საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1545 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 2 ნოემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-2 მუხლის „ხ“ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად განიხილავს, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი: „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.“ |
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და მე-3 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, საცნობი ნიშნის გაცემას დასაშვებად მიიჩნევს, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან ქვედა კიდურის ამპუტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი: „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილებისთვის საჭირო პარკირების სპეციალური პირობებს ავრცელებს მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნაწილზე, კერძო კი, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებზე. ქმედობაუნარიანობის ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები კი (რომელთაც არ აქვთ ქვედა კიდურის ამპუტაცია) ვერ სარგებლობენ პარკირების სპეციალური პირობებით. კერძოდ, „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-2 მუხლის „ხ“ პუნქტი სატრანსპორტო საშუალებების პარკირების მიზნებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად განიხილავს მხოლოდ საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს. ხოლო, ამავე წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და მე-3 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, საცნობი ნიშნი გაიცემა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან ქვედა კიდურის ამპუტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
ამდენად, სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას, პარკირების სპეციალური პირობებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. თუმცა, პარკირების მიზნებისთვის, იმავე საჭიროებისა და ფეხით გადაადგილების მნიშვნელოვანი შეზღუდვის მქონე პირებს, ამგვარი პირობებით სარგებლობა არ შეუძლიათ, რადგან კანონმდებლობით, ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვთ მინიჭებული (და ამასთან, ქვედა კიდურის ამპუტაცია არ აქვთ). შესაბამისად, სადავო ნორმებით დაწესებულია არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებულ სამართლებრივი რეჟიმი, რის გამოც ექცევიან კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის შექმნას განსაკუთრებულ პირობები. სახელმწიფო, განსაკუთრებული პირობების უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში, მათ შორის, ხელს უნდა უწყობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მისაწვდომობის უფლების რეალიზებას. ჩვენ შემთხვევაში კი, ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე (გარდა ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე) პირები ვერ სარგებლობენ, მათთვის საჭირო პარკირების ადგილითა და პირობებით, რასაც ცალსახად ნეგატიური გავლენა აქვს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესსა და მისაწვდომობის უფლების რეალიზებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით დადგენილ შეზღუდვებს პირდაპირი მიმართება გააჩნა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან.
ზემოაღნიშნულთან ერთად, კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმების შინაარსი
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესი დამტკიცებულია „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით. „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი“ (შემდეგში - პარკირების რეგულირების წესი) განსაზღვრავს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას პარკირების რეგულირებისა და პარკირების სფეროს მართვის საკითხებში, თბილისში სატრანსპორტო საშუალების პარკირების ორგანიზების და კონტროლის განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს. აღნიშნული წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე.
დადგენილებით დამტკიცებული პარკირების რეგულირების წესით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფილია პარკირებისთვის სპეციალური პირობები[1] და ადგილები.[2] დადგენილების თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი შესაბამისი საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალება, გათავისუფლებულია დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურის გადახდისგან მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ სპეციალური პარკირების ადგილზე პარკირებისას.[3] ამასთან, სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტო, შესაბამის საცნობ ნიშანს გასცემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე. თუ საცნობი ნიშანი ამ წესის შესაბამისად არ იქნება განთავსებული სატრანსპორტო საშუალებაზე და მოხდება ამ სატრანსპორტო საშუალების პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე, აღნიშნული შემთხვევა განიხილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირებად.[4]
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საცნობი ნიშნის გაცემის წესი განსაზღვრება პარკირების რეგულირების წესის მე-11 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია, ან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.“
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, „საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სააგენტოს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა № IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ან დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს ქვედა კიდურის ამპუტაცია ან საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ, პირის შეზღუდული ქმედუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან დამოწმებული ქსეროასლი, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.“
პარკირების რეგულირების წესი, სხვადასხვა ფორმულირების მოთხოვნებს ადგენს არასრუწლოვან და სრულწლოვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით. კერძოდ, აღნიშნული წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვანს არ მოეთხოვება მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ ან ქვედა კიდურის ამპუტაციის შესახებ, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა და საცნობი ნიშანი ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირზე გაცემა.
თუმცა, პარკირების რეგულირების წესის მე-2 მუხლის „ხ“ პუნქტი განსაზღვრავს, რომ აღნიშული წესის მიზნებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად მიიჩნევა მხოლოდ საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი შესაბამისი საცნობი ნიშნის გაცემა ხდება, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომელთაც აქვთ ქვედა კიდურის ამპუტაცია.
თავის მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სტატუსი ენიჭება „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა პირი, რომელსაც მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევები აქვს, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.[5]
ამავე კანონის, მე-10 მუხლის თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვა არის ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევები, რომლებიც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის დროებით ან სამუდამო შეზღუდვას. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის მიხედვით ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა განისაზღვრება შემდეგი ხარისხით: ა) მსუბუქად გამოხატული; ბ) ზომიერად გამოხატული; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული; დ) მკვეთრად გამოხატული. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს კი, წარმოადგენს ქმედობაუნარიანობის მხოლოდ ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილებისთვის საჭირო პარკირების სპეციალური პირობები ვრცელდება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნაწილზე, კერძო კი, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებზე. ქმედობაუნარიანობის ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები კი (რომელთაც არ აქვთ ქვედა კიდურის ამპუტაცია), ვერ სარგებლობენ პარკირების სპეციალური პირობებით.
თუმცა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომლის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა გამოხატულია მნიშვნელოვნად ან ზომიერად, შესაძლებელია აღენიშნებოდეს იმგვარი ფიზიკური შეზღუდვები, რომელიც საჭიროებს გადაადგილებისთვის/პარკირებისთვის სპეციალური პირობების შექმნას (ასეთი შეზღუდვების მაგალითებს, ქვემოთ განვიხილავთ). თუმცა, მიუხედავად ამგვარი საჭიროებების არსებობისა, მათთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილით სარგებლობა კანონმდებლობით არ არის ნებადართული და იწვევს შესაბამის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.
პარკირების რეგულირების წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ან/და მესაკუთრემ სატრანსპორტო საშუალების პარკირება უნდა მოახდინოს მისთვის ნებადართულ ერთ პარკირების ადგილზე და ისე, რომ: ა) დაბრკოლება არ შეუქმნას სხვა სატრანსპორტო საშუალების პარკირებას ან/და მოძრაობას; ბ) ხელი არ შეუშალოს საგზაო ნიშნის ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას; გ) ადგილი არ ჰქონდეს ორმაგ პარკირებას − პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალების მომიჯნავედ ან/და სხვა სატრანსპორტო საშუალების ისეთი დგომა, რომელიც სცდება მონიშნული პარკირების ადგილის საზღვრებს; დ) არ დაარღვიოს პარკირებისათვის განკუთვნილ ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი; ე) არ გააჩეროს ტროტუართან მისასვლელ შემაღლებაზე და მის სიახლოვეს ისე, რომ დაბრკოლება შეუქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას. ხოლო, მე-2 პუნქტის შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან/და მესაკუთრე ვალდებულია არ მოახდინოს პარკირება: ა) სპეციალურ, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილზე ამ წესით განსაზღვრული საცნობი ნიშნის გარეშე. საცნობი ნიშანი კი, როგორც უკვე აღინიშნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხოლოდ ნაწილზე გაიცემა.
ამდენად, იმისთვის რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რომელზეც მიუხედავად საჭიროებისა, არ გაიცემა სპეციალური საცნობი ნიშანი, შეძლოს ავტომობილით გადაადგილება (მისი პარკირება), მისთვის საჭირო საპარკინგე სივრცის გამოყენების შემთხვევაში, ის, ფიზიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, გადაადგილებისას დაარღვევს კანონს და დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლამდე მოქმედი ნორმების საფუძველზე საცნობი ნიშნის მიღება და შესაბამისი პარკირების პირობებით სარგებლობა შეეძლო ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მიუხედავად ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხისა. კერძოდ, „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილების მე-5 მუხლის „ა“ პუნქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 3 აგვისტოს №9-48 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებული იყო წერილობითი ფორმით მიემართა ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისთვის და თან დაერთო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად გაცემული პირის ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ქსეროასლი, აგრეთვე ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ჩათვლიდა მიზანშეწონილად.
პარკირების რეგულირების ახალი წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საცნობი ნიშანი უკვე გაიცემა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირებზე, რომლებსაც ქვედა კიდურის ამპუტაცია აქვთ.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად, სპეციალური პარკირების ადგილებითა და პირობებით ვერ სარგებლობენ ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის პირები, რომელთაც არ აქვთ ქვედა კიდურის ამპუტაცია.
ფაქტობრივი გარემოებები
კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ ნორმებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა განიხილა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განცხადება და დისკრიმინაციულად მიიჩნია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპეციალური პარკირების ახალი წესი.[6]
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს წაერთვათ შეღავათით სარგებლობის უფლება,[7] რომელიც აუცილებელია მათი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ინტეგრაციისათვის. განმცხადებელის განმარტებით იგი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია, ვინაიდან, მხედველობაში არ მიიღება მისი ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა, რაც ფეხით გადაადგილების მნიშვნელოვან შეზღუდვაში გამოიხატება.
აღნიშნული განცხადების შესწავლის ფარგლებში, სქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამ განაპირობა 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილების საფუძველზე, განმცხადებლისათვის გათვალისწინებული შეღავათის გაუქმება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავდაპირველად განმარტა, რომ შეიმუშავა სადავო წესში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლითაც შესაბამისი შეღავათების მოქმედება უნდა გავრცელებულიყო არა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული, არამედ, ასევე, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც.[8] მოგვიანებით საკრებულომ განმარტა, რომ მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელება.[9]
საკრებულოს განმარტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის მიხედვით, დადგენილია შესაძლებლობის შეზღუდვის განსაზღვრის კრიტერიუმები, რომლითაც გამიჯნულია მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი. იმის გათვალისწინებით, რომ თავად მოქმედი კანონმდებლობა მიჯნავს და სიმძიმის ხარისხის მიხედვით განასხვავებს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსს, ინსტრუქციით გათვალისწინებულ, მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განსხვავებული შეღავათების დადგენა არ წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებულ დისკრიმინაციას და, შესაბამისად, ვერ ჩაითვლება უფლების დარღვევად.
საკრებულოს განმარტებით, 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით გათვალისწინებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საცნობი ნიშნის გაცემის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთა შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხი და სიმძიმე განაპირობებს ტრანსპორტირებისას დახმარების განსაკუთრებულ აუცილებლობას, მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით. სწორედ ასეთი სიმძიმის და ხარისხის შეზღუდვას წარმოადგენს „... ქმედობაუნარიანობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა (მაგ. თვითმომსახურებისა და გადაადგილების უნარების მესამე, (ყველაზე მაღალი) ხარისხის შეზღუდვა).“. ამასთან, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მიდგომა დისკრიმინაციად არ ჩაითვლება, რადგან ის ფაქტი, რომ ხსენებული პირები „...არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, N1/ნ ბრძანებითაა რეგლამენტირებული...“. შესაბამისად, „...მკვეთრად, ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები როგორც ფაქტობრივი მდგომარეობის, ისე საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით ... ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებად ვერ ჩაითვლებიან, მათი ანატომიური და გონებრივი მდგომარეობის გამო.“
ამასთან, მოპასუხე მხარის განმარტებით, მართალია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №33-99 დადგენილება შეღავათის მინიჭების დროს ეყრდნობა გარკვეულ დიფერენციაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის, თუმცა, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური მდგომარეობით განპირობებული დიფერენციაცია. დისკრიმინაციას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია და მოკლებულია გონივრულ საფუძველს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საკრებულოს აქტით გათვალისწინებული დიფერენცირება არის არა თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, არამედ, მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით გამოცემული აქტი, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის N1/ნ ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით აწესებს შეღავათს იმ პირთა წრის მიმართ, რომლებიც ფაქტობრივი მოცემულობებიდან გამომდინარე, ობიექტურად უფრო მაღალი ხარისხის მზრუნველობას და შესაბამისად შეღავათებს საჭიროებენ.
თანასწორობის უფლება
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმით აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ცალკე გამოჰყოფს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის განსაკუთრებულ პირობების შექმნის კუთხით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს.“[10]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „(...) ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს მასზე თანაბარი წვდომის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან.“[11] „(...) თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“.[12]
ხოლო, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს აუცილებელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები და ამგვარად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზება.“[13]
საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, „თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა)“.[14] ამდენად, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა სადავო ნორმებით დადგენილი წესი არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას. რისთვისაც, უნდა გამოიკვეთოს შესადარებელი პირები.
შესადარებელ პირთა დიფერენცირება
განსახილველ შემთხვევაში, ავტომობილით გადაადგილებისას, პარკირების სპეციალური პირობებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. თუმცა, პარკირების მიზნებისთვის, იმავე საჭიროებისა და ფეხით გადაადგილების მნიშვნელოვანი შეზღუდვის მქონე პირებს, ამგვარი პირობებით სარგებლობა არ შეუძლიათ, რადგან კანონმდებლობით, ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვთ მინიჭებული (და ამასთან, ქვედა კიდურის ამპუტაცია არ აქვთ).
ამდენად, შესადარებელ პირებს წარმოადგენენ ერთი მხრივ, ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ესაჭიროებათ პარკირებისთვის სტანდარტულზე მეტი სივრცე, მეორე მხრივ კი, პირები, რომელთაც აქვთ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები ან ქვედა კიდურის ამპუტაცია.
შესადარებელ პირთა შორის დიფერენცირება კი, იმაში გამოიხატება, რომ პარკირების სპეციალური პირობებითა და ადგილით სარგებლობის უფლება ერთ შემთხვევაში - მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობისა და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებისთვის, სრულად არის უზრუნველყოფილი, ხოლო ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული (გარდა ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, აღნიშნული უფლებით ვერ სარგებლობენ.
შესადარებელ პირთა არსებითად თანასწორობა
უნდა აღინიშნოს, რომ დიფერენცირებული მოპყრობის არსებობა არ არის საკმარისი კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის დასადგენად. ამისათვის აგრეთვე აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა ხორციელდებოდეს არსებითად თანასწორი პირების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში შესადარებელ პირებს ერთმანეთისაგან, ერთ შემთხვევაში განასხვავებთ - კანონმდებლობით მინიჭებული ზოგადი ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხი, კერძოდ, ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. მეორე შემთხვევაში კი, გამონაკლისის სახით დაშვებული ქვედა კიდურის ამპუტაცია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები.“[15]
იგივე პრინციპი გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან. ევროპული სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ საკითხი მოექცეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-14 მუხლის (თანასწორობის უფლება) ქვეშ, აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა არსებობდეს ანალოგიურ ან მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ. განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია თუ მას არა აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, ე.ი. არ ისახავს კანონიერ მიზანს და არ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის.[16]
განსახილველ შემთხვევაში, შესადარებელ ჯგუფებს მიეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც აღენიშნებათ ფეხით გადაადგილების იმგვარი პრობლემები, რომ საჭიროებენ სპეცილურ პარკირების პირობებს (სტანდარტულზე ფართო საპარკინგე სივრცეს, სპეციალურად მოწყობილ და ადვილად მისადგომ ადგილს და ა.შ.). როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელის მიზნებისთვის, შესადარებელ პირებს შორის განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს შეზღუდვის ზოგადი ხარისხის განმსაზღვრელი სტატუსი (კერძოდ, გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირს, მინიჭებული აქვს მკვეთრად, მნიშვნელოვნად თუ ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი), ასევე, ქვედა კიდურის ამპუტაცია.
შესადარებელ პირთა არსებითად თანასწორობის დასადგენად, მნიშვნელოვანია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების საფუძვლების განხილვა.
„შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ინსტრუქცია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ“ (შემდეგში - ინსტრუქცია) განსაზღვრავს პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძვლებს, რომელიც გულისხმობს კლინიკურ-ფუნქციონალური, სოციალური, პროფესიულ-შრომითი და ფსიქოლოგიური მონაცემების კომპლექსურ შეფასებას. ინსტრუქციის შესაბამისად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დაავადების ხასიათი, ორგანიზმის სისტემების და ორგანოთა ფუნქციურ დარღვევათა ხარისხი, მკურნალობისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების ეფექტურობა, კლინიკური და შრომითი პროგნოზი, სოციალური ადაპტაციის შესაძლებლობები, პროფესია, შრომის კონკრეტული პირობები და ხასიათი.
ინსტრუქციის შესაბამისად, ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის კრიტერიუმს წარმოადგენს დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი და მნიშვნელოვანი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის, შესაბამისად - ზომიერად,[17] მნიშვნელოვნად[18] ან მკვეთრად[19] გამოხატულ შეზღუდვას. ამასთან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის შემთხვევაში, პირს ესაჭიროება მუდმივი გარეშე მოვლა, დახმარება ან მეთვალყურეობა.
ინსტრუქციის თანახმად, ქმედობაუნარიანობის ზომიერად[20] გამოხატულ შეზღუდვას წარმოადგენს თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის, შრომითი საქმიანობისა და სწავლის უნარის – პირველი ხარისხის შეზღუდვა. ხოლო, ქმედობაუნარიანობის მნიშვნელოვნად[21] გამოხატულ შეზღუდვას წარმოადგენს თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის უნარის – მეორე ხარისხის შეზღუდვა, ხოლო შრომითი საქმიანობისა და სწავლის უნარის შეზღუდვა – მესამე ან მეორე ხარისხის. ხოლო, ქმედობაუნარიანობის მკვეთრად[22] გამოხატულ შეზღუდვას წარმოადგენს თვითმომსახურების, გადაადგილების, ორიენტაციის, ურთიერთობის, თვითკონტროლის უნარის – მესამე ხარისხის შეზღუდვა, ხოლო შრომითი საქმიანობის უნარის შეზღუდვა – მესამე ან მეორე ხარისხის.
ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრება დაავადებები, ანატომიური და გონებრივი დეფექტები, რომლებიც წარმოადგენენ მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს, ესენია მაგალითად:
· ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების ან ტრავმის შედეგად განვითარებული მნიშვნელოვნად გამოხატული ტრიპარეზი[23]; მნიშვნელოვნად გამოხატული ჰემიპარეზი[24]; მნიშვნელოვნად გამოხატული პარაპარეზი[25];[26]
· პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია[27] დგომისა და გადაადგილების მნიშვნელოვანი გაძნელებით;[28]
· მიასთენია[29] (ლოკალური ან გენერალიზებული), მძიმე ფორმა;[30]
· რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, გამოხატული დეფორმაციებით, კონტრაქტურებით, რენტგენოლოგიური სტადია III, სახსრების ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით;[31]
· იდიოპათიკური მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება); რეიტერის დაავადება და სხვა რეაქტიული ართრიტები (ენტეროკოლიტური, უროგენიტალური და სხვ); სახსრებისა და ხერხემლის გამოხატული დეფორმაციებით, ფუნქციის მნიშვნელოვანი მოშლით; რენტგენოლოგიურად საკროილეიტი სტადია III;[32]
· ორივე მუხლის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა (მოძრაობის მოცულობა 10°-მდე);[33]
· ბარძაყის ტაკვი;[34]
· ორივე კოჭ-წვივის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრად გამოხატული კონტრაქტურა მოძრაობის მოცულობა 10°-მდე) ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში;[35]
· ორივე ტერფის ტაკვი შოპარის სახსრის დონეზე;[36]
· წვივის ტაკვი, მათ შორის ძვალ-პლასტიკური ოპერაციის შემდეგ;[37]
· ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის III-IV ხარისხის კოქსართროზი, გადაადგილების მნიშვნელოვანი მოშლით;[38]
· კიდურის ძვლის (ან ძვლების) არაკონსოლიდირებული მოტეხილობა;[39]
· სამი ან ოთხი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მყარად გამოხატული მნიშვნელოვანი მოშლით[40] და სხვა.
ხოლო, ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრება დაავადებები, ანატომიური და გონებრივი დეფექტები, რომლებიც წარმოადგენენ ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს, ესენია მაგალითად:
· ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების ან ტრავმის შედეგად განვითარებული ენცეფალოპათია II სტადია; ზომიერად გამოხატული ტრიპარეზი; ზომიერად გამოხატული ჰემიპარეზი; ზომიერად გამოხატული პარაპარეზი; ზომიერად გამოხატული მონოპარაპარეზი;[41]
· ტერფის ტაკვი ძვალ-პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ან ტერფის ტაკვი შოპარის სახსარში;[42]
· მუხლის სახსრის ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა ფუნქციურად არახელსაყრელ მდგომარეობაში (170°-ზე მეტი ან 150°-ზე ნაკლები კუთხით);[43]
· ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ან შეძენილი ამოვარდნილობა;[44]
· მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ან შეძენილი ამოვარდნილობა, კიდურის ფუნქციის მკვეთრი მოშლით (კიდურის დამოკლება 6სმ-ით და მეტით, სახსარში მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა – მოცულობა 10°-ზე ნაკლები, სახსრის არასტაბილურობა, დადებითი ტრენდელენბურგის სიმპტომი, კიდურის მანკიერი მდებარეობა)[45] და სხვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია პირს ჰქონდეს იმგვარი დაავადება ან/და ანატომიური დეფექტი, რომელიც წარმოადგენს ზომიერად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს, თუმცა იმავდროულად საჭიროებდეს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის სპეციალური პირობებით უზრუნველყოფას. აღენიშნებოდეს ფეხით გადაადგილების (მანქანაში ჩაჯდომის, მანქანიდან გადმოსვლის) მნიშვნელოვანი შეზღუდვა და ესაჭიროებოდეს დამხმარე საშუალებები (ეტლი, ყავარჯენი და სხვა), რომელთა პარკირების ადგილას გამოყენება თავის მხრივ, მეტ სივრცეს მოითხოვს. სტატუსის განსაზღვრის, ზემოთჩამოთვლილ ზოგიერთ საფუძველში, პირდაპირი მითითებაც კი, კეთდება გადაადგილების მოშლის/გაძნელების, როგორც დაავადების მახასიათებლის შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, მაგალითად ტრიპარეზი, ჰემიპარეზი და პარაპარეზიმკვეთრად გამოხატულ შემთხვევებში წარმოედგენს საცნობი ნიშნის გაცემის საფუძველს, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატულ შემთხვევაში - არა. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად გამოხატულ შემთხვევებშიც პირს აღენიშნება იმგვარი გადაადგილების პრობლემა, რომელიც საჭიროებს პარკირების სპეციალურ პირობებს - მეტ სივრცეს მანქანაში ჩაჯდომისა და გადმოსვლისთვის და ა.შ.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა, ერთმანეთისგან ხარისხობრივად განსხვავდება, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი შემთხვევა განვიხილოთ არა სტატუსის მინიჭებისა და ზოგადი შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხის დადგენის მიზნებისთვის, არამედ, პარკირების სპეციალური პირობებით სარგებლობის საჭიროებების მიზნებისთვის.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის მიზნისთვის, შესაბამისი პირები ერთმანეთთან უნდა გავათანაბროთ არა იმდენად მათთვის მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის, არამედ, სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის რეალური საჭიროების მიხედვით.
მხედველობაშია მისაღები აგრეთვე „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი განმარტებულია, როგორც, პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ამდენად, შეზღუდული შესაძლებლობის განსაზღვრისას გადამწყვეტია ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევების არა მხოლოდ არსებობა, არამედ, საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა დაბრკოლებასთან მათი ურთიერთქმედება, რომლის საფუძველზეც უნდა განისაზღვროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესაბამისი სოციალური საჭიროებები და განხორციელდეს მათი, ამ საჭიროებების ადეკვატური პირობებით უზრუნველყოფა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული მიდგომით, ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს, მათ შორის, სპეციალური სადგომით სარგებლობის საჭიროების საკითხიც. ამგვარი მიდგომა, უფრო მეტად შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალურ მოდელს, რომლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობა წარმოადგენს არა იმდენად სამედიცინო, არამედ, სოციალურად განპირობებულ გამოწვევას, რასაც პასუხი, სათანადო სოციალური პოლიტიკისა და ერთგვარი პოზიტიური ღონისძიებების გატარების მეშვეობით უნდა გაეცეს.[46]
შეზღუდვის კონსტიტუციურობა
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას.“[47]
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირების არსებობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში მისი დისკრიმინაციულობის მასშტაბი იდენტური არ არის და დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის თავისებურებებზე. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას ... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა.“[48]
დამკვიდრებული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თანასწორობის უფლებასთან სადავო ნორმების შეფასებისას, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით, სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან.“[49] განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმები ბლანკეტური შინაარსისაა და ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას, ვინაიდან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით გადაადგილების შეზღუდვა აქვთ, შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ასევე ქვედა კიდურის ამპუტაციის შემთხვევაში, ეძლევათ უფლება სრულად ისარგებლონ პარკირების სპეციალური პირობებით, ხოლო ზომიერად და მნიშვნელოვანი შეზღუდვის სტატუსის მქონე პირებზე, მიუხედავად მათი ფეხით გადაადგილების მნიშვნელოვანი შეზღუდვისა, ამგვარი პირობებით სარგებლობის უფლება, არცერთი კომპონენტით, არ ვრცელდება. ამდენად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი უნდა გადაწყდეს შეფასების მკაცრი ტესტის გამოყენებით.
ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, დადგინდეს, სადავო რეგულაცია ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „„მკაცრი ტესტის“ ფარგლებში დიფერენცირების შეფასებისას აუცილებელია დადგინდეს, რამდენად არის სახელმწიფოს მიერ უთანასწორო მოპყრობა აუცილებელი და არსებობს თუ არა დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი.“[50] „(...) ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე უფლებაში ჩარევის შედეგად ხელყოფილ ინტერესზე აღმატებული იყოს.“[51]
განცხადების განხილვის ფარგლებში თბილისის საკრებულომ განმარტა, რომ დადგენილების მიზანია, რომ იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთა შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხი და სიმძიმე განაპირობებს ტრანსპორტირებისას დახმარების განსაკუთრებულ აუცილებლობას, მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით. მოპასუხის პოზიციით, დადგენილებით გათვალისწინებული სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის უფლების გავრცელებამ სხვა, ხარისხობრივად უფრო მსუბუქი, ჯანმრთელობის დარღვევების მქონე პირებზე, არსებული რეალობის პირობებში შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, შეზღუდოს და ხელი შეუშალოს იმ პირთა წრისთვის მინიჭებული უფლების შეუფერხებელ რეალიზაციას, რომლებიც, როგორც საკანონმდებლო, ისე ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, უფრო მაღალი ხარისხის მზრუნველობას საჭიროებენ და სწორედ ამის გამო, სადავო დებულების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ.
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პარკირების სპეციალური ადგილებით შეუფერხებელი სარგებლობა უდავოდ წარმოადგენს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს. მიუხედავად ამისა, უნდა შეფასდეს, რამდენად წარმოადგენს სადავო დადგენილების საფუძველზე არსებითად თანასწორ პირთა (ზომიერად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ფეხით გადაადგილების შეზღუდვა აქვთ) ავტომატური გამორიცხვა სპეციალური პარკირების ადგილით მოსარგებლეთა წრიდან, ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ადეკვატურ საშუალებას და რამდენად პროპორციულია აღნიშნულ პირთა უფლების შეზღუდვა ამ მიზნის მისაღწევად.
როგორც აღინიშნა, პარკირების ძველი წესი სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის უფლებას ითვალისწინებდა ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, რომლებიც ქალაქ თბილისის მერიაში წარადგენდნენ შესაბამისი წესით დადგენილ დოკუმენტებს. შესაბამისად, სპეციალური საცნობი ნიშნით და სადგომით სარგებლობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფრო დიდი რაოდენობა. აქედან გამომდინარე, საცნობი ნიშნით სარგებლობის უფლების შეზღუდვა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და იმ წრით, რომლებსაც ქვედა კიდურის ამპუტაცია აქვთ დადგენილი, ბუნებრივად გამოიწვევს მოსარგებლეთა შემცირებას, რაც, თავის მხრივ, გაამარტივებს სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობას. ამდენად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ადეკვატურ საშუალებას.
შემდეგი საკითხი, რომელიც მოცემული დავის ფარგლებში უნდა გაანალიზდეს, არის ის, თუ რამდენად წარმოადგენს დასახელებული მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას სადავო დადგენილებით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა.
განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პარკირების სპეციალური პირობებით სარგებლობა შეეძლოს ყველა იმ პირს, ვისაც ამის რეალური საჭიროება გააჩნია. ზემოთ განხილული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო ნორმებით, მხოლოდ ამგვარი საჭიროების მქონე პირების ნაწილია აღჭურვილი სპეციალური პირობებით სარგებლობის უფლებით. მიუხედავად მათი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის სხვაობისა, ცალკეულ შემთხვევებში, მათი გადაადგილების შეზღუდვა ერთნაირია, თუმცა, სადავო ნორმებით, პირთა წრე განისაზღვრება, არა გადაადგილების შეზღუდვის ხარისხის მიხედვით, არამედ, ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის ხარისხის მიხედვით. სადავო ნორმების მიღებისას, საკრებულოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ შესაძლოა ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც ჰქონდეთ გადაადგილების იმგვარი ინტენსივობის შეზღუდვა, რომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მსგავსად საჭიროებდნენ სპეციალური პირობების შექმნას. მოპასუხემ ამგვარი საჭიროება მხოლოდ ფორმალურ ნიშანს - შეზღუდვის სტატუსს, დაუკავშირა, რამაც არაპროპორციულად შეზღუდა პირთა თანასწორობის უფლება.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, მათ შორის, სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის უფლების მინიჭების საჭიროება უნდა განისაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, შესაბამისი ექსპერტული შეფასების შედეგად.
ინსტრუქციით დადგენილი წესიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ ჰქონდეს გადაადგილების პრობლემა,[52] თუმცა ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელებიც ხარისხობრივად უფრო მცირე შეზღუდვებით ხასიათდებიან, გადაადგილების მხრივ უფრო მაღალი ხარისხობრივი შეზღუდვა ჰქონდეთ და შესაბამისად პარკირების სპეციალური პირობებით სარგებლობის მეტი საჭიროება გააჩნდეთ.
ამდენად, თუ სადავო ნორმების მიზანია, დედაქალაქში არსებული შეზღუდული საპარკინგე ადგილების პირობებში, სპეციალური პირობებით სარგებლობის უფლება მიენიჭოთ მხოლოდ პირთა შეზღუდულ წრეს, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პირთა წრეში, პირველ რიგში იყოს ყველა ის პირი, ვისაც გადაადგილების შეზღუდვა აღენიშნება, და არა ზოგადად ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა, რომელიც გადაადგილების შეფერხებას არ იწვევს.
ამგვარი მიდგომის საჭიროებას ცხადყოფს, თავად დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი, რომლის შესაბამისად - პირები, რომელსაც დადგენილი აქვთ ქვედა კიდურის ამპუტაცია, მიუხედავად შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხისა, საჭიროებიდან გამომდინარე, სარგებლობენ პარკირების სპეციალური ადგილით. მაშასადამე, არა იმდენად შეზღუდული შესაძლებლობის ფორმალური სტატუსი განაპიროებებს ამ უფლებით სარგებლობის საფუძველს, არამედ, სპეციალური პარკირების სადგომით სარგებლობის რეალური საჭიროება განსაზღვრავს მას.
როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, შესადარებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ თანაბარი საჭიროებები, შესაბამისად, მათი ინტერესი, ისარგებლონ პარკირების სპეციალური პირობებით არის თანაბარი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სპეციალური საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა დაკავშირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სპეციალური სადგომით სარგებლობის ინდივიდუალურ საჭიროებასთან. ამგვარი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირისათვის სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის უფლების ჩამორთმევა, უფლების შეზღუდვის ინტენსივობის თვალსაზრისით, წარმოადგენს არაპროპორციულ ღონისძიებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს უფლებაში ამგვარი ინტენსივობით ჩარევის დაუძლეველი საჯარო ინტერესი. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-2 მუხლის „ხ“ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად განიხილავს, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, ასევე მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და მე-3 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, საცნობი ნიშნის გაცემას დასაშვებად მიიჩნევს, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან ქვედა კიდურის ამპუტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულების დარღვევას,სახელმწიფომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით პოზიტიურ ვალდებულება იკისრა, რომ ეფექტიან და შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების რეალიზებას, ასევე, მათ სრულ ინკლუზიასა და მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „განსაკუთრებული პირობების“ შექმნით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენებისა და საჭიროების შესაბამისად, მიიღოს ყველა ზომა აღნიშნულ უფლებათა სრული დაცვის სისტემატური, პროგრესირებადი უზრუნველყოფისათვის.
განსხვავებით, კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს არ შელახოს თანასწორობის პრინციპი, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი მიუთითებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის შექმნას განსაკუთრებულ პირობები - გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცულობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერის „განსაკუთრებული პირობები“, შინაარსის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია ასევე, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის უფლებების დაცვის კონვენციის დებულებების გათვალისწინება. კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა. კონვენციის მე-9 მუხლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უზრუნველყოფს მისაწვდომობის უფლებით. კერძოდ, ამ ნორმის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ასევე სხვა, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურებების თანაბარი მისაწვდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. აღნიშნული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავენ არსებული წინააღმდეგობებისა და ბარიერების გამოვლენა-აღმოფხვრას, შეეხება: ა. შენობა-ნაგებობებს, გზებს, ტრანსპორტს, შიდა და გარე ობიექტებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სამუშაო ადგილებს; ბ. ინფორმაციას, კომუნიკაციასა და სხვა სამსახურებს, ელექტრონულ და სასწრაფო-საავარიო სამსახურებს.“
აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი ე.წ. სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლებას მოიაზრებს მისაწვდომობის ფართო უფლების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად,რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ შესაბამისი სიკეთეებით სათანადოდ სარგებლობა.
მისაწვდომობის უფლების შესახებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარში აღნიშნულია, რომ „კონვენციის მე-9 მუხლი ნათლად აცხადებს, რომ შშმ პირისთვის მისაწვდომობა დამოუკიდებელი ცხოვრების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და თანასწორი მონაწილეობისა და ყველა უფლებითა და ძირითადი თავისუფლებით შეუზღუდავი სარგებლობის წინაპირობაა.“[53] „თუ ამ პირებს არ ექნებათ წვდომა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ფიზიკური გარემო, ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე, საზოგადოებისთვის ღია სერვისები და შენობები, ისინი ვერ შეძლებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას.“[54]
„მნიშვნელოვანია, მისაწვდომობის საკითხი გადაიჭრას მისი კომპლექსური ბუნების გათვალისწინებით და მოიცავდეს ფიზიკურ გარემოს, ტრანსპორტს, ინფორმაციასა და კომუნიკაციას, ასევე, სერვისებს. შშმ პირებს თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეთ ყველა საქონელზე, პროდუქტსა და სერვისზე, რომლებიც განკუთვნილია საზოგადოებისათვის; მისაწვდომობა უნდა იყოს ეფექტიანი, თანასწორი, და პატივს სცემდეს შშმ პირთა ღირსებას, გამომდინარე დისკრიმინაციის აკრძალვიდან; წვდომაზე უარი უნდა განიხილებოდეს დისკრიმინაციულ ქმედებად. წვდომა უნდა ჰქონდეს ყველა შშმ პირს, შეზღუდული შესაძლებლობის ტიპის მიუხედავად და ყოველგვარი განსხვავების გარეშე (რასა, ფერი, სქესი, ენა ან რელიგია; პოლიტიკური ან სხვა მოსაზრება; ეროვნული ან სოციალური კუთვნილება; დაბადების ადგილი, სამართლებრივი, სოციალური ან სხვა სტატუსი; გენდერი ან ასაკი).“[55]
„ვინაიდან მისაწვდომობა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა (რაც გარანტირებულია კონვენციის მე-19 მუხლით) და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და თანასწორი მონაწილეობის წინაპირობაა, წვდომის შეზღუდვა საზოგადოებისთვის განკუთვნილ ღია ფიზიკურ გარემოზე, ტრანსპორტზე, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებზე, ასევე, სერვისებზე, დისკრიმინაციად უნდა ჩაითვალოს.“[56]
„საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მისაწვდომობას განსაზღვრავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნაწილად: იგი უნდა განვიხილოთ წვდომის უფლების სოციალური ასპექტის ანალოგად, რომელიც ორიენტირებულია შშმ პირებზე. კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ მისაწვდომობას მიიჩნევს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპად, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისათვის, რომ შშმ პირებმა ეფექტიანად და სრულად ისარგებლონ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით. მისაწვდომობა უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კონტექსტში, არამედ საზოგადოებაში ინვესტირების საშუალებად და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განუყოფელ ნაწილად.“[57] „საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს წვდომა ნებისმიერ ადგილსა და სერვისზე, რომელიც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი მოხმარებისთვის, მაგალითად: ტრანსპორტი, სასტუმრო, რესტორანი, კაფე, თეატრი და პარკი (მუხლი 5 (f)). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში შექმნილი პრეცედენტის მიხედვით, მისაწვდომობა მიიჩნევა per se უფლებად.“[58]
ამდენად, სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობის გაუმართლებელი და არამართლზომიერი შეზღუდვა, თავისთავად, ნეგატიურად აისახება მისაწვდომობის ფართო უფლებით ეფექტურ სარგებლობაზე, ვინაიდან სხვადასხვა ბარიერების არსებობის გამო, პირს ეზღუდება ტრანსპორტით გადაადგილება.
სახელმწიფო, განსაკუთრებული პირობების უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში, მათ შორის, ხელს უნდა უწყობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მისაწვდომობის უფლების რეალიზებას. ჩვენ შემთხვევაში კი, ზომიერად გამოხატული და მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე (გარდა ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე) პირების მიერ, მათთვის საჭირო პარკირების ადგილით სარგებლობა იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობის დაკისრებასაც კი, რასაც ცალსახად ნეგატიური გავლენა აქვს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესზე.
კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი სახელმწიფოსგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად აქტიურ მოქმედებას და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, გარკვეული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. აღნიშნული ვალდებულება, არ უნდა იქნეს გაგებული მხოლოდ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება წვდომა ჰქონდეთ შესაფერის საკვებზე, საცხოვრებელსა თუ სხვა ძირითად მატერიალურ მოთხოვნილებებზე, არამედ ის ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას და ხელშეწყობას ტრანსპორტით გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
ამდენად, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ეფექტური და შესაბამისი ზომები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მისაწვდომობის (მათ შორის ტრანსპორტით გადაადგილების) უფლების რეალიზების ხელშეწყობისთვის. შეუძლებელია სადავო ნორმებით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვა ემსახურებოდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ხელშეწყობას და მათთვის განსაკუთრებული პირობების უზრუნველყოფას. ნაცვლად წამახალისებელი ეფექტისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სახელმწიფო დამატებით დაბრკოლებას ქმნის ამგვარი შეზღუდვის შემოღებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით დადგენილი წესი ეწინააღმდეგება ასევე, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვალდებულებას.
[1] პარკირების პირობები − პარკირების დაშვება/შეზღუდვა/აკრძალვა გარკვეული დროით, აგრეთვე გარკვეული პირობებით, პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი და პარკირების საფასური, ამ პირობების კომბინაცია ან რაიმე სხვა პირობები (პარკირების რეგულირების წესის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტი);
[2] პარკირების ადგილი − დგომის მიზნით გამოყოფილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით აღჭურვილი მიწა, შენობა, ნაგებობა ან მათი ნაწილი, სპეციალურად მოწყობილი მოედანი, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა ან/და ტროტუარი (პარკირების რეგულირების წესის მე-2 მუხლის „მ“ პუნქტი);
[3] ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი;
[4] „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის“ მე-11 მუხლის მე-13 პუნქტი;
[5] „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტი;
[6] საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 6 აგვისტოს რეკომენდაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, იხ.: https://bit.ly/3bEXnwC ;
[7] 2017 წლის 25 აპრილამდე განმცხადებელი სარგებლობდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ, „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2007 წლის 3 აგვისტოს N9–48 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაცემული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების საცნობი ნიშნით, რომლითაც მას ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობა შეეძლო.
[8] იურიდიულ საკითხთა კომისიის 2017 წლის 21 სექტემბერის წერილი; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 19 ოქტომბრის წერილი;
[9] ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 თებერვლის წერილი;
[10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება, II. პ. 1;
[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება, II. პ. 3;
[12] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება, II. პ. 1;
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №1/6/1426 განჩინება, II. პ. 25;
[14] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება, II. პ. 10;
[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება, II. პ. 17;
[16] ECtHR, Eweida and others v. United Kingdom , nos. 48420/10, 59842/10, 51671/10, 36516/10, 15/01/2013, § 87-88; Burden v. United Kingdom, nos. 13378/05, 29/04/2008, 29/04/2008, § 60;
[17] ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი;
[18] იქვე, მე-4 პუნქტი;
[19] იქვე, მე-2 პუნქტი;
[20] იქვე, მე-7 პუნქტი;
[21] იქვე, მე-5 პუნქტი;
[22] იქვე, მე-3 პუნქტი;
[23] ტრიპარეზის დროს დაზიანებულია სამი კიდური. შესაძლებელია ორივე ხელი და ერთი ფეხი, ან ორივე ფეხი და ცალი ხელი, ან ერთი ზედა, ერთი ქვედა კიდური და სახე;
[24] ჰემიპარეზის დროს დაზიანებულია სხეულის ერთი მხარის ორივე, ზედა და ქვედა კიდური;
[25] პარაპარეზის დროს დაზიანებულია სხეულის ორივე ქვედა კიდური;
[26] ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი;
[27] კუნთოვანი დისტროფია წარმოადგენს დაავადებათა ჯფუდს, რომელიც იწვევს კუნთის თანდათანობით სისუსტესა და კუნთის მასის დაკარგვას. კუნთოვანი დისტროფიის დროს, გენური მუტაციები ხელს უშლიან ჯანმრთელი კუნთის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი ცილების წარმოქმნას;
[28] ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი;
[29] მიასთენია არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კუნთების პათოლოგიური სისუსტე და დაღლილობა;
[30] ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი;
[31] იქვე, „ჰ.ე“ ქვეპუნქტი;
[32] იქვე, „ჰ.ვ“ ქვეპუნქტი;
[33] იქვე, „ჰ.თ“ ქვეპუნქტი;
[34] იქვე, „ჰ.ლ“ ქვეპუნქტი;
[35] იქვე, „ჰ.ნ“ ქვეპუნქტი;
[36] იქვე, „ჰ.ს“ ქვეპუნქტი;
[37] იქვე, „ჰ.ტ“ ქვეპუნქტი;
[38] ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ.უ“ ქვეპუნქტი;
[39] ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ.ყ“ ქვეპუნქტი;
[40] ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ.შ“ ქვეპუნქტი;
[41] ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;
[42] ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი;
[43] ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი;
[44] ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი;
[45] ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტი;
[46] Towards a Common Language for Functioning, Disability and Health ICF. World Health Organization. Geneva 2002. P. 9.
[47] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება, II. პ. 3;
[48] იქვე, II. პ. 5;
[49] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება, II. პ. 25;
[50] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება, II. პ. 115;
[51] იქვე, II. პ. 117;
[52] მაგალითად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დადგენის ამგვარ საფუძვლებს წარმოადგენს: გულის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის მესამე ხარისხის ქრონიკული უკმარისობით; ღვიძლის ციროზი, ასციტი; მძიმე ან ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვა (ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტები);
[53] გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ზოგადი კომენტარი №1 (2014), პ. 14;
[54]იქვე, პ. 1;
[55] იქვე, პ. 13;
[56] იქვე, პ. 23;
[57] იქვე, პ.4;
[58] იქვე, პ. 3;
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა