საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის №2/5/1545 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do2/5/1545 |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ტუღუში |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 ნოემბერი 2024 17:18 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის №2/5/1545 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 24 ოქტომბრის №2/5/1545 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ კონსტიტუციური უფლების ეფექტიანად დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ნაცვლად ძალადაკარგული ნორმებისა, არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული სადავო რეგულირების მოქმედი რედაქცია.
2. №1545 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-3 პუნქტის პირველი წინადადების (2021 წლის 20 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით. გასაჩივრებული რეგულირების თანახმად, სუბიექტი ვალდებული იყო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილებისთვის საჭირო პარკირების საცნობი ნიშნის მიღებისათვის წერილობითი ფორმით მიემართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის და წარედგინა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს ან ქვედა კიდურის ამპუტაციის ფაქტს.
3. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც პარკირების საცნობი ნიშნის გაცემას დასაშვებად მიიჩნევდა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან ქვედა კიდურის ამპუტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, ხოლო ქმედობაუნარიანობის ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებს (რომელთაც არ აქვთ ქვედა კიდურის ამპუტაცია) არ შეეძლოთ პარკირების სპეციალური პირობებით სარგებლობა.
4. №1545 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ, „„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 19 ოქტომბრის №89-88 დადგენილების საფუძველზე, გასაჩივრებული ნორმები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალს დაემატა პირის კუთვნილი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის წარდგენის შესაძლებლობა, რომელზეც დატანილია აღნიშვნა „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ განმარტა, რომ განხორციელებული ცვლილებები შინაარსობრივად არ შეეხებოდა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ მოწესრიგებას და ახლად ჩამოყალიბებული ნორმები არსებითად იმეორებდა ძველი რედაქციის ნორმატიულ შინაარსს. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცვლილებების შემდგომ, სადავო ნორმებს, შინაარსობრივად, უფლების დაცვის თვალსაზრისით, რაიმე არსებითი ცვლილება არ განუცდია და მოქმედ რედაქციაში კვლავაც არსებობდა უფლების შესაძლო დარღვევის ანალოგიური რისკი. შესაბამისად, დავის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალწარმოება უნდა გაგრძელებულიყო და შეფასებულიყო არა როგორც სადავო ნორმების მოქმედი, არამედ ძალადაკარგული რედაქციის კონსტიტუციურობა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის №2/5/1545 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-4-მე-5 პუნქტები).
6. ვიზიარებ №2/5/1545 გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ გასაჩივრებულ ნორმაში განხორციელებულ ცვლილებას, რომლითაც შესაძლებელი გახდა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის წარდგენა, არ ჰქონია არსებითი გავლენა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ სასარჩელო მოთხოვნაზე. კერძოდ, ცხადია, რომ განხორციელებულ ცვლილებებს ვერ ექნებოდა ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების პოტენციალი. ამასთან, მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ემსჯელა და შეეფასებინა არა სადავო ნორმების ძალადაკარგული, არამედ მოქმედი რედაქცია.
7. №1545 კონსტიტუციური სარჩელიდან და არსებით სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა არა ნორმების რომელიმე ცალკეულ რედაქციას, არამედ იმ ნორმატიულ მოწესრიგებას, რომელიც პარკირების საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობას არ ანიჭებდა ქმედობაუნარიანობის ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებს. საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ გამოკვეთილა, რომ მოსარჩელე მხარეს ჰქონდა ძალადაკარგული სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების რაიმე ინტერესი. პირიქით, საქართველოს სახალხო დამცველი ერთმნიშვნელოვნად აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი რეგულირება არ ითვალისწინებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სპეციალური სადგომით სარგებლობის ინდივიდუალურ საჭიროებას, კერძოდ, გადაადგილების უნარის შეზღუდვას.
8. იმ პირობებში, როდესაც ძალადაკარგული ნორმის მსგავსად, მოქმედი ნორმის პირობებშიც, პირის უფლება იდენტურად იზღუდება და ეს შეზღუდვა განგრძობადი ხასიათისაა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას არ გააჩნია რაიმე შინაარსობრივი ან პრაქტიკული რელევანტურობა. განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ცნო სადავო ნორმების ძალადაკარგული რედაქცია, თუმცა ანალოგიური შეზღუდვა კვლავ არსებობს მოქმედ ნორმებში. შედეგად, იმისათვის, რათა მოსარჩელე მხარემ შეძლოს უფლებების დაცვა/აღდგენა, მას შესაძლოა, დასჭირდეს იდენტური შეზღუდვის დამდგენი მოქმედი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ახალი სარჩელით მომართვა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს სამართალწარმოების პროცესის ხელახლა დაწყება და იმ ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რომელთა არაკონსტიტუციურობაც უკვე დადგენილია. სწორედ ამგვარი, გაჭიანურებული პროცედურის ანალოგიური შედეგი იქნებოდა მიღწეული ისეთ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებდა სადავო ნორმების არა ძალადაკარგულ, არამედ მოქმედ რედაქციას. შესაბამისად, აშკარაა, რომ ამგვარი პროცედურული ზედმეტობა ხელოვნურად აჭიანურებს სადავო საკითხის გადაწყვეტას, აზიანებს პროცესის ეკონომიურობის უმნიშვნელოვანეს პრინციპს, საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმის ეფექტიანობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესს (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8-9).
9. აღსანიშნავია, რომ, ამ კუთხით, არც საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობას, გააგრძელოს სამართალწარმოება და იმსჯელოს მოდიფიცირებულ სასარჩელო მოთხოვნაზე, თუკი სახეზეა ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, ხოლო გასაჩივრებული მოწესრიგება მოქმედებს იმავე ნორმატიული შინაარსით, რა შინაარსითაც მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მის კონსტიტუციურობას. ამასთანავე, გასაჩივრებულ დებულებაში განხორციელებული არაარსებითი ცვლილების შემთხვევაში, სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობის შეფასება მიზნად ისახავს უფლების დაცვის ეფექტიანობის უზრუნველყოფასა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის ხელოვნური გაჭიანურების პრევენციას.
10. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ შორის, მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვისა და უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის №1/1/1312 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლოში უფლების დაცვა ეფექტიანად შეიძლება მივიჩნიოთ, თუკი იგი პასუხობს სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს, იძლევა უფლების დაცვის, მისი დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლების აღდგენის რეალურ და არა - ილუზორულ შესაძლებლობას (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე "ა(ა)იპ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-7). ამდენად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, იდავოს ყველა იმ აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ზღუდავს ან განჭვრეტად მომავალში შეზღუდავს მის ძირითად უფლებებს, ხოლო კონსტიტუცია დამატებით განსაზღვრავს, რომ აღნიშნული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვაზე/შესაძლო შეზღუდვაზე სასამართლოსადმი მიმართვა უნდა იყოს უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალება.
11. სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით ეფექტიანად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ, როდესაც კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე, სადავო ნორმაში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც, იგი ფორმალურად ძალადაკარგულია, თუმცა სასარჩელო მოთხოვნის ძირითადი არსი და სადავო ნორმის შინაარსი იდენტური ან მსგავსია, მას შეუძლია, სამართალწარმოება გააგრძელოს ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული ნორმის ახალ რედაქციაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-1-10). საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მსგავსი მიდგომა დამკვიდრდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ნორმის ცვლილების შემთხვევაშიც. კერძოდ, როდესაც სადავო ნორმას ემატება ახალი განსაზღვრება/მოცემულობა, თუმცა იგი შინაარსობრივად არ ცვლის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ შინაარსს, ასეთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას და აფასებს სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/5/1355,1389 გადაწყვეტილება საქმეზე „სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9-12; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის №1/7/1437 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
12. განსახილველ შემთხვევაში, №1545 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა უფლებების დაცვის ეფექტიანი საშუალება, ერთმნიშვნელოვნად, იყო სადავო ნორმის მოქმედი და არა - ძალადაკარგული რედაქციის არაკონსტიტუციურად ცნობა. აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ გასაჩივრებული ნორმები არ განსაზღვრავდა ქცევის იმგვარ წესს ან სამართლებრივ შედეგს, რის გამოც ფორმალურად ძალადაკარგული მოწესრიგება მატერიალურად შეიძლება, კვლავ მიჩნეულიყო გამოსაყენებელ კანონად. იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადაკარგული და მოქმედი ნორმები იდენტური შინაარსისაა და მოსარჩელეს არ გააჩნია ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების ინტერესი, გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქმედ ნორმებზე. ამის საპირისპიროდ, ძალადაკარგულ ნორმებზე სამართალწარმოების გაგრძელება და მათი კონსტიტუციურობის შეფასება არ წარმოადგენს უფლების დაცვის პრაქტიკულ მექანიზმს, პირიქით, განაპირობებს მოსარჩელისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანური, მატერიალური თუ დროის რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას, რაც, საბოლოო ჯამში, აფერხებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანობას.
13. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის პოზიცია, რომ ძალადაკარგული სადავო ნორმების კონსტიტუციურობის გადაწყვეტა იქნებოდა უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალება, რამდენადაც მოსარჩელის არაორაზროვანი ინტერესი იყო მოქმედი ნორმატიული წესის არაკონსტიტუციურად ცნობა. სწორედ მოქმედი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ექნებოდა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა უფლებების დაცვის პოტენციალი. ამდენად, მივიჩნევ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, ნაცვლად ძალადაკარგული გასაჩივრებული ნორმებისა, არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული სადავო რეგულირების მოქმედი რედაქცია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
თეიმურაზ ტუღუში