სს „საქსათბომბშენი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/9/1217 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 21 ივნისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 ივნისი 2017 14:16 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: სს „საქსათბობმშენი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სიტყვების: „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1217) მიმართა სს „საქსათბობმშენმა“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 10 მაისს. №1217 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 21 ივნისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულია საკუთრებისა და მემკვიდრეობის საყოველთაო უფლება.
5. №1217 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც სურს, მოიპოვოს საკუთრების უფლება მის მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამ მიზნით მოსარჩელემ მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, თუმცა სადავო ნორმის საფუძველზე მას უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.
6. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით ხდება ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის გაუმართლებელი დიფერენცირება. კერძოდ, იურიდიულ პირს არ შეუძლია მოიპოვოს მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მაშინ, როდესაც ფიზიკური პირები სარგებლობენ აღნიშნული უფლებით. ყოველივე აღნიშნული კი იწვევს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების დარღვევას.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის საკუთრების უფლებას. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება პირს უქმნის გარანტიებს, რომ სახელმწიფო არ ხელყოფს მის კერძო საკუთრებას, ხოლო სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, მოახდინოს საკუთრების უფლების პოზიტიური იმპლემენტაცია კანონმდებლობაში.
8. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ხელყოფს მის საკუთრების უფლებას, რამდენადაც ერთმევა საშუალება, მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოიპოვოს საკუთრების უფლება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად არმიღების საფუძვლებს. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. №1217 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სიტყვების: „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სადავო სიტყვების: „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით უკვე შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებაში საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №522 და N553 კონსტიტუციური სარჩელები და მიიჩნია, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სადავო სიტყვები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებს.
4. №1217 კონსტიტუციურ სარჩელზე სადავოდ არის გამხდარი სწორედ იგივე ნორმის კონსტიტუციურობა იმავე კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით. აღნიშნული საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მიხედვით, საქმის პლენუმისათვის გადაცემის საფუძველი.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1217 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1217 კონსტიტუციური სარჩელი („სს „საქსათბობმშენი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
მაია კოპალეიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მერაბ ტურავა