მელს ბდოიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1308 |
ავტორ(ებ)ი | მელს ბდოიანი |
თარიღი | 16 აპრილი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი: მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი | საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ:
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი“ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის, როგორც სოციალურ ისე საგადასახადო შეღავათებს. აღნიშნული კანონის შესაბამისად მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით, სადაც განსაზღვრული ყველა ის დასახლება, რომელზეც კანონის გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი არის „მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი“.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირს სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, რადგან გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება. კანონის მიხედვით ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
მოსარჩელე მელს ბდოიანი არის საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ქალაქ ნინოწმინდა მ საარიანის ქ. N1 მას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 მარტის N550/15 ბრძანებით მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა. სარჩელს თან ერთვის ცნობამ რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის N550/15 ბრძანების საფუძველზე მას მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. (იხ. დანართი #1)
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით მაღალმთიანი დასახლებათა ნუსხაში შედის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში- „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლება.“
აღნიშნული კანონისა და დადგენილების გათვალისწინებით თუ პირს აქვს მინიჭებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისა და დასახლებას მინიჭებული აქვს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი, მაშინ მის საკუთრებაში არსებული მიწა თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე, მელს ბდოიანი აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის“ მიერ დადგენილ კრიტერიუმებს და შესაბამისად მასზე უნდა ვრცელდებოდეს კანონით განსაზღვრული შეღავათები.
აღნიშნულის მიუხედავად მოსარჩელეს დაეკისრა ქონების გადასახადი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე, რომელიც მდებარეობს ნინოწმინდის რაიონში სოფელ ეფრემოვკასა და სპასოვკაში. მოსარჩელემ საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით შემოსავლების მიიღო შემოსავლების სამსახურის N060-389 საგადასახადო მოთხოვნა ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე (იხ. დანართი #2).
ნიშანდობლივია, რომ მოთხოვნაში მითითებულია სოფლები, რომელიც მთავრობის დადგენილების მიხედვით უნდა თავისუფლდებოდეს ქონების გადასახადისგან, რადგან დადგენილება მიუთითებს ნინოწმინდის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში არსებულ ყველა დასახლებაზე.
მოსარჩელე მელს ბდოიანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს განცხადებით, მაგრამ შემოსავლების სამსახურის საპასუხო განცხადებაში მითითებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოსარჩელე მელს ბდოიანის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია (იხ. დანართი #3). შემოსავლების სამსახურმა გადასახადისგან გათავისუფლებაზე უარის თქმისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206 მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ნორმის მიხედვით, მიწის გადასახადისგან თავისუფლდება „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.“ განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ თვითმართველობის კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, „მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული არის დასახლება, რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა. დასახლების კატეგორიებია: სოფელი, დაბა, ქალაქი.“
საგადასახადო კოდექსის კონკრეტული დებულების აღნიშნული ნორმატული შინაარსი არაკონსტიტუციურია, რადგან „ამავე მაღალმთიანი დასახლება“ განიმარტება, როგორც კონკრეტული სოფელი და არა მთავრობის N671-ე დადგენილებაში მოხსენიებული „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლება“.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მელს ბდოანზე არ გავრცელდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეღავათები სოფელ ეფრემოვკასა და სპასოვკაზე, მიუხედავად იმისა რომ ამ სოფლებში მცხოვრები სხვა მოქალაქეები იღებენ კანონით გათვალისწინებულ შეღავათებს, რაც არღვევს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. შესაბამისად, ის წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) ნორმატიული აქტების იერარქიაში არ არსებობს გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტზე მაღლა მდგომი, სადავო საკითხის მარეგულირებელი, სამართლებრივი აქტი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმის არსი/ნორმატიული შინაარსი
საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ.“ აღნიშნული კანონის მიღების მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კანონის მიღების პროცესს თან სდევდა საქართველოს პარლამენტის მიერ ცვლილებათა პაკეტის მიღება, რომლის მიხედვითაც ცვლილებები შევიდა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში. ცვლილება ასევე შეეხო საგადასახადო კოდექსს. კონკრეტული კანონი და ცვლილებები ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან.
აღსანიშნავია, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მიღების მიზეზი გახდა მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიური პროგრესის უზრუნველყოფა, რადგან 1999 წელს მიღებული „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონმა ვერ უზრუნველყო საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მიზნის მიღწევა და შესაბამისი შეღავათების ამოქმედება მაღალმთიანი რეგიონების განვითრებისათვის.
აღნიშნულს ადასტურებს მაღალმთიან რეგიონებში არსებული მძიმე სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული პირობები. მაღალმთიანი დასახლებები ინარჩუნებენ ქვეყნის კულტურულ ღირებულებებს, აქვთ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა, ამასთან, მათ წინაშე მდგარი გამოწვევები, ტურიზმის განვითარების კუთხით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. თუმცა, ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია მაღალმთიანი დასახლებებისათვის თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახელმწიფოს მიერ შეღავათების დაწესებით. (განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი, გვ.1.)
შესაბამისად, აუცილებელი გახდა ქმედითი ნაბიჯების განხორციელება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობა, ცხოვრების დონის ამაღლება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობით დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობა სათანადოდ აღსრულდებოდა და მიმართული იქნებოდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისაკენ.
სამწუხაროდ, კანონის რეგულირება სრულად არ გავრცელდა ყველა ბენეფიციარზე, რომელიც მუდმივად ბინადრობს მაღალმთიან რეგიონში და ექვემდებარება ზემოხსენებული კანონით დადგენილ შეღავათებს. აღნიშნულის მიზეზი გახდა კანონის ზედმეტად ვიწრო ფორმულირება, რაც ქვემოთ იქნება განხილული.
კანონის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მიხედვით მაღალმთიანი რეგიონი არის მაღალმთიანი დასახლება. მაღალმთიანი დასახლება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიერ. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაღალმთიანია დასახლება, რომელიც შეტანილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში; ასევე კანონის მიხედვით მაღალმთიანი დასახლების სტატუსთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით. მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს.
ამ დანაწესის მიხედვით მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით, სადაც გაიწერა მაღალმთიანი რეგიონების კონკრეტული ჩამონათვალი. აღნიშნულ დადგენილებაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაღალმთიან დასახლებად მიჩნეულია „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლება“.
შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლება (სოფელი, დაბა, ქალაქი) არის მაღალმთიანი დასახლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებნი სარგებლობენ საშემოსავლო და ქონების გადასახადებში განსაზღვრული საგადასახადო შეღავათებით. „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს საშემოსავლო გადასახადთან და ქონების გადასახადთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით.“ შეღავათები გათვალისწინებულია საწარმოსა და მეწარმე ფიზიკური პირისათვის, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადით, იმისთვის რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში მეწარმეობის განვითარებას.
სწორედ ამ მიზნით განხორციელდა ცვლილება საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტში, რომელიც ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას გულისხმობს: „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.“ აღსანიშნავია, რომ კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილებით მნიშვნელოვნად ფართოვდება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირთა შეღავათი ქონებაზე მიწის გადასახადში, კერძოდ ამ გადასახადისგან თავისუფლდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული ნორმის ძველი რედაქციით ქონებაზე მიწის გადასახადისგან თავისუფლდებოდა მხოლოდ „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო სამხრეთი საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქონების გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით“. საგადასახადო კოდექსში აღნიშნული ცვლილების შეტანის მთავარი მიზანი იყო, მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად საგადასახადო შეღავათების დადგენის აუცილებლობა და მათი გაფართოვება.
შესაბამისად, კანონმდებლობის სისტემური ანალიზიდან გამოდინარე, საგადასახადო შეღავათების გავრცელებისათვის საჭიროა მაღალმთიანი დასახლება იყოს (1) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით განსაზღვრული და (2) პირს ჰქონდეს მინიჭებული მუდმივად მცხოვრების სტატუსი.
მოცემულ შემთხვევაში მელს ბდოიანი ორივე პირობას აკმაყოფილებს, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლება (სოფელი, დაბა, ქალაქი) არის მაღალმთიანი დასახლება, ხოლო მოსარჩელეს მინიჭებული აქვს აღნიშნულ რეგიონში მუდმივად მცხოვრების სტატუსი.
მიუხედავად ამისა, სადავო ნორმის დანაწესის: „ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი“-ს არასწორი განმარტების გამო, მოსარჩელე ვერ სარგებლობს კანონით მისთვის მინიჭებული საგადასახადო შეღავათებით.
არასწორი განმარტება გამოიწვია საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტმა, რომელიც მიუთითებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს დადგენილების N21-ის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი იყოფა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებად. აღსანიშნავია, რომ მელს ბდოანი ცხოვრობს ქალაქ ნინოწმინდაში, რომელიც ქალაქ ნინოწმინდის ადმინისტრაციული ერთეულია, ხოლო სოფლები, რომლებზეც საგადასახადო ვალდებულება დაეკისრა მოსარჩელეს - ეფრემოვკა და სპასოვკა - ეკუთვნის გორლოვკის ადმინისტრაციულ ერთეულს. მოსარჩელის ამ სოფლებში საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ფუნქციურად სასოფლო სამეურნეო ტიპისაა (კონკრეტულად კი - სათიბი და სახნავი), რომელზეც რეგულარულად ეწევა მიწათმოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ მელს ბდოიანი ქალაქ ნინოწმინდაში ცხოვრობს, ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კუთხით იყენებს ეფრემოვკასა და სპასოვკაში მდებარე მიწის ნაკვეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ მელს ბდოიანი ცხოვრობს ქალაქ ნინოწმინდაში და ამუშავებს სოფელ ეფრემოვკასა და სპასოვკაში მდებარე მიწის ნაკვეთებს, მასზე უნდა ვრცელდებოდეს საგადასახადო შეღავათები, რადგან მთავრობის N671 დადგენილება საგადასახადო შეაღავათებს ავრცელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლებაზე და არა რომელიმე კონკრეტულ სოფელსა თუ ადმინისტრაციულ ერთეულზე.
შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის ხსენებულ ნორმაში მითითებული სიტყვების „ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე“ ნორმატიული შინაარსი უნდა გულისხმობდეს მთავრობის N671 დადგენილებაში მითითებულ ყველა დასახლებას და არა რომელიმე კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულს, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში განმარტა საგადასადო ორგანომ.
ამრიგად, რაკი აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ნაწილია და მოსარჩელე ბდოიანს აქვს მინიჭებული ამავე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, შესაბამისად კანონით გათვალისწინებული შეღავათები ისევე უნდა ვრცელდებოდეს მოსარჩელე მხარეზე, როგორც ვრცელდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლებში მცხოვრებ დანარჩენ მოსახლეობაზე.
მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმის დანაწესის: „ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე“-ს მსგავსი განმარტება მოსარჩელე მხარეს სრულად ართმევს შესაძლებლობას ისარგებლოს იმ საგადასახადო შეღავათებით, რასაც კანონი მაღალმთიან დასახლებებს განვითარებისთვის ხელის შეწყობის მიზნით სთავაზობს. შესაბამისად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს ადგენს, რა უთანასწორო მიდგომას და გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის განსხვავებული უფლებების დადგენას.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობა მე-14 მუხლთან მიმართებით
ა) დიფერენცირების ნიშანი
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამგვარად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე- მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4.)
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N 2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები-ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერძენაძე, ბექა ბუჩაშვილი და გოგა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“ II-8.)
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში „საქართველოს მოქალაქებიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“ განმარტა თუ რას გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დისკრიმინაცია: „თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მისი მოქმედება დაკავშირებულია შესადარებელი ჯგუფების არსებობასთან, ხოლო საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დიფერენცირება კი გულისხმობს განსახლების სხვადასხვა გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის განსხვავებული უფლების დადგენას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღდეგ“, II-8) საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეში ასევე განაცხადა: იმისათვის, რომ სადავო ნორმა გახდეს საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დისკრიმინაციის შემოწმების ობიექტი, იგი უნდა ადგენდეს მათთვის არახელსაყრელ სამართლებრივ რეჟიმს სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში საქმეზე რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დაადგინა საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დიფერენცირება. სასამართლომ შეაფასა სადავო ნორმები კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით და დაადგინა, რომ ადგილი ქონდა არსებითად თანასწორ პირთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას: საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს ჰქონდათ უფასო ზოგადი განათლების მიღების იმგვარივე საჭიროება, როგორც საქართველოს მოქალაქეებს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებს. „საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არ მქონე პირს, რომელიც შესაძლებელია აკმაყოფილებდეს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს შორის დიფერენცირების საფუძველია საქართველოში ცხოვრების ფაქტი. საქართველოში მცხოვრები უცხოელი, კანონმდებლობის მიხედვით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსს ვერ მიიღებს. ამისათვის იგი უცხოეთში უნდა ცხოვრობდეს. შესაბამისად, გეოგრაფიული მდებარეობა, უფრო კონკრეტულად კი, საცხოვრებელი ადგილი, არის ორ შესადარებელ ჯგუფს შორის დიფერენცირების საფუძველი, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ, კლასიკურ ნიშანს წარმოადგენს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის N2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე რუსეთის მოქალაქეები-ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-49.)
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეზე არ ვრცელდება კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები სოფლებზე ეფრემოვკასა და სპასოვკაზე, სადაც მელს ბდოიანი ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. სადავო ნორმაში კანონმდებელი მიუთითებს „ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე“, რომელიც მთავრობის N671 დადგენილების გათვალისწინებით გულისხმობს ნინოწმინდის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს და არა კონკრეტულ სოფელს ან ქალაქს. შესაბამისად საგადასახადო შეღავათები უნდა ვრცელდებოდეს ნინოწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულზე.
როგორც უკვე აღნიშნა, საგადასახადო ბენეფიტები საცხოვრებელ ადგილზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ის შეყვანილია მაღალმთიანი რეგიონების დასახელებათა ნუსხაში და ასევე საჭიროა, რომ პირს ქონდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ასევე აღინიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ყველა დასახლება“ არის მაღალმთიანი რეგიონი და მოსარჩელე არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი, რაც არის აუცილებელი პირობები ქონების გადასახადისაგან გასათავისუფლებლად.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დიფერენცირება გულისხმობს განსახლების სხვადასხვა გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის განსხვავებული უფლების დადგენას
სადავო ნორმის მსგავსი ინტერპრეტაცია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიზნით შეღავათებს ავრცელებს მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, სადაც მუდმივად ცხოვრობენ. აღნიშნული ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება როგორც საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების დეკლარირებულ მიზნებსა და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის განმარტებას, ისე - საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან გეოგრაფიული მდებარეობა, უფრო კონკრეტულად კი, საცხოვრებელი ადგილი, არის ორ შესადარებელ ჯგუფს შორის დიფერენცირების საფუძველი.
ბ) მკაცრი ტესტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე განსხვავებულია სასამართლოს კრიტერიუმებიც დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისათვის, რადგან თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები არ არის ერთგვაროვანი. „კლასიკური, სპეციფიური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6)
აღნიშნულიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს: უკავშირდება თუ არა დიფერენცირება კლასიკურ, სპეციფიკურ ნიშნებს და ხასიათდება თუ არა დიფერენცირება მაღალი ინტენსივობით.
კონკრეტულ შემთხვევაში ორ შესადარებელ ჯგუფს შორის დიფერენცირების საფუძველი არის გეოგრაფიული მდებარეობა, უფრო კონკრეტულად კი საცხოვრებელი ადგილი, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ, კლასიკურ ნიშანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირების შეფასებისას უნდა გამოიყენოს შეფასების მკაცრი ტესტი.
როგორც ერთხელ უკვე აღინიშნა, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის განმარტებით ბარათში კანონის მიღების მიზეზად მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ხოლო მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად, კანონი ადგენს შეღავათებს. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, 1999 წელს მიღებულ იქნა „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი. თუმცა, აღნიშნულ კანონში არსებულმა რეგულაციებმა ვერ უზრუნველყო საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მიზნის მიღწევა და შესაბამისი შეღავათების ამოქმედება მაღალმთიანი რეგიონების განვითრებისათვის. აღნიშნულს ადასტურებს მაღალმთიან რეგიონებში არსებული მძიმე სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული პირობები.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის“ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ აუცილებელი გახდა ქმედითი ნაბიჯების განხორციელება იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობა, ცხოვრების დონის ამაღლება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობით დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობა იქნება აღსრულებადი და მიმართული მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისაკენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის დანაწესის შესრულებისა და ქმედითი, კონსტრუქციული და აღსრულებადი საკანონმდებლო ბაზის არსებობის აუცილებლობა გახდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მომზადების მიზეზი.
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლი „სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს. სოციალური სახელმწიფოს მიზანია სამართლიანი სოციალური წესრიგის დამკვიდრება, საერთო ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნება, მოსახლეობის შეძლებისდაგვარად თანაბარზომიერი უზრუნველყოფა, ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების მაქსიმალურად თანაბარი პირობების შექმნა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის N2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-20).
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის „მეორე წინადადების მოთხოვნის შესაბამისად, მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა დაადგინა შეღავათები, რომლებიც ასახულია ”მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფომ, უზრუნველყოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, გაატაროს მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკა თანამედროვე მოთხოვნებისა და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, გააძლიეროს მაღალმთიან რეგიონებში სოციალურ-კულტურული აქტივობა, განავითაროს მრეწველობა, რაციონალურად გამოიყენოს ადგილობრივი რესურსები და დაასაქმოს მოსახლეობა. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის N2/8/366 განჩინება, პ.2).
შესაბამისად, აღნიშნული კანონის მიზნებიდან გამოდინარე საგადასახადო შეღავათები თანასწორად უნდა გავრცელდეს მაღალმთიან რეგიონად აღიარებულ ყველა დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირზე.
აღსანიშნავია, რომ ამავე პრინციპს იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. საქმეში GUBERINA v. CROATIA სასამართლომ განაცხადა: როდესაც საქმე ეხება საგადასახადო შეღავათებს, სახელმწიფოს აქვს ფართო შეფასების ზღვარი, რომ განსაზღვროს სტრატეგიის ზოგადი მასშტაბი. თუმცა მსგავსი შეღავათების გავრცელება არ უნდა მოხდეს დისკრიმინაციულად და უნდა შეესაბამებოდეს პროპორციულობის მოთხოვნებს.
ამავე საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ საგადასახადო შეღავათების გავრცელების დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლილი შეღავათების დაწესების მიზანი. სასამართლოს მოსაზრებით, თანასწორობის უფლებას არღვევს კანონის მკაცრი ფორმულირების ვიწრო განმარტება, რომლის შედეგადაც საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც კანონის მიზნებისთვის შეღავათის ბენეფიციარებს წარმოადგენენ. (გუბერინა ხორვატიის წინააღმდეგ, 13286/13, პარ. 94-96).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, რადგან საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება ყველა ბენეფიციარზე. კონკრეტული სოფლები საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით ხვდება მაღალმთიანი რეგიონების დასახლებათა ნუსხაში და მათზე საგადასახადო ვალდებულების დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. საგადასახადო შეღავათები აღნიშნულ სოფლებზე ისევე უნდა გავრცელდეს, როგორც ეს ვრცელდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებზე, რადგან N671 დადგენილება მიუთითებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” , II.15.).
რაც შეეხება, სახელმწიფოს მიერ უფლების შეზღუდვის დაუძლეველი ინტერესის არსებობას, კონკრეტულ შემთხევაში, სახელმწიფოს ის არ გააჩნია. რადგან სახელმწიფოს მხრიდან საბიუჯეტო რესურსის ამოწურვადობაზე მითითება არ იქნება რელევანტური.
საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ „ამოწურვადი რესურსების დაზოგვა, ზოგადად, შეიძლება წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს. ყურადსაღებია, რომ სახელმწიფოს გააჩნია საკმაოდ ფართო მიხედულების ზღვარი, მაშინ როდესაც საქმე უკავშირდება შეზღუდვად რესურსებს და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, როგორიც სახელმწიფო ბიუჯეტია, პირველ რიგში, ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ რეალიზაციას უნდა მოხმარდეს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის N2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-26). ამავე საქმეში სასამართლომ აღნიშნა: „ნიშანდობლივია, რომ მოპასუხეს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის მტკიცებისთვის სახელმწიფოს „დაუძლეველ ინტერესზე“ საერთოდ არ მიუთითებია. საქართველოს პარლამენტმა მიუთითა საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის აუცილებლობაზე, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განათლების უფლების მინიჭება გაუმართლებლად მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს ან სხვა რაიმე ინტერესებს დააზიანებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე არ არსებობს „დაუძლეველი სახელმწიფოს ინტერესი, რომელიც გაამართლებდა მოსარჩელე კლასის დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას. შესაბამისად სადავო ნორმები ეწინააღმდეგება თანასწორობის ძირითად უფლებას და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.“
სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არ არსებობა გამორიცხავს უფლების შეზღუდვის ინტენსივობისა და მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციულობის, მისი თანაზომიერების შეფასების შესაძლებლობას. ვინაიდან, „თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ენერგეტიკის წინააღმდეგ“, II-9.)
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის სიტყვების „ამავე ტერიტორიულ ერთეულში მდებარე“ ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა