„შპს სელინი“, „შპს მეგა სთარი“, „შპს გოლდენ ვეი“ და „შპს OLDBETER BOLNISI“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/13/1638 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ნოემბერი 2024 13:56 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: „შპს სელინი“, „შპს მეგა სთარი“, „შპს გოლდენ ვეი“ და „შპს OLDBETER BOLNISI“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია), „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და „კ“ ქვეპუნქტებისა და 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია), „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1638) მომართეს „შპს სელინი“-მ, „შპს მეგა სთარი“-მ, „შპს გოლდენ ვეი“-მ და „შპს OLDBETER BOLNISI“-მ.. №1638 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 30 ივლისს. №1638 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 20 ნოემბერს.
2. №1638 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104, 105, 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა.
4. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია, დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები, ისევე, როგორც შეასრულოს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობები. დასახელებული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მომწყობ, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელ პირთა მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
6. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, ამ კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრების უფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეზღუდვის წესსა და პირობებს. საქართველოს 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით კი, უზრუნველყოფილია მეწარმეობის თავისუფლება.
8. №1638 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ოთხივე მოსარჩელე კომპანიას, დროის სხვადასხვა პერიოდისათვის, კანონით განსაზღვრული აზარტული და მომგებიანი სათამაშოების ბიზნესის განხორციელების მიზნით, მოპოვებული ჰქონდა ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოწმობა. მოსარჩელეებმა, რამდენადაც „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტისა და „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 1 მარტამდე დასაშვები იყო მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება და რამდენადაც არ გააჩნდათ აზარტული და მომგებიანი თამაშების სისტემურ-ელექტრონული მოწყობის შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურს აცნობეს საქმიანობის დროებითი შეწყვეტის შესახებ (ჯამში, 9 თვე და 14 დღე). აღნიშნული საქმიანობის განახლების შემდგომ, იმის გამო, რომ მოსარჩელეებმა არ გადაიხადეს სანებართვო მოსაკრებლის გადასახადი შემდგომი ერთწლიანი პერიოდისათვის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა დაარღვიეს, მათ შორის, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, რაც წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და ითვალისწინებს ნებართვის მფლობელის მიმართ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების გამოყენებას. ამასთანავე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯარიმის ნაცვლად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა მიიღო მოსარჩელეთა მიმართ გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახდელის უფრო მსუბუქი ფორმის – „გაფრთხილების“, გამოყენების თაობაზე. მოსარჩელე მხარემ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის შესაბამისი ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რაც არ დაკმაყოფილდა, ხოლო შემდგომში – ადმინისტრაციული სარჩელებით თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს, რომლებიც მიღებულ იქნა წარმოებაში.
9. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში, რამდენადაც, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და საქართველოს მთავრობის ბრძანების საფუძველზე, აიკრძალა დახურულ სივრცეში აზარტული და მომგებიანი ბიზნესის საქმიანობის ფიზიკურად განხორციელება, საკუთარი ნებისაგან დამოუკიდებლად, იძულებულნი გახდნენ, შეეჩერებინათ ფუნქციონირება. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ეპიდვითარება და კანონმდებლობით დადგენილი საქმიანობის განხორციელების შეზღუდვა წარმოადგენს იმ დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) ვითარებას, რა დროსაც ობიექტურად ჩერდება საქმიანობის უფლება. შესაბამისად, ბიზნესსაქმიანობის შეჩერების პერიოდში გაცემული ნებართვების ვადის დინების ავტომატურად გაგრძელება გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებს, მწვავედ აზიანებს მეწარმეობის თავისუფლად განხორციელების უფლებას ჯანსაღი კონკურენციის პირობებში და იწვევს მეწარმე სუბიექტების შესაბამისი ბაზრიდან განდევნას. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება მეწარმეობის თავისუფლებას.
10. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, გასაჩივრებული რეგულაციები, აგრეთვე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის გარემოება, რომ შესაბამისი წლისთვის გადახდილი სოლიდური მოსაკრებელი, საქმიანობის სახელმწიფოს მიერ შეჩერების გამო, ფაქტობრივად გამოუყენებელი რჩება და ნებართვის მფლობელებს არ ეძლევათ საშუალება, ან დაიბრუნონ წინსწრებით გადახდილი თანხა ან ჩაითვალონ საქმიანობის განახლების შემდგომ პერიოდში გადასახდელ მოსაკრებელში. შესაბამისად, აზარტული და მომგებიანი ბიზნესის საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ნებისაგან დამოუკიდებლად, ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნის გამო, შეჩერებული საქმიანობისათვის ფინანსური ტვირთის დაწესება და საქმიანობის განახლებისას მომდევნო წლის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების დადგენა ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლებიც: (ა) გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ჩათვლას აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის გაგრძელების შემდგომ გადასახდელ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხებში; (ბ) გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გაცემული ნებართვებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ პერიოდით, რა პერიოდითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ფიზიკურად მოწყობა იყო შეზღუდული; (გ) გამორიცხავს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაბრუნებას გადამხდელისთვის.
12. №1638 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია), „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და „კ“ ქვეპუნქტების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელეთა მხრიდან სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების მოთხოვნის შესახებ დასაბუთება მათი არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად წარმოდგენილი არგუმენტაციის მსგავსია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1638 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია), „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტისა და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა.
2. აღსანიშნავია, რომ „„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის №2586-XIმს-Xმპ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და „„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის №2584-XIმს-Xმპ კანონის პირველი მუხლის მე-18 და 22-ე პუნქტების საფუძველზე, ცვლილებები განხორციელდა, შესაბამისად, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებში, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტსა და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტში. „„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის №2586-XIმს-Xმპ კანონის მე-2 პუნქტისა და „„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის №2584-XIმს-Xმპ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დასახელებული ცვლილებები ამოქმედდა 2024 წლის პირველი ივნისიდან ანუ №1638 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, თუმცა ამავე სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე. შესაბამისად, განსახილველი მომენტისათვის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ძალადაკარგულია.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ „[...] საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის/ნორმების გაუქმება a priori არ იწვევს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის/ნორმების იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის/ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10).
5. ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს საქმეზე სადავოდ გამხდარი ძალადაკარგული ნორმის იდენტური/არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე, მოსარჩელე მხარის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი მოქმედი ნორმა, რომელიც განაპირობებს მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე.
6. მეორე მხრივ, რამდენადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სამართალწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზნების რეალიზებას, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე დებულება. აზრს მოკლებულია მოსარჩელის პოზიციის გადამოწმება საქმის წარმოების გაგრძელების ინტერესთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობის საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის, შეაფასებს, რამდენად არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
7. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
8. №1638 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია), „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის კონსტიტუციურობა.
9. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ადგენს თამაშობის ორგანიზატორის მიერ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების ვალდებულებას. დასახელებული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი არის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის წესის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის 2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად. თავის მხრივ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით განსაზღვრულია, რომ ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მიხედვით კი, ამ კანონის დარღვევისათვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ზემოხსენებული საკანონმდებლო რეგულაციების ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო ნორმები თავად არ განსაზღვრავს კონკრეტულ სამართლებრივ მოწესრიგებას – თამაშობის ორგანიზატორის კონკრეტულ, მათ შორის, სათამაშო ბიზნესის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის, ვალდებულებას, არამედ მითითებას აკეთებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ვალდებულებებზე ან/და, შესაბამისი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა კანონებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობაზე. ამ მხრივ, გასაჩივრებული ნორმების რეგულირების სფერო შემოიფარგლება თამაშობის ორგანიზატორის მოვალეობების ან/და ამგვარი მოვალეობების დარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დამდგენ სხვა ნორმატიულ აქტებსა თუ ცალკეულ დებულებებზე მითითებით. მაშასადამე, სადავო ნორმების შინაარსი მხოლოდ იმის დეკლარირებას ემსახურება, რომელი სამართლებრივი აქტით არის მოწესრიგებული თამაშობის ორგანიზატორის ვალდებულებები თუ, ამგვარი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები.
11. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით ცხადი ხდება, რომ მისთვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსები, რომლებიც, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) პირობებში, გამორიცხავს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის შეჩერებისას: (ა) გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ჩათვლას აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის საქმიანობის გაგრძელების შემდგომ გადასახდელ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის თანხებში; (ბ) გაცემული ნებართვებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას იმ პერიოდით, რა პერიოდითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ფიზიკურად მოწყობა იყო შეზღუდული; (გ) გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაბრუნებას გადამხდელისთვის. დასახელებული საკითხების მოწესრიგება სადავო ნორმების რეგულირების ფარგლებს გარეთაა. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემის წარმოშობის წყარო შეიძლება იყოს არა მიმთითებელი, მით უმეტეს კი, პასუხისმგებლობის დამდგენ რეგულირებებზე მიმთითებელი ნორმები, არამედ ის მოწესრიგებები, რომლებიც, შინაარსობრივი თვალსაზრისით, განსაზღვრავს თამაშობების ორგანიზატორის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას და მოსარჩელეების მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელე მხარის მხრიდან სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.
12. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, აგრეთვე „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას.
13. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების 2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), აზარტული კლუბის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, შესაბამისი ნებართვის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 104, 105, 106 და 1011 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა.
14. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი დებულებები წარმოადგენს სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესის ნაწილს, რომელთა მოწესრიგების სფეროში ექცევა მხოლოდ იმის განსაზღვრა, როგორ, რა ფორმითა და როდის უნდა გადაიხადოს პირმა სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისათვის. სადავო ნორმები უშუალოდ და დამოუკიდებლად არ ადგენს პირების მიერ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას და, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული, პოტენციურად არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსით გამოყენების რესურსი.
15. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადებას, რომლის შესაბამისადაც, ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის წესის ნაწილს. სადავო ნორმის შინაარსი ამოიწურება მხოლოდ სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობადაკისრებული პირისათვის სანებართვო პირობების შემდგომი შესრულებისათვის გონივრული ვადისა და იმ პირობების განსაზღვრის უფლებამოსილების დადგენით, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის და არ აწესრიგებს არც თამაშობის ორგანიზატორის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას და არც იმას, რა მიიჩნევა ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობად. ამგვარად, მოცემულ შემთხვევაშიც, მოსარჩელე მხარის მიერ არაკონსტიტუციურად მიჩნეული წესი არ გამომდინარეობს სადავო ნორმის შინაარსიდან.
16. №1638 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, აგრეთვე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ზ“ (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა. სადავო ნორმის შესაბამისად, დადგენილია თამაშობის ორგანიზატორის ვალდებულება, დროულად გადაიხადოს თამაშობის მოწყობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლები და გადასახადები.
17. ამ კონტექსტში, მართალია №1638 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან იკვეთება, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტისა და ამავე სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ დადგენილ იქნა მოსარჩელეთა მხრიდან „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო ნორმის მიზანია არა, ზოგადად, სათამაშო ბიზნესისათვის სანებართვო მოსაკრებლის ვალდებულების დადგენა, კონკრეტული მოსაკრებლის განსაზღვრა ან/და გადახდევინების პირობების გაწერა, არამედ მხოლოდ თამაშობის მოწყობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოსაკრებლებისა და გადასახადების დროულად გადახდის ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, სადავო ნორმის მიზანმიმართულება იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველყოს, მათ შორის, სათამაშო ბიზნესის საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ სხვა ნორმებით უკვე განსაზღვრული კონკრეტული ფინანსური ვალდებულების დროულად შესრულება. ამგვარად, უშუალოდ გასაჩივრებული რეგულაცია არ ადგენს თამაშობის ორგანიზატორის მიერ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას ან/და შესაბამისი მოსაკრებლის კონკრეტულ ოდენობას და, ამ მხრივ, არ გააჩნია მოსარჩელის მიერ არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმატიული შინაარსი.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1638 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
19. იმავდროულად, რამდენადაც „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია), „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტთან და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტთან (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, და, ამასთან ერთად, სადავო ნორმები ძალადაკარგულია, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1638 კონსტიტუციურ სარჩელზე, ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1638 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს სელინი“, „შპს მეგა სთარი“, „შპს გოლდენ ვეი“ და „შპს OLDBETER BOLNISI“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და 37-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №1638 კონსტიტუციურ სარჩელზე („„შპს სელინი“, „შპს მეგა სთარი“, „შპს გოლდენ ვეი“ და „შპს OLDBETER BOLNISI“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია), „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის (2024 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე