საქართველოს მოქალაქეები ავთანდილ კახნიაშვილი და მიხეილ ჯიბუტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N871 |
ავტორ(ებ)ი | ავთანდილ კახნიაშვილი მიხეილ ჯიბუტი |
თარიღი | 21 თებერვალი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს . კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენენ ფიზიკური პირები. საქართველოს საარჩევნო კოდექსის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება სადავო ნორმების ან მათი ნორმატიული შინაარსის წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ ადამიანის ძირითად უფლებებთან. სადავო ნორმები მათი ნორმატიული შინაარსის განუსაზღვრელობის და განუჭვრეტელობის გამო პირდაპირ და უშუალოდ ხელყოფენ ადამიანის ძირითად უფლებებს, მათ შორის მოსარჩელეთა უფლებას ხმა მისცენ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ და მათ მიერ შევსებული ბიულეტენები მიჩნეულ იქნას ნამდვილად. ამასთან, სადავო ნორმების გამოყენების საფრთხე არსებობს ნებისმიერი იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც არჩევნებში მონაწილეობისას, შესაძლებელია, საკუთარი განსხავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო დისკრიმინაცია განიცადოს და მის მიერ შევსებული ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდეს, თუ საარჩევნო კაბინაში თავისუფალი ნების გამოხატვისას ხმას საარჩევნოს სუბიეტის (ან სუბიექტების) წინააღმდეგ მისცემს. ამასთან, არჩევნებში მონაწილე მოქალაქე, რომელიც ხმას აძლევს ყველა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ ან არასათანადოდ ავსებს ბიულეტენს, ფაქტობრივად, არ ითვლება არჩევნების მონაწილედ, ვინაიდან არჩევნების შედეგების შეჯამებისას მისი ხმა სათვალავში არ მიიღება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა, ვინაიდან კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მათზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოვითხოვთ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ " ქვეპუნქტის (რომლის ძალით „ბათილია ბიულეტენი თუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა") ის ნორმატიული შინაარსი (აღნიშნული ნორმის სადღეისოდ დამკვიდრებული იმგვარი განმარტება), რომელიც უშვებს იმ ბიულეტენების ბათილად ცნობის შესაძლებლობასაც, რომლებითაც „ხმა მიცემულია ყველა კანდიდატის წინააღმდეგ" ( ანუ, რომლითაც დასაშვებია არა მარტო იმ ბიულეტენების ბათილად ცნობა, რომლებიდანაც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა, არამედ იმ ბიულეტენებისაც, რომლებშიც ამომრჩეველმა სრულიად გასაგებად ხმა მისცა საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ). ამასთან, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისას საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ მიცემული ბიულეტენები არ გაითვალისწინება ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობის განსაზღვრისას, ვინაიდან ცესკოს განმარტებით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ " ქვეპუნქტი განიმარტება შემდეგი სახით: „საარჩევნო ბიულეტენი, რომლის მიხედვით ხმა მიცემულია ყველა კანდიდატის წინააღმდეგ და საიდანაც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა, მიიჩნევა ბათილად" (დანართი 2).
გარდა ამისა, მოვითხოვთ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილისაქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, რომელთა ძალით „არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა", ვინაიდან აღნიშნული ნორმა აშკარად დისკრიმინაციულია და საშუალებას იძლევა არჩევნებში მონაწილე ის მოქალაქეები, რომლებიც ხმას მაგ., ყველა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ აძლევენ ან დადგენილი ფორმით არ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას არჩევნებში მონაწილეების რაოდენობაში არ აისახონ.
საკონსტიტუციო სასამართლოსგან, ფაქტობრივად, მოვითხოვთ საარჩევნო სუბიექტის (სუბიექტების) წინაააღმდეგ („ყველას წინაააღმდეგ") ხმის მიცემის უფლების აღიარებას.
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ " ქვეპუნქტი უნდა შეიცვალოს ან მოხდეს მისი არსის დაზუსტება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, ხოლო „ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს” (მუხლი 44.1). ანუ, ხელისუფლებათა დანაწილებასა და ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვასთან ერთად, მოქალაქეებიც და საჯარო მოსამსახურეებიც ე. წ. კანონის უზენაესობის პრინციპითაც უნდა ვხელმძღვანელობდეთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმორჩილმა მოქალაქემ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედება რომ შეძლოს და მისი ძირითადი უფლებები არ იქნას ხელყოფილი, პარლამენტის მიერ მიღებული ნორმები
2. მოხოვნის არსი და დასაბუთება
მკაფიო და გასაგები („განჭვრეტადი”) უნდა იყოს, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების და
ცესკოს მიერ მათი გონივრული განმარტება და სამართლიანი შეფარდება უნდა ხდებოდეს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა (მუხლი14), ამასთან მას აქვს აზრისა და რწმენის თავისუფლება (მუხლი 19) და უფლება თავისუფლად გაავრცელოს თავისი აზრი წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით (მუხლი 24).
სახელმწიფოს უზენაესი კანონითვე მოქალაქეს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება (მუხლი 28). ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ
აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული,
მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან (მუხლი 39).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, კონსტიტუციაში ასახული არჩევნებში მონაწილეობისა და ნების თავისუფლად გამოხატვის უფლება, გულისხმობს არა მარტო მოქალაქის უფლებას საპარლამენტო არჩევნებისას მივიდეს საარჩევნო უბანში და მისთვის სასურველი პოლიტიკური გაერთიანებისთვის ან პოლიტიკოსისთვის ხმის მიცემის გზით გამოხატოს საკუთარი აზრი („პოლიტიკური ნება“), არამედ უფლებას ხმა მისცეს ერთი, რამდენიმე ან თუნდაც ყველა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ. აღნიშნული უფლება, აგრეთვე თავისთავადაც გამომდინარეობს კონსტიტუციის მე-14, მე-19 და 24 მუხლებში განმტკიცებული პრინციპებიდან. ანუ, ის მოქალაქე, რომელიც რომელიმე საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ გამოხატავს თავის პოზიციას, არჩევნების ისეთივე მონაწილედ უნდა მიიჩნიოს სახელმწიფომ, როგორც ის მოქალაქე, რომელიც ამ საარჩევნო სუბიექტს მხარს უჭერს. ამასთან, როდესაც არჩევნებში მონაწილე თითოეული მოქალაქე საკუთარ ნებას (პოზიციას, თვალსაზრისს, აზრს) საარჩევნო ბიულეტენში ასახავს, ისიც ცხადი (ლოგიკურიც და სამართლიანიც) უნდა იყოს, რომ ბათილად მხოლოდ ის ბიულეტენები უნდა ჩაითვალოს, რომლებშიც გაურკვეველია თუ რისი ნება გამოხატა ამომრჩეველმა (მაგ., სასურველი კანდიდატის შემოხაზვა დაავიწყდა, ყველა კანდიდატი შემოხაზა, ფურცლის ბოლოს ჯვარი დასვა და სხვა...), ხოლო თუ შევსებულ ბიულეტენში მკაფიოდ ჩანს ამომრჩევლის პოლიტიკური არჩევანი და მის მიერ თავისუფლად გამოხატული ნება (რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ან რომელს არა), დაუშვებელია (და აშკარად დისკრიმინაციულია), ეს ბიულეტენი ბათილად მივიჩნიოთ, მისი შემვსები მოქალაქე არჩევნებში მონაწილედ არ მივიჩნიოთ და, ფაქტობრივად, იმ მოქალაქეებს გავუთანაბროთ ვინც არჩევნებში მონაწილეობა არ ისურვა.
მიგვაჩნია, რომ ყოველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, კანონმდებლობით დაშვებული კონკრეტული ფორმის გამოყენებით გამოთქვას საკუთარი აზრი (პოზიცია) და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება საარჩევნო სუბიექტთან ან სუბიექტებთან მიმართებით. ამასთან, თითოეულ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმა, რომელიც უნდა შეეძლოს გამოიყენოს რომელიმე კანდიდატის (კანდიდატების, პარტიული სიის) სასარგებლოდ ან მის (მათ) საწინააღმდეგოდ. ამასთან, ამომრჩეველს უფლება უნდა ჰქონდეს ხმა მისცეს არა მარტო ერთი ან რამოდენიმე კანდიდატის (პარტიული სიის), არამედ ყველას წინაააღმდეგ. ყველა შემთხვევაში, წინააღმდეგ (პირველ რიგში „ყველას წინააღმდეგ“) ხმის მიცემის, ანუ საარჩევნო სუბიექტებისადმი უნდობლობის გამოცხადების უფლება, საყოველთაოდ აღიარებული საარჩევნო უფლების არსებით შემადგენელს წარმოადგენს და სრულ შესაბამისობაშია, როგორც საქართველოს კონსიტუციით აღიარებულ პრინციპებთან, აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტებთან. შესაბამისად, ხმის მიცემას საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე
2. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
კანდიდატის (პარტიის) სასარგებლოდ, იგივე იურიდიული ძალა უნდა ჰქონდეს, როგორც ხმის მიცემას ერთი ან ყველა კანდიდატის წინააღმდეგ, ხოლო არჩევნების შედეგების შეჯამებისას მხოლოდ იმ მოქალაქეების ხმების გათვალისწინება ვინც ხმა მისცა რომელიმე ერთი კანდიდატის
სასარგებლოდ და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობიდან იმ მოქალაქეების გამოკლება ვინც
ხმა მისცა საარჩეევნო სუბიექტის (სუბიექტების) წინააღმდეგ, აშკარა დისკრიმინაციაა პოლიტიკური ნიშნით და ხმის მიცემის ფორმის მიხედვით.
ამდენად, თუ ვაღიარებთ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ხმის მიცემის უფლებას და სათანადოდ შევსებულ ბიულეტენს ნამდვილად მივიჩნევთ, ასევე უნდა ვაღიაროთ იმავე საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ ხმის მიცემის უფლებაც და ამომრჩევლის მიერ შევსებული საარჩევნო ბიულეტენიც, რომელშიც გასაგებად არის გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება საარჩევნო სუბიექტისადმი (სუბიექტებისადმი), ნადვილად ცნობილ
ბიულეტენთა რაოდენობაში უნდა ავსახოთ.
შესაბამისად, ყველა შემთხვევაში, საარჩევნო ბიულეტენში უნდა იყოს გრაფა „წინააღმდეგ“ ან „ყველას წინააღმდეგ“ ,ხოლო ბათილად ცნობილი ბიულეტენების რიცხვის ამსახველ გრაფასთან ერთად, არჩევნების შემაჯამებელ (საუბნო, საოლქო და ცესკოს) ოქმებში უნდა იყოს გრაფა, რომელშიც აისახება თუ რამდენმა ამომრჩეველმა მისცა ხმა საარჩევნო სუბიექტების (ერთის, რამდენიმეს ან ყველას) წინააღმდეგ, ხოლო მათი რაოდენობა ნამდვილი ბიულეტენების რიცხვში უნდა აისახოს.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ " ქვეპუნქტი: „ბათილია ბიულეტენი თუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა" ნორმის გრამატიკული წყობიდან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სადღეისოდ ვიწრო მნიშვნელობით განიმარტება და ბათილად არის ცნობილი არა მხოლოდ ის ბიულეტენები , რომლებიდანაც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა, არამედ ის ბიულეტენებიც, რომლებშიც მკაფიოდ არის გამოხატული ამომრჩევლის ნება საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ ხმის მიცემის თაობაზე. ამასთან, საარჩევნო სუბიექტების (ერთის, რამდენიმეს ან ყველას) წინააღმდეგ შვსებული ბიულეტენები არ შედის ნამდვილი ბიულეტების რიცხვში.
მაგ., 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში N1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მოქალაქემ ხმა მისცა ორივე კანდიდატის წინააღმდეგ (დანართი 3), თუმცა არჩევნებში მისი მონაწილეობა და მის მიერ გამოხატული მკაფიო პოზიცია არ აისახა შემაჯამებელ ოქმებში. ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა განუმარტეს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ შევსებული ბიულეტენი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბათილად იქნა ცნობილი და არ აისახა ნამდვილ ბიულეტენთა (ანუ მიცემულ ხმათა) რაოდენობაში. ფაქტია, რომ აღნიშნული ნორმა ცესკოს მიერ ანტიკონსტიტუციური (დისკრიმინაციული) სახით შეზღუდულად განიმარტება და „საარჩევნო ბიულეტენი, რომლის მიხედვით ხმა მიცემულია ყველა კანდიდატის წინააღმდეგ და საიდანაც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა, მიიჩნევა ბათილად" (დანართები 2 და 4).
გამოდის, თუ მოქალაქეს პოლიტიკური შეხედულებების, პიროვნული ან პროფესიული თვისებების გამო არ მოსწონს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გასული დეპუტატობის ორივე კანდიდატი, მიუხედავად ამისა, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, მაინც მიდის არჩევნებზე და ხმას აძლევს ორივეს წინააღმდეგ, ანუ სრულიად თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ ნებას, ამ მოქალაქის მიერ სათანადოდ შევსებული ბიულეტენი (ანუ,
2. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
რომლიდანაც შესაძლებელია იმის დადგენა, რომ ხმა ორივე კანდიდატის წინააღმდეგ მისცა) ბათილად („არანამდვილად“ ) მიიჩნევა?! ამასთან, ოლქში გამარჯვებული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი ნამდვილი ბიულეტენების რიცხვიდან ისე
გამოითვლება, თითქოს საარჩევნო ოლქში მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, რაც განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეების აშკარა დისკრიმინაციას წარმოადგენს.
ერთი, რამდენიმე ან ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მიცემული ბიულეტენები ნამდვილად უნდა ჩაითვალოს, თუნდაც იმ საყოველთად აღიარებული ფაქტის გამო, რომ ნებისმიერი რანგის არჩვევითი თანამდებობის დასაკავებლად გამართულ სამართლიან არჩევნებში ღია თუ ფარული კენჭისყრის გზით გამარჯვებულის გამოვლენისას ყოველთვის ხდება გამოცხადება , თუ რამდენმა მისცა ხმა წარდგენილი კანდიდატის სასარგებლოდ, რამდენმა - მის წინააღმდეგ და
რამდენმა შეიკავა თავი ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობისგან ან რამდენი ბიულეტენი იქნა
ბათილად ცნობილი. ამდენად, გონივრულია იგივე სახის პროცედურა იქნას გამოყენებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას. მითუმეტეს, რომ არჩეული პირი არა მხოლოდ მოქალაქეთა ერთ მცირე ჯგუფს (მეცნიერების, სტუდენტების, ფერმერების, სპორტსმენების, მეწარმეების ) წარმოადგენს, არამედ სახელმწიფოს უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში იცავს ხალხის ინტერესებს და კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს. მათ შორის, განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს...
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემობასაც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად „პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც“. ამდენად, სახელმწიფოს უზენაესი კანონი ამომრჩევლების (აქტიური და გონიერი მოქალაქეების) არჩევნებში მონაწილეობას მეტად პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებს და მიღებული ხმების პროცენტსაც სწორედ „არჩევნებში მონაწილეების“ საერთო რაოდენობიდან ითვლის (ანუ, მათგან ვინც მივიდა საარჩევნო უბანში და საკუთარი ნება გამოხატა), მაშინ როდესაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე (რომელთა თანახმად, „არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა") ცესკო არჩევნებში მონაწილეებად, ფაქტობრივად, მხოლოდ იმ პირებს მიიჩნევს, რომლებიც ხმას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ აძლევენ და საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებულ პროცენტსაც არჩევნებში რეალურად მონაწილეების მხოლოდ ერთი ნაწილის (სამართლის ნორმის ბუნდოვნობის გამო შეზღულად გაგებული „ნამდვილი ბიულეტენების") რაოდენობიდან ითვლის (დანართი 2), რაც ამომრჩეველთა ხმების დათვლისას ბიულეტენების 3-5 %-ის ბათილად ცნობის პირობებში არსებითად ცვლის არჩევნების შედეგებს.
საგულისხმოა, რომ, როგორც ჩანს, სწორედ ამომრჩეველთა ნებით და არჩევნების შედეგებით მანიპულირებით დაინტერესების ბრალია, რომ ცესკო არ აქვეყნებს საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებულ არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მხოლოდ აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტში მოხსენიებული „არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ გასაჯაროებით კმაყოფილდება, რომელშიც არ არის ასახული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა და ისეა შედგენილი, თითქოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული პროცენტები არჩევნებში მონაწილეთა რიცხვიდან არის გამოთვლილი (რეალურად კი, „ნამდვილი ბიულეტენების" რიცხვიდან არის გამოყვანილი). ალბათ, ამ გარემოებამ განაპირობა,
2. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
რომ საარჩევნო კოდექსში ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობის ფიქსირება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიის დონეზეა გათვალისწინებული (მუხლი 75.2.ი), ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიისა და ცესკოს შემაჯამებელ ოქმებში ნამდვილი ბიულეტენების მოხსენიება კანონმდებელმა საჭიროდ არ მიიჩნია. შესაბამისად, როდესაც მოქალაქე საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს საჯარო ინფორმაციის - არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების - გადმოცემის თხოვნით მიმართავს , მას მხოლოდ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს უგზავნიან (დანართები 5 და 6).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, რომელთა თანახმად, „არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა" აშკარად დისკრიმინაციულია, ვინაიდან პირდაპირ და უშუალოდ ხელყოფენ იმ ადამიანთა ძირითად უფლებებს ვისაც სურთ მეგ., ხმა მისცენ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ და მათ მიერ შევსებული ბიულეტენები მიჩნეულ იქნას ნამდვილად. ამასთან, ზემოაღნიშნული სადავო ნორმა გამოიყენება ნებისმიერი იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც საარჩევნო კაბინაში ნების გამოხატვისას არასათანადოდ ავსებს საარჩევნო ბიულეტენს (შესაძლებელია, საკუთარი განსხავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამოც...), რის გამო არ ითვლება არჩევნების მონაწილედ და არჩევნების შედეგების შეჯამებისას მისი ხმა სათვალავში არ მიიღება.
იმის გათვალისწინებით , რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“ (მუხლი 28. 1). ამასთან, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, „ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება“ და „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“ (მუხლები 14, 19.1, და 24.1), საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები აშკარად დისკრიმინაციულია, ვინაიდან აქტიურ და გონიერ მოქალაქეს, რომელიც მიდის არჩვენებზე და სრულიად მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ აზრს (პოლიტიკურ პოზიციას) და მაგ., ხმას აძლევს ყველას წინააღმდეგ ან, თუნდაც გაუგებრად (განზრახ ან უნებლიეთ) ავსებს ბიულეტენს, არჩევნებში მონაწილედ არ მიჩნევს (ფაქტობრივად, არ თვლის ადამიანად და სათვალში არ იღებს).
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით აშკარად ხელყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლიც, ვინაიდან მოქალაქის უფლება არჩევნებისას ხმა მისცეს საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ ან მივიდეს არჩევნებზე და არავის მისცეს ხმა, თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მე14, მე-19, 24-ე და 28-ე მუხლებში დეკლარირებული პრინციპებიდანაც და დაუშვებელია, საარჩევნო კაბინაში ზემოაღნიშნული ფორმით თავისუფალი ნების გამოხატველი მოქალაქე კანონმდებელმა „არჩევნებში მონაწილედ“ არ ჩათვალოს და არჩევნების შედეგების გამოთვლისას მისი მონაწილეობის ფაქტი უგულვებელყოს .
გარდა ამისა, ფაქტია, რომ ცესკოს ოფიციალური მონაცემებით წლების განმავლობაში
2. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ყოველი საპარლამენტო არჩევნებისას ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3-5 %-ს შეადგენს (დანართი 7), რაც 100 000-ზე მეტი ხმაა. ამასთან, 2016
წლის საპარლამენტო არჩევნებზეც (ბათილად ცნობილი ბიულეტენების რიცხვმა 137 589 მიაღწია) დაფიქსირდა საარჩევნო კომისიების წევრების მიერ სათანადოდ შევსებულ ბიულეტენებში დამატებითი ციფრის შემოხაზვის გზით მათი ბათილად ცნობის (სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ ხმების გაყალბების) ფაქტები, რამაც არა მარტო ოპოზიციური პარტიებისა და ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ საქართველოს პრეზიდენტის საფუძლიანი პროტესტი გამოიწვია (დანართი 8 ).
ფაქტია ისიც, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების დათვლისას ნამდვილ ბიულეტენთა რაოდენობაში იმ ბიულეტენების გაუთვალისწინებლობა, რომლებშიც ხმები კანდიდატთა წინააღმდეგ არის მიცემული არსებითად ცვლის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების პროცენტულ თანაფარდობას და არჩევნების შედეგებით მანიპულირების (ბიულეტენების გაყალბებით მათი ბათილად ცნობის და მანდატების უსამართლო გადანაწილების ) საშუალებას იძლევა. მაგ., 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, თუ საარჩევნო კოდექსში არ იქნებოდა ზემოთ აღნიშნული, ჩვენი აზრით, აშკარად დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური ნორმა, მაშინ ხმების 1%-ის წონა იქნებოდა 18 143 ხმა, ნაცვლად ამჟამინდელი 17 594 ხმისა.
ბათილი ბიულეტენებით მანიპულირებაზე მიანიშნებს ერთი და იგივე არჩევნებზე, ერთ და იმავე დროს ბათილი ბიულეტენების სტატისტიკის განსხვავდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებისათვის. მაგ., 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას პროპორციული სისტემით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1825054 მოქალაქემ და მათ მიერ შევსებული ბიულეტენებიდან ბათილად იქნა ცნობილი 62678 (3,43%) ბიულეტენი, ხოლო მაჟორიტარული სისტემით კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ შეადგინა 1500226 და მათ მიერ შევსებული ბიულეტენებიდან 43371( 2,8%) ბათილად იქნა ცნობილი. ცხადია, ორივე შემთხვევაში, ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თეორიულად სავსებით შესაძლებელია, არჩევნების შედეგების შეჯამებისას სრულიად სხვა შედეგი მიგვეღო.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მატიე-მოენისა და კლერფაიტის საქმეზე 1987 წლის 2 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა , რომ „სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს პოზიტიური ზომები დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად და უზრუნველყოს თანასწორი მიდგომა ყველა მოქალაქისადმი“. ამდენად, არჩევნების მონაწილედ უნდა ჩაითვალოს ის ამომრჩეველიც ვინც ხმა ერთი, რამდენიმე ან ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა და მისი ბიულეტენიც ნამდვილად უნდა იქნას მიჩნეული. ანუ, მის მიმართ ისეთივე მიდგომა უნდა განხორციელდეს, როგორც იმ მოქალაქის მიმართ ვინც საკუთარ რჩეულს აძლევს ხმას.
ამასთან, მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში საარჩევნო ბიულეტენებში შეტანილია გრაფა „ყველას წინააღმდეგ“, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ასახულია „ყველას წინააღმდეგ“ ხმის მიმცემთა რაოდენობაც და ისინი არჩევნებში მონაწილეებად მიიჩნევიან (ბელგია, შვედეთი, ფინეთი, ესპანეთი, პოლონეთი, რუსეთი, ინდოეთი და სხვა). საგულისხმოა, რომ მაგ., პოლონეთის სეიმში ასარჩევად კანდიდატმა უნდა მოაგროვოს არჩევნებში მონაწილეთა ხმების უმრავლესობა, „ყველას წინააღმდეგ“ მიცემული ხმების ჩათვლით. რუსეთშიც 2006 წლამდე საარჩევნო ბიულეტენებში შეტანილი იყო გრაფა „ყველას წინააღმდეგ“. ვინაიდან, ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, რუსეთის დუმამ ეს გრაფა ამოიღო, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ყველას წინააღმდეგ“
2. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ხმის მიცემის უფლების აღიარების შემდეგ, იძულებული გახდა 2014 წელს ეს გრაფა საარჩევნო
ბიულეტენში ისევ აღედგინა...
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობით საარჩევნო ბიულეტენში კანდიდატის მხარდამჭერებისთვის განკუთვნილ გრაფასთან („მომხრე“) ერთად, გათვალისწინებულია გრაფა „წინაააღმდეგი“ და იმ მოქალაქეთა
რაოდენობა, ვინც პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ მისცემს ხმას აისახება არჩევნებში მონაწილეთა საერთო რიცხვში, საიდანაც გამოითვლება კანდიდატის მიერ მიღებული ხმების პროცენტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ " ქვეპუნქტი, რომლის ძალით „ბათილია ბიულეტენი თუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა" და ცესკოს მიერ მისი იმგვარი განმარტება, რომლითაც „საარჩევნო
ბიულეტენი, რომლის მიხედვით ხმა მიცემულია ყველა კანდიდატის წინააღმდეგ და საიდანაც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩვენო სუბიეტს მისცა ხმა ამომრჩეველმა, მიიჩნევა ბათილად" აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს და აშკარად დისკრიმინაციულია იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საკუთარ აზრს გამოთქვამენ (ამჟღავნებენ თავისუფალ ნებას) პარლამენტში ასარჩევი კანდიდატების თაობაზე და პოლიტიკური შეხედულებების გამო ხმას აძლევენ რომელიმე ერთი, რამდენიმე ან ყველა კანდიდატის წინააღმდეგ, თუმცა ცესკოს მიერ კანონის ნორმის ბუნდოვანი („არაგანჭვრეტადი", არაგონივრული) ფორმულირების ან შეზღუდული შინაარსით განმარტების გამო, სამოქალაქო აქტიურობის მიუხედავად, ფაქტობრივად, არჩევნებში მონაწილეებად არ მიიჩნევიან. შესაბამისად, მათ მიერ შევსებული ბიულეტენები ნამდვილად ბიულეტენთა რიცხვში არ აისახება...
შედეგად, გამოდის, რომ აქტიური მოქალაქე, რომელიც ღიად ან ფარულად გამოხატავს საკუთარ აზრს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრად წარდგენილი კანდიდატის (კანდიდატების) თაობაზე, მიდის საარჩევნო უბანში და მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ ნებას დეპუტატად ასარჩევი კანდიდატის წინააღმდეგ ხმის მიცემის თაობაზე (მაგ., ბიულეტენში შესაბამისი რიგითი ნომრის ან კანდიდატის სახელის გადახაზვის გზით), ფაქტობრივად, უთანაბრდება იმ პასიურ, ნიჰილისტურად განწყობილ ან ე. წ. ზოგადუნარშეზღუდულ მოქალაქეს, რომელიც საერთოდ არ მიდის არჩევნებზე ან იღებს მონაწილეობას, მაგრამ საარჩევნო კაბინაში შესულს ავიწყდება მისთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვა ან ბიულეტენს ისე თავისებურად („სპეციფიკურად“) ავსებს, რომ შეუძლებელია მისი პოზიციის (ვის მისცა ხმა და ვის არა) დადგენა (მაგ., ფურცლის ბოლოს მოაწერა ხელი ან ჯვარი დასვა...).
მივიჩნევთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული თავისუფალი არჩევნების უფლების ეფექტური რეალიზაციისათვის და საარჩევნო პროცედურის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად („სამართლიანობის აღსადგენად“) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ " ქვეპუნქტი შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ბათილია ბიულეტენი თუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ან არ მისცა ხმა ამომრჩეველმა", საარჩევნო ბიულეტენსა და შემაჯამებელ ოქმებს, უნდა დაემატოს გრაფა „წინააღმდეგ“ (მაგ., თუ ბიულეტენში ერთი კანდიდატია) ან „ყველას წინააღმდეგ“ (მაგ., თუ ბიულეტენში რამდენიმე საარჩევნო სუბიექტია), ხოლო ნამდვილ ბიულეტენთა რაოდენობაში უნდა აისახოს არჩვენებში მონაწილე მოქალაქეთა მიერ საარჩევნოს სუბიექტების „წინააღმდეგ“
2. მოთხოვნის არსი და დასაბუთება.
(„ყველას წინააღმდეგ“) მიცემული ხმებიც.
იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატია შეტანილი (მაგ., საპრეზიდენტო არჩევნებისას), აუცილებელია იყოს გრაფები „მომხრე“ და „წინააღმდეგ“ ხმის მისაცემად, რაც უზრუნველყოფს ორივე პოზიციის გამოხატვისთვის ერთნაირ პროცედურას და დაიცავს ამორჩეველს მისი ნების საარჩევნო კაბინის გარედან კონტროლისგან. ცხადია, თუ სხვადახვა პროცედურა იქნება (მაგ., თუ პროცედურით მხოლოდ „მომხრე“ იქნება ვალდებული შემოხაზოს შესაბამისი ნომერი ან სახელი, გარედან ადვილად შესამჩნევი იქნება, რომ ის ამორჩეველი, რომელიც არ დაყოვნდება საარჩევნო კაბინაში ან ხელის მოსაწერად აუცილებელ მოძრაობას არ გააკეთებს საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგია). ხოლო, თუ ბიულეტენში მრავალი საარჩევნო სუბიექტია შეტანილი (მაგ., საპარლამენტო არჩევნებისას შეიძლება 10-ზე მეტიც იყოს) ამომრჩევლის საარჩევნო უფლების უზრუნველსაყოფად და მისი ნების თავისუფლად გამოსავლენად აუცილებელია, ბიულეტენში იყოს გრაფა „ყველას წინააღმდეგ“.
ლოგიკურია, თუ შევსებულ ბიულეტენში არ ჩანს ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა (მაგ.,არავინ შემოხაზა), მაგრამ მაგ., 10 საარჩევნო სუბიექტიდან მხოლოდ ერთი ან რამოდენიმე კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა (მაგ., ხაზი გადაუსვა), უნდა ვიგულისხმოთ, რომ არც დანარჩენ კანდიდატებს უჭერს მხარს და ასეთი სახით შევსებული ბიულეტენი „ყველას წინააღმდეგ“ ხმის მიცემად უნდა ჩაითვალოს და არა ბათილად. ბათილად მხოლოდ ისეთი ბიულეტენი უნდა ჩაითვალოს, რომლიდანაც შეუძლებელია იმის დადგენა თუ ვის მისცა ხმა ამორჩეველმა (მაგ., არც ერთი არ შემოხაზა ან ერთზე მეტი შემოხაზა) და არც ის ჩანს, რომ რომელიმე ერთი, რამდენიმე ან ყველა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ბიულეტენში, უკიდურეს შემთხვევაში, უნდა არსებობდეს „ყველას წინააღმდეგ“ ხმის მიცემის შესაძლებლობა მაინც, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო სუბიექტის (სუბიექტების) წინაააღმდეგ (ყველას წინაააღმდეგ) ხმის მიცემის უფლების რეალიზაციას.
ბუნებრივია, მას შემდეგ რაც საარჩევნო კოდექსში დაზუსტდება ბათილად ცნობილ ბიულეტენთა განმარტება ან მოხდება დღეს მოქმედი ნორმის შინაარსის გაფართოება და ბათილ ბიულეტენად არ ჩაითვლება ის ბიულეტენიც, რომლიდანაც მკაფიოდ გდინდება, რომ ამომრჩეველმა ხმა მისცა საარჩევნო სუბიექტის (სუბიექტების) წინააღმდეგ, შესაბამისად შეიცვლება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაც (სავარაუდოდ, გაიზრდება, არანაკლებ 100 000-ით), რომელშიც საარჩევნო კოდექსის 125 -ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად დღესდღეობით „არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა“. ხოლო, თუ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას დაემატება „წინააღმდეგ („ყველას წინააღმდეგ“)“ ხმის მიმცემ მოქალაქეთა რაოდენობა, არჩევნების შედეგები გაცილებით სამართლიანი იქნება და დეპუტატის მანდატებიც უფრო ობიექტურად განაწილდება.
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი