საქართველოს მოქალაქე მალხაზ გობოსაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/14/1211 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 8 სექტემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 სექტემბერი 2017 13:28 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მალხაზ გობოსაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით:
ა)„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის სიტყვების: „აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების“, მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის, „დ“ პუნქტის სიტყვების: „ან უსასყიდლო ფორმით“, „ე“ პუნქტის სიტყვების: „ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული)“, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ“ და მე-3 პუნქტის, მე-4 მუხლის, 51 მუხლის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, 32 პუნქტის, 41 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა;
ბ) „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის კონსტიტუციურობა.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1211) მიმართა საქართველოს მოქალაქე მალხაზ გობოსაშვილმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 8 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 8 სექტემბერს.
2. №1211 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონების გასაჩივრებული ნორმები ეხება ფიზიკური პირების მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, ასევე განსაზღვრავს აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოსა და აღიარების პროცედურას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობას სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით: „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
5. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმები საშუალებას აძლევს პირებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ლეგალიზაცია მოახდინონ, თუ ისინი არამართლზომიერად ფლობდნენ აღნიშნული მიწის ნაკვეთს 2007 წლამდე და აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი განსაზღვრავს არამართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კონკრეტულ კრიტერიუმებს, საკუთრების უფლების აღიარების კომისია უგულებელყოფს ამ ფაქტს და კანონის მოთხოვნების დაუცველად ახორციელებს სახელმწიფო მიწის გასხვისებას. ამასთანავე, მოსარჩელისათვის პრობლემას წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარებისათვის დაწესებული მიზერული ფასი, რომელიც ბევრად ნაკლებია მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებაზე.
6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, გასაჩივრებული ნორმები პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს იმ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სამართალდარღვევა, მიიტაცეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ პირებს შეუძლიათ, შეიძინონ საკუთრების უფლება არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე, ხოლო კეთილსინდისიერ მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები იმავე პროცედურით. სადავო ნორმები ხელს უწყობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის არამიზნობრივ განკარგვას, რაც აზარალებს თითოეული მოქალაქის ინტერესს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სახელმწიფო საკუთარი ქონების გასხვისებას ახდენს არა იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სახელმწიფო დახმარების მიღების რეალური საჭიროება გააჩნიათ, არამედ მათზე, ვინც ფინანსურად უზრუნველყოფილია. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ზრდის დისკრიმინაციის ხარისხს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა ცნოს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
9. მოსარჩელე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში მოყვანილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის საფუძვლიანობას, აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა კი იწვევს კონსტიტუციური სარჩელის ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ნაწილის არსებითად განსახილველად არმიღებას „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №1211 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონების რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებულია კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს „კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა“) (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-10). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასა და სადავო ნორმებს შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმები იწვევს დიფერენცირებას - არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას.
4. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ახდენს არამართლზომიერი ქმედების ჩამდენი და კეთილსინდისიერი პირების დიფერენცირებას. კერძოდ, ნორმების საფუძველზე დიფერენცირებულ მდგომარეობაში არიან, ერთი მხრივ, ის პირები, ვინც თვითნებურად, არამართლზომიერად დაიკავა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და, მეორე მხრივ, პირები, რომელთაც არანაირი უმართლობა არ ჩაუდენიათ. მოსარჩელე საკუთარ არგუმენტაციას ასევე იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ კანონის დარღვევით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გადაცემა ხდება იმ პირებისთვისაც, რომლებმაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაიკავეს 2007 წლის შემდგომ. მოსარჩელე ნორმების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად იმაზეც უთითებს, რომ მიწებზე საკუთრების აღიარება ხდება ფინანსურად უზრუნველყოფილი პირებისთვის და არა მათთვის, ვისაც ამის რეალური საჭიროება აქვს.
5. სადავო ნორმებიდან მომდინარე უფლების შეზღუდვისა და დიფერენცირებული მოპყრობის სათანადოდ იდენტიფიცირებისათვის, მნიშვნელოვანია მათ საფუძველზე მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის გაანალიზება. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირები, რომელთაც კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) თვითნებურად დაიკავეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, იძენენ შესაძლებლობას, რომ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების, მათ შორის, დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში მოიპოვონ საკუთრების უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე.
6. მოსარჩელის არგუმენტაცია მითითებულ შესადარებელ ჯგუფებსა და დიფერენცირებასთან დაკავშირებით ემყარება სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. მათ საფუძველზე დადგენილი რეგულირება უკავშირდება აღიარებას დაქვემდებარებულ მიწასთან დაკავშირებული კრიტერიუმების განსაზღვრას, იგი არ ახდენს პირთა რომელიმე ჯგუფის გამოყოფას და რაიმე ნიშნით მათ განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ჩაყენებას. სადავო ნორმებით გათვალისწინებული სარგებელი - სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება დამოკიდებულია არა პირთა რომელიმე ჯგუფისადმი მიკუთვნებაზე, არამედ - კონკრეტულ ქმედებებზე, სახელმწიფო ნაკვეთის დაკავებასა და კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია შეეხება დიფერენცირებას იმ პირებს შორის, ვინც დაიკავა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი და ვისაც ასეთი ქმედება არ განუხორციელებია. მოსარჩელე არ დავობს დიფერენცირებულ მოპყრობაზე იმ პირების მიმართ, ვინც მიწის ნაკვეთი დაიკავა 2007 წლის („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების) შემდგომ. მოსარჩელის არგუმენტაცია ამ კონტექსტში მიემართება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ არ უნდა მოხდეს იმ პირებისათვის საკუთრების უფლების აღიარება, რომლებმაც თვითნებურად დაიკავეს მიწის ნაკვეთი. ამდენად, მოსარჩელე დისკრიმინაციაზე მითითებით, ითხოვს მიწის ნაკვეთის აღიარებისთვის დადგენილი იმ პირობების გაუქმებას, რომლებიც ერთნაირია ყველა ფიზიკური პირისათვის. როგორც აღინიშნა, ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმები ნეიტრალურია პირთა ჯგუფების მიმართ და თანაბრად ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე, ვინც კანონით დადგენილი მოქმედებები (მიწის ნაკვეთის დაკავება, განსაზღვრული პროცედურის გავლა და ა.შ.) განახორციელა.
7. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის იმ არგუმენტს, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმებით ხდება მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილი პირებისათვის საკუთრების აღიარება და სახელმწიფო არ გადასცემს საკუთრებაში მიწის ნაკვეთებს იმ პირებს, ვისაც ფინანსური მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა ფაქტორის გამო ასეთი საჭიროება გააჩნია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმები ამ გარემოებების მიმართ ნეიტრალურია და ისინი არ განსაზღვრავენ საკუთრების უფლების გადაცემას მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილი პირებისთვის. რაც შეეხება შესაბამისი საჭიროების მქონე პირთათვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ უშუალოდ ის წარმოადგენს მსგავსი საჭიროების მქონე პირს და სადავო ნორმები ამგვარად ახდენს მის მიმართ დიფერენცირებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ მხოლოდ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ფიზიკური და იურიდიული პირების „Actio Popularis“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არ დაიშვება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხედველობაში მიიღოს და გაიზიაროს ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად წარმოდგენილი მოსარჩელის ეს არგუმენტიც.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1211 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონების გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
9. მოსარჩელე ითხოვს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონების გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
10. სარჩელში ჩამოყალიბებული პოზიციის მიხედვით, სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა და არღვევს 38-ე მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლით დაცულია საქართველოს იმ მოქალაქეთა თანასწორობის უფლება, რომლებიც განეკუთვნებიან უმცირესობებს, ამავე მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშნის მიხედვით. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი წარმოადგენს თანასწორობის უფლების დამცავ კონსტიტუციურ დებულებას, რომლის მიზანია „უმცირესობების დაცვა და უთანასწორობის დაუშვებლობა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
11. №1211 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ სადავო ნორმები მიმართულია უმცირესობის უფლებების შეზღუდვისკენ ან/და მოსარჩელე მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლში მითითებულ რომელიმე უმცირესობას და მისი დიფერენცირება ხდება ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული სადავო ნორმების შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1211 კონსტიტუციურ სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონების გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
13. №1211კონსტიტუციური სარჩელით ასევე მოთხოვნილია სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით. თუმცა კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე სადავო ნორმებს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის საწინააღმდეგოდ.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1211 კონსტიტუციურ სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონების გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა” და „ბ“ ქვეპუნქტების და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1211 („საქართველოს მოქალაქე მალხაზ გობოსაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა