებამოსილება გააჩნია „საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აგრეთვე იმ მოქალაქეს, ვისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა“.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მუხლით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში იმსჯელოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან შეწყვეტის საკითხზე, კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი უნდა იყოს პარლამენტის იმ წევრის მიერ, რომლის უფლებამოსილებაც არ ცნო ან შეწყვიტა პარლამენტმა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 18 იანვრის №2/120/1 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თემურ გოცირიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაამღდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 14 თებერვლის №2/121,127,145/2 განჩინება საქმეზე „1) მოქალაქეები: ცანავა გიორგი, ფიფია მარიანა, ქარდავა ვლადიმერი და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ; 2) მოქალაქე თამაზ (დათო) ხოშტარია საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის წინააღდეგ; 3) მოქალე მამუკა პიტავა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღდეგ“). „საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი პარლამენტის კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ზ“ პუნქტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვას, მაგრამ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია სუბიექტთა მტკიცედ განსაზღვრული წრე, რომელთაც ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ … ამ მუხლების დეფინიცია ცალსახად მიუთითებს, რომ იგი შეეხება უკვე არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას ან ვადამდე შეწყვეტას პარლამენტის მიერ, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ეძლევა მხოლოდ იმ მოქალაქეს, რომლის როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო პარლამენტმა, ესე იგი პარლამენტმა იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 14 თებერვლის №2/121,127,145/2 განჩინება საქმეზე „1) მოქალაქეები: ცანავა გიორგი, ფიფია მარიანა, ქარდავა ვლადიმერი და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ; 2) მოქალაქე თამაზ (დათო) ხოშტარია საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის წინააღდეგ; 3) მოქალაქე მამუკა პიტავა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღდეგ“, II-2).
4. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილია ის მოქალაქე, ვისი როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო საქართველოს პარლამენტმა. ნორმის არსიდან გამომდინარე აშკარაა, რომ იგი შეეხება არა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, არამედ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არჩეული არიან საქართველოს პარლამენტის წევრად და არ მოხდა მათი როგორც პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა.
5. განსახილველ შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის უფლებამოსილების დასადგენად, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, არიან თუ არა მოსარჩელეები არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრებად. საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის არჩევის წესი, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით კი, შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამრიგად, არჩევნების შედეგები და, კონკრეტულად, არჩეულ იქნა თუ არა ესა თუ ის სუბიექტი, დგინდება ცესკოს შემაჯამებელი ოქმით.
6. ცესკოს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის (მიღების თარიღი 2016 წლის 16 ნოემბერი) ანალიზით დგინდება, რომ მოსარჩელეები: კახა კუკავა, ფრიდონ ინჯია, გოჩა თევდორაძე და ვაჟა ოთარაშვილი არ ყოფილან არჩეული 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი არ არიან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი სუბიექტები, იდავონ საქართველოს პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე.
7. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს კონსტიტუციური დავა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობაზე უარის გამო და არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობის საკითხი. N859 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ცესკომ საპარლამენტო მანდატები გაანაწილა კონსტიტუციით დადგენილი წესის დარღვევით. ხსენებულ კონსტიტუციურ სარჩელში შინაარსობრივად მოთხოვნილია არა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობაზე უარის კონსტიტუციურობის შემოწმება, არამედ არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული საკითხის კონსტიტუციურობის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შემოწმების კომპეტენციის ფარგლებში.
8. N859 კონსტიტუციური სარჩელი არ არის შეტანილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს. შესაბამისად, მოსარჩელეები არც ამ კომპეტენციის ფარგლებში იქნებოდნენ კონსტიტუციური სარჩელის შემოტანაზე უფლებამოსილი სუბიექტები.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები არ წარმოადგენენ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილ სუბიექტებს. შესაბამისად, არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული სარჩელის არსებითად არმიღების საფუძველი: კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №859 („საქართველოს მოქალაქეები გოჩა თევდორაძე, ვაჟა ოთარაშვილი, ფრიდონ ინჯია და კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი