ანი აროშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/10/1410 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ნოემბერი 2024 12:54 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ანი აროშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების – „პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1410) მომართა ანი აროშიძემ. №1410 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 15 მარტს. №1410 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს. №1410 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/1/1410 საოქმო ჩანაწერით ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული.
2. №1410 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლით კრიმინალიზებულია პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი დასჯადად აცხადებს ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა – პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა და სანქციის სახედ აწესებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დასჯადია პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება და აკრძალულია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“, ხოლო მე-5 პუნქტი ადგენს, რომ „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ სოციალური ქსელის „Facebook“-ის (შემდგომში – „ფეისბუქი“) 15 წევრიანი ჯგუფიდან მოიპოვა საქართველოს პარლამენტის წევრის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერი, რომელიც შეინახა „Facebook Messenger“-ში (შემდგომში – „ფეისბუქ მესენჯერი“) და რომელიც შემდგომ, პირადი, დახურული მიმოწერის საშუალებით, გადაუგზავნა 3 მეგობარს. დასახელებული ქმედებები პროკურატურის მხრიდან დაკვალიფიცირდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვებად, შენახვად და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებად, რის გამოც, მოსარჩელე ბრალდებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე.
6. მოსარჩელე ხაზს უსვამს გამოხატვის თავისუფლების უდიდეს მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში და აღნიშნავს, რომ დასახელებული უფლება იცავს არა მხოლოდ აზრისა და ინფორმაციის გავრცელების უფლებას, არამედ ამისთვის სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობასაც.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს სხვათა უფლებების, კერძოდ, სხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს დაცვა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაცია წარმოადგენს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას. მისი თქმით, ამგვარი ხასიათის რეპრესიული ღონისძიების გატარება თანაზომიერი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი უშუალო მონაწილეობას მიიღებდა სხვა პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს თავდაპირველ მოპოვებაში, შემდგომში მის შენახვაში საჯაროდ გავრცელების ან შანტაჟის მიზნით ან მის გასაჯაროებაში სოციალური ქსელის ან ზოგადად ინტერნეტის მეშვეობით.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვების მიზნით არ ჩაუდენია რაიმე სახის უკანონო ქმედება. კერძოდ, არ შეჭრილა სხვის პირად სივრცეში, არ გადაუღია ვიდეო და არ აუტვირთავს მისი საჯაროდ გავრცელების ან სხვისთვის ზიანის მიყენების მიზნით. პირის დასჯა უკვე საჯაროდ გავრცელებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის მოპოვების, შენახვისა და გავრცელებისათვის წარმოადგენს არაპროპორციულ ჩარევას გამოხატვის თავისუფლებაში და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებს.
9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ბუნდოვანი შინაარსისაა, რადგან იგი საკმარისად არ ავიწროებს მისი ინტერპრეტაციის ფარგლებს. კერძოდ, გასაჩივრებულ რეგულაციაში არსებული ტერმინები - „მოპოვება“, „შენახვა“, „გავრცელება“ მოიცავს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელმისაწვდომია საჯარო სივრცეში. საკითხის ამგვარი საკანონმდებლო რეგულირების პირობებში პირი ვალდებულია, ერთმანეთისგან გაარჩიოს ინტერნეტში არსებული რა სახის ინფორმაციაა კანონიერად გავრცელებული და რა უკანონოდ. ამასთან, სადავო რეგულაცია იძლევა შესაძლებლობას, „გავრცელებად“ დაკვალიფიცირდეს იმგვარი შემთხვევები, როდესაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გავრცელება ხდება არა საჯაროდ, პირისთვის ზიანის მიყენების მიზნით, არამედ დახურული სახის პირადი შეტყობინების („ჩატის“) მეშვეობით.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმას, თავისი ბუნდოვანი, განუჭვრეტელი შინაარსის გამო, გააჩნია მსუსხავი ეფექტი. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პირმა მოიპოვა საჯაროდ გავრცელებული პირადი ცხოვრების საიდუმლო ინტერნეტის მეშვეობით, სადავო ნორმა სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს ამ პირის მობილური ტელეფონი, სოციალური ქსელის ანგარიშები და გაეცნოს ამ ან სხვა პირის კანონიერად არსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, რაც ასევე წარმოადგენს კონსტიტუციით დაცულ სფეროს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაცია ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სტანდარტებს.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1410 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ანი აროშიძე. 2024 წლის 8 ნოემბერს, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, მოსარჩელე ანი აროშიძემ განცხადებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამრიგად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1410 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1410 კონსტიტუციურ სარჩელზე („ანი აროშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე