საქართველოს მოქალაქე გიორგი ცინცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/12/1226 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 12 ივლისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 12 ივლისი 2017 18:27 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ცინცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-100 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1226) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ცინცაძემ. №1226 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად 2017 წლის 24 მაისს გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 12 ივლისს.
2. №1226 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-100 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 2017 წლის პირველ ივლისამდე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილი იბეგრება 2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით, თუ ავტომობილის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2017 წლის პირველ იანვრამდე და იგი საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არა უგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 20 დეკემბერს ინტერნეტის საშუალებით იაპონიაში გამართულ საავტომობილო აუქციონზე, პირადი სარგებლობის მიზნით, შეიძინა მსუბუქი ავტომობილი, რომლის თანხაც გადაიხადა იმავე წლის 21 დეკემბერს. აღნიშნული ავტომობილის სახმელეთო ტრანსპორტირება დაიწყო 23 დეკემბერს და 24 დეკემბერს დარეგისტრირდა ქალაქ ოსაკას პორტში. საშობაო დასვენების დღეების და პორტში არსებული „საავტომობილო რიგის“ გამო ავტომობილის კონტეინერში ჩატვირთვა და გემზე განთავსება ვერ მოესწრო დეკემბრის თვეში. შესაბამისად, აღნიშნული ავტომობილის საზღვაო ტრანსპორტირება დაიწყო 2017 წლის იანვარში და საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა 2017 წლის 11 აპრილს.
6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლით განისაზღვრება დასაბეგრი აქციზური საქონლის განაკვეთები. ხოლო ამავე მუხლში მოცემული ცხრილის №4 რიგი განსაზღრავს მსუბუქი ავტომობილების აქციზურ განაკვეთს, რომელიც გამოიანგარიშება მსუბუქი ავტომობილის წლოვანებითა და ძრავის მოცულობით. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად 2017 წლის პირველი იანვრიდან ზოგიერთი წლოვანების მსუბუქ ავტომობილებზე გაიზარდა აქციზური განაკვეთის ოდენობა.
7. მოსარჩელის მიერ შეძენილი ავტომობილის აქციზური განაკვეთის ოდენობა, მისი ძრავისა და წლოვანების გათვალისწინებით, 2017 წლის პირველ იანვრამდე არსებული აქციზური განაკვეთით შეადგენდა 2590 ლარს. ხოლო აქციზური განაკვეთების გაზრდის შემდგომ იმავე ავტომობილის დაბეგვრის აქციზური განაკვეთი შეადგენს 7770 ლარს. ამრიგად, მოსარჩელეს უწევს, წინა წელთან შედარებით, სამჯერ გაზრდილი აქციზური განაკვეთის გადახდა.
8. ამავდროულად, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლი განსაზღვრავს გარდამავალ ნორმას, რომლის მე-100 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 2017 წლის პირველ ივლისამდე მსუბუქი ავტომობილი იბეგრება 2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი აქციზური განაკვეთით, თუ ავტომობილის საზღვაო ტრანსპორტირება დაიწყო 2017 წლის პირველ იანვრამდე და იგი საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არა უგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მასზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული გარდამავალი დებულება და აქციზური განაკვეთი გადაიხადოს არა მოქმედი ნორმების შესაბამისად, არამედ გარდამავალი დებულების საფუძველზე, 2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი აქციზური განაკვეთით.
9. მოსარჩელე განმარტავს, რომ მას ავტომობილი შეძენილი ჰქონდა კანონის გამოქვეყნებამდე და არ იყო ინფორმირებული, მარცხენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის ზრდის შესახებ. აგრეთვე, ავტომობილი ნაყიდი და იაპონიის პორტში რეგისტრირებული იყო 2016 წლის 24 დეკემბერს, (2017 წლის პირველ იანვრამდე), ხოლო სადავო ნორმა აქციზის შემცირებას უკავშირებს უშუალოდ საზღვაო ტრანსპორტირების დაწყებას, რაც, მისი აზრით, არაკონსტიტუციურია. სასარჩელო მოთხოვნაში აგრეთვე განმარტებულია, რომ ავტომობილის ტრანსპორტირების ხანგძლივობა და საქართველოში შემოსვლის თარიღი არ არის დამოკიდებული მოსარჩელეზე, არამედ განსაზღვრულია გემების მოძრაობის გრაფიკით და წარმოადგენს გადამზიდავი კომპანიის კომპეტენციას, შესაბამისად, ნორმა არამართლზომიერად, ბლანკეტურად მიუთითებს 2017 წლის 31 მარტს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის ინიცირების მთავარი მოტივი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, მოსარჩელის ავტომანქანა კი გამართულ მდგომარეობაშია და მთლიანად შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლს.
10. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-100 ნაწილი ერთსა და იმავე პერიოდში შეძენილი ავტომობილების იმპორტისთვის უშვებს დაბეგვრის სხვადასხვა განაკვეთის განსაზღვრის შესაძლებლობას გადამზიდავი გემის სიჩქარისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის პერიოდის საფუძველზე. მოსარჩელის მტკიცებით, სხვადასხვა პორტიდან ერთდროულად დაძრული გემები, პორტიდან დაშორების მანძილის გათვალისწინებით, შესაძლებელია, საქართველოს პორტში სხვადასხვა პერიოდში შემოვიდნენ, ხოლო სადავო ნორმა დიფერენცირების მსგავს შესაძლებლობას არ ითვალისწინებს და ერთნაირ რეგულაციაში აქცევს 31 მარტის შემდეგ შემოყვანილ ყველა მსუბუქ ავტომობილს. მოსარჩელე აგრეთვე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს პირებს მათი ტრანსპორტის სამარშუტო გზის განსაზღვრის ნიშნით. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმა ძველი რედაქციით გათვალისწინებული სააქციზო განაკვეთების გამოყენების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს იმ იმპორტირებულ ავტომობილებზე, რომლებიც 2017 წლის პირველ მარტამდე შემოვიდა საქართველოში სახმელეთო/სარკინიგზო ან საჰაერო გზებით. სასარჩელო არგუმენტაციაში განმარტებულია, რომ მოსარჩელეს შეეძლო თურქეთში საკუთარი ავტომობილის კონტეინერიდან გადმოტვირთვა და 31 მარტამდე საქართველოში შემოყვანა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა ტრანსპორტის სახმელეთო გზით შემოყვანა და მასზე არ გავრცელდებოდა 2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი დაბეგვრის აქციზური განაკვეთები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აგრეთვე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლს და მასზე არ უნდა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის სააქციზო განაკვეთები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ევალება იმ მტკიცებულებების მოყვანა, რომელთა საფუძველზეც დასტურდება სარჩელის საფუძვლიანობა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. N1226 კონსტიტუციურ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულების, 309-ე მუხლის მე-100 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა. მოსარჩელე სადავო ნორმების კონსტიტუციურობას ასაჩივრებს იმდენად, რამდენადაც მიიჩნევს, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე მოქმედი აქციზის განაკვეთი.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-100 ნაწილი წარმოადგენს აღმჭურველ ნორმას და განსაზღრავს რა ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი ავტომობილის დაბეგვრა საგადასახადო კოდექსის ცვლილებებამდე არსებული განაკვეთის შესაბამისად. ამისათვის ნორმა აწესებს შემდეგ წინაპირობებს: ა) ავტომობილი შემოტანილი უნდა იყოს საზღვაო ტრანსპორტით; ბ) მისი ტრანსპორტირება უნდა დაიწყოს 2016 წლის 31 დეკემბრამდე; გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ უნდა იქნეს 2017 წლის 31 მარტამდე. სადავო ნორმა არ განსაზღვრავს რა განაკვეთით უნდა გადაიხადონ აქციზი მოსარჩელის კატეგორიაში მყოფმა პირებმა, რომელთა მიერ ავტომობილის საქართველოს საბაჟოზე ტერიტორიაზე შემოტანა მოხდა 2017 წლის 31 მარტის შემდგომ. შესაბამისად, ნორმა არ წარმოშობს რაიმე ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ და მას არ გააჩნია ის შინაარსი, რასაც მოსარჩელე ხდის სადავოდ. აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. თუ იგი მიიჩნევს, რომ მასზე არ უნდა გავრცელდეს რომელიმე საგადასახადო განაკვეთი, მაშინ მან საგადასახადო კოდექსის ის ნორმა უნდა გაასაჩივროს, რომელიც სადავო საგადასახადო ვალდებულებას ადგენს და არა ამ ვალდებულებისგან გათავისუფლების ან/და შემცირების საფუძვლის მარეგულირებელი წესი.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N1226 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მისი არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1226 („საქართველოს მოქალაქე გიორგი ცინცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა