საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირვენი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით დამზადებისა და შენახვის გამო.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/15/866 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 17 ოქტომბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ოქტომბერი 2017 14:39 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით დამზადებისა და შენახვის გამო.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2015 წლის 31 ივლისიდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით დამზადებისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2017 წლის 20 იანვარს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე და გიორგი შავლიაშვილი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მომართა კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №866). კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2017 წლის 23 იანვარს. №866 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 ოქტომბერს.
2. №866 კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
5. №866 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, დავით მამათელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. დავით მამათელაშვილი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის შედეგად, მსჯავრდებულს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
6. კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით დავით მამათელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დავით მამათელაშვილის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი და 6 თვე ნაწილობრივ დაემატა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნულ სასჯელს. საბოლოოდ, დავით მამათელაშვილს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახით განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. 2016 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დავით მამათელაშვილმა, რომელმაც მოითხოვა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დავით მამათელაშვილის ქმედება, გათვალისწინებული სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრისა და 2015 წლის 14 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. დავით მამათელაშვილმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
9. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ საკასაციო პალატამ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვისას მხედველობაში მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის თანახმადაც, 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის გამო პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს. კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით დამზადება-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, შესაძლოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას ამყარებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე გრაფაში დაფიქსირებული ოდენობები. კერძოდ, გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2015 წლის 31 ივლისიდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შემადგენლობას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ მისი რაოდენობა 5-დან 50 გრამამდეა, ხოლო ამავე დანაშაულის შემადგენლობას იძლევა ნედლი მარიხუანის შეძენა-შენახვა 10-დან 100 გრამამდე. კანონმდებლის აღნიშნული მიდგომა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი და იმავე წონის გამომშრალი მარიხუანისა და ნედლი მარიხუანის შემთხვევაში, მიდგომა გამომშრალ მარიხუანასთან მიმართებით უფრო მკაცრია. შესაბამისად, ამ დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2015 წლის 31 ივლისიდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე (მოცემულ შემთხვევაში 36,57 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისთვის დამზადებისა და შენახვის გამო, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. N866 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ არის გამხდარი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2015 წლის 31 ივლისიდან 2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით დამზადებისა და შენახვისათვის.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინებით საქმეზე „ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შენახვისათვის, ძალადაკარგულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/855 განჩინებით.
4. ამასთან, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის N1221-რს კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა რიგი ცვლილებები, კერძოდ სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნას დაემატა მე-6 ნაწილი, რომლის თანახმადაც 260-ე მუხლის (გარდა შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე - მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე. აგრეთვე, სსკ-ს დაემატა 2731 მუხლი, რომლითაც სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად განისაზღვრა მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება და დაწესდა შესაბამისი სასჯელი.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენდა მარიხუანის დამზადების დასჯადობას, ძალადაკარგულია. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სამართალწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, №866 კონსტიტუციურ წარდგინებაზე უნდა შეწყდეს საქმე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს №866 კონსტიტუციურ წარდგინებაზე.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის წევრები:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი