საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე ართქმელაძე და ალექსანდრე ციცვიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/1227 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 თებერვალი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2018 19:20 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე ართქმელაძე და ალექსანდრე ციცვიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მეურვე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ - აღსრულების ეროვნული ბიურო)“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 23 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1227) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - თორნიკე ართქმელაძემ და ალექსანდრე ციცვიძემ. №1227 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2017 წლის 24 მაისს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 22 თებერვალს.
2. №1227 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მეურვე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ - აღსრულების ეროვნული ბიურო), რომელსაც სასამართლო უგზავნის განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე და აცნობებს მეურვედ მისი დანიშვნის შესახებ“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება კრძალავს მონოპოლიურ საქმიანობას, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები სამართალმცოდნეობის მიმართულებით ფლობენ ბაკალავრის ხარისხს და, ამასთან, გადახდისუუნარობის სამართლის სპეციალიზაციით სწავლობენ სამაგისტრო პროგრამაზე. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ასევე ეწევიან პრაქტიკულ საქმიანობას გადახდისუუნარობის კუთხით, კერძოდ მოსარჩელეები არიან „შპს აგრო ჯორჯია 2011“-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მომრიგებელი საბჭოს წევრები. ამდენად, მიღებული განათლებისა და არსებული სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, მოსარჩელეებს აქვთ სურვილი, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში განახორციელონ მეურვის ფუნქცია, თუმცა გასაჩივრებული ნორმა მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება სახელმწიფოს მიმართ ადგენს როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ვალდებულებას. კერძოდ, სახელმწიფო ვალდებულია, არ დაუშვას სხვა კერძო სამართლის პირების მიერ მონოპოლიური საქმიანობა და, ამასთან, არც თავად შექმნას იმგვარი სამართლებრივი წესრიგი, რომლითაც კონკრეტული საქმიანობის განხორციელება მონოპოლიურ მდგომარეობაში შეეძლება რომელიმე კერძო თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (შემდგომში - სსიპ). მოცემულ შემთხვევაში, სადავო რეგულაცია გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მეურვის ფუნქციას ანიჭებს მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რითაც არღვევს მონოპოლიური საქმიანობის აკრძალვის ნეგატიურ ვალდებულებას.
7. მოსარჩელეები აპელირებენ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მეურვის ფუნქციის არასაჯაროსამართლებრივ ხასიათზე. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელეები მიმოიხილავენ მეურვის ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა სხვადასხვა დაწესებულებებისათვის/პირებისათვის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების, კრედიტორების მიერ მოთხოვნების წარდგენის, დებიტორების მხრიდან ვალდებულების შესრულების თაობაზე შეტყობინების გაგზავნა; საწარმოს ქონების მოძიება; კრედიტორთა პირველი კრებისათვის მოხსენების მომზადება; საწარმოს საქმიანობაზე ზედამხედველობის გაწევა. დასახელებული უფლებამოსილებების შეფასების შედეგად, მოსარჩელეები უთითებენ, რომ მეურვისათვის დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად არ არის აუცილებელი საჯაროსამართლებრივი მანდატი და მისი განხორციელება თავისუფლად შეუძლიათ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსაც.
8. ამასთან, მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მეურვის ფუნქციის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მინიჭების ნაკლოვანებებზე. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა შეფასებით, ერთი მხრივ, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართულებით არ გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს გადაწყვეტილებების დროულად მიღება. ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტები დისტანცირებულნი არიან საწარმოსგან და რიგი ეკონომიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილებები ეფუძნება მხოლოდ წარდგენილ დოკუმენტებს, რაც საწარმოსათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების ალბათობას ამცირებს. ამდენად, მოსარჩელეთა პოზიციით, ზოგადად, ვერც ერთი სახელმწიფო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, რაც ბიზნესს გააჩნია. სწორედ ამიტომ, არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურის (გარდა სასამართლო) მონაწილეობა არ უნდა იყოს სავალდებულო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში.
9. დამატებით, კონსტიტუციური სარჩელში შედარებულია მეურვისა და გაკოტრების მმართველის უფლება-მოვალეობები. მოსარჩელეთა პოზიციით, მეურვე მხოლოდ ზედამხედველობას უწევს საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, მაშინ როცა გაკოტრების მმართველი უშუალოდ აღჭურვილია საწარმოს მართვისა და წარმომადგენლობის ფუნქციით. ამ პირობებში, კანონმდებელი გაკოტრების მმართველად უშვებს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის არჩევას, ხოლო უფრო ნაკლები უფლებამოსილების მქონე მეურვე ინიშნება პირდაპირ და მას ალტერნატივა არ გააჩნია. დასახელებული გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მოსაზრებით, სადავო ნორმის მიზანი არ არის საწარმოთა დაცვა არაკვალიფიციური კადრებისგან.
10. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ლეგიტიმური მიზნის არარსებობის საფუძვლით, გასაჩივრებული რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებას.
11. სადავო რეგულაციის არაკონსტიტუციურად ცნობა დამატებით მოთხოვნილია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, გადახდისუუნარობის პროცესში მეურვის საქმიანობის განხორციელება არის საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებით დაცული სიკეთე, ხოლო სადავო ნორმა ლეგიტიმური მიზნის არარსებობის გამო არღვევს დასახელებულ კონსტიტუციურ დანაწესს.
12. მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხთან დაკავშირებით.
13. ამასთან, მოსარჩელე მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, სახეზეა მოსარჩელეთა უფლების დენადი დარღვევა, რაც იწვევს გამოუსწორებელ ზიანს - გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განუხორციელებლობას, ხოლო სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა ვერ აღადგენს წარსულში უკვე შეზღუდულ უფლებას. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმის შეჩერება არ წარმოქმნის სამართლებრივ ვაკუუმს, რამდენადაც საერთო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, მიმართოს კანონის ანალოგიას და ამ გზით დაარეგულიროს სამართლებრივი ურთიერთობა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ […] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1227 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მეურვე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ - აღსრულების ეროვნული ბიურო)“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
3. „„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2012 წლის 12 ივლისის (რეგისტრაციის ნომერი 6604-რს) საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, დადგინდა, რომ „მეურვე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ - აღსრულების ეროვნული ბიურო), რომელსაც სასამართლო გამოტანიდან არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით უგზავნის განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განაცხადის წარმოებაში მიღების თაობაზე და აცნობებს მეურვედ მისი დანიშვნის შესახებ“. ამდენად, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის განჩინებისა და მეურვედ დანიშვნის თაობაზე შეტყობინების გადაცემის საშუალებად განისაზღვრა ელექტრონული ფორმა. ამასთანავე, ზემოხსენებული ცვლილება ამოქმედდა 2018 წლის პირველი იანვრიდან ე.ი. კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1227 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის სადავოდ გამხდარი სიტყვები ძალადაკარგულია.
5. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სამართალწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, №1227 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1227 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე ართქმელაძე და ალექსანდრე ციცვიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი