ნატალია ფერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/14/1809 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ნოემბერი 2024 14:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ნატალია ფერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1809) მომართა ნატალია ფერაძემ. №1809 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 2 თებერვალს. №1809 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 20 ნოემბერს.
2. №1809 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 წინადადების მიხედვით, სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დადგენილია ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და განსაზღვრავს აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებსა და წესს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
5. №1809 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ნატალია ფერაძე არის სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც 2022 წლის 25 იანვარს და ამავე წლის 7 მარტს ორ განსხვავებულ ეპიზოდზე დააკავეს, ადმინისტრაციული წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილების საფუძველზე, მოსარჩელე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2300 ლარის ოდენობით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ უარი განაცხადა მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებაზე, რამდენადაც 2020 წლის 2 თებერვალს, მოსარჩელის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლთან დაკავშირებით, უკვე გამოყენებულ იქნა სიტყვიერი შენიშვნა, რაც გამორიცხავდა ამგვარი შესაძლებლობის კვლავ გამოყენებას.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის პირველი წინადადება, საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს), მცირემნიშვნელოვან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან მიმართებით, ანიჭებს შესაძლებლობას, გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას. ამასთანავე, სადავო ნორმის მიხედვით, სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების შესაძლებლობა გამოირიცხება, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნეული იგივე ქმედება განმეორებით არის ჩადენილი ან თუ იმავე ქმედებისათვის ადრე გამოყენებულია სიტყვიერი შენიშვნა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების სისტემური ანალიზის საფუძველზე, მოსარჩელე ასკვნის, რომ ჩანაწერი – „სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით“ – გულისხმობს სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების აკრძალვას, მაშინ, როდესაც იმავე სამართალდარღვევის ჩადენისათვის სიტყვიერი შენიშვნის ან ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებიდან გასული არ არის ერთი წელი. სადავო რეგულაციით დადგენილი აკრძალვა კი – „სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა“, აბსოლუტური ხასიათისაა და მოქმედებს იმისგან დამოუკიდებლად, რამდენი დრო არის გასული წინარე სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების მომენტიდან. ამდენად, სიტყვიერი შენიშვნის, როგორც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან განთავისუფლების კანონმდებლობით განსაზღვრული საშუალების, ერთხელ გამოყენება უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, საკუთარი ცხოვრების განმავლობაში იმავე ქმედების ჩადენის შემთხვევაში, კვლავ განთავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების გზით.
7. მოსარჩელე, სადავო ნორმით გათვალისწინებული მექანიზმის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ ინსტიტუტთან შედარების საფუძველზე, ცდილობს, დაასაბუთოს გასაჩივრებული რეგულირების არაგონივრულობა და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირი ჩაიდენს მძიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი, ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად, იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არ მიიჩნევა დამამძიმებელ გარემოებად და დასაშვები იქნება პირის მიმართ იმავე სიმძიმის სახდელის გამოყენება. სადავო მოწესრიგების პირობებში კი, პირი სახელმწიფოსათვის მუდმივად სამართალდამრღვევად რჩება, თუკი მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა იქნა გამოყენებული.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლითა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ე. წ. დავიწყების უფლება, რაც გულისხმობს პირის შესაძლებლობას, წარსდგეს საზოგადოების წინაშე მისთვის სასურველი ფორმით და შეზღუდოს საზოგადოების ხელმისაწვდომობა საკუთარი თავის შესახებ არსებულ ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც უკვე არარელევანტურია. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება შესაძლოა, ემსახურებოდეს რეციდივის თავიდან აცილებას, თუმცა მიიჩნევს, რომ იგი არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას. კერძოდ, სახელმწიფო პირველად ჩადენილი მცირემნიშვნელოვანი ქმედების ჩადენისათვის ადამიანს მუდმივად მიიჩნევს სამართალდამრღვევად, თუკი ასეთი ქმედების ჩადენისათვის პირის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა ერთხელ მაინც იქნა გამოყენებული, ისე, რომ მხედველობაში არ იღებს რა პერიოდია გასული პირის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენებიდან. მოსარჩელის მოსაზრებით, თუკი სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებელია, დროის გასვლასთან ერთად, სახელმწიფომ დაივიწყოს პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, იგივე პრინციპი უნდა მოქმედებდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან მიმართებითაც, რომელიც, თავისი არსით, საგრძნობლად მცირე მნიშვნელობისაა. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, უფლების ნაკლებად შემზღუდველი საშუალება იქნებოდა სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების აკრძალვა პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ან რეაბილიტაციისათვის აუცილებელ ერთ წელზე მეტი გონივრული ვადის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში. ამასთანავე, მოსარჩელის მოსაზრებით, სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებიდან დიდი დროის გასვლა წინა პლანზე წამოწევს დავიწყების კერძო უფლებას და უკანა პლანზე გადააქვს რეციდივის თავიდან აცილების საჯარო ინტერესი. პირიქით დადგენილი ბალანსი კი ვერ აკმაყოფილებს ვერც პროპორციულობის მოთხოვნებს.
9. ამასთანავე, მოსარჩელის განმარტებით, ჩადენილ სამართალდარღვევაზე პროპორციული ზემოქმედების ღონისძიების შერჩევა სასამართლოს უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს. სახელმწიფო ზემოქმედების ღონისძიების არჩევის თავისუფლება ეფუძნება მოსამართლის მიერ ქმედების ინდივიდუალიზაციის აუცილებლობას, კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის ღონისძიებების საქმის გარემოებებთან მისადაგებას, რა დროსაც, მოსამართლეს რეაგირების სხვადასხვა ღონისძიებებს შორის არჩევანის გაკეთების ფართო შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ამ მხრივ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება პირისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ან ამგვარი სახდელის დაკისრებისაგან გათავისუფლებისა და მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების თაობაზე. ამგვარად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს არა მხოლოდ მოსარჩელის ინდივიდუალურ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ სასამართლოს კომპეტენციასაც – სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ზემოქმედების პროპორციული ზომები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის მიმართ. აღნიშნული კი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას.
10. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ რამდენადაც ხანგრძლივი პერიოდის გასვლის მიუხედავად, ადამიანი სახელმწიფოსათვის სამუდამოდ რჩება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, შეუძლებელი ხდება მისი რეაბილიტაცია. მოსარჩელის განმარტებით, დროის გასვლასთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკები და რეციდივის საფრთხეები ქრება. შესაბამისად, ადამიანის სამუდამოდ გამორიცხვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის შესაძლებლობისაგან აღარ წარმოადგენს აუცილებლობას. სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ურთიერთობის იმგვარად მოწესრიგება კი, რაც ეფუძნება ადამიანის სამუდამო სტიგმატიზაციას და მისი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შიშველ ობიექტად განხილვას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს.
11. ამასთან ერთად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, მართალია სადავო ნორმით გათვალისწინებული მექანიზმი არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან და, შესაბამისად, არ უნდა იქნეს მიჩნეული სასჯელად, თუმცა, რამდენადაც სადავო ნორმა მოსამართლეს უკრძალავს სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების შესაძლებლობას, როდესაც ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და წარსულში ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის მას გამოცხადებული ჰქონდა სიტყვიერი შენიშვნა, მოსამართლე იძულებული ხდება სიტყვიერი შენიშვნის ნაცვლად გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელის ისეთი ზომები, როგორებიცაა გაფრთხილება, ჯარიმა, ქონების სასყიდლით ჩამორთმევა, ქონების კონფისკაცია, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, გამასწორებელი სამუშაოები, ადმინისტრაციული პატიმრობა. ამგვარად, სადავო ნორმას გარდაუვალად მოჰყვება პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება. თავის მხრივ, ადმინისტრაციული სახდელები, თავიანთი დანიშნულების გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, განხილულ უნდა იქნეს სასჯელად. მოსარჩელის პოზიციით, იმავე მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მოსამართლისათვის ზეპირი შენიშვნის გამოყენების აკრძალვა, შეუძლებელს ხდის ღონისძიების ინდივიდუალიზაციას და ზრდის არაპროპორციული სახდელის დაკისრების რისკებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსამართლეს უწევს არჩევანის გაკეთება მაღალი ოდენობის ჯარიმასა და ადმინისტრაციულ პატიმრობას შორის. ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
12. №1809 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი ნაწილი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და, „საქართველოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1809 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. მოსარჩელის პოზიციით, უფლებამოსილი ორგანოსთვის მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების შესაძლებლობის აბსოლუტური აკრძალვა, მაშინ, როდესაც დამრღვევის მიმართ იმავე ქმედებისათვის ადრე გამოყენებულია სიტყვიერი შენიშვნა, იმისაგან დამოუკიდებლად, რა პერიოდია გასული თავდაპირველი სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების მომენტიდან, ვერ პასუხობს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი განსაზღვრავს მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მექანიზმს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია, გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
იმავდროულად, სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა. მაშასადამე, სადავო ნორმის მიხედვით, მცირემნიშვნელობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი, სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების გზით, ვერ გათავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იმავე ქმედებისათვის უკვე გამოყენებული იყო აღნიშნული მექანიზმი.
5. იმისათვის, რომ გადაწყდეს №1809 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, თავდაპირველად, ყურადღებას გაამახვილებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სისტემაზე. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედებების ჩადენისას, ითვალისწინებს შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების – კერძოდ კი, ადმინისტრაციული სახდელების გამოყენებას, იმისგან დამოუკიდებლად ჩადენილია მცირემნიშვნელობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა თუ – არა. შესაბამისად, ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებისას, საკანონმდებლო ორგანო, თავად ქმედების საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სანქციის სახეს და მოცულობას. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, დადგენილია კონკრეტული ადმინისტრაციული სახდელის სახე და ზომა, ადმინისტრაციული დარღვევიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით. მაგალითად, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 173-ე მუხლის პირველი ნაწილით აკრძალული ქმედებების ჩადენისათვის, აღნიშნული კოდექსით გათვალისწინებულია, შესაბამისად, ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით და ჯარიმა 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. მაშასადამე, აღნიშნული კოდექსით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად, პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა განაპირობებს სახელმწიფოს მხრიდან საპასუხო რეაგირებას, შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დაწესების გზით.
6. საპირისპიროდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით, ზემოხსენებული საერთო წესისგან, გამონაკლისის სახით, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციული კომპეტენცია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებითა და შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. იმავდროულად, ბუნებრივია, რომ უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან სიტყვიერი შენიშვნის გამოყენებით არ ხდება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის მიერ, ფორმალურად, მართლსაწინააღმდეგო ან/და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტის უგულებელყოფა. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან დამრღვევის გათავისუფლების მექანიზმი წარმოადგენს სახელმწიფოს ერთგვარი კეთილი ნების გამოვლინებას იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან მიმართებით, რომელთა საშიშროების ხარისხი ან რომელთა ჩადენითაც გამოწვეული ზიანი არ წარმოშობს მათი ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ადმინისტრაციული სახდელის რომელიმე სახის გამოყენების საჭიროებას.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საერთო წესიდან გამონაკლისის დაშვება და პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მექანიზმის საკანონმდებლო დონეზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან რეგლამენტირება, თავისთავად, არ არის საკმარისი არც სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებაშემზღუდველი წესის იდენტიფიცირებისათვის და არც სადავო ნორმასა და მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ საქართველოს კონსტიტუციის რომელიმე დებულებას შორის მიმართების წარმოსაჩენად. მოსარჩელე მხარე, უპირველეს ყოვლისა, ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ თუნდაც მცირემნიშვნელობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება მისი რომელიმე კონსტიტუციური უფლებით დაცული სფეროს ნაწილია.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ თუ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დადგენილი პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომა მის მიერ ჩადენილ აკრძალულ ქმედებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მძიმე, არაპროპორციულია, იგი უფლებამოსილია, იდავოს თავად ამ პასუხისმგებლობის ზომის კონსტიტუციურობის თაობაზე. ამ მხრივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქცია კანონით დადგენილი და კონსტიტუციურ უფლებებთან და თავისუფლებებთან თავსებადი სასჯელის შეფარდებაში მდგომარეობს. ამრიგად, საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული სასამართლოს უფლებამოსილების იმგვარად განსაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს კანონით განსაზღვრული, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი პასუხისმგებლობის ზომა, თავისთავად, ვერ ექნება პირის კონსტიტუციური უფლებების შემზღუდველი ხასიათი (mutatis mutandis იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №1/2/632 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ღვინიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5-6). სხვაგვარად, თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქციის ზომა შესაბამისობაშია სანქციის/სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურ სტანდარტებთან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან პირის გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის მექანიზმის გარკვეული წინაპირობებით შემოფარგვლა, თავისთავად, არ ზღუდავს მოსარჩელე მხარის მიერ №1809 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ საქართველოს კონსტიტუციის რომელიმე დებულებას.
9. №1809 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან პირის გათავისუფლებისა და სიტყვიერი შენიშვნის მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან არ უნდა იყოს პირობადებული ისეთი ფაქტორით, როგორიცაა, მათ შორის, დამრღვევის მიერ წარსულში ჩადენილი იმავე ქმედებისათვის სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების ფაქტი, იმისგან დამოუკიდებლად, რა პერიოდია გასული თავდაპირველი სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების მომენტიდან. ხსენებულის მიღმა, №1809 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი, რომელიც სადავო ნორმასა და მოსარჩელის მიერ მითითებულ საქართველოს კონსტიტუციის რომელიმე დებულებას შორის მიმართებას წარმოაჩენდა. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1809 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1809 კონსტიტუციური სარჩელი („ნატალია ფერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე