მარიამ კაკიაშვილი და ირაკლი სხულუხია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/17/1832 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ნოემბერი 2024 14:20 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: მარიამ კაკიაშვილი და ირაკლი სხულუხია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1832) მომართეს მარიამ კაკიაშვილმა და ირაკლი სხულუხიამ. №1832 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის პირველ აგვისტოს. №1832 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 20 ნოემბერს.
2. №1832 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.
5. №1832 კონსტიტუციური სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს არასაცხოვრებელი სივრციდან პირთა სხვა საცხოვრებელ სივრცეში გადაყვანას, არამედ უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას) ყოველგვარი ალტერნატიული სივრცის არსებობის გარეშე. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, კრედიტორის სასარგებლოდ ბინიდან მფლობელის და მისი ოჯახის გამოსახლება ხორციელდება ალტერნატიული საცხოვრებელი სივრცის არარსებობის შემთხვევაში. მოსარჩელე განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში გამოსახლებული პირი რჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე, რითიც აშკარად ირღვევა საცხოვრისის უფლება, რომელიც დაცულია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად იძულებით აუქციონზე გაყიდული ქონების გამოთავისუფლება და ახალი მესაკუთრისთვის გადაცემა, რისთვისაც ხდება საცხოვრისიდან ხალხის იძულებითი გამოსახლება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კრედიტორის ინტერესების გათვალისწინება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის საკუთრების ხარჯზე კანონიერია და საქართველოში გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ამდენად, №1832 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავოდ ხდის არა საკუთრივ გამოსახლების კანონიერებას, არამედ საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, სხვათა საცხოვრისის უფლების შეზღუდვის პროპორციულობას.
7. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დადგენილ პრაქტიკასა და ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო რეგულაციებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. ამასთანავე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1832 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
3. განსახილველ შემთხვევაში, №1832 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებული არიან ფიზიკური პირები, რომლებიც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს მიღმა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან მიმართებით.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1832 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1832 კონსტიტუციური სარჩელი („მარიამ კაკიაშვილი და ირაკლი სხულუხია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე