შპს "ნავთლუღი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/12/1310 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 6 დეკემბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 6 დეკემბერი 2018 20:17 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: შპს „ნავთლუღი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1310) მიმართა შპს „ნავთლუღმა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2018 წლის 30 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 6 დეკემბერს.
2. №1310 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლები, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი განსაზღვრავს მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებლობას, შესატანს, ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის უფლებებს. აღნიშნული მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული და განმტკიცებულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
5. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი ნორმები ბუნდოვანია და საჭიროებს დეტალურ განმარტებას. კერძოდ, ნორმა არ განსაზღვრავს რა პერიოდის, ვადის დოკუმენტაციის მოთხოვნის უფლება აქვს პარტნიორს. ამასთან, განუსაზღვრელია, თუ რა ფორმით შეუძლია მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება. მოსარჩელე მხარისთვის ასევე ბუნდოვანია, რა პერიოდში შეუძლია განახორციელოს პარტნიორმა საკუთარი უფლებამოსილება, კერძოდ, საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტება წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელის განმარტებით, სადავო რეგულაციის შეუჩერებლობის შემთხვევაში შესაძლოა აქტის მოქმედებამ გამოიწვიოს გამოუსწორებელი ზიანი.
7. მოსარჩელე დამატებით უთითებს, რომ მოთხოვნათა დასაბუთებას დეტალურად წარმოადგენს არსებით სხდომაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. ამავდროულად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების წინაპირობაა ამგვარი დასაბუთების უშუალოდ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენა და არა მითითება დასაბუთების სხდომაზე ზეპირი ფორმით წარმოდგენის თაობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. მოსარჩელე მხარე ითხოვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით. №1310 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმასთან დაკავშირებით მითითებულია მხოლოდ მისი ბუნდოვანების თაობაზე და იმ გარემოებაზე, რომ ნორმის მოქმედებამ შესაძლოა, მეწარმე სუბიექტისათვის გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ხარჯები. მოსარჩელე დამატებით უთითებს, რომ დასაბუთებას დეტალურად წარმოადგენს არსებითი განხილვის სხდომაზე.
3. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმასა და კონსტიტუციის მეორე თავის კონკრეტული დებულებით აღიარებულ უფლებას შორის. მოსარჩელეს არ მოუხდენია იდენტიფიცირება, კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული რომელი უფლება იზღუდება სადავო ნორმით. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას ვერ განაპირობებს მოსარჩელის მითითება დეტალური დასაბუთების არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოდგენის თაობაზე, ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, სათანადო არგუმენტაცია წარმოდგენილი იყოს უშუალოდ სარჩელში და არა ზეპირსიტყვიერად არსებითი განხილვის სხდომაზე.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1310 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1310 („შპს „ნავთლუღი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი