მარიამ სამსიანი და დიმიტრი ნაცვლიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1852 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი თევდორაშვილი, |
ავტორ(ებ)ი | მარიამ სამსიანი, დიმიტრი ნაცვლიშვილი |
თარიღი | 19 თებერვალი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლი | კონსტიტუციის მე-13 და 31-ე მუხლები |
სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადება, მე-2, მე-3, და მე-4, ნაწილები | კონსტიტუციის მე-13 და 31-ე მუხლები |
სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადება | კონსტიტუციის მე-13 და 31-ე მუხლები |
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილი | კონსტიტუციის მე-13 და 31-ე მუხლები |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით: ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით: ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;
ჩვენს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლით, 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადება, მე-2, მე-3, მე-4, ნაწილებით, 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადებით გათვალისწინებული ნორმის, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებს, რომლებიც იცავენ ადამიანის ძირითად უფლებებს. ამდენად, როგორც მოსარჩელე ფიზიკური პირი, ვარ უფლებამოსილი სუბიექტი მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად: „სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად: „1. თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად...
2. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია.
3. თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
4. თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად: „გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან“.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად: „სასამართლო უფლებამოსილია საპროცესო შეთანხმებაში ცვლილებები შეიტანოს მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში“.
ამდენად მოცემული ნორმები არსებითად ზღუდავენ სასამართლოს სასჯელის გამოყენების ნაწილში და უშვებენ დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის გამოყენებას, ანდანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს სამართალწარმოების მონაწილე ერთი მხარის, ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის, კეთილი ნება. აღნიშნული ნორმები არსებითად ეწინააღმდეგებიან როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ ნორმებს.
კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილი ამბობს, რომ „ადამიანის თავისუფლება დაცულია“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, პირდაპირ მიუთითებს, რომ: „თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. ამდენად საქართველოს კონსტიტუცია სამართლიანი არა მხოლოდ ვერდიქტის, არამედ სასჯელის გამოყენების უფლებამოსილებას ანიჭებს სწორედ სასამართლოს და სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ: „სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი“. ამასთან ერთად ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილი განსაზღვრავს, რომ: „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: „განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:... დ) უნდა დაისაჯოს თუ არა ბრალდებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის; ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს ბრალდებულს და რა ზომის; ვ) უნდა მოიხადოს თუ არა ბრალდებულმა დანიშნული სასჯელი...“.
როგორც ვხედავთ, კანონმდებელი კონსტიტუციის ნორმებითაც და სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებითაც სასამართლოს ანიჭებს მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს ფუნქციას, ხოლო რაც შეეხება ბრალდების მხარეს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ბრალდების მხარდაჭერა, კერძოდ აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით პროკურორს: „ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი“. ამავე კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად: „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. შეჯიბრებითობის პრინციპი კი გულისხმობს, რომ სასამართლო წარმოადგენს არბიტრს, რასაც ადასტურებს სსსკ-ის 25-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად: „სასამართლო ვალდებულია მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა“.
უდავოა, რომ მართლმსაჯულება თავის თავში გულისხმობს არა მხოლოდ გამამტყუნებელი, ან გამამრთლებელი განაჩენის დადგენას, არამედ სასჯელის განსაზღვრას, მაშინ როცა სადაო მუხლები, რომელთა არაკონსტიტუციურად ცნობასაც ვითხოვთ ფაქტობრივად თავდაყირა აყენებენ სასამართლოსთვის კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის თუ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ უფლებას სრულყოფილად განახორციელოს მართლმსაჯულება.
აბსოლუტურად მოკლებულია ლოგიკას ბრალდების მხარისთვის სასჯელის გამოყენების ნაწილში ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც მას ფაქტობრივად აქცევს სასჯელის დანიშვნისას შეღავათის გამოყენების მონოპოლისტად (თუ არ ჩავთვალეთ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ისიც ნაწილობრივ).
ამასთან ერთად ეჭვქვეშ სულაც არ ვაყენებთ პროკურორის უფლებამოსილებას დადოს ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება, თუმცა უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ საპროცესო შეთანხმების მთავარი მიზანი არის არა იმდენად სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, რაც სასამართლოს პრეროგატივაა, არამედ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ: „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას....
3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
თუნდაც ამ მუხლის ანალიზი იძლევა იმის მტკიცების უფლებას, რომ სამართლიანი სასჯელის დანიშვნა არის სასამართლოს პრეროგატივა და სწორედ მან უნდა განსაზღვროს აქვს თუ არა მსჯავრდებულს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. რაც შეეხება რეალობას, რომელიც ჩამოყალიბდა სადავო მუხლების გამოყენების პრაქტიკით, შეგვიძლია გავაკეთოთ გაუკუღმართებული დასკვნა, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ბრალდების მხარე დგას უფრო მაღლა, ვიდრე სასამართლო და უნდა ვივარაუდოთ, რომ პროკურორისგან განსხვავებით სასამართლოს არ გააჩნია იმის მორალური თუ სამართლებრივი შესაძლებლობა სწორად შეაფასოს რამდენად არის შესაძლებელი პირობითმა მსჯავრმა, ან შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლებმა სასჯელმა, მიაღწიოს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის და სასჯელის სხვა მიზნებს.
ამდენად, სასამართლოს უფლება იზღუდება სწორედ იმ ნაწილში, რომლითაც კონსტიტუციის მე-13 მუხლი ადგენს მის პრეროგატივას აღუკვეთოს ან არ აღუკვეთოს თავისუფლება ბრალდებულს და ეს უფლება ენიჭება ბრალდების მხარეს.
მათ შორის აბსოლუტურად აუხსნელი არის პრინციპი რატომ აქვს სასამართლოს უფლება შეაფასოს რისკები სასჯელთან დაკავშირებით ნაკლებად მძიმე დანაშაულზე და რატომ ვერ შეაფასებს სათანადოდ ამ რისკებს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილს, აღნიშნული ნორმა ზღუდავს სასამართლოს საპროცესო შეთანხმების დადებისას არ დაეთანხმოს მხარეთა შორის უსამართლო პირობებს, მაშინ როცა ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე თუ მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი სასჯელი არ არის კანონიერი და სამართლიანი, მას აქვს მხოლოდ საპროცესო შეთანხმების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლება, ხოლო არსებითად განხილვის შემთხვევაში განსასჯელის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე ამას ითვალისწინებდა საპროცესო შეთანხმების პირობები. ამდენად, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანი სასჯელის გამოყენება, სასამართლოს საპროცესო შეთანხმების თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილებები საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისიწინებით გთხოვთ:
1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის ის ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი დანიშვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება;
2. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი წინადადება, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები. კერძოდ მუხლის პირველ ნაწილში არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი ჩანაწერი, რომლის შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. სსკ-ის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილი მთლიანად იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად. სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილი ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს დანიშნული სასჯელის ჩათვლას პირობითად ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-4 ნაწილი მთლიანად იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად.
3. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადება, რომლის თანახმად: გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან.
არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილი მთლიანად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა