საქართველოს მოქალაქე ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/2/1263 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 2 მარტი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 2 მარტი 2018 16:52 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე- წევრი;
მაია კოპალეიშვილი- წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1263) მიმართა საქართველოს მოქალაქე ირაკლი ხვედელიძემ. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 9 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №1263 კონსტიტუციურ სარჩელზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 2 მარტს.
2. №1263 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებთ, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
5. №1263 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, ირაკლი ხვედელიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, რისთვისაც დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. ამავე დადგენილებით, მოსარჩელეს განემარტა, დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში მისი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.
6. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება ირაკლი ხვედელიძეს გაეგზავნა მისი გამოტანიდან მე-12 დღეს, შესაბამისად, 2016 წლის 22 ივნისს. მოსარჩელემ აღნიშნული დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა 2016 წლის 6 ივლისს, ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის დადგენილებით, ირაკლი ხვედელიძის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებაზე დარჩა განუხილველი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ საჩივრის ავტორს დადგენილება უნდა გაესაჩივრებინა მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, ანუ იმ ვადაში, რომელიც დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით. ხოლო, ვინაიდან საჩივარი წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, პირის მიერ გაშვებულ იქნა საჩივრის წარდგენის ვადა, რაც წარმოადგენს მისი განუხილველად დატოვების საფუძველს. აღსანიშნავია, რომ მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს დავის განმხილველ საბოლოო ინსტანციას.
7. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმა ადგენს დადგენილების გასაჩივრების 10 დღიან ვადას. ამავდროულად, საპროცესო ვადის ათვლა ხდება არა დადგენილების ასლის ჩაბარების მომენტიდან, არამედ მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან. სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია ის, თუ რა სახის სახდელი დაეკისრა სამართალდამრღვევად ცნობილ პირს. ხოლო თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო მოხდა ადამიანის სამართალდამრღვევად ცნობა, რა შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ სახდელის ზომის განსაზღვრისას, ასახულია დადგენილების სამოტივაციო ნაწილში. სასამართლო აქტის სრული ასლი პირს გადაეცემა დადგენილების გამოცხადების შემდეგ, შესაბამისად, მხოლოდ მაშინ ხდება პირისათვის ცნობილი ის მიზეზები, რის გამოც მოხდა მისი სამართალდამრღვევად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, მხოლოდ სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგაა სამართალდამრღვევისთვის შესაძლებელი, გააქარწყლოს დადგენილების მიღების მოტივები სააპელაციო საჩივარში სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით. სადავო ნორმა უშვებს შესაძლებლობას, რომ სამართალდამრღვევმა სამოტივაციო ნაწილი მიიღოს გასაჩივრების 10 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, როგორც ეს მოსარჩელის შემთხვევაში მოხდა. ხოლო, სადავო ნორმა, გასაჩივრების ვადის ათვლას უკავშირებს დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტს, როდესაც მხარისთვის ჯერ კიდევ უცნობია დადგენილების მიღების სამართლებრივი დასაბუთება.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მართალია, პირს შეუძლია, გაასაჩივროს დადგენილება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან, თუმცა, რადგანაც მისთვის უცნობია სასამართლოს მოტივაცია და სამართლებრივი არგუმენტაცია, არსებობს იმის ალბათობა, რომ იგი ვერ შეძლებს სათანადოდ დაასაბუთოს საჩივარი, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობა. სხვა შემთხვევაში, მას შეუძლია, არ გაასაჩივროს პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი დადგენილება მანამ, სანამ არ ჩაბარდება დასაბუთებული დადგენილება. თუმცა ამ დროისათვის შესაძლებელია, გასული იყოს გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადები, რაც ასევე წარმოადგენს საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველს. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში მოსარჩელე მოკლებულია რეალური გასაჩივრების შესაძლებლობას.
9. მოსარჩელის მტკიცებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დადგენილება 3 დღის ვადაში ჩაბარდება ან გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც არის იგი გამოტანილი. თუმცა არსებული ჩანაწერის მიუხედავად, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სასამართლომ დაარღვიოს დადგენილების ჩაბარების საპროცესო ვადები, როგორც ამას მოსარჩელის შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
10. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გასაჩივრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ამ უფლების გონივრული ვადებით შეზღუდვა ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორიც არის სამართლებრივი უსაფრთხოება და ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. თუმცა ამის მიუხედავად, ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო, ვინაიდან არ შეიცავს პროცესუალური დაცვის საშულებებსა და გამონაკლისებს, როდესაც სასამართლო თავად არღვევს კანონს და დასაბუთებულ დადგენილებას გასცემს სამდღიანი ვადის გასვლის შემდეგ. საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსისთვის უმჯობესი იქნებოდა სამდღიანი ვადის დინების შეჩერება და შემდგომ მისი აღდგენა სასამართლო დადგენილების გაცემის მომენტიდან.
11. მოსარჩელის განმარტებით, მართალია, კანონმდებელმა სასამართლო დაავალდებულა დადგენილების გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში გაეცა მისი ასლი, თუმცა მან არ გაითვალისწინა სასამართლო ხელისუფლების მიერ საპროცესო ვადის დაცვის კონტროლის საკმარისი, ეფექტური და გამჭვირვალე მექანიზმი. სასამართლოში საქმეთა სიმრავლის მოტივით, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება საპროცესო ვადების სრულყოფილად დაცვა, ამიტომ ზოგჯერ გარდაუვალია საპროცესო ვადების დარღვევა. კანონმდებელმა უნდა შემქნას ისეთი მექანიზმი, რომ სასამართლოს მხრიდან საპროცესო ვადის დარღვევამ ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს ადამიანის საპროცესო უფლებაზე. ხოლო, როდესაც სადავო ნორმა ბლანკეტურად განსაზღვრავს გასაჩივრების 10 დღიან ვადას მისი გამოტანის მომენტიდან და დადგენილ ვადაში დასაბუთებული დადგენილების მიუღებლობის შეთხვევაში არ ითვალისწინებს ამ ვადის გაგრძელებას ან შეჩერების შესაძლებლობას, ამით ირღვევა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს აქტის გასაჩივრების უფლება.
12. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1263 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1263 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი