საქართველოს მოქალაქე ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1263 |
ავტორ(ებ)ი | ირაკლი ხვედელიძე |
თარიღი | 3 ოქტომბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი: ,,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 234 1 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).“ |
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი; |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე ანა ჩხეტია) 2016 წლის 9 ივნისის #4/4431-16 საქმეზე მიღებულ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებაში (პირველი გვერდი 2.1. პუნქტი იხილეთ დანართი) აღნიშნულია: 2016 წლის 8 ივნისს თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-11 კილომეტრზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარე გზის სავალ ნაწილზე ირაკლი ხვედელიძე პატრულის ავტომანქანას დაედევნა ყვირილით გაჩერების მოთხოვნით, გაჩერების შემდეგ მიუახლოვდა მას ხმამაღალი ლანძღვა-გინებით. იგი (ირაკლი ხვედელიძე) პატრულის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც არ შეწყვიტა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობისას კი იქნა დაკავებული.
ამ დადგენილებით (მეოთხე გვერდი, სარეზოლუციო ნაწილის პირველი პარაგრაფი იხილეთ დანართი) ირაკლი ხვედელიძე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილება) მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, რისთვისაც ირაკლი ხვედელიძეს დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
სარჩელს თან ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის ეკატერინე მაჭარაშვილის 2016 წლის 22 ივნისის წერილი, რომლითაც ირაკლი ხვედელიძეს გაეგზავნა 2016 წლის 9 ივნისს მიღებული ზემოთ ხსენებული დადგენილება. ამ წერილით დასტურდება, რომ ირაკლი ხვედელიძეს მის მიმართ სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილება ჩაბარდა ამ დადგენილების მიღებიდან მე-12 დღეს. ეს მაშინ, როცა ამ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ითხოვს ინდივიდისაგან დადგენილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას ამ დადგენილების მიღებიდან (და არა მხარისათვის ჩაბარებიდან) 10 დღის ვადაში. თუკი მხარისათვის უცნობია ის, თუ რის საფუძველზე მოხდა ადამიანის სამართალდამრღვევად ცნობა, შეუძლებელია ადამიანმა ისარგებლოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრების უფლებით.
ის, რომ გასაჩივრების ვადის დინება იწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან და არა გადაწყვეტილების სრულად ჩაბარების მომენტიდან, ამაზე მეტყველებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებითაც. სააპელაციო სასამართლო ამგვარი ტიპის დავებზე არის საბოლოო ინსტანციის სასამართლო და სააპელაციო სასამართლოს ეს განმარტება ავტორიტეტული უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ნათია ქუთათელაძე) 2016 წლის 13 ივლისის დადგენილებით ირაკლი ხვედელიძის საჩივარი დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის აღნიშნულ დადგენილებაში აღნიშნულია: ,,პალატა განმარტავს, რომ ირაკლი ხვედელიძეს 2016 წლის 09 ივნისის დადგენილება უნდა გაესაჩივრებინა მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში (2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 20 ივნისის ჩათვლით ვადაში), ანუ იმ ვადაში, რომელსაც ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი; საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჩივრის ავტორის მიერ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2016 წლის 06 ივლისს.
პალატა განმარტავს, რომ საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იქნა საჩივრის წარდგენის ვადა. აღნიშნული ვადა კი აღმკვეთი ხასიათის ვადას წარმოადგენს და საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა მისი გაგრძელების (აღდგენის) შესაძლებლობას... საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში; შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დარღვეულია გასაჩივრების 10 დღიანი ვადა, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამგვარად, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სადავო ნორმამ უშუალოდ შელახა მოსარჩელე ირაკლი ხვედელიძის კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის აღიარებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. შესაბამისად, ირაკლი ხვედელიძე უფლებამოსილია იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმის არსი
როგორც აღვნიშნეთ სადავო ნორმა აწესებს გასაჩივრების 10 დღიან ვადას გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან. ამ საქმის დავის ერთადერთი საგანია ის, რომ გასაჩივრების 10 დღიანი ვადის ათვლა ხდება არა დადგენილების ასლის ჩაბარების მომენტიდან, არამედ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან. სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია ის, თუ რა სახის სახდელი დაეკისრა სამართალდამრღვევად ცნობილ პირს. ის თუ რის გამო (რა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო) მოხდა ადამიანის სამართალდამრღვევად ცნობა, რა შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ სახდელის ზომის განსაზღვრისას, ამის ასახვა ხდება სამოტივაციო ნაწილში. დადგენილების სრული ასლი სამართალდამრღვევს გადაეცემა დადგენილების გამოცხადების შემდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სამართალდამრღვევისათვის ცნობილი ის მიზეზები, რის გამოც მისი სამართალდამრღვევად ცნობა მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ის, რომ ადამიანმა იცოდეს მის მიმართ დამდგარი უარყოფითი შედეგების მიზეზები, ამის შემდეგ აქვს სამართალდამრღვევს შესაძლებლობა გააქარწყლოს ეს მიზეზები სააპელაციო საჩივარში სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებებზე მითითების გზით. შეუძლებელია ადამიანმა ისარგებლოს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კონსტიტუციური უფლებით, თუკი ამ ადამიანს არ ეცოდინება გადაწყვეტილების მიღების მოტივები. სადავო ნორმა, უკავშირებს რა გასაჩივრების ვადის ათვლას ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტს, როდესაც ამგვარი მოტივები ჯერ კიდევ უცნობია. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მოსარჩელემ დადგენილება, სამოტივაციო ნაწილთან ერთად, მიიღოს გასაჩივრების 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, როგორც ეს ირაკლი ხვედელიძის საქმეში მოხდა. ამის გამო მხარე კარგავს გასაჩივრების შესაძლებლობას.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობები, ამ შემადგენლობისათვის გათვალისწინებული სანქციები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო საქმის წარმოების წესი რეგულირდება 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. თუკი სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო საქმის წარმოების ესა თუ ის საკითხი პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, გამოიყენება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. სხვა საკონონმდებლო აქტის გამოყენების შესაძლებლობას უშვებს თავად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, კერძოდ, ამ კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად: ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი სასამართლოებში განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.“
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების სასამართლოში განხილვისას სამართალდარღვევათა კოდექსის გარდა სხვა საკანონმდებლო აქტების გამოყენების შესაძლებლობაზე მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიც, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულია: ,,ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.“ სასამართლოში წარდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე საქმისწარმოება არ არის მითითებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში, ამის მიუხედავად, ამგვარი ტიპის საქმეები გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამასთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვასთან დაკავშირებით პირდაპირ მითითებას აკეთებს თავად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ1“ ქვეპუნქტი. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებს და ასეთად ასახელებს სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეს.
ამგვარად, სასამართლოში წარდგენილი სამართალდარღვევის ოქმის გამო სამართალწარმოებისას გამოიყენება, პირველ რიგში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. თუ ესა თუ ის საკითხი არ არის მოწესრიგებული სამართალდარღვევათა კოდექსით, სასამართლო იყენებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს, ხოლო თუ ეს საკითხი არც ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით არ არის მოწესრიგებული, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. ამის თაობაზე მიუთითებს თავად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე პუნქტი: ,,თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.”
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით არ განისაზღვრება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხები. ამ შემთხვევაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. ამ უკანასკნელის 371-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს. დასაშვებობისას მხედველობაში მიიღება ის საკითხები, რაც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ემუხლით.
ადამიანი, ვის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოაცხადა სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილება, დგას შემდეგი შესაძლებლობის წინაშე, რომ შეიტანოს საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, ისე რომ მისთვის უცნობია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია და შესაბამისად, ამგვარი საჩივარი დაუსაბუთებელია. ამ შემთხვევაში არსებობს იმის ალბათობა, რომ სააპელაციო სასამართლომ ასეთი დაუსაბუთებელი საჩივარი დაუშვებლად ცნოს. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტმა უნდა მიუთითოს, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; სამართალდამრღვევი ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, ვინაიდან მას არ ჩაბარებია სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და ვერ ეცოდინება გადაწყვეტილების უსწორობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 პუნქტი აძლევს სააპელაციო სასამართლოს უფლებას, დაადგინოს ამ ხარვეზის შესავსებად ვადა. ამ ვადას სააპელაციო სასამართლო თავისუფლად განსაზღვრავს. თუ ამ ვადაში აპელანტი ვერ შეავსებს ხარვეზს, იმის გამო, რომ სამართალდამრღვევი ვერ მიიღებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ამ სააპელაციო საჩივარს დაუშვებლად ცნობს.
მეორე გზა არის ის, რაც გაიარა ირაკლი ხვედელიძემ. ამ უკანასკნელმა არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმ დრომდე, ვიდრე არ ჩაბარდა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამ მომენტისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა გასაული იყო. სწორედ იმიტომ, რომ ირაკლი ხვედელიძისათვის არ შეიძლება ცნობილი ყოფილიყო გადაწყვეტილების უსწორობა, იმის გამო, რომ არ გადასცეს დასაბუთებული დადგენილება, მოსარჩელემ ვერ ისარგებლა გასაჩივრების უფლებით. დაუსაბუთებელი საჩივრის წარდგენას, მისი დაუშვებლად ცნობა მოყვებოდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საქმეზე მიღებული დადგენილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვის დამთავრებისთანავე.“ ეს ნორმა არ განსაზღვრავს იმას, სრულად ხდება თუ არა დადგენილების გამოცხადება საქმის განხილვის დამთავრებისას თუ ხდება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება. ვინაიდან ეს საკითხი როგორც ამ ნორმით, ისე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით ღიად არის დატოვებული. ამიტომ გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლი, რომლის პირველ ნაწილში აღნიშნულია: ,,საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.“ აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,სასამართლო უფლებამოსილია მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე, აგრეთვე მხარეთა მოთხოვნით სხვა საქმეებზედაც, გამოაცხადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც აისახება სასამართლოს სხდომის ოქმში. ასეთ შემთხვევაში სასამართლო აღარ ამზადებს გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. მხარეებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემათ ამონაწერი სასამართლოს სხდომის ოქმიდან, რომლის ნამდვილობას ამოწმებს სხდომის თავმჯდომარე.“
როგორც ზემოთ მივუთითეთ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამო სამართალწარმოება არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი. შესაბამისად, მოსამართლემ საქმის განხილვის დამთავრებამდე სრულად რომ გამოაცხადოს დადგენილება (სამოტივაციო ნაწილის ჩათვლით), სამი დღის ვადაში აღარ იარსებებს დადგენილების ასლის მიწოდების აუცილებლობა, ასეთ შემთხვევაში მოხდება სხდომის ოქმის მიწოდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაბარდება ან გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება.“
აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პუნქტი არ ითხოვს მოსამართლისაგან დადგენილების ტექსტის სრულად გამოცხადებას. დადგენილების ტექსტის სრულად გამოცხადების შემთხვევაში მხარეს ექნებოდა შესაძლებლობა სცოდნოდა სახდელის დადების შესახებ დადგენილების მიზეზები. ამის შემდეგ, 10 დღის ვადაში მას ექნებოდა იმის შესაძლებლობა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი საჩივრის მეშვეობით გაექარწყლებინა ის მიზეზები, რაც მხარემ სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოისმინა. თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-4 პუნქტში ჩაწერილი სიტყვა ,,უფლებამოსილია“ მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების ტექსტის სრულად გამოცხადება საქმის განხილვის დამთავრებისას მაგისტრატის განსჯადობას მიკუთვნებული საქმის განმხილველი თანამდებობის პირის სურვილზეა დამოკიდებული და არ წარმოადგენს ვალდებულებას. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის პირველ პუნქტზეც, რომელიც იმის მიუხედავად, რომ მოსამართლეს აკისრებს სხდომის დამთავრებისას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების ვალდებულებას, იქვე აკისრებს მას ,,უფლებამოსილებას“ ,,განუმარტოს მხარეებს გადაწყვეტილების შინაარსი და მისი გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები.“ როგორც ვხედავთ, არც ეს ნორმაა იმპერატიული და მოსამართლემ კონკრეტულ საქმეში ისე დატოვოს სხდომათა დარბაზი, რომ არ განუმარტოს მხარეებს დადგენილების შინაარსი და მისი გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები.
2. თანაზომიერების ტესტი
ზემოთ მივუთითეთ, რომ შესაძლოა მოსამართლემ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ წაიკითხოს სხდომის დამთავრებისას, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაბარდება ან გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება.“ ამგვარად, ამ ვადის მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს რჩება 10-ის ნაცვლად 7 დღე, მოტივაციის გასაცნობად და პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გასაქარწყლებლად.
სადავო ნორმით დადგენილი ვადის დინება იწყება იმის მიუხედავად, ასრულებს თუ არა სასამართლო ამ მოთხოვნას და აბარებს თუ არა მხარეს 3 დღის ვადაში დადგენილებას. თუკი პირველი ინსტანციის სასამართლო შეასრულებს ამ მოთხოვნას, ბუნებრივია, მხარეს ექნება დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა. მაგრამ 10 დღიანი ვადის დინება მიმდინარეობს იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ შესაძლოა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა დაარღვიოს და სამართალდამრღვევს დადგენილება სხდომის დასრულებიდან არა სამი, არამედ 12 დღის შემდეგ მიაწოდოს, როგორც ამას ირაკლი ხვედელიძის შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. სადავო ნორმის გამო უარყოფითი სამართლებრივი შედეგი - გასაჩივრების 10 დღიანი ვადის გასვლა - დგება არა ამ ნორმის დამრღვევი პირველი ინსტანციის სასამართლოს, არამედ იმ სუბიექტის მიმართ, რომლის მიმართაც დაირღვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. სამართალდამრღვევი, ერთი მხრივ, კანონით დადგენილ ვადაში - 3 დღეში, ვერ იღებს სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებას, მეორეს მხრივ, თავად ხდება ამ დარღვევიდან გამომდინარე უარყოფითი სამართლებრივი შედეგების მატარებელი, ვინაიდან ადამიანი კარგავს კონსტიტუციით აღიარებულ გასაჩივრების უფლებას.
იმით, რომ მოსამართლე ან მისი თანაშემწე, დადგენილების მიღებიდან 12 დღის ვადაში არ გასცემენ დადგენილებას პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე, არღვევენ კანონს, რასაც შედეგად მოყვება გასაჩივრების ვადის გასვლა. მოსამართლისათვის ან მისი თანაშემწისათვის, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის დაკისრება, ვერ უზრუნველყოფს იმ პირის გასაჩივრების კონსტიტუციური უფლებების აღდგენას, რომელსაც სასამართლო ხელისუფლებამ ვადის უხეში დარღვევით მიაწოდა დადგენილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მე-2 თავის მე-5 პარაგრაფში არასაკმარის მექანიზმად მიიჩნია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება ადამიანისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად. ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა პროცესის მონაწილეების მხრიდან თვითნებობისგან შემაკავებელ სხვა უფრო ქმედით მექანიზმის არსებობა, ვიდრე სახელმწიფო მოხელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაა. ამგვარი პროცესუალური დაცვის გარანტიას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა კანონდარღვევისათვის შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობას არავითარი შედეგი არ მოჰყვება იმ პირისათვის, ვისაც კონკრეტული საპროცესო უფლება დაურღვიეს და ამით ეს პირი თავის საპროცესო უფლებებში ვერ აღდგება.
აქვე საკონსტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოს საერთო სასამართლოს შესაბამისი მოხელის კანონის დაცვის პრეზუმფციას, იმას რომ ეს მოხელე დადგენილების მიღებიდან 3 დღის ვადაში აუცილებლად გასცემს მას, რაც ადამიანს შესაძლებლობას მისცემს შემდეგი 7 დღის ვადაში შეადგინოს დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი. ამის მიზეზი არ არის მხოლოდ ის მტკიცებულება, რაც თან ერთვის ამ სარჩელს და ადასტურებს 3 დღიანი ვადის დარღვევას ირაკლი ხვედელიძის საქმეში. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების 69-ე პარაგრაფში აღნიშნა: ,,ბუნებრივია, სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონის დარღვევით ქმედება ვერ გახდება კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზეზი. თუმცა კანონმდებლის პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ შექმნას ისეთი სისტემა, როდესაც ობიექტურად შესაძლებელი იქნება საკმარისი, ეფექტური და გამჭვირვალე მექანიზმებით კონტროლი ხელისუფლების საქმიანობაზე. კანონი ვერ დააკმაყოფილებს „კანონის ხარისხის“ მოთხოვნებს, თუ ის ქმნის მის მიერვე დადგენილი წესების მიღმა ქმედების ცდუნებას. კანონი თავად არ უნდა ახდენდეს მისივე დარღვევის პროვოცირებას.“
ამავე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების 101-ე პარაგრაფში აღნიშნულია: ,,კანონის დარღვევით მოქმედება და შედეგად ფუნდამენტური უფლებების დარღვევა ვერ გახდება კანონის არაკონსტიტუციურობის საფუძველი. თუმცა კანონი კონსტიტუციურობის თვალსაზრისით საეჭვო ხდება, როდესაც ის, მართალია, პირდაპირ არ ითვალისწინებს, მაგრამ იმავდროულად კონკრეტული სისტემის შემოღებით თავისთავად ზრდის რისკებს უფლების დარღვევისთვის.“
სადავო ნორმა ბლანკეტურად ადგენს გასაჩივრების 10 დღიან ვადას, რაც აითვლება დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან. ეს ნორმა ბლანკეტურია იმიტომ, რომ არ ითვალისწინებს გამონაკლისს, იმ შემთხვევისათვის როდესაც სასამართლო ხელისუფლება არღვევს კანონს და არათუ სამ დღეში, არამედ 10 დღის განმავლობაშიც კი არ გასცემს დადგენილების ასლს სრულად და ამით ადამიანისათვის უცნობი რჩება მისთვის სახდელის დაკისრების მოტივები და შესაბამისად, ვერ სარგებლობს გასაჩივრების უფლებით.
გასაჩივრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. გონივრული ვადებით ამ უფლების, მათ შორის გასაჩივრების უფლების შეზღუდვა, სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის შესაძლებლობას წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-17 პუნქტში აღნიშნულია: ,,კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტების გამოყენებას, როგორებიცაა – სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების უფლება.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-19 პუნქტის თანახმად: ,,ხანდაზმულობის ვადა მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს ემსახურება, როგორებიცაა: ეფექტური, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა;
სამართლებრივი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია, ერთი მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულებით, რომლის საბოლოო მიზანი არის სწორი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერ საქმეზე; მეორე მხრივ, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებისადმი სანდოობით, რასაც ორი მთავარი საფუძველი (ასპექტი) აქვს: სასამართლოს ავტორიტეტი და სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოოობა – სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა და ამით სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობა.“
მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის დადგენა ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ამით მიზნად ისახავს, ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიცაა სამართლებრივი უსაფრთხოება, გასაჩივრების 10 დღიანი ვადა, ცალკე აღებული, ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. ამის მიუხედავად, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია იმიტომ რომ ბლანკეტურია, არ შეიცავს პროცესუალური დაცვის საშუალებას და გამონაკლისებს, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა, ხანდაზმულობის 10 დღიანი ვადის დინების შეჩერება მაშინ, როცა სასამართლო თავად არღვევს კანონს და დადგენილებას გასცემს სამდღიანი ვადის გასვლის შემდეგ. საჯარო - სამართლებრივი უსაფრთხოების ინტერესებს და კერძო - გასაჩივრების მეშვეობით საკუთარი უფლებების დაცვის - ინტერესებს შორის სათანადო ბალანსი უკეთ იქნებოდა უზრუნველყოფილი, დადგენილების 3 დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში რომ შეჩერებულიყო გასაჩივრების 10 დღიანი ვადის დინება და ამ ვადის დინება აღდგენილიყო სასამართლოს დადგენილების გაცემის მომენტიდან.
კანონმდებელმა სასამართლო დაავალდებულა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში გაეცა სასამართლოს დადგენილების ასლი. ამას კანონმდებელმა არ მოაყოლა სასამართლო ხელისუფლების მიერ საპროცესო ვადის დაცვის კონტროლის საკმარისი, ეფექტური და გამჭვირვალე მექანიზმი. იმ პირობებში, როდესაც სასამართლო მოხელის დისციპლინურ პასუხისმგებლობის მიღმა არ არსებობს ამ დადგენილების გაცემის სამდღიანი ვადის დაცვის რაიმე გარანტია, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან შეუქცევადი და ბლანკეტური 10 დღიანი გასაჩივრების ვადის დადგენით კანონმდებელი თავად ახდენს სასამართლოს მიერ კანონის ისეთი დარღვევის პროვოცირებას, რასაც გასაჩივრების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შეუძლებლობა მოჰყვება.
დაცვის სათანადო გარანტიების არარსებობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ დაუნახავს სახელმწიფოს მხრიდან კანონის დარღვევის ცდუნების საფრთხე. ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 41-ე პარაგრაფში აღნიშნულია: ,,ზოგჯერ საქმეთა სიმრავლის მოტივით, შესაძლოა ფიზიკურად რთული იყოს ერთნაირი გულმოდგინებითა და ენთუზიაზმით, ამასთან თანაგრძნობით ყველა საქმის სკურპულოზური შესწავლა. შედეგად, გამოძიებისა და მართლმსაჯულების პროცესში ვერ გამოირიცხება შეცდომები, გულგრილობა და სხვა ფაქტორები, რამაც შესაძლოა დააზარალოს საქმის ეფექტურად გახსნისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესი.“
სწორედ საქმეთა სიმრავლის მოტივით, სასამართლო მოხელეებს შეიძლება გაუჭირდეთ, ყველა საპროცესო ვადის ერთნაირი გულმოდგინებით დაცვა. ამიტომ ზოგჯერ გარდაუვლად ხდება საპროცესო ვადების დარღვევა. ამის მიუხედავად, კანონმდებელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ საპროცესო ვადის დარღვევამ უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე. ამისათვის უნდა არსებობდეს პროცესუალური დაცვის სათანადო გარანტიები. მაშინ, როდესაც სადავო ნორმით ბლანკეტურად დადგენილია გასაჩივრების 10 დღიანი ვადა, რაც აითვლება მისი გამოტანიდან და ეს ვადა არ ჩერდება არც ერთ შემთხვევაში, მათ შორის, არც მაშინ, როცა მხარე დადგენილ ვადაში ვერ იღებს დადგენილებას, სამოტივაციო ნაწილით და მოკლებულია დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, ამით ირღვევა კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლება.
3. კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.“ ამ ნორმაში სიტყვა-სიტყვით არ არის მითითებული სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების და ზემდგომ ინსტანციაში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტში ამოიკითხა არაერთ საქმეზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ 2004 წლის 21 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში #2/6/264 საქმეზე შპს. ,,უნისერვისი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ აღნიშნულია: ,,სასამართლო კოლეგიას ცალსახად მიაჩნია, რომ პირი სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებით რეალიზაციას უკეთებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას.“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2/558 საქმეზე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ეხებოდა სასამართლოს უპატივცემულობისათვის პირისათვის დაკისრებული ჯარიმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვის კონსტიტუციურობას. ამ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-5 პუნქტში აღნიშნულია: ,,პირის შესაძლებლობა … გაასაჩივროს მის უფლებასთან შემხებლობაში მყოფი აქტი, დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით. შესაბამისად, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ახდენს პირის აღნიშნული შესაძლებლობების შეზღუდვას, წარმოადგენს ჩარევას სამართლიანი სასამართლოს უფლებაში. ამდენად, სადავო ნორმით ხდება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა.“
ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 55-ე პარაგრაფში აღნიშნულია: ,,პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან თვითნებობის თავიდან აცილების მექანიზმს და მოსამართლეს უბიძგებს, თავიდან აიცილოს შესაძლო შეცდომები, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.“
ილია ჭანტურაიას საქმეში მიღებულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო შეეხო იმას, თუ გასაჩივრების უფლების როგორი სტანდარტი მოქმედებს სამართალდარღვევის ჩადენის გამო დაკისრებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვისას. საკონსტიტუციო სასამართლო ჭანტურაიას საქმის მეორე თავის მე-16 პუნქტში აცხადებს:
,,საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა უკავშირდება ამა თუ იმ სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურებსა და მისი გასაჩივრების უფლებას, შეფასების სტანდარტები მკაცრია. პირს, რომელსაც სახელმწიფო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულად ისარგებლოს საქმის სამართლიანი განხილვის პროცედურული გარანტიებითა და გასაჩივრების უფლებით. ამასთანავე, სხვადასხვა სიმძიმის პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ, შესაძლებელია არსებობდეს განსხვავებული პროცედურული გარანტიები. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პირის უფლებრივი მდგომარეობა უნდა აკმაყოფილებდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების მინიმალურ სტანდარტებს.“
ჭანტურაიას საქმეში მიღებული გადაწყვეტილების 57-ე პუნქტში ნათქვამია: ,,სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების სასამართლო წესით დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის, რომლის მიმართაც ადგილი აქვს სახელმწიფო იძულების ელემენტების მატარებელი ზომების გატარებას, სამართალწარმოებაში ამ პირის სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად. პირს, რომელსაც სახელმწიფო აკისრებს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევისათვის, უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. რეგულაცია, რომელიც სასამართლოსადმი მიმართვის ყველა საშუალებას გამორიცხავს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების არსს და ვერ იქნება გამართლებული ლეგიტიმური საჯარო მიზნით.“
ის, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიუღებლობა ზღუდავს გასაჩივრების უფლებას და საბოლოო ჯამში სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ეს სტანდარტი საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ილია ჭანტურაიას საქმეზე დაადგინა. ამ გადაწყვეტილების 37-ე პარაგრაფში აღნიშნულია: ,,სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა ხელს უწყობს გასაჩივრების უფლების სრულყოფილად გამოყენებას, საშუალებას აძლევს ზემდგომ სასამართლოს განახორციელოს გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმება და წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან თვითნებობისაგან დაცვის ქმედით მექანიზმს.”
სადავო ნორმით, სწორედ იმის გამო, რომ დადგენილების გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში ადამიანისათვის შესაძლოა უცნობი იყოს სასამართლოს იმ გადაწყვეტილების დასაბუთება, რომლითაც პირს ეკისრება პასუხისმგებლობა, შეუძლებელი ხდება ამ გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება. ამიტომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა