საქართველოს მოქალაქე ნინო შენგელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N862 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ზაზა თავაძე, |
ავტორ(ებ)ი | ნინო შენგელია |
თარიღი | 12 დეკემბერი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად არმიღების საფუძვლები, რამდენადაც სარჩელი სრულად შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს და არ არსებოსბ ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი , კერძოდ სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს; იგი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ; მასში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი და ის ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, დაცულია მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა, სადავო აქტი წარმოადგენს ორგანული კანონს და შესაბამისად მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2013 წლის 25 ოქტომბრიდან ვმუშაობდი სსიპ საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ამ პერიოდის მანძილზე კეთლსინდისიერად და ჯეროვნად ვახორციელებდი ჩემზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. 2015 წლის 10 ივლისიდან გავედი ე.წ. დეკრეტულ შვებულებაში, რომლის ვადაც იწურებოდა 2016 წლის 08 იანვარს. ჩემს მიერ, დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პერიოდში, 2015 წლის აგვისტოში პალატაში განხორციელდა გარკვეული ორგანიზაციული ცვლილებები და ამიტომ ამავე წლის ოქტომბერში, პალატის პრეზიდენტის მრჩეველმა იურიდიულ საკითხებში ბექა ინჯიამ დამიბარა პალატაში და დამაწერინა განცხადება საორგანიზაციო სამსახურში მთავარ სპეციალისტად გადასვლასთან დაკავშირებით იმ ხელფასის შენარჩუნებით, რაც მანამდე მქონდა. ამავე შეხვედრაზე ბექა ინჯიას ვკითხე, მეხებოდა თუ არა ორგანიზაციული ცვლილებები, როგორც დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირს და მან მითხრა,რომ რეორგანიზაცია ჩემ შემთხვევაში არ ვრცელდებოდა, არც კონკურსის გავლა მეხებოდა და დეკრეტული შვებულების ამოწურვის შემდეგ, დავუბრუნდებოდი სამუშაო ადგილს. მიმდინარე წლის იანვარში, უკვე იწურებოდა ჩემი დეკრეტული შვებულება და რამდენადაც ბავშვი მყავდა ბუნებრივ კვებაზე, ამავდროულად ვიყავი ფეხმძიმედ, გადავწყვიტე გამომეყენებინა ჩემი კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება სრულად 24 სამუშაო დღის ოდენობით და შესაბამისი განცხადებით მივმართე დამსაქმებელს, რის შემდეგაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემთან შეწყვეტილი იქნა შრომით ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რამდენადაც ამავე კოდქესის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ პუნქტის მიხედვით მე არ ვიყავი დაცული მიუხედავად ე.წ. დეკრეტულ (ფეხმძიმობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო) შვებულებაში ყოფნისა და ამავდროულად, ფეხმძიმობისა. მიმაჩნია, რომ შრომის კოდექსის ასეთი რეგულაცია, რომელიც არ იცავს დეკრეტულ შვებულებაში მყოფ და ფეხმძიმე ქალს ამ პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლებისგან არის დისკრიმინაციული და არღვევს ჩემს შრომით უფლებას. სადავო ნორმით არალეგიტიმურად იზღუდება კონსტიტუციის მე-14, 30-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული კანონის წინაშე ყველას თანასწორობისა, შრომის თავისუფლებისა და სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს შეტანილი ცვლილებების შედეგად 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით დაუშვებელია შრომითი ურთოიერთობის შეწყვეტა დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“, „ზ“, „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა." აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ფეხმძიმე ქალი და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი დასაქმებული არ არის დაცული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისგან ამავე კოდექსის 37-ე პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ანუ ხელშეკრულების ვადის გასვლისას. ნორმის ასეთი შინაარსი, დამსაქმებელს უფლების ბოროტად გამოყენების და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის ფართო შესაძლებლობას აძლევს, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე დასაქმებულის ფეხმძიმობას ან ე.წ. დეკრეტული შვებულებით სარგებლობას ეხება. სოციალურ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომელიც კონსტიტუციურ დონეზეა აღიარებული საქართველოში. უმთავრესი პრიციპები, რომელსაც ასეთი ღირებულებები ეფუძნება თანასწორობა და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებებია. მათგან განსაკუთრებით გამორჩეული ცნებაა დისკრიმინაციის აკრძალვა. სადავო ნორმა არის დისკრიმინაციული ხასიათის და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს დასაქმებულთა გარკვეულ კატეგორიას, რომლებიც სარგებლობენ შვებულებით ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ან/და არიან ფეხმძიმედ, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევას კერძოდ: "ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა". საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას –კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს ისევე – მიზანს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/1/493 საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები სა საქართველოს კონსერვატორთა პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ამავდროულად ის არის ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად დემოკრატიულია სახელწმიფო. სადავო ნორმით დადგენილი დიფერენციაცია უკავშირდება კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილ ერთ-ერთ კლასიკურ ნიშანს, სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და დიფერენცირება ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, რამდენადაც არსებითად თანასწორი პირები მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში არიან მოექცეულნი და მკვეთრად არიან დააცილებული თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უთანასწორო მოპყრობას შეფასებისას უნდა გამოიყენოის მკაცრი ტესტი. საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ ან არსებითად უთანასწოროთა თანასწორად მოპყრობას გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე ((საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება #2/1/473 საქმეზე). ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. იგივე პრინციპი გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან. ევროპული სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ საკითხი მოექცეს კონვენციის მე-14 მუხლით დაცულ სფეროში, აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა არსებობდეს ანალოგიურ ან მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისმიმართ. განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია თუ მას არა აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, ე.ი. არ ისახავს კანონიერ მიზანს და არ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს (ECtHR, Eweida and others). მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ არ არსებობს განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა დიფერენციაციას, ამდენად ადამიანის უფლებაში ასეთი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია. ჩემი გათავისუფლება სხვა არაფერია თუ არა ამ ფუნდამენტური პრინციპის უარყოფა, რაც გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში (საქმე #2/7/219. 2003 წლის 7 ნოემბერი) ასახული შემდეგი განმარტებიდანაც: ‘’კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებისა და თავისუფლების თანაბრად აღიარებასა და დაცვას, რომელის იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება... კანონმდებელს უფლება აქვს განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული, მიზანშეწონილი... სოციალურ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, კანონმდებლის მიერ მოქალაქეთა საერთო მასიდან გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირების განსაზღვრა განპირობებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით...’’. თუმცა სადავო ნორმის შემთხვევაში, ასეთი რეგულირება არ არის განპირობებული არც გონივრული, არც არსებითი და არც ობიექტური მიზეზებით" საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II-60). პირის უფლების შემზღუდველი ნებისმიერი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ არ არსებობს სხვა უფრო ნაკლებად მზღუდველი ღონისძიების გამოყენებით ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობა (2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/2/569 საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). აღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც პირს ხელი ეშლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ, არ არსებობს კანონით განსაზღვრული მიზანი, განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია. მიმაჩნია, რომ სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულ შრომის თავისუფლების პრინციპს. შრომითი უფლებები, როგორც სოციალურ უფლებათა ფუნდამენტი, წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური და სულიერი არსებობის, განვითარებისა და სრულყოფის საფუძველს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 1998 წლის გადაწყვეტილებით (საქმე # 0/9/28 ა.ჭაჭია პარლამენტის წინააღმდეგ) შემდეგნაირად განმარტავს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ ნაწილის შინაარს: ‘’საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი ნაწილი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ თავისუფალი შრომის უფლებას. შრომა თავისუფალია _ ნიშნავს ნებისმიერი პირის უფლებას თავად განკარგოს საკუთარი შრომითი რესურსები შრომითი საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში. შრომა თავისუფალია _ ნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფო უკვე აღარ იღებს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებას, მაგრამ კისრულობს ვალდებულებას დაიცვას დასაქმებულთა შრომითი უფლებები”. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით,კონსტიტუციის 30-ე მუხლით „დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტიოლება). საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტით გარანტირებულ შრომის თავისუფლებას, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ თავისუფლებას იძულებითი შრომისაგან, არამედ მასში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. შრომის უფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი განმტკიცება ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს არსს, რომლის უმთავრესი ამოცანაა ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა. კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი უნდა განიმარტოს მისი მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან კავშირში, რომელიც არის კონსტიტუციის ერთერთი ფუძემდებლური პრინციპთაგანი და არ იძლევა საშუალებას, რომ 30-ე მუხლის პირველი პუნქტი გავიგოთ, როგორც მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვა. მნიშვნელოვანია, რომ შრომითი ურთიერთობის (განსხვავებით სხვა ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობებისგან) სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელშიც დასაქმებული არის დაქვემდებარებულ მდგომარეობაში დამსაქმებელთან მიმართებით და სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობის ორი მხარე: ,,სუსტი“ (დასაქმებული) და ,,ძლიერი“ (დამსაქმებელი), კანონმდებელს აქვს განსაკუთრებული როლი, რომ მან შექმნას ისეთი შრომითი კანონმდებლობა, რომელიც დააბალანსებს ამ ბუნებრივ დისბალანსს დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. განსაკუთრებით კი ფრთხილი მიდგომაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება დასაქმებულს, რომელიც ფეხმძიმედაა ან იმყოფება შვებულებაში ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების თანახმად, დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფომ მაქსიმალურ ძალისხმევას უნდა მიმართოს, რათა საკანონმდებლო ცვლილებებმა არ გამოიწვიოს ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის უკიდურესად გაუარესება“ ( 2006 წლის 16 მარტის განჩინება #1/3/361). შრომის კოდექსის სადავო დებულება ეწინააღმდეგება ასევე როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ სტანდარტებს, როგორიცაა : ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიღებულია 1948 წლის 10 დეკემბერის გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ.დეკლარაცია პრეამბულაშივე ხაზს უსვამს კაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობას. 23-ე მუხლი აღიარებს ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლებას და თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურების უფლებას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ხოლო 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დედობა და ჩვილი ყრმის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობით და დახმარებით სარგებლობის უფლებას. საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ.პაქტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი აცხადებს, რომ განსაკუთრებული დაცვა უნდა ჰქონდეთ დედებს მშობიარობამდე და მის შემდეგ გონივრული პერიოდის მანძილზე. ევროპის სოციალური ქარტია (შესწორებული) , კერძოდ მისი მე-8 მუხლი არეგულირებს ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დასაქმებულ ქალთა დაცვის უფლებას, რომლის მიხედვითაც ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემდეგ დასაქმებული ქალები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ბავშვის დაბადებამდე და ბავშვის დაბადების შემდეგ არანაკლებ თოთხმეტი კვირის ხანგრძლივობის ანაზღაურებადი დეკრეტული შევებულებით, ადეკვატური სოციალური უზრუნველყოფით ან სახელმწიფო ფონდებით გათვალისწინებული შეღავათებით (პუნქტი 1); უკანონოდ უნდა იქნეს მიჩნეული დამსაქმებლის მიერ ქალისათვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინება, ქალის მიერ ფეხმძიმობის შესახებ დამსაქმებლისათვის ინფორმაციის მიწოდებიდან დეკრეტული შევებულების დასრულებამდე პერიოდის განმავლობაში, ან ქალისათვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შეტყობინების გადაცემა ამ პერიოდის ამოწურვისას (მე-2 პუნქტი); ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია. კონვენციის შესავალშივე ხაზგასმულია ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა, მე-2 მუხლი გმობს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმას და გამოჰყოფს ამ მიმართულებით გასატარებელ შესაბამის ღონისძიებებს. მე-11 მუხლი უშუალოდ ეძღვნება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად საჭირო ზომებს დასაქმების სფეროში, რათა მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები, კერძოდ:ა) შრომის უფლება, როგორც ყველა ადამიანის განუყოფელი უფლება; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1958 წლის კონვენცია #111 ,, შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ“, რომელიც იგი კრძალავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით შრომისა და დასაქმების სფეროში. აღნიშნული კონვენციის პირველი მუხლი აყალიბებს დისკრიმინაციის ცნებას და ამ ტერმინის ქვეშ გულისხმობს ა) ყოველგვარ განსხვავებას, დაუშვებლობას, ან უპირატესობას რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, პოლიტიკური მრწამსის, უცხოელების ან სოციალური წარმომავლობის ნიშნით, რომელიც იწვევს შრომისა და დასაქმების სფეროში შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის მოსპობას ან დარღვევას; ბ) ყოველგვარ სხვა განსხვავებას, დაუშვებლობას ამ უპირატესობას, რომელიც იწვევს შრომისა და დასაქმების სფეროში შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის მოსპობას ან დარღვევას და რომელსაც შესაბამისი წევრი განსაზღვრავს მეწარმეთა და მშრომელთა წარმომადგენლობითს ორგანიზაციებთან, სადაც ასეთები არსებობს, და სხვა შესაბამის ორგანოებთან კონსულტაციით. კონვენციის მე-2 მუხლი აწესებს წევრი ქვეყნების ვალდებულებას განსაზღვროს და განახორციელოს ეროვნული პოლიტიკა, რომლის მიზანია ეროვნული პირობებისა და პრაქტიკის შესაბამისი მეთოდებით წაახალისოს შესაძლებლობების და მოპყრობის თანასწორობა შრომისა და დასაქმების სფეროში, რათა აღმოფხვრას ყოველგვარი დისკრიმინაცია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2000 წლის კონვენცია 183 ,,დედობის დაცვის შესახებ“, მისი თანმხლები რეკომენდაცია 191 ,,დედობის დაცვის შესახებ“, რომელიც გვთავაზობს დედების დაცვის გარანტიებს შრომით ურთიერთობაში. კონვენციის მე-8 მუხლი ითვალისწინებს დებულებას სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც დამსაქმებლის მიერ ქალის სამსახურიდან გათავისუფლება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდში და მისი სამსახურში დაბრუნების შემდეგ არაკანონიერად ითვლება. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ გათავისუფლება დაკავშირებული არ არის ორსულობასთან, მშობიარობასთან ან ბავშვის მოვლასთან. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების დამთავრების შემდეგ ქალს გარანტირებული აქვს უფლება დაუბრუნდეს ადრინდელ, ან ექვივალენტურ სამუშაო ადგილს ადრინდელი სახელფასო განაკვეთით. თითოეული სახელმწიფო იღებს საჭირო ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ორსულობა, მშობიარობა და ბავშვის მოვლა არ გახდეს დისკრიმინაციის მიზეზი დასაქმების სფეროში 1996 წელს ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების, ევროპული კომისიის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოსა და ევროპულ კავშირს შორის პარტნიორობის და თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, საქართველომ გამოხატა თანხმობა, რათა ეროვნული კანონმდებლობა ევროპული კავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს. 1997 წლის 2 სექტემბერს კი პარლამენტმა მიიღო დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი და სხვა ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროპის კავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს. 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმდა, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფომ შრომით სფეროში აიღო არაერთი ვალდებულება, რომელთა შორისაც სადავო ნორმასთან მიმართებით მნიშვნელოვანია 1999 წლის 28 ივნისის საბჭოს 1999/70/EC დირექტივა ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC), ევროპის მრეწველთა და დამსაქმებელთა კონფედერაციის კავშირისა (UNICE) და დამსაქმებელთა და საწარმოთა ევროპული ცენტრის (CEEP) მიერ გაფორმებული “ვადიანი სამუშაოს შესახებ” ჩარჩო შეთანხმების თაობაზე, რომლის მიზანიცაა მოკლევადიან შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციისა და უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება. დირექტივის მე-3 მუხლის შესაბამისად , რომ ვადიანი ხელშეკრულება ფორმდება იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულების ან ურთიერთობის დასრულება დაკავშირებულია ობიექტური პირობების არსებობასთან. დირექტივის მე-5 მუხლის თანახმად, ვადიანი ხელშეკრულებით დასაქმებულის მიმართ უფლების ბოროტად გამოყენებისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, ხელშეკრულების განახლება უნდა დასაბუთდეს ობიექტური გარემოებით. 2000 წლის 27 ნოემბრის დირექტივა 2000/78/EC შრომით ურთიერთობაში და პროფესიაში თანასწორი მოპყრობის შესახებ . დირექტივის მე-2 მუხლის მიხედვით სექსუალური შევიწროება არის დისკრიმინაციის ფორმა. დირექტივა ადგენს თანასწორი მოპყრობის ვალდებულებას დასაქმებაზე ხელმისწავდომობისას, შერჩევის კრიტერიუმების დადგენისას, წინასხელშეკრულებო ურთიერთობებში, დაწინაურებისას, პროფესიული ტრეინინგისა, შრომის პირობების განსაზღვრისას, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლების სადავო ნორმა, ასევე ეწაანღმდეგება თავად შრომის კოდექსს (მე-2 მუხლის მე-3 ნაწლი) და ასევე კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (მე-2 სახლი), რომლის მიხდვითაც აკრძალულია დისკრიმინაცია . აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიერ განხილული ერთ-ეღტი საქმე, რომელიც ეხებოდა ორსულ დასაქმებულთან ვადიანი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქმას. საქმეზე სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ დასაქმებულის ორსულობის გამო კონკრეტული ვადით დადებული ხელშეკრულების გაგრძელებისგან თავის შეკავება წარმოადგენს სქესის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას (14 CJEU, Maria Luisa Jiménez Melgar v Ayuntamiento de Los Barrios, C-438/99, 2001, § 41). სადავო ნორმა ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რამდენადაც ის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებულ დასაქმებულებს უზღუდავს სასამართლოსთვის მიმართვის, სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც ის ატარებს ფორმალურ ხასიათს. აღნიშნული უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიას და დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ პირობას, რომელიც ასევე დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ არის აბსოლუტური. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, სამართლიან სასამართლოზე უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს საკუთარ გადაწყვეტილებებში, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება #1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 15). „შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და დაცული უნდა იყოს გონივრული თანაზომიერება დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/393,397 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). თუმცა უფლების შემზღუდველი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არსებობას. `სადავო აქტების შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა კანონმდებელს მათი მიღებისას. თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა~ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/2/411 საქმეზე „შპს `რუსენერგოსერვისი~, შპს `პატარა კახი~, სს `გორგოტა~, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო `ფერმერი~ და შპს `ენერგია~ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“). ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია. უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდველ, თანაზომიერ საშუალებასაც. `ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც, როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული. თუმცა, ზემოაღნიშნულის ანალოგიურად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებითაც, გაურკევევლია უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი და შეუძლებელია შეზღუდვის პროპორციულობაზე საუბარი. შესაბამისად, გთხოვთ არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ პუნქტის ბოლო წინადადების ნაწილი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია შრომითი ურთოიერთობის შეწყვეტა დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (ხელშეკრულების ვადის გასვლა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა; |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა