საქართველოს მოქალაქეები - ეკატერინე აღდგომელაშვილი, ლინა ღვინიანიძე, სოფიკო ვერძეული, თამთა ნანიშვილი, ნანა სარალიშვილი და თამარ კორძაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/1215 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:12 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ეკატერინე აღდგომელაშვილი, ლინა ღვინიანიძე, სოფიკო ვერძეული, თამთა ნანიშვილი, ნანა სარალიშვილი და თამარ კორძაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის კოდების - № 45 00; 45 01; 45 02; 45 03; 45 06; 45 08; 45 09; 45 11; 45 12; 45 13 კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - თამარ კორძაია; მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - ეთერ გვრიტიშვილი, თამთა მიქელაძე და მარიამ ბეგაძე. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თინათინ ერქვანია და გიორგი ჩიფჩიური.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1215) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ეკატერინე აღდგომელაშვილმა, ლინა ღვინიანიძემ, სოფიკო ვერძეულმა, თამთა ნანიშვილმა, ნანა სარალიშვილმა და თამარ კორძაიამ. №1215 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 10 მაისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 2 ივნისს.
2. №1215 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 და მე–16 მუხლები.
3. “საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს. ამ მუხლის სადავოდ გამხდარი კოდები ითვალისწინებენ ბიუჯეტიდან განსაზღვრული ფულადი სახსრების გამოყოფას საქართველოს საპატრიარქოსთვის, სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტისთვის, ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისთვის, ა(ა)იპ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტისთვის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტისთვის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტისთვის, საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტისთვის, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებებისთვის, ა(ა)იპ – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტისთვის და ა(ა)იპ – ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისთვის.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია, მათ შორის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ “საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოსა და მისი ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსებით ხდება ჩარევა კონსტიტუციით გარანტირებულ მოსარჩელეთა უფლებებში. მოსარჩელეთა მტკიცებით, სახელმწიფო მათი შემოსავლიდან დაბეგრილ თანხას, მათი ნების გარეშე, მიმართავს კონფესიური მიზნების განხორციელებისკენ, რაც ეწინააღმდეგება როგორც მათ რწმენის თავისუფლებას, ისე საკუთრების უფლებასა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობის საყოველთაო პრინციპს.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ორი მოსარჩელე ბაპტისტია, ორი - ათეისტი და აგნოსტიკოსი, ორი კი - მართლმადიდებელი სეკულარისტი. მოსარჩელეთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი რწმენის საწინააღმდეგოა იმ ეკლესიის გაძლიერების დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება, რომელსაც ისინი არ მიეკუთვნებიან. მოსარჩელეთა მეორე ნაწილის მოსაზრებით, მათი რწმენა, თავისი არსით, ეწინააღმდეგება რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის მოძღვრების, კონფესიური საგანმანათლებლო საქმიანობის დაფინანსებას. მოსარჩელეთა მესამე ნაწილის მოსაზრებით კი, ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან მართლმადიდებლობის ინდოქტრინაციასა და პროზელიტიზმს უტოლდება, რაც ასევე ეწინააღმდეგება მათ რწმენას და სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ეკლესიისთვის მატერიალური რესურსის გადაცემის სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ ნაწილობრივი მატერიალური ზიანის ანაზღაურების წესს ადგენს. თუმცა ყოველწლიურად სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი დაფინანსების ოდენობა არ ეფუძნება რაიმე ობიექტურ, განჭვრეტად და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, რადგან არ არსებობს ის ორგანო, რომელიც შეაფასებს ზიანის მოცულობას იმისათვის, რათა ბიუჯეტიდან ადეკვატური კომპენსაცია გაიცეს. ამდენად, მოსარჩელეთა მტკიცებით, 2002 წლიდან ეკლესია სახელმწიფოსგან ყოველწლიურად არა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე კომპენსაციას, არამედ კონფესიური მიზნებისთვის პირდაპირ დაფინანსებას იღებს.
8. მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებისას კონსტიტუციური პრინციპები აუცილებლად არის მხედველობაში მისაღები, რათა უფლების განმარტება არ დასცილდეს კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მოსარჩელეთა აზრით, მოცემულ საქმეზე საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლით დაცულ რწმენის თავისუფლებაში, ასევე კონსტიტუციის 21–ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების ძირითად უფლებასა და მე–14 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევის განხილვა შეუძლებელია სეკულარული სახელმწიფოს პრინციპის გარეშე მოხდეს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სეკულარიზმის კონსტიტუციური პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში, გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ეკლესიის საქმეებში ჩაურევლობას და პირიქით, რაც, მათ შორის, კრძალავს სახელმწიფოს მიერ კონფესიური მიზნებით ეკლესიის დაფინანსებას.
9. ამავე დროს, მოსარჩელე მხარისთვის მისაღებია და სეკულარიზმის პრინციპს არ ეწინააღმდეგება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა ეკლესიისთვის იყოს გამოყოფილი. თუმცა ამ თანხების გამოყოფა არა კონფესიური მიზნების, არამედ ეკლესიის მიერ მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციების განხორციელებისთვის უნდა ხდებოდეს. მოსარჩელეების მითითებით, „ქრისტიანული ღირებულებების“ მხარდაჭერა ვერ ჩაითვლება რაიმე ფორმის საჯარო ფუნქციად, რომელსაც სახელმწიფო რელიგიური ორგანიზაციის საშუალებით ახორციელებს.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათი გადასახადებით საქართველოს საპატრიარქოსა და მისი ორგანიზაციების დაფინანსებაში იძულებითი მონაწილეობა ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებულ მათ რწმენის თავისუფლებას, ისე სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს.
11. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის კანონი, თავისი შედეგით, სხვადასხვა გარემოებებში მყოფი პირებისგან თანაბრად ითხოვს ისეთ მიზნებში მონაწილეობის მიღებას, რომლებიც მართლმადიდებელი ქრისტიანების სასურველ მიზანს ემსახურება, ხოლო მოსარჩელე პირებისთვის წინააღმდეგობას იწვევს. მოსარჩელეთა განმარტებით, ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება ყველა მრწამსის ადამიანს უწევს და, ამ მხრივ, კანონი დიფერენციაციას არ აკეთებს, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რითაც კანონის წინაშე ყველას თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპია დაცული.
12. მოსარჩელეთა განმარტებით, ზოგადად, შემოსავლების დაბეგვრისას სახელმწიფოს მხრიდან ხდება პირთა საკუთრების უფლებაში ჩარევა, რაც ძირითად შემთხვევაში გამართლებულია. თუმცა მოცემულ შემთხვევაში კონსტიტუციის 21–ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. კერძოდ, რელიგიური ჯგუფის კონფესიური მიზნების (მათ შორის, „ქრისტიანული ღირებულებებით“ აღზრდის, ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის პოლიტიკის) აღსრულებაში ხელშეწყობა ეწინააღმდეგება სეკულარიზმის და თანასწორობის ნორმა–პრინციპს და, შესაბამისად, ვერ იქნება აღიარებული ლეგიტიმურ საზოგადოებრივ საჭიროებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტს.
13. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა იურისდიქციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით მეორად წყაროებზე.
14. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ დაბეგვრას შემხებლობა აქვს კონსტიტუციით გარანტირებულ მის საკუთრების უფლებასთან. კერძოდ, გადასახადის გადახდისას არსებობს მოლოდინი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ლეგიტიმურ მიზნებს მოახმარს, ხოლო, ვინაიდან სადავო ნორმებით საჯარო რესურსები იხარჯება არალეგიტიმური მიზნებისთვის (კონფესიური მიზნებისთვის), ეს ეწინააღმდეგება მათი საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.
15. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმით რწმენის თავისუფლებაში ჩარევა ხდება იმდენად, რამდენადაც დაბეგვრის ფაქტი არის იძულების ფაქტი და ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოსარჩელეებს აიძულებს, მონაწილეობა მიიღონ იმ ერთი კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსებაში, რომელიც მათ რწმენას ეწინააღმდეგება.
16. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის განმარტებით, ისინი ვერ გაასაჩივრებდნენ უშუალოდ იმ ნორმებს, რომლებითაც ეს უკანასკნელნი იბეგრებიან, ვინაიდან საგადასახადო ნორმები თავისი შინაარსით ზოგადია, მათ პირდაპირ არ აქვთ განსაზღვრული მიზნობრიობა და, ამდენად, ისინი უშუალო ზიანს არ აყენებენ მოსარჩელეებს. ხოლო სადავო ნორმები, რომლითაც პირდაპირ არის განსაზღვრული სახელმწიფო სახსრების გადაცემა კონკრეტული სუბიექტისთვის, უშუალო კავშირშია მათ კონსტიტუციურ უფლებებთან.
17. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმების თანახმად, სახელმწიფო რესურსების მიმღებს წარმოადგენენ საქართველოს საპატრიარქო და მისი ორგანიზაციები, ხოლო ასეთ შემთხვევაში საპატრიარქოს შესადარებელი სუბიექტი მხოლოდ სხვა რელიგიური ორგანიზაცია შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადავო ნორმები ასევე უთანასწოროდ ეპყრობა გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს. კერძოდ, პირები, რომელთა რწმენა ეწინააღმდეგება საპატრიარქოს დაფინანსებას, სადავო ნორმების თანახმად, მართლმადიდებლებთან ერთად, თანაბრად მონაწილეობენ საქართველოს საპატრიარქოსა და მისი ორგანიზაციების დაფინანსებაში. მოსარჩელეთა მითითებით, ის, ვინც მართლმადიდებელია და ამავე დროს ეთანხმება სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსებას, მისთვის სადავო ნორმებით გათვალისწინებული წესი და საპატრიარქოს დაფინანსება მისაღებია. მეტიც, სადავო ნორმების მოქმედებით, ასეთი პირები ამ დაფინანსებით გარკვეულ სიკეთეებსაც იღებენ, ხოლო იმ პირებს, ვისი რწმენაც ეწინააღმდეგება დაფინანსების ამგვარ მოდელს, სადავო ნორმები დისკრიმინაციულად ეპყრობა, ვინაიდან ისინი, მსგავსად მართლმადიდებლებისა, გადასახადების გადახდის გზით, თანაბრად მონაწილეობენ საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსებაში.
18. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, მოსარჩელეთათვის სადავო აღარ არის გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
19. ამის გარდა, მოსარჩელეები ითხოვენ პირადი მონაცემების დაფარვას იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათი იდენტიფიკაცია. შუამდგომლობაში განმარტებულია, რომ საქმე შესაძლოა წარმოადგენდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, მათ შორის, შესაძლოა, გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს საზოგადოების ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეებისათვის მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სარჩელი და მასთან დაკავშირებით გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია არ შეიცავდეს მოსარჩელე პირების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს.
20. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა აზრით, უთანასწორო მოპყრობა სახეზეა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის და, შესაბამისად, საეჭვოა, რამდენად შეუძლიათ ფიზიკურ პირებს ამის შესახებ დავა. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის აზრით, აღნიშნული უთანასწორო მოპყრობა გამომდინარეობს თავად კონსტიტუციის მე-9 მუხლიდან, რომელიც აღიარებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს და ამ უკანასკნელთან სახელმწიფოს განსაკუთრებულ ურთიერთობას.
21. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, ასევე არ იკვეთება სადავო ნორმების შემხებლობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელეთა რწმენის თავისუფლება ვერ იქნება დარღვეული გასაჩივრებული ნორმებით, ვინაიდან მათ საკუთარი რწმენა შენარჩუნებული ჰქონდათ როგორც ამ ნორმების მიღებამდე, ასევე ნორმების ამოქმედების შემდგომაც. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი და ამ უკანასკნელის ფორმირება ვერ დაექვემდებარება თითოეული მოქალაქის რწმენას.
22. მოპასუხის განმარტებით, აგრეთვე არ არსებობს პირდაპირი კავშირი სადავო ნორმებსა და საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას შორის. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების მიზნობრიობის განსაზღვრა მთავრდება იქ, როდესაც ეს უკანასკნელი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ იხდის კონკრეტულ გადასახადებს. ამდენად, გამორიცხულია სადავო ნორმების შემხებლობა საკუთრების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის განმარტებით, სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ […] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1215 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის კოდების - № 45 00; 45 01; 45 02; 45 03; 45 06; 45 08; 45 09; 45 11; 45 12; 45 13 კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. 2018 წლის 1 იანვრიდან, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული.
3. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და ასევე გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“;საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/1/520 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბენიამინ აბრამიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №2/4/526 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ ჯავახაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, №1215 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმისწარმოება.
4. მოსარჩელე მხარე აყენებს შუამდგომლობას, რომ საქმეს მიენიჭოს ისეთი დასახელება და მათი პირადი მონაცემები დაიშიფროს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათი იდენტიფიკაცია.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, საოქმო ჩანაწერისა და დასკვნის სრული ტექსტი, აგრეთვე ამ აქტებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი, მისი არსებობის შემთხვევაში, ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრული ტექსტის გამოქვეყნების სავალდებულობა გულისხმობს, რომ მასში მოცემული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, საქმის დასახელება და მონაცემები მხარეების შესახებ, სრულად უნდა გამოქვეყნდეს და გახდეს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისს და სასამართლოს უფლებამოსილებას, თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით დახუროს ან დაშიფროს სასამართლოს აქტი ან მისი რომელიმე ნაწილი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/17/1301 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მზია ტურაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-23).
6. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქმემ შესაძლოა გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეებისათვის მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სარჩელი და მასთან დაკავშირებით გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია არ შეიცავდეს მოსარჩელე პირების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკრეტული საქმის განხილვამ ანდა გადაწყვეტამ შესაძლოა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვიოს, არ მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის ან მისი ნაწილის დახურვის ან დაშიფვრის პატივსადები ინტერესის არსებობაზე. „მოცემულ შემთხვევაში არც შუამდგომლობა და არც კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი რაიმე სხვა გარემოება არ მიუთითებს, რომ არსებობს ის უკიდურესი, საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც შესაძლოა, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად, დაიხუროს ან დაიშიფროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი ან მისი ნაწილი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/17/1301 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მზია ტურაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-24).
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება №1215 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქეები - ეკატერინე აღდგომელაშვილი, ლინა ღვინიანიძე, სოფიკო ვერძეული, თამთა ნანიშვილი, ნანა სარალიშვილი და თამარ კორძაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე