საქართველოს მოქალაქე გიორგი ცინცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1226 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ცინცაძე |
თარიღი | 22 მაისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელის წარდგენისას დაცულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები:
ა) წინამდებარე სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და შედგენილია შესაბამისი ფორმით;
ბ)სარჩელი შემოტანილია იმ პირის მიერ ვისაც „საქართველოს კონსტიტუციისა“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად აქვს საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება. კერძოდ, საქართველოს მოქალაქის მიერ, რომელსაც მიაჩნია, რომ უშუალოდ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლება;
გ) სარჩელში მითითებული საკითხი ექვემდებარება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტას;
დ) სარჩელში მითითებული საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდე არ მიუღია გადაწყვეტილება;
ე) გასაჩივრებულია ნორმატიული აქტის კონკრეტულად ის მუხლები და პუნქტები, რომლებმაც არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას;
ვ) არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის ვადა;
ზ) სარჩელი ეხება საქართველოს კანონს „საქართველოს საგადასახადო კოდექსს“ და შესაბამისად, არ დგას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის საკითხი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 309-ე მუხლი. გარდამავალი დებულებანი; ნაწილი 100; პუნქტი „ა“; სიტყვების: „ავტომობილის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო 2017 წლის 1 იანვრამდე და იგი საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა;“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 38-ე მუხლებთან.I. 2016 წლის 20 დეკემბერს ინტერნეტის საშუალებით იაპონიაში გამართულ საავტომობილო აუქციონზე პირადი სარგებლობის მიზნით, შევიძინე მერსედეს ბენცის მარკის მსუბუქი ავტომობილი (საჭე _ მარცხნივ; ძრავის მოცულობა _ 3700სმ3; გამოშვების წელი - 2003; საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი _ WDB220067-1A354166). შეძენილი ავტომობილის საფასური (4 486 აშშ დოლარი) გადავიხადე თი-ბი-სი ბანკის საშუალებით 2016 წლის 21 დეკემბერს (გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი თან ერთვის). აღნიშნული ავტომობილის ტრანსპორტირება (სახმელეთო) დაწყებულ იქნა 23 დეკემბერს. ხოლო, უკვე 2016 წლის 24 დეკემბერს შევიდა და დარეგისტრირდა იაპონიის ქ. ოსაკას პორტში. საშობაო დასვენების დღეების და პორტში არსებული „საავტომობილო რიგის“ გამო ავტომობილის კონტეინერში ჩატვირთვა და გემზე განთავსება ვერ მოესწრო დეკემბრის თვის დარჩენილ დღეებში. იმავე მიზეზების გამო, აღნიშნული ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თარიღია 2017 წლის 11 აპრილი (წყარო www.msc.com). ზემოაღნიშნული ავტომობილის იმპორტზე, 2017 წლის პირველ იანვრამდე ძალაში მყოფი კანონით განსაზღვრული აქციზის განაკვეთით (0,7ლ) გადასახდელი იყო 2590 ლარი (3700 სმ3 X 0,7 ლ), დღეს მოქმედი კანონის რედაქციის მიხედვით კი განისაზღვრება გაზრდილი განაკვეთებით და ნაცვლად 2590 ლარისა იქნება 7770 ლარი (3700 სმ3 X 2,1 ლ), რაც ზუსტად სამჯერ მეტია ჩემს მიერ წინასწარ გაანგარიშებულ მოსალოდნელ ხარჯზე. ამასთან, ზემოაღნიშნული აქციზის გადასახადებს შორის სხვაობის - 5180 ლარის, დასაფარად, თანხის არ ქონის გამო, მომიწევს საბანკო სესხის აღება, რაც შესაბამისად, გაზრდის ამ ისედაც მოულოდნელ და გაუთვალისწინებელ ხარჯს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ: ა) ავტომობილი შეძენილი მქონდა კანონის გამოქვეყნებამდე და წინასწარ არ ვიყავი საქმის კურსში, რომ მარცხენასაჭიანი მანქანებისთვისაც იგეგმებოდა აქციზის მატება; ბ) ჩემ მიერ ნაყიდი ავტომობილი იაპონიის პორტში რეგისტრირებული იყო 24 დეკემბერს (ანუ 2017 წლის 1 იანვრამდე); გ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არ იყო ჩემზე დამოკიდებული (არამედ გადამზიდავი კომპანიის ფუნქციაა და დაკავშირებულია მათი გემების მოძრაობის გრაფიკთან); დ) განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის ინიცირების მთავარი მოტივი იყო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება (დამატებით გაცნობებთ, რომ ჩემს მიერ შეძენილი ავტომობილი არის იდეალურ მდგომარეობაში (იაპონური საექსპერტო შეფასება _ 4,5 A; გარბენი _ 61 ათასი კმ) და შეესაბამება ეკოლოგიური უსაფრთხოების Euro4-ის სტანდარტს); ე) ფიზიკურად არ მაქვს გაზრდილი აქციზის დასაფარი თანხა და მიწევს სესხის აღება; მიმაჩნია, რომ ხდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის საკუთრების ხელშეუვალობის დარღვევა. კერძოდ, კანონში ცვლილებები, გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა, მას შემდეგ, რაც ავტომობილის შეძენის თანხა უკვე სრულად იყო გადარიცხული. საგადასახადო კოდექსის ბოლო რედაქციამ კი, დამაყენა ფაქტის წინაშე და კეთილსინდისიერი მესაკუთრე საკუთრებაზე მფლობელობის სრულყოფილად განხორციელებისთვის, ვალდებული ვარ აქციზის გადასახადისთვის ნავარაუდევი 2590 ლარის ნაცვლად გადავიხადო 7770 ლარი.
II. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ჩემ მიერ გასჩივრებული ნორმის შეუსაბამობის განხილვა კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ ნაწილთანაც. ვინაიდან, კოდექსის 309 მუხლის მე-100 ნაწილი ერთი და იგივე პერიოდში შეძენილი ავტომობილების იმპორტისთვის უშვებს დაბეგვრის სხვადასხვა განაკვეთების მიყენების შესაძლებლობას გადამზიდავი კომპანიის გემის სიჩქარისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის პერიოდის მიხედვით. კერძოდ, სხვადასხვა პოტიდან (მაგ. ჩრდილოეთ ამერიკიდან და ევროპიდან) ერთდროულად დაძრული გემები, დიდი ალბათობით სხვადასხვა დროს შემოდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. შესაბამისად, თუ ზოგიერთი მათგანი 2017 წლის 31 მარტამდე შემოვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენები 31 მარტის შემდეგ, ამ უკანასკნელთა ბორტებზე განთავსებული ავტომობილების იმპორტზე აქციზის გაცილებით მაღალი განაკვეთები იმოქმედებს. უფრო მეტიც, არა თუ სხვადასხვა კონტინენტიდან და სხვადასხვა პორტიდან, არამედ, ერთი და იგივე პორტიდან საქართველოს მიმართულებით ერთ დღეს გამოსული ორი გემიც კი, შესაძლებელია მათი სიჩქარისა და მარშრუტის გათვალისწინებით, სხვადასხვა პერიოდში შემოვიდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ დაბეგვრისას სხვადასხვა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, განაკვეთებით დაბეგვრის რეჟიმში აღმოჩნდებიან საქართველოს მოქალაქეები. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 30 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში აღნიშნული „საზღვაო გზით ტრანსპორტირების დაწყების“ თარიღის განსაზღვრის პირობები. შესაბამისად, მინისტრის ბრძანება ადგენს გადასახადის შემოღების წესს, რაც მხოლოდ კანონით უნდა იყოს განსაზღვრული. აქედან გამომდინარე აღნიშნული ბრძანებაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილთან. ასევე, კანონი არათანაბარ პირობებში აყენებს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრულ თარიღამდე (01/04/2017) ერთი და იგივე პერიოდში შემოსვლის შემთხვევაშიც იმის მიხედვით თუ ავტომობილის შემოტანა რა სახის ტრანსპორტით ხდება. კერძოდ, კანონის ნორმა ითვალისწინებს 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო ტარიფების გავრცელების შესაძლებლობას პირველი იანვრის შემდეგაც, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ავტომობილის ტრანსპორტირება მოხდა გემით და საქართველოს საბჟო ტერიტორიაზე შემოვიდა საზღვაო გზით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ვინმე საჰაერო, სარკინიგზო ან სახმელეთო გზებით/ტრანსპორტირების საშუალებებით შემოიტანს ავტომობილს, აღმოჩნდება უარეს ეკონომიკურ ვითარებაში საზღვაო ტრანსპორტირებით მოსარგებლე ავტომფლობელებთან შედარებით. ჩემ შემთხვევაში, იყო ვითარება, როცა შესაძლებელი იყო ავტომობილის ტრანსპორტირების დაჩქარება და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირველ აპრილამდე შემოტანა. კერძოდ, შესაბამის გადამზიდავ კომპანიასთან შეთანხმებით, კონტეინერის თურქეთის ტერიტორიაზე (სადაც კონტეინერი ჩამოიტვირთა 24 მარტს) გახსნის შემთხვევაში, იქიდან სახმელეთო გზით ავტომობილის თავისი სვლით წამოყვანით, ერთი დღის ვადაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. თუმცა, ამ შემთხვევაში კანონი არ იძლეოდა შეღავანი (1 იანვრამდე მოქმედი) ტარიფით დაბეგვრის განხილვის შესაძლებლობას, ტრანსპორტირების სახეობის და ტერიტორიაზე სახმელეთო გზით შემოსვლის გათვალისწინებით. შესაბამისად, ვფიქრობ მიღებული კანონით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. კერძოდ, კი 38-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური თანასწორობის უფლება.
მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში მყოფი განაკვეთები არ გავრცელდეს იმ ავტომობილებზე, რომლებიც შეძენილია შესაბამისი კანონის გამოქვეყნების თარიღამდე (23/12/2016), მიუხედავად მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ფორმისა და თარიღისა. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა