საქართველოს მოქალაქე ნინო შენგელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/4/862 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი 2017 12:03 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნინო შენგელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №862) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნინო შენგელიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 15 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, №862 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 მაისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლებად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდგომში საქართველოს შრომის კოდექსი), 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დანაწესის შესაბამისად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია შრომის თავისუფლება, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 2013 წლის 25 ოქტომბრიდან მუშაობდა სსიპ „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2015 წლის 10 ივლისიდან იმყოფებოდა შვებულებაში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო (დეკრეტული შვებულება), რომლის ვადაც, მოსარჩელის მითითებით, იწურებოდა 2016 წლის 8 იანვარს. დეკრეტული შვებულების ამოწურვის შემდგომ მოსარჩელემ გადაწყვიტა, ესარგებლა კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სრულად, 24 სამუშაო დღის ოდენობით, თუმცა სსიპ „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში“ განუმარტეს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყვეტილ იქნა შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, რამდენადაც, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეკრეტული შვებულების განმავლობაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის აკრძალვა, არ ვრცელდებოდა იმ შემთხვევაზე, როდესაც ადგილი აქვს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სადავოდ ხდის, დამსაქმებლის უფლებამოსილებას, დეკრეტული შვებულებით სარგებლობის პერიოდში გაათავისუფლოს დასაქმებული ქალი დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის იმგვარი მოწესრიგება, რომელიც არ იცავს დეკრეტულ შვებულებაში მყოფ განსაკუთრებული მდგომარეობის მქონე ქალს დეკრეტული შვებულების პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლებისგან, წარმოშობს დამსაქმებლის უფლების ბოროტად გამოყენებისა და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის რისკებს და არღვევს პირის შრომით უფლებას.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული ხასიათისა და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს დასაქმებულთა გარკვეულ კატეგორიას, რომლებიც სარგებლობენ დეკრეტული შვებულებით. მოსარჩელის მითითებით, დისკრიმინაციული მოპყრობა დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ სქესის ნიშანთან და არ არსებობს განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა დიფერენცირებას.
8. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ შრომის თავისუფლების პრინციპს, ვინაიდან კანონმდებლობით დასაქმებული ქალისათვის, რომელიც სარგებლობს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით, არ არის გარანტირებული უფლების დაცვის მეტად ქმედითი და ეფექტური მექანიზმები. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა, სასამართლოსთვის მიმართვის ფორმალური ხასიათის გამო ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
9. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელის აღნიშვნით, სასამართლოს მიერ შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელია დაირღვეს სხვა პირთა ძირითადი უფლებები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ევალება იმ მტკიცებულებების მოყვანა, რომელთა საფუძველზეც დასტურდება სარჩელის საფუძვლიანობა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, რომელიც კრძალავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების განმავლობაში, მაგრამ არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი აქვს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ადგენს ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში ყოფნის პერიოდში შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შედეგად დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. იგი მიიჩნევს, რომ ხსენებული მიზეზით შვებულებაში ყოფნის პერიოდში ხელშეკრულების ვადის გასვლა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას არ უნდა იწვევდეს, შესაბამისად, ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
3. სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება უკავშირდება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირველად ხსენებული ქმნის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ზოგად საკანონმდებლო საფუძვლებს, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს ზოგადი წესიდან გამონაკლისს. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს პირობებს, რომლის არსებობისას იკრძალება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება. ხოლო შრომითი ურთიერთობის დასრულების ერთ-ერთ საფუძვლად შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას განსაზღვრავს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. მართალია, კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული დებულება არ ვრცელდება ვადის გასვლის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევებზე, თუმცა სადავო ნორმის გარკვეულ ურთიერთობაზე არგავრცელება, რა თქმა უნდა, თავისთავად არ მიუთითებს, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სწორედ აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხდება.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მხრიდან სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას და გასაჩივრებულ ნორმას არ გააჩნია სარჩელში მითითებული ნორმატიული შინაარსი. შესაბამისად, №862 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №862 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ნინო შენგელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი