მელს ბდოიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/1308 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 21 მარტი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 მარტი 2019 15:23 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: მელს ბდოიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1308) მომართა მელს ბდოიანმა. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 20 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 21 მარტს.
2. №1308 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე, მიწის ნაკვეთი.
4. №1308 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებდა კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება.
6. №1308 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მელს ბდოიანი ცხოვრობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ნინოწმინდაში და მას მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. მოსარჩელე ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებში - ეფრემოვკასა და სპასოვკაში ფლობს მიწის ნაკვეთებს. კონსტიტუციურ სარჩელის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლება არის მაღალმთიანი დასახლება, მოსარჩელეს დაეკისრა ქონების გადასახადი სოფელ ეფრემოვკასა და სპასოვკაში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რაც განაპირობა სადავო ნორმის მოქმედებამ.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან სადავო ნორმაში არსებული სიტყვები „ამავე მაღალმთიანი დასახლება“ განაპირობებს შესაბამისი საგადასახადო შეღავათის გავრცელებას მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც იმავე მაღალმთიან დასახლებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, სადაც მუდმივად ცხოვრობენ. შესაბამისად, მოსარჩელე, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ნინოწმინდაში და მიწის ნაკვეთებს ფლობს სოფელ ეფრემოვკასა და სპასოვკაში, აღნიშნული საგადასახადო შეღავათით ვერ სარგებლობს. აღნიშნულის გამო, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას საცხოვრებელი ნიშნით.
8. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი საგადასახადო შეღავათი ემსახურება მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიური პროგრესის უზრუნველყოფას. თუმცა, მოსარჩელის პოზიციით, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, აუცილებელია, ზემოაღნიშნული საგადასახადო შეღავათი გავრცელდეს არა კონკრეტულ, არამედ ყველა მაღალმთიან დასახლებაზე.
9. მომხსენებელი მოსამართლის წერილობითი მიმართვის საპასუხოდ, მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ იგი არ ითხოვს სადავო ნორმებით გათვალისწინებული პირებისათვის საგადასახადო შეღავათის მიღების უფლების გაუქმებას და ამ გზით დისკრიმინაციის აღმოფხვრას, არამედ მისი მიზანია, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად დადგინდეს ისეთი სამართლებრივი რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე მოექცევა საგადასახადო შეღავათის მიღების უფლების მქონე პირთა წრეში.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1308 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით თანასწორობის უფლება დაცულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ხსენებული ნორმის თანახმად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.
6. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაღალმთიან დასახლებას წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასახლება, რომელიც შეტანილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ დასახლება გულისხმობს მოსახლეობის განსახლების პირველად ტერიტორიულ ერთეულს, კერძოდ, სოფელს, დაბასა და ქალაქს. სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით დგინდება, რომ სწორედ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-4 მუხლით იხელმძღვანელა საგადასახადო ორგანომ სადავო ნორმაში მითითებულ ტერმინ დასახლების განმარტებისას და დაადგინა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება ის მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეც მუდმივად ცხოვრობს იმავე მაღალმთიან სოფელში, დაბასა თუ ქალაქში. ვინაიდან მოსარჩელე ცხოვრობს ქალაქ ნინოწმინდაში, იგი არ გათავისუფლდა ეფრემოვკასა და სპასოვკაში მდებარე მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან.
7. მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული რეგულაცია ადგენს დისკრიმინაციულ დიფერენცირებას, რადგან შეღავათს ავრცელებს მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც იმავე მაღალმთიან დასახლებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, სადაც მუდმივად ცხოვრობენ. ამავე დროს, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას იმგვარად, რომ მის საკუთრებაში არსებული სხვა მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებიც გათავისუფლდეს ქონების გადასახადისაგან.
8. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველე ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი წარმოადგენს საგადასახადო შეღავათის დამდგენ ნორმას. იგი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე თავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან. სადავო ნორმა არ ადგენს რომელიმე პირისათვის გადასახადის გადახდის ვალდებულებას ან/და მის მიერ რომელიმე საგადასახადო შეღავათით სარგებლობის აკრძალვას. შესაბამისად, სადავო ნორმას არ გააჩნია ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობა მოსარჩლის მიერ ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების გაუქმებას გამოიწვევს. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირთა წრეს, მისი რომელიმე ნაწილის/რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებას შესაძლებელია, შედეგად მოჰყვეს მხოლოდ შეღავათით მოსარგებლე პირთა წრის შემცირება და არა პირიქით.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია არა სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის გაუქმებისაკენ, არამედ ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნისკენ. მოსარჩელე პრობლემურად საერთოდ არ მიიჩნევს სადავო ნორმით დადგენილ საგადასახადო შეღავათს, არამედ ითხოვს ნორმის მოქმედების ფარგლების გაფართოებას და მისთვის საგადასახადო შეღავათის დადგენას. მსგავსი მოთხოვნა „შინაარსობრივად კანონმდებლობაში პოზიტიური ჩანაწერის გაკეთების იდენტურია, რაც კანონშემოქმედებითი პროცესის ნაწილია და არა ნეგატიური, კანონმდებლის კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე – ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-24).
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ გააუქმოს სადავო ნორმა მთლიანად ან/და მისი რომელიმე ნაწილი/ნორმატიული შინაარსი, თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს ახალი წესრიგი, გააფართოოს სადავო ნორმის მოქმედება და ა.შ. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ სადავო ნორმის რომელიმე ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობაში, მის გაუქმებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22). „საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს ... არ ანიჭებს ნორმატიული შინაარსის აქტების გამოცემის, რეგულაციების დადგენის უფლებამოსილებას. მისი ფუნქცია არსებული საკანონმდებლო სივრცის კონსტიტუციურობის უზრუნველყოფაში პოვებს ასახვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი არსით, „ასრულებს ნეგატიური კანონმდებლის ფუნქციას, გავლენას ახდენს ნორმაშემოქმედებით საქმიანობაზე – სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა (ნორმები) კარგავს იურიდიულ ძალას, მეტიც, კანონმდებელმა, ხშირ შემთხვევაში, უნდა მიიღოს ახალი, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ახალი წესრიგის დადგენას (შექმნას) კი არ ემსახურება, არამედ უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას და ქმედითობას, ხელს უწყობს მის შესრულებას როგორც სახელმწიფოს, ისე ხალხის მიერ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). „საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია მხოლოდ კანონმდებლობაში არსებული არაკონსტიტუციური რეგულაციების, წესებისთვის იურიდიული ძალის გაუქმებისა და მათთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რესურსის გაუქმების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატს სცდება უფლებამოსილება, ძალადაკარგული სამართლებრივი ნორმების ნაცვლად კანონმდებლობაში დაადგინოს განსხვავებული, თუნდაც კონსტიტუციური წესები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის №3/6/642 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მოსარჩელისთვის საგადასახადო შეღავათის მიღების უფლების მინიჭება სცდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს, რის გამოც, არსებობს №1308 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1308 („მელს ბდოიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე