კახაბერ გოგოძე და ნონა გულორდავა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1839 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, |
ავტორ(ებ)ი | კახაბერ გოგოძე, ნონა გულორდავა |
თარიღი | 11 სექტემბერი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
ბ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ბრძანება N21
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სამოქალაქო კოდექსის 3064 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება: „უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“ |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 307-ე მუხლის მე-3 ნაწილი: „მეორე აუქციონის ჩატარების დროს უძრავი ნივთის საწყისი ფასი უნდა იყოს პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საწყისი ფასის ნახევარი ან კრედიტორის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში – უფრო მცირე თანხა.“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“ |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N 21 მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 წინადადება: “მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს”. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი: „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
· საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი წინადადება - „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“;
· საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი -
„საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.“ ;
· საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი - (საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს)
„საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“ ;
· ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 311 მუხლები;
· ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი -
(საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ) „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;“
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
● წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
● სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ: კახაბერ გოგოძე არის იმ უძრავი ქონების მესაკუთრე, რომლის გატანაც მოხდა კერძო აუქციონზე. დოკუმენტი (განკარგულება) აუქციონის დანიშვნისა და ქონების რეალიზაციის შესახებ თან ერთვის;
● მოსარჩელე ნონა გულორდავას საცხოვრებელი სახლი გაიყიდა საჯარო აუქციონზე, რომელზეც გასაყიდი ქონების ღირებულება განისაზღვრა მისი საბაზრო ღირებულების 5%-ით, რის შედეგადაც შეიზღუდა მოსარჩელის კონსტიტუციურად გარანტირებული საკუთრების უფლება. ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ სარჩელს თან ერთვის;
● სარჩელში მითითებული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;
● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტით;
კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმები:
1) სამოქალაქო კოდექსის 3064 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, „უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით.“
2) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 307-ე მუხლის მე-3 ნაწილი:
„მეორე აუქციონის ჩატარების დროს უძრავი ნივთის საწყისი ფასი უნდა იყოს პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საწყისი ფასის ნახევარი ან კრედიტორის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში – უფრო მცირე თანხა.“
3) საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N21 მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 წინადადება:
“მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს”.
· საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“ სწორედ კონსტიტუციის ამ განსაზღვრებას ეწინააღმდეგება ზემოთ ციტირებული ნორმები.
კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა ფასდება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. სადავო მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანი შესაძლოა იყოს კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილება, თუმცა ის წარმოადგენს არაპროპორციულ ჩარევას უფლებამოსილი პირის კონსტიტუციურ უფლებებში, რადგანაც უფლების შეზღუდვის ინტენსივობა არ არის მისაღწევი საჯარო მიზნის თანაზომიერი.
არსებული მოწესრიგებით გამოდის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, არც ნივთის საბაზრო ღირებულებას და არც მესაკუთრის ინტერესებს, არ არის საჭირო ნივთის შეფასება, არამედ საკმარისია დადგინდეს ისეთი ფასი, რომელიც უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების და კრედიტორის მოთხოვნის დაფარვას. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, უძრავი ქონება იყიდება იმაზე ბევრად ნაკლებ ფასად, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა. არავინ უარყოფს იპოთეკის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მნიშვნელობას სამოქალაქო ბრუნვისთვის, თუმცა ის პრაქტიკა, რომელიც საქართველოშია დამკვიდრებული, ლახავს მესაკუთრის უფლებას. არსებობს იმის საფუძვლიანი რისკი, რომ მოცემული ნორმა ბოროტად იქნეს გამოყენებული - პირის უძრავი ქონება, რომელიც შეფასებულია 100,000 ლარად, გაიყიდოს 10,000 ლარის ფარგლებში და უძრავი ქონება კრედიტორის შეთახმებით იმ პირის მიმართ იქნეს გასხვისებული, რომელიც შესაძლოა წინმსწრებ შეთანხმებული ყოფილიყო ამ გარემოებასთან დაკავშირებით კრედიტორთან.
სადაო ნორმასთან მიმართებით რელევანტურია მოვიხმოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა გადაწყვეტილებაში „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ N2/2/867 ,28 მაისი 2019. აღნიშნული საქმეში სადაო მოწესირგებას წარმოადგენდა ის, რომ მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენდა ნულ ლარს. გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას გონივრული ბალანსი, ერთი მხრივ, ქონების მესაკუთრის, ხოლო, მეორე მხრივ, კრედიტორის ინტერესებს შორის, რათა არ მოხდეს არც ერთი მხარის უფლებრივი ინტერესის მომეტებულად შეზღუდვა. „ნულოვანი აუქციონი“ უშვებს ქონების ერთი ფასის მატების ბიჯის ღირებულებად ანუ საბაზრო ფასის 5 პროცენტად რეალიზების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ სახელმწიფომ ხსენებულ საშუალებას უნდა მიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გამოყენებულია გონივრული მექანიზმები ქონების უკეთეს ფასად რეალიზაციისთვის და ისინი უშედეგო აღმოჩნდა. მოქმედი საკანონმდებლო რეგულირება ნულოვანი აუქციონის ჩატარებას უშვებს იმ პირობებში, როდესაც მანამდე ჩატარებულ 2 აუქციონზე, შესაძლოა, ქონების საწყისი ფასი მის რეალურ ღირებულებაზე მაღალიც კი ყოფილიყო. ხსენებული კი ვერ იქნება მიჩნეული ქონების ადეკვატურ ფასად რეალიზებისათვის გატარებულ გონივრულ ზომად.“ ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადაო ნორმა და ახალი რეგულაციის მიხედვით, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყის ფასად განისაზღვრა მისი საბაზრო ღირებულების 5%, რა არსებითად არ განსხვავდება წინად არსებულ რეგულაციისგან. ორივე შემთხვევაში ქონების გასხვისება ხდება მისი საბაზრო ღირებულების 5%-ად, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ იქნება მიჩნეული ქონების ადეკვატურ ფასად რეალიზებისათვის გატარებულ გონივრულ ზომად.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განხილული აქვს არაერთი საქმე, რომელიც ქონების აუქციონზე რეალიზაციას შეეხებოდა. ასე მაგალითად, საქმეში VRZIĆ v. CROATIA, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სარეალიზაციო ქონების ფასს ადგენს მოსამართლე, ხოლო მხარეებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ფასის განსაზღვრის პროცესში. ქართული კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ იძლევა. საქართველოში დამყარდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ქონება გაცილებით დაბალ ფასად იყიდება, რასაც ხელს უწყობს გასაჩივრებული ნორმა. ერთი მხრივ, ის იძლევა ქონების საფასურის განსაზღვრის შეუსაბამო კრიტერიუმებს, მეორე მხრივ კი არ არის განჭვრეტადი და მოვალეს საშუალებას არ აძლევს განსაზღვროს არსებული რისკები.
როგორც აღინიშნა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება N21 მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 წინადადების თანახმად, ,,მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს“.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავოდ არ ხდის მეორე განმეორებითი აუქციონის ჩატარების შესაძლებლობას, არამედ ის არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ამ აუქციონის ჩატარების კონკრეტულ პირობას - ქონების საწყის ფასად მისი საბაზრო ღირებულების 5%-ის განსაზღვრას. აღნიშნული მოწესრიგება არის არაპროპორციული ვინაიდან არ არის დაცული გონივრული ბალანსი, ერთი მხრივ, ქონების მესაკუთრის, ხოლო, მეორე მხრივ, კრედიტორის ინტერესებს შორის.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა