საქართველოს მოქალაქეები ავთანდილ კახნიაშვილი და მიხეილ ჯიბუტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/16/871 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 ოქტომბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 ოქტომბერი 2017 14:57 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები ავთანდილ კახნიაშვილი და მიხეილ ჯიბუტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან, 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №871) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ავთანდილ კახნიაშვილმა და მიხეილ ჯიბუტმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა 2017 წლის 23 თებერვალს. №871 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 ოქტომბერს.
2. №871 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლების პირველი და მე-2 პუნქტები.
3. №871 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ „შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა“. მოსარჩელეები პრობლემურად მიიჩნევენ აღნიშნული ქვეპუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც უშვებს იმ ბიულეტენის ბათილად ცნობის შესაძლებლობას, რომლითაც ხმა მიცემულია ყველა კანდიდატის წინააღმდეგ. ამავე კანონის 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტის ხმები მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა“, ხოლო 125-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში ასევე არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა“.
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, მე-19 მუხლის პირველ პუნქტს, 24-ე მუხლის პირველ პუნქტს, 28-ე მუხლის პირველ პუნქტს და 39-ე მუხლს. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება, ხოლო 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც, მართალია, კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული, თუმცა თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, კონსტიტუციით განმტკიცებული საყოველთაო საარჩევნო უფლება გულისხმობს არა მარტო მოქალაქის უფლებას, ხმა მისცეს რომელიმე საარჩევნო სუბიექტს, არამედ ერთი ან ყველა კანდიდატის წინააღმდეგ ხმის მიცემის უფლებას. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ მოთხოვნას წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტის (სუბიექტების) წინააღმდეგ ხმის მიცემის უფლების აღიარება.
6. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები უშვებს იმ ბიულეტენის ბათილად ცნობის შესაძლებლობას, რომლითაც ხმა მიცემულია ყველა კანდიდატის წინააღმდეგ. ამასთანავე, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენისას, საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ მიცემული ბიულეტენები არ გაითვალისწინება ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობის განსაზღვრისას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „ყველას წინააღმდეგ“ ხმის მიცემის უფლების აღიარება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არჩევნების შედეგების შეჯამებისას იმ ხმების გამოკლება, რომლებიც მიცემულია საარჩევნო სუბიექტის (სუბიექტების) წინააღმდეგ, არსებითად ცვლის არჩევნების შედეგებს.
7. მოსარჩელე მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. ხსენებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. №871 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბათილია საარჩევნო ბიულეტენი, თუ შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა. ხსენებული ნორმის საფუძველზე ბათილად მიიჩნევა, მათ შორის, ისეთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც ხმა მიცემულია ყველა კანდიდატის წინააღმდეგ. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე, იმის დადგენისას, თუ რამდენად დააგროვა ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარმა კანდიდატმა ან/და გადალახა 5%-იანი ბარიერი პოლიტიკურმა პარტიამ, ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა არ ითვლება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების დისკრიმინაციულობის მტკიცებისას მიუთითებს, რომ საარჩევნო ბიულეტენების ბათილად ცნობით, რომლითაც ხმა მიცემულია ყველა კანდიდატის წინააღმდეგ, მოსარჩელეები არათანაბარ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული იმ ამომრჩეველთან შედარებით, ვინც არჩევანი კონკრეტული სუბიექტის სასარგებლოდ გააკეთა. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი თანაბრად ვრცელდება ყველა იმ მოქალაქეზე, რომელიც აქტიურ საარჩევნო უფლებას ახორციელებს. სადავო ნორმების მიხედვით, ბათილია ნებისმიერი ბიულეტენი, რომელშიც შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა. ასევე, არც ერთი ასეთი ბათილი ბიულეტენი არ ითვლება ხმების საერთო რაოდენობაში - ნებისმიერი მოქალაქის მიერ ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მიცემული ხმა ბიულეტენის გაბათილებას იწვევს. ამასთან, მოსარჩელეს, სხვა მოქალაქეების თანაბრად აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს მისთვის სასურველი კანდიდატი. მოსარჩელე მხარე დისკრიმინაციის ფაქტის დასასაბუთებლად მიუთითებს, რომ ამომრჩეველთა სხვადასხვა ქმედებებს (კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ან ყველა კანდიდატის წინააღმდეგ ხმის მიცემა) სხვადასხვა შედეგი მოჰყვება. თუმცა კონსტიტუციის მე-14 მუხლი პირებს შორის დისკრიმინაციას კრძალავს და არა პირების სხვადასხვა ქმედების მიმართ სხვადასხვა სამართლებრივი შედეგების დადგომას.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს არ გამოუკვეთია სადავო ნორმიდან მომდინარე პირებს შორის დიფერენცირების ფაქტი და არც არსებითად თანასწორ პირთა წრე, რომელთა შორისაც ხორციელდება დიფერენცირება. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას შორის. ამგვარად, №871 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ასევე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავო ნორმები მოქალაქეებს უზღუდავს უფლებას, გამოთქვან საკუთარი აზრი საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით.
7. სადავო რეგულირებით დადგენილია, რა შემთხვევაში ხდება საარჩევნო ბიულეტენის ბათილად ცნობა და ასევე განსაზღვრულია, რომ ბათილი ბიულეტენები არ ითვლება ხმების საერთო რაოდენობაში. სადავო ნორმები არ არეგულირებს ამა თუ იმ პირის მიერ საკუთარი პოზიციის, მათ შორის, საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით აზრის გამოთქმის საკითხს. უფრო მეტიც, სადავო ნორმები ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მიცემული ხმის ბიულეტენების აღრიცხვის საკითხს არ არეგულირებს. ის, თუ რა აღინიშნება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, განსაზღვრულია „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 71-ე მუხლის მე-3 პუნქტით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული პრობლემა, რომ არ ხდება ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მიცემული ხმების რაოდენობის ცალკე აღრიცხვა, არ მომდინარეობს სადავო ნორმებიდან. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლთან მიმართებით სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელეთა მიერ მათი შინაარსის არასწორ აღქმას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №871 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. №871 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ასევე მოითხოვენ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი განამტკიცებს საყოველთაო საარჩევნო უფლებას. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეთა უფლებას, მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმსა და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავისუფალი ნების საფუძველზე მიიღონ მონაწილეობა შესაბამისი ორგანოს არჩევნებში, აირჩიონ შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი და ამ გზით მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო მმართველობის პროცესში.
10. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას არჩევნების შედეგებზე გავლენის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, მათ შორის, ყველა კანდიდატის წინააღმდეგ ხმის მიცემის გზითაც. იგი მიიჩნევს, რომ ხსენებული ბიულეტენები ცალკე უნდა აღირიცხოს და ასევე ჩაითვალოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში (იმის განსაზღვრისათვის, თუ რამდენად დააგროვა ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარმა კანდიდატმა ან/და გადალახა 5%-იანი ბარიერი პოლიტიკურმა პარტიამ).
11. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა საერთოდ არ არეგულირებს ისეთი ბიულეტენების აღრიცხვის წესს, რომელშიც ხმა ყველა კანდიდატის წინააღმდეგ არის მიცემული. შესაბამისად, მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სასამართლო ვერ შეაფასებს, თუ რამდენად არის კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული აღნიშნული ბიულეტენების ცალკე დათვლის და საბოლოო შედეგებთან ერთად გამოცხადების უფლებრივი კომპონენტი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართების შესამოწმებლად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად იცავს კონსტიტუციის 28-ე მუხლი ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმების არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში ჩათვლის უფლებას.
12. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულია მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის გზით, სხვების თანაბარი გავლენა მოახდინოს არჩევნებზე და აირჩიოს სასურველი კანდიდატი. ერთადერთი გავლენა, რაც შესაძლოა ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმების საერთო რაოდენობაში ჩათვლამ მოახდინოს არჩევნებზე, არის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ზრდა და ზოგიერთი მაჟორიტარული კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებლის შემცირება, გარკვეულ შემთხვეებში კი მათ მიერ 5%-იანი ან 50%-იანი ბარიერის გადალახვის და, შესაბამისად, მათი არჩევის გამორიცხვა. ამდენად სასამართლომ უნდა უპასუხოს კითხვას, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული საარჩევნო უფლება რამდენად მოიცავს სხვა ამომრჩევლებისათვის საკუთარი კანდიდატის არჩევის ხელშეშლის შესაძლებლობას.
13. აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელების კონსტიტუციური სულისკვეთება სახელმწიფო მმართველობის განხორციელებაა და არა სხვისთვის აღნიშნული უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლა. შესაბამისად, საარჩევნო რეგულირება კონსტიტუციის 28-ე მუხლის შემზღუდველად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაასაბუთებს, რომ მას ხელი ეშლება სხვების თანასწორად სასურველი კანდიდატის არჩევაში. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით ხდება არა პირის მიერ სასურველი კანდიდატის არჩევის შესაძლებლობის შეზღუდვა, არამედ - სხვა კანდიდატების არჩევის შეფერხების შესაძლებლობის გამორიცხვა. ამდენად, არ დასტურდება შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას შორის.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №871 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-28 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია, დააფუძნოს საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლზე „იმ შემთხვევაში, როდესაც უფლება არ არის მოცემული საქართველოს კონსტიტუციაში ან კონსტიტუციური უფლებების ფარგლები არის ვიწრო, ვიდრე ეს საერთაშორისო ვალდებულებებით არის გათვალისწინებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-23).
16. №871 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი არც ერთი სარწმუნო არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გამომდინარეობს ერთი, რამდენიმე ან ყველა კანდიდატის წინააღმდეგ ხმის მიცემის უფლება კონსტიტუციური პრინციპებიდან ან/და სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან.
17. ამგვარად, №871 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 125-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №871 („საქართველოს მოქალაქეები ავთანდილ კახნიაშვილი და მიხეილ ჯიბუტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი