საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირვენი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით დამზადებისა და შენახვის გამო.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N866 |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს უზენაესი სასამართლო |
თარიღი | 20 იანვარი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის დამზადებისა და შენახვის გამო, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები: 1 გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით დავით მამათელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 სექქტემბრის განაჩენით დავით მამათელაშვილის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი და 6 თვე საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს. საბოლოოდ, დავით მამათელაშვილს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, სატრანსპრტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში– საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. 2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით დავით მამათელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 სექქტემბრის განაჩენით დავით მამათელაშვილის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი და 6 თვე საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს. საბოლოოდ, დავით მამათელაშვილს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის, სატრანსპრტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში– საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. 3. 2016 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დავით მამათელაშვილმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. 4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ დავით მამათელაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: დავით მამათელაშვილის ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრისა და 2015 წლის 14 აპრილის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად. 5. მსჯავრდებულმა დავით მამათელაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 30 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება. სამართლებრივი გარემოებები: 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო. 2. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომელშიც მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ... შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“. 3. ხსენებული გადაწყვეტილების შინაარსი ცხადყოფს, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოა უფლებამოსილი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს, არის თუ არა კონკრეტული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევი და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური. 4. მოცემულ საქმეში დავით მამათელაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ - 36,57 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ უკანონო დამზადება-შენახვის გამო, და მისჯილი აქვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხსენებული ნორმა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ბრალდებულს აღმოაჩნდება ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანა“, რომლის ოდენობა 100 გრამს არ აღემატება. ამასთან, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვისათვის საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აუცილებელია დადგინდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 36,57 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის დამზადებისა და შენახვის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის საკითხი. 5. საკასაციო პალატას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის გამო პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ჩაითვალა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან შეუსაბამოდ, მიაჩნია, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით დამზადება-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, შესაძლოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული. 6. საკასაციო პალატის ამ არგუმენტაციას ამყარებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე გრაფაში დაფიქსირებული ოდენობები, კერძოდ, „ნედლი მარიხუანის“ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია „გამომშრალი მარიხუანის“ ორმაგ ოდენობებზე. კერძოდ: „გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ მისი რაოდენობა 5-დან 50 გრამამდეა, ხოლო ამავე დანაშაულის შემადგენლობას იძლევა „ნედლი მარიხუანის“ შეძენა-შენახვა 10-დან 100 გრამამდე. კანონმდებლის აღნიშნული მიდგომა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი და იმავე წონის „გამომშრალი მარიხუანისა“ და „ნედლი მარიხუანის“ შემთხვევაში, მიდგომა „გამომშრალ მარიხუანასთან“ მიმართებით უფრო მკაცრია. დასკვნა: საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას მოცემულ შემთხვევაში 36,57 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის დამზადებისა და შენახვის გამო, შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის შეუსაბამოდ.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა