საქართველოს მოქალაქე მალხაზ გობოსაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1211 |
ავტორ(ებ)ი | მალხაზ გობოსაშვილი |
თარიღი | 28 აპრილი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
2007 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ”. კანონით დადგინდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწების საკუთრებაში გადაცემის პროცედურა, მაგრამ რატომღაც კანონით ასევე დადგინდა თვითნებურად მითვისებული მიწების საკუთრებაში გადაცემა სიმბოლურ ფასად მიწების მიმთვისებლებზე, ანუ მიწის ქურდებზე. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს პარადოქსული კანონი მაშინდელმა ხელისუფლებამ “გამოიგონა” იმჟამად აგორებული საპროტესტო ტალღის ჩასაქრობად. მართლაც, თავისი შინაარსით, ეს კანონი სხვა რააფერია იყო, თუ არა სახელმწიფო რესურსის (მიწის) დატაცების ლეგალური საშუალება, რომელიც ამავდროულად, ამომრჩევლის და პოლიტიკური აქტივის “კანონიერად” მოსყიდვის საშუალებაც იყო. საკრებულოს მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიამ, შექმნის დღიდან, 2007 წლიდან გაანიავა სახელმწფოს რესურსი და აშკარად კორუფციული საქმიანობით იყო დაკავებული, ამას მოწმობს აუდიტის სამსახურის დასკვნები, მაგრამ აბა თავის თავს ხომ არ დასჯიდნენ ? ეს უპრეცედენტო საკანონმდებლო-ბიუროკრატიული კრიმინალი დღემდე გრძელდება. მე შევისწავლე 2015-16 წლეში თბილისის მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის აქტები, აღმოჩნდა, რომ 2015-16 წლებში “დაკანონებული” მიწებიდან არცერთი არ იყო 2007 წლამდე უნებართვოდ დაკავებული. ასევე ვერ ვნახე ვერცერთი შემთხვევა მრავალშვილიანის, ბავშვთა სახლის აღსაზრდელის, ინვალიდის თუ სხვა ამგვარ კატეგორიაზე მიწის გაცემისა, უმრავლეს შემთხვევაში ხდება “საქმოსან მიწის ქურდებზე” მიწების გაჩუქება. პარადოქსია, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ კომისიას მიწა საკუთრებაში გადაუცია ისეთებისთვისაც, ვისაც მანამდე ორჯერ ჰქონდა მიწა “დაკანონებული” კომისიით. ასევე, ხშირია მიწის გადაცემის ფაქტები რაიონებდიან თბილისში ჩამოსულთათვის, რომელთაც თბილისთან იურისდიქციული შეხება არ გააჩნიათ (არც რეგისტრირებულნი იყვნენ და არც უძრავი ქონება ჰქონდათ საკუთრებაში). ძირითადად კი მიწები “დაკანონებულია” შეძლებული ოჯახებისათვის და არა, ინვალიდებისათვის, მრავალშვილიანებისათვის, გაჭირვებულებისათვის და ა.შ. სამარცხვინოა, როცა არ მოქმედებს მრავალშვილიანთა, ომის ინვალიდთა, ბავშვთა სახლების აღზრდილთა (რომელთაც წასასვლელ არსად აქვთ) საბინაო მოწყობისათვის მიწის საკუთრებაში გადაცემის სახელმწფო პროგრამა, სამაგიეროდ სახელმწფო საკანონმდებლო დონეზე ზრუნავს მიწის ქურდებზე და ასაჩუქრებს მათ ნაქურდალი მიწით! ყველაზე აღმაშფოთებელი სწორედ ესაა, ამ მიწის ქურდების მიმართ შესაბამისი ორგანოები რატომღაც სანქციას არ მიმართავენ. ეს მიწებზე მონადირენი უზრუნველყოფილი და ,,დაცული’’ ხალხია, რადგანაც ასე ხელაღებით უბრალო მოქალაქე ვერ გაბედავს მიწის აშკარად მიტაცებას და კაპიტალურად შემოღობვას, ეს სამართალდამრღვევნი სწორედ რომ ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან დაახლოვებული პირები ან სულაც მათი ‘შემსრულებელნი” არიან და მიწის შემოღობვის მერე არხეინად ელოდებიან, თუ როდის გადასცემენ მათ სიმბოლურ ფასად მიტაცებულ მიწებს საკუთრებაში. მრავალწლიანი პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე ცხადი ხდება, რომ ამ პარადოქსული კანონით დაკანონდა აშკარა კორუფციული “ისტიტუტი”, თუკი გადაამოწმებთ და შეისწავლით კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, გამოჩნდება, რომ, კომისია საკითხებს აკმაყოფილებს სუბიექტური შერჩევით, კორუფციულ საწყისებზე, და არა ობიექტური ჰუმანური კრიტერიუმებით. ჩემს საადვოკატო პრატიკაში მე არ მქონია არცერთი(!) შემთხვევა, რომ კომისიას უნებართვოდ დაკავებული მიწა საკუთრებაში გადაეცა მოქალაქისათვის. ამავდროულად კი მავან განმცხადებლებს პირველივე განაცხადზე უკმაყოფილებს განაცხადებს და ძალიან ძვირად ღირებული მიწას ერთ კვ.მეტრს 5 ლარად უკანონებს, და ხშირად რამოდენიმე ნაკვეთიც კი აქვთ საკანონებული ერთი ოჯახისათვის. რატომ თანხმდება მიწის კომისია ძვირადღირებული მიწის დიდი ფართობების თითქმის უფასოდ მავანისათვის საკუთრებაში გადაცემას ? რატომ ფლანგავს იგი სახელმწფოს რესურსს ? ამ კითხვას პასუხს სცემს კომისიის გადაწყვეტილებების შესწავლა და თქვენ აღმოაჩენთ, რომ ხდება სახელმწფოს მიწების გაჩუქება მიწის ქურდებზე, რადგანაც მიწის უნებართვოდ დაკავება სხვა არაფერია თუ არა მიწის ქურდობა. ნაქურდალით დაჯილდოვებული მიწის ქურდები კი შემდგომ ამ მიწებს ან მალევე ყიდიან სხვა პირებზე, ან იქ კორპუსს ან კომერციულ ფართებს იშენებენ და სოლიდურ მოგებას ნახულობენ და ცხოვრებას იწყობენ სხვა კანონმორჩილი მოქალაქეების ხარჯზე, რომელთა “ნაკლი” მხოლოდ ისაა, რომ მათ არ უკადრიათ მიწის ქურდობა. მეგონა რომ, 2007 წლამდე მითვისებული მიწებით მიმთვისებლების დასაჩუქრებით ამოიწურებოდა ამ კანონის მოქმედების პოტენციალი და შეწყდებოდა ეს უკანონობა, მაგრამ... სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამაც კარგად მოირგო ეს კანონი და ნაცვლად იმისა, რომ მიწის უნებართვოდ მითვისებაზე სანქცია დაეწესებინა, უფრო ‘;გააუმჯობესა” ეს მექანიზმი და იწყო მიწის უკანონოდ მიმთვისებელთა წახალისება, მათ საერთოდ დაივიწყეს კანონის დანაწესი რომ ლეგალზიებას ექვემდებარებოდა მხოლოდ 2007 წლმდე უნებართვოდ დაკავებული მიწები და აშკარა სუბიექტურობით ახდენდნენ მიწების განიავებას. დავრწმუნდი, რომ ეს ჯგუფი თანდათან ჩამოყალიბდა ორგანიზებულ სინდიკატად, მათმა ლობიმ პარლამენტში სცადა ცვლილების გატანა კანონში ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ”, რომლითაც თარიღი “2007 წლის 1 იანვრამდე” – უნდა შეცვალათ 2013, მერე 2014 წლით, მაგრამ ეს საკანონმდებლო თავხედობა ვერ გავიდა საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გამო. მაგრამ მათ ეს გააკეთეს უფრო მოხერხებულად და შეუმჩნევლად, თანაც კეთილშობილური კანონის საფარქვეშ. 2016 წლის 31 ივნისს პარლამენტმა მიიღო კანონი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ. კანონმა მართლაც საჭირო იყო 1990-იან წლებში სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმით დარიგებული მიწების დოკუმენტაციის ხარვეზიანობით შეწუხებულ სოფლის მოსახლეობისათვის, მაგრამ მის საფარველქვეშ, მიწის ქურდობის გასაადვილებლად მოფიქრებული იქნა მორიგი საკანონმდებლო აფერა: მუხლი 9. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება 1. თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია. 2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებამდე მოუსმინოს შუამდგომლობის ავტორს. როგორც ვხედავთ, კანონის ეს ნორმა იმპერატიული ტონისაა, იმპერატიულად უთითებს მიწაზე საკუთრების აღიარების კომისას რომ 10 დღეში განიხილოს უნებართვოდ მითვისებულ მიწების დაკანონებაზე არსებული განაცხადები, თითქოს ეს სახელმწფო პროექტის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის სრულყოფის შესასრულებელი აუცილებლობაა. სწორედ ამან გამოწვია ნამდვილი ბუმი მიწის ქურდებისა ! მათ საერთოდ დაავიწყდათ რომ სპეციალურ კანონით აღიარებას ექვედმებარება 2007 წლამდე მითვსიებული მიწა, ეს იმპერატივი ოსტატურად მიიჩქმალა ახალი კანონის ნორმით, ახლა ხდება თუნდაც გუშინ მითვისებული მიწების აზომვა, რეესტრში წარდგენა დ რეესტრს კანონით აქვს უკვე ვალდებულება უნებართვოდ მითვისებული მიწის შემთხვევაში განცხადება გადაუგზავნოს აღიარების კომისას. ამ კანონის ამოქმედებისთანავე კომისია დაექვემდებარა მერიას და მერიის კონტროლის ქვეშ კომისიის გადასვლამ კიდევ უფრო წაახალისა მიწის ქურდები, ახლა უკვე კვირაში ორჯერ ხდება კომისიაში მათი დასაჩუქრება ნაქურდალი მიწებით. მიწების მიმტაცებლები, მიწების უკვე მასიურად ღობავენ და გადაავსეს გარეუბნები ფიცრულ ქოხებით, ცხადია შემდგომში ამ მიწების კომისიის მეშვეობით ლეგალიზების განზრახვით. ამის შემდგომ უკვე აშკარად და დაუფარავად ხდება მიწების მითვისება, და იქ უსახური ფარდულების ჩადგმა თითქოს იქ კაპიტალური ნაგებობა დგას. მიწის კომისიის ამჟამინდელი საქმიანობა - ეს არის კლასიკური მაგალითი სახელმწფოებრივი „დაკანონებული“ კორუფციისა, კომისიის 80% გადაწყვეტიულებებისა ესაა აქტები, რომლითაც მიწები ურიგდება სწორედ მოქმედი ბიუროკრატიის „აქტივს“. პარადოქსია მაგრამ ესაა ერთადერთი შემთხვევა მსოფლიოში და მხოლოდ საქართველოში გამოიგონეს ეს სამარცხვინო კანონი, რომლითაც მიწის ქურდებს აქვთ მიწის დაკანონების პრივილეგია ! და ეს მაშინ, როცა არ არსებობს არანაირი სახელმწფო პროგრამა ინვალიდების, ბავშვთა სახლების ბინადრების, მრავალშვილიანების, და სხვა გაჭირვებული ადამიანების სულ მცირედი მიწის ნაკვეთით წახალისებისა. როგორც მოგახსენეთ, 2007 წლმდე უნებართვოდ დაკავებული მიწის ფონდი „წარმატებით“ იქნა „ათვისებული“ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, ამიტომ ახლა ყველგან მიმდინარეობს გამალებული მიწების შეღობვები, რაზედაც ზედამხედველობის ადმინისტრაციული ორგანოები არ რეაგირებენ, რადგანაც ეს “შეთანხმებულია” მერიის და გამგეობის სამსახურებთან. მავანი დღისით მზისით ღობავს გზისპირას მიწას, შიგნით აშენებს ფარდულს, და ამ დროს ზედამხედველობის სამსახური არ რეაგირებს, აძლევს მას უფლებას კარგად აღიჭურვოს კანონისმიერი ფომალობებით, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ არსებობს 2005, 2007, 2010, 2014 წლების არეოფოტოგადაღეები, საიდანაც აშკარად ჩანს რომ 2007 წელს ეს მიწა არ იყო მითვისებული, ამაზე კომისია თვალს უხუჭავს და ვითომ ვერ ხედავს, რომ მიწა სულ ახლახან იქნა მითვისებული. ამ გზით მიწის ქურდების სინდიკატმა უკვე დაიბევა ათასობით მიწის ნაკვეთი თბილისში და ცხადია მთელს საქართველოშიც, მას სახელმწფო ვერც კი განკარგავს საბაზრო ფასადაც კი. ჩავატაროთ ექსპერიმენტი და ერთ-ერთი უნებართვოდ დაკავებული მიწის საბაზრო ფასად შესყიდვაზე მიმართეთ თბილისის მერიას, პასუხად მოგწერენ, რომ თურმე ამ მიწის განკარგვა საბაზრო ფასად არ შეიძლება იმიტომ რომ ის უნებართვოდ არის დაკავებული და მიმდინარეობს საკუთრების აღიარების პროცესი, აღიარების საფასური კი დაახლოებით კვ.მ 5 ლარია, როცა რიგ შემთხვევევაბში მისი საბაზრო ფასი შეიძლება 500 ლარი და მეტიც კი იყოს. უნდა შეწყდეს მიწის მიმტაცებლებისათვის ყველა ჩვენთაგანის საერთო ქონების - მიწის მიზერულ ფასად საკუთრებაში გადაცემა. მონაკლისი უნდა იყოს მხოლოდ ისინი, ვისაც კანონიერ საკუთრებაში არსებული მიწის(ეზოს) მიმდებარედ მიწა აქვთ შემოკავებული და განაშენიანებული კაპიტალური ნაგებობებით 2007 წლამდე, ისიც მხოლოდ მიწის საბაზრო ფასის გადახდის შემთხვევაში. რადგანაც სახელმწფოსთვის უფრო ეკონომიურია ამ ფორმით პრდაპირ განკარგოს მიწა, ვიდრე აუქციონზე გაიტანოს და ისე განკარგოს, რადგანაც ასეთი მიწები ყოველთვის განიკარგება მშენებლობის შეზღუდვით, რითაც ის პირი ვისი საკუთრების მიმდებარედაც მდებარეობს, მაინც ის არის ხოლმე ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებულიც, ამიტომ აუქციონების მოწყობას ჯობია, რომ ექსპერტიზის მიერ დადგენილი საბაზრო ფასით მას კომისიამ პირდაპირ უღიაროს საკუთრების უფლება. ჩემს მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოებისხ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, რადგანაც მასში მითითებული არცერთი სადავო ნორმის საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებული ნორმებით პირდაპირ ილახება კეთილსინდისიერ მოქალაქეთა ინტერესები და კონსტიტუციით გარანტირებული ყველას თანასწორობის პრინციპი. ანუ რა გამოდის, მოქალაქეები, რომლებმაც არ ვიკადრეთ სამართალდარღვევის ჩადენა და მიწებს თვითნებურად არ ვიტაცებდით, ვერ ვღებულობთ ვერაფერს სახელმწიფოსგან, (გარწმუნებთ, სახელმწფოსაგან მიწის აუქციონზე გამოტანა და ისე ყიდვაც კი ურთულესი ბიუროკრატიული პრობლემაა), ხოლო ამ დროს სამართლადამრღვევნი, რომელნიც ღობავდნენ და ახლაც ღობავენ მიწებს და უნებართვოდ ისაკუთრებენ, კანონით პრივილეგირებულნი არიან და საჩუქრდებიან სახელმწფოსაგან ნაქურდალი მიწით. გასაჩივრებული კანონით დარღვეულია კონსტიტუციის 14 და 38 მუხლებით დადგენილი თანასწორუფლებიანობის ბალანსი კეთლისინდისიერ მოქალაქესა (რომელსაც მიწა არ მიუთვისებია) და მიწის მიმთვისებელს (სამართალდამრღვევს შორის) და უფრო მეტიც, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ კანონი პრივილეგიას ანიჭებს მიწის ქურდს (სამართალდამრღვევს) და არა კეთილსინდისიერ მოქალაქეს, რამეთუ გასაჩივრებული კანონით მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ერთადერთი კრიტერიუმია მიწის უნებართვოდ დაკავება, ანუ მიწის ქურდობა, ხოლო ვინც არ ვართ მიწის ქურდები, მათთვის მიწების გადაცემას კანონი არ ითვალისწინებს და არანაირი შეღავათით არ ვსარგებლობთ. გასაჩივრებული კანონებით დაკანონებულია კეთილსინდისიერი მოქალაქის დისკრიმინაცია, ხოლო არაკეთილსინდისიერი - მიწის მიმთვისებელი მოქალაქე კი პრივილეგირებულია მასთან შედარებით. ამის საილუსტრაციოდ უნდა მოგიყვანოთ მაგალითი: კეთილსინდისიერი მოქლაქე - ელენე ფარულავა, რომელსაც მიწა არ მიუთვისებია: ელენე ფარულავა, დაიბადა 1973 წლის 05 დეკემბერს. ჯერ კიდევ დაბადებამდე თავისუფლების აღკვეთის ადგილზე გარდაეცვალა მამა, მალევე მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო გარდაეცვალა დედაც. ამიტომ ჯერ მოათავსეს ბათუმის ჩვილ ბავშვთა სახლში, ხუთი წლის ასაკში გადაიყვანეს სურამის დიმიტროვის სახელობის ბავშვთა სახლში, შემდგომ კი ავადმყოფობის გამო გურჯაანის ცერებრალური დამბლითა და ნარჩენი მოვლენებით დაავადებულ ბავშვთა სპეციალიზირებულ სკოლა-ინტერნატში, რომელიც დაამთავრა 1992 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო დ. აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტის გურჯაანის ფილიალში, ჯანდაცვის, ტურიზმისა და კურორტმენეჯმენტის სპეციალობაზე. 1994 წელს აღნიშნული ფაკულტეტი გაუქმდა, ამიტომ როგორც ობოლი ინვალიდი უფასოდ ჩარიცხეს თბილისის საშუალო-სპეციალურ სამედიცინო სასწავლებელში, პარალელურად სამუშაოდ მიმიღეს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად და რადგანაც საცხოვრებელი არ გააჩნდა საავადმყოფოს დირექციამ საავადმყოფოშივე საკუჭნაო ოთახში დააბინავა. 1996 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ იქვე მუშაობა დაიწყო მედდად და ცხოვრობდა ამ საკუჭნაოში. 2006 წელს რესპუბლიკური საავადმყოფო დაიკეტა რემონტზე და რის გამოც ელენე დარჩა თავშესაფრის გარეშე. მალევე მუშაობა დაიწყო შპს “კატასტროფების ცენტრის” საწრაფო დახმარების მანქანაზე და მორიგეობებს შორის ღამეებს სასწრაფოს მანქანაში ათევს. ცხოვრობს თანამშრომლებთან მორიგეობით. ამჟამადაც პრაქტიკულად "საველე" პირობებში უწევს ცხოვრება. 1992 წლიდან დღემდე უწვეტად ცხოვრობს თბილისში, სამსახურის ადგილის მიხედვით (საბურთალო) აქვს აღებული პირადობის მოწმობა, მისამართის გარშე. მიუხედავად იმისა, რომ ელენე ბავშვობიდან ინვალიდი, ბავშვტა სახლის აღზრდილი უსახლკარო, მისთვის კანონმა არ იზრუნა და მცირედი მიწის ნაკვეთის პერსპექტივაც კი არ დააწესა, რატა ობოლმა ინვალიდმა პატარა საცხოვრებელი სადგომი მაინც აიშენოს.
ვინმე მიტუშა მაჭარაშვილი, რომლისთვისაც მიწების მითვისება უკვე “პროფესიაა“:
მიტუშას საკუთრებაში აქვს: საცხოვრებელი ბინა თბილისში (01.12.02.04.009.01.60); საცხოვრებელი ბინა თბილისში (01.17.14.002.021.01.023); მანსარდი თბლისში 76 კვ.მ (01.17.14.002.021.01.057); კომერციული ფართი 9 კვ.მ (ოჯახის წევრზე) (01.17.14.003.007); ავტოფარეხი(01.17.14.002.021.10.500); 655 კვ.მ მიწის ნაკვეთს თემქაზე (01.17.14.002.021.01.023), რომელიც მას ასევე უნებართვოდ დაკავების გზით 2005 წელს აქვს „ლეგალიზებული“ სასამართლოს მიერ მიწის უნებართვოდ ფლობის ფაქტის დადგენის მავნე პრაქტიკით. აი ასეთი უძრავი ქონების პატრონს კომისიამ სრულიად უკანონოდ უფეშქაშა 995 კვ.მ (!) მიწა, მხოლოდ იმიტომ რომ ის არის მიწის ქურდი და ეხერხება კომისიასთან საქმის მოკვარახჭინებაც. არვიცი მიტუშას რა ღვაწლი გაითვალისწინა, მაგრამ მიწის კომისიამ 29.01.2015 წ. #10199 გადაწყვეტილებით მიტუშა მაჭარაშვილს საკუთრებაში გადასცა 965 (!) კვ.მ მიწა თემქაზე, ცენტრალური გზის პირას, რომლის ნორმატიული ფასი დაახლოებთ 40 000 ლარია, ხოლო საბაზრო ფასი ბევრად მეტი. აეროფოტოგადაღებიდან ჩანს, რომ 2010 წელს ეს ტერიტორია იყო გამწვანებული, მაჭარაშვილის მიერ მიწის მითვისება დგინდება მხოლოდ 2014 წლის აეროფოტოგადაღებაზე, თანაც არ უფიქსირდება არანაიარი კაპიტალური ნაგებობა. ანუ კომისიამ დააკანონა მიწა, რომელიც არ იყო 2007 წლამდე მითვისებული, და არც კაპიტალური ნაგებობა იდგა. თუმცაღა, მიწა 2007 წლმდეც რომ ყოფილიყო მითვისებული, გაუგებარი რჩება რა კრიტერიუმით გამოიჩინა კომისამ დისკრეციული ლოიალობა. როცა საკითხის განხილვის მომენტში მას საკუთრებაში ჰქონდა რამოდენიმე უძრავი ქონება. ამ ფაქტზე მე იანვრის დასაწყისში ვაცნობე თბილისის მიწის კომისიას, რომელმაც თავი იმით იმართლა, რომ ამ მიწაზე ჰქონდა ნაგებობებიო, მაგრამ თუკი ნახავთ თუ რა არის ეს ნაგებობები, აღმოაჩენთ რომ ესაა ძაღლის თუ ღორის სადგომი “ბუდკები”, რომლებიც მიტუშამ სპეციალურად ააგო რომ დაეკმაყოფილებინა კანონის ფორმალური დანაწესი, თითქოს მითვისებულ მიწაზე კაპიტალური შენობა დგას. გარდა ამისა კომისიიდან მიტუშას მყისიერად შეატყობინეს, რომ ამ ფაქტით ვიღაც დაინტერესდა და მიტუშამ როგორც კი შეიტყო, ეს მიწა გაყიდა 2017 წლის თებერვალში, და გაყიდა ცხადია საბაზრო ფასად და არა იმ მიზერულ ფასად რა ფასადაც კომისიამ უფეშქაშა. სარჩელზე თანდართულ მინიშნებაზე აღნიშნული მაქვს მიტუშა მაჭარაშვილის მიერი კუსტარულ ფიცრული ნაგებობებზე „მიბმული“ და კომისიის დახმარებით მითვისებული 965 კვ.მ მიწა (01.12.02.002.139), გზის პირას, (კომერციული დანიშნულების), რომელიც შემდგომ მან განკარგა ვინმე კვიციანზე. და მეტიც, გვერდით მიითვისა (მან ან კვიციანმა) კიდევ დამატებით მიწის ნაკვეთი, (01.12.02.002.177), სულ ახლახან და რომელიც ასევე გატანილია სალეგალიზიებოდ მიწის მიმთვისებლის მიერ და ელდოება „კანონიერად“ „დაკანონებას“. 2010 წლის ორთოფოტოზე კარგად ცანს რომ იქ იყო გამწვანებული ხე ბუჩქნარი, და არანაირი ნაგებობა არ იდგა. თუმცაღა გაუგებარი რჩება რატომ გამოიჩინა კომისამ ასეთი გულუხვობა და ამ „ბუდკების“ არსებობის საბაბით, რომელთა ფართობი ალბათ 20 კვ.მ-საც არ აღემატება, რატომ დაუკანონა 995 კვ.მ მიწა და არა მგალითად 200 კვ.მ, ან თუნდაც 300 კვა.მ ? რა ვალი ჰქონდა კომისიას მიტუშასი ? განა 300 კვ.მ რომ დაეკანონებინა დაარღვევდა რამეს ? არა, ეს კომისიის დისკრეციაა, მას არანაირი იმპერატიული ვალდებულება არ აქვს, მითუმეტეს უზრუნველყოფილი მოქალაქეების მიმართ. მაგრამ კომისია გულუხვია სწორედ კოლექტიური „მიტუშების“ მიმართ, და არა კეთილსინდისიერი მოქალაქეების მიამრთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კომისიაში მიმართვის უფლება მხოლო მიწის ქურდებს აქვთ და არა კეთილსინდისიერ მოქალაქეებს, მიწის კომისიები არის მიწის ქურდების ბენეფისის ადგილი. აი ასე გამდიდრდა კეთილსინდისიერი მოქალაქის ელენე ფარულავს მსგავსი მოქალაქეების ხარჯზე მიტუშა და მდიდრდებიან და ცხოვრებს იწყობენ მრავალი მისნაირები, მხოლოდ იმიტომ, რომ კანონმა ისინი წაახალისა პრვილეგიით, რომელის ფილოსოფიაც მარტივ ენაზე შემდეგია - „მიითვისე მიწა და დაიკანონებ, ხოლო ვინც არ მიითვისებს მას არაფერი ერგება“. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა