საქართველოს მოქალაქე აპოლონ გადელია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N873 |
ავტორ(ებ)ი | აპოლონ გადელია |
თარიღი | 2 მარტი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მუხლი „39. 1. ა)“ ნაწილის საფუძველზე („მუხლი 39. 1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი”): კონსტიტუციური სარჩელით მოგმართავთ მე, აპოლონ გადელია, ფიზიკური პირი, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (ოთხივე პროფილით: სისხლი, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, არასრულწლოვანთა დაცვის), არასამთავრობო „სამართლიანობის აღდგენისათვის მებრძოლი ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე და მიმაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს №34-ს §01 ბრძანების მე-2 პუნქტით დაირღვა, პირველ რიგში, ჩემი, ყველა ადვოკატის და იმ მოსარჩელეთა უფლებები (გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის მუხლების 12-39 მოთხოვნათა შესაბამისად), რომლებსაც შეაქვთ და მომავალშიც შეიტანენ სარჩელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული განხრით. გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) სარჩელში მითითებული საკითხის რეგულირება გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 12-39 მუხლების მოთხოვნებით. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
თქვენო ღირსებავ, ვასაჩივრებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს №34-ს §01 ბრძანებას (იხ. დანართი №1), კონკრეტულად, მის პუნქტი 2-ს. მიმაჩნია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს №34-ს §01 ბრძანების მე-2 პუნქტით დაირღვა, პირველ რიგში, ჩემი, ყველა ადვოკატის და იმ მოსარჩელეთა უფლებები (გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის მუხლების 12-39 მოთხოვნათა შესაბამისად), რომლებსაც შეაქვთ და მომავალშიც შეიტანენ სარჩელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული განხრით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს №34-ს §01 ბრძანება: „იურიდიული პირების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მისაღებში სარჩელის ჩაბარების წესის განსაზღვრის თაობაზე“ გამოცემულია კანონის დარღვევით. კერძოდ: აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, „იურიდიული პირების წარმომადგენლებმა, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ ერთზე მეტი სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, ჩაბარებისას თითოეულ სარჩელზე წარადგინონ შესაბამისი რიგის ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მისაღების შესაბამისმა თანამშრომელმა უარი უთხრას სარჩელის მიღებაზე. დაუშვებელია ერთი პირის მიერ ერთდროულად რამდენიმე რიგის ნომრის აღება.“ ამ ბრძანების მოთხოვნის ნორმა როგორც მე, ისე ყველა მოსარჩელეს ულახავს ღირსებას, პატივს და ეწინააღმდეგება სარჩელის სასამართლოში მიღების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული შესაბამისი ნორმა: „2. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.“ ხოლო იმავე კოდექსის 183-ე მუხლით დაწესებულია: „მუხლი 183. სარჩელის (განცხადების) რეგისტრაცია სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. სარჩელი (განცხადება) არ რეგისტრირდება, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მოთხოვნებს: ა) არ არის შეტანილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით; ბ) მის ფორმაში არ არის აღნიშნული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტები; გ) არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შუამდგომლობების გრაფაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა); დ) არ ერთვის თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი; ე) არ ერთვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს; ვ) არ არის ხელმოწერილი; ზ) არ არის წარდგენილი სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ“. არც აღნიშნულ „ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ ჩვენს მიერ ზემოთ ციტირებულ მუხლებში და არც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ლ“ პუნქტებში არაა დაფიქსირებული მითითებული კანონის ნორმა, ანუ გამოცემული ბრძანება №34-ს §01-ის მე-2 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ნორმებს. გარდა ამისა, დაშვებულმა ბრძანებამ არა თუ მოაწესრიგა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მისაღების მომსახურება იურიდიულ პირებთან დაკავშირებით, არამედ ქაოსი შეიტანა: ჩასაბარებელ თითოეულ სარჩელზე შესაბამისი ცალკე რიგის ნომრის აღებამ გამოიწვია რიგის ხელოვნურად გაზრდა და დროის ზედმეტად არაეფექტური დაკარგვა. მაგალითად, 2016 წლის 25 ნოემბერს 17:25 საათზე ჩემს მიერ აღებული ტალონით ვიყავი რიგით 113-ე, ხოლო ქვემოთ მიწერილი იყო, რომ რიგს ჩემამდე ელოდებოდა 116 ადამიანი.(იხილეთ დანართი №2), ე.ი. მე ვიყავი 117-ე. ხოლო 2017 წლის 17 იანვარს 17:09 საათზე აღებული ტალონით (იხ. დანართი №3), ვიყავი 082-ე, ხოლო ჩემს წინ რიგს ელოდებოდა 88 ადამიანი, ანუ ვიყავი 89-ე. უფრო მეტიც, 2016 წლის 25 ნოემბერს 17:54 საათზე, ანუ სამუშაოს დამთავრებამდე 6 წუთით ადრე აღებული ტალონით (იხ. დანართი №4) რიგს ელოდებოდა 110 ადამიანი!!! აღნიშნული ბრძანების დაშვებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მისაღებში არასოდეს არ ყოფილა რიგის მომლოდინე 10-15 ადამიანზე მეტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლის ციტირებაც გადმომაქვს:
„მუხლი 61. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს“. და იმავე კოდექსის მე-60ꞌ მუხლის -„ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა“ , 1-ლი პუნქტის შესაბამისად: „1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. აღნიშნული არაკონსტიტუციური და კანონშეუსაბამო ბრძანების გაუქმების მოტივის შესახებ 2016 წლის 10 ნოემბერს გამოვითხოვე ბრძანება და მისი გაუქმების შესახებ 14 დეკემბერს წერილობით მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი მიქაუტიძეს ( იხ. დანართი №5), მაგრამ ამაოდ: უარი განაცხადა გამოცემული ზემოაღნიშნული ბრძანების ბათილობისა და ახალი ბრძანების გამოცემაზე, მიმითითა , რომ მიმემართა სასამართლოსთვის (იხ. დანართი №6). გულწრფელად გამოვთქვამ ეჭვს იმის შესახებ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრძანების ბათილობის გადაწყვეტილება გამოიტანოს და რომც გამოიტანოს, მას მოჰყვება სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, რომელთა განხილვა, როგორც წესი, გაგრძელდება ერთი ან ორი წელი ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი და მრავალი მოსარჩელის (წელიწადში ალბათ ათასობით) სახელით მოგმართოთ სრულიად სამართლიანად, რათა გავუფრთხილდეთ როგორც მოსარჩელე მოქალაქეებს, ასევე მათ რწმუნებულებს (წარმომადგენლებს) და ადვოკატებს. ჩვენ ხომ იურისტები და კოლეგები ვართ! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენი ამ ქვეყანაზე სტუმრობისა და ცხოვრების დრო მაქსიმალურად, ეფექტურად გამოვიყენოთ. ადამიანისათვის ხომ ყველაზე დიდი დანაკარი დროის უსარგებლოდ დაკარგვაა. ძველი წესით, სარჩელის ჩაბარებას სჭირდებოდა დაახლოებით (საშუალოდ) 15-20 წუთი ლოდინი და მაქსიმუმ 3-5 წუთი-ჩაბარების რეგისტრაციას. ახალი ბრძანებით კი, ამისთვის ერთი დღეა საჭირო. საუკეთესო შემთხვევაში, რიგითობის 2 ტალონის აღებით (სხვადასხვა დროს) 2 სარჩელის ჩაბარება შეიძლება მოახერხო. ძველი წესით, მეორე სარჩელს პირველთან ერთად აბარებდი და ამისთვის სულ 5 წუთი იხარჯებოდა. ფაქტიურად, ამ ხუთი წუთის გამო მოსარჩელემ ერთი დღე კიდევ უნდა დაკარგოს. თუ ადვოკატს 3 სარჩელი ჰქონდა ჩასაბარებლად (სამოქალაქო, ადმინისტრაციული) ადრე მას სჭირდებოდა ლოდინის დროს +5 წუთი (მეორე სარჩელზე) და + ხუთი წუთი (მესამე სარჩელზე). ახალი ბრძანებით კი 3 დღე თუ არა, დსაუკეთესო შემთხვევაში (გამომდინარე სარჩელის ჩამბარებელთა რაოდენობიდან), 2 დღე აუცილებლად დასჭირდება! ეჭვი მიჩნდება, ხელოვნურად ხომ არ კეთდება ეს ყველაფერი ემოციებით დატვირთული, პრობლემებით აღსავსე და გაჭირვებული ხალხის ასამბოხებლად?! ღმერთმა ნუ ჰქნას! გვეყო ამბოხი, ძმათა მკვლელი და საოკუპაციო ომები! ცივილიზაციის კუთხით დღეს მსოფლიო არნახული ტემპით მიიწევს წინ. ნუ დავუშვებთ ხელოვნურ ლაფსუსებს. ეს თითქოს ერთი შეხედვით „უმნიშვნელო“ დეტალი იწვევს ხალხის დიდ უკმაყოფილებას, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს იმ რეფორმებზე, რომლებიც სასამართლოს სისტემაში ხორციელდება მისი სრულყოფისა და დახვეწის მიზნით! ვიმეორებ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს №34-ს §01 ბრძანების მეორე პუნქტის მოთხოვნა: „ ლახავს ჩემს (და სხვა მოსარჩელეებისა და ადვოკატების) პატივსა და ღირსებას არამარტო თანამემამულეების, არამედ, უცხოელთა თვალშიც. ირღვევა ჩემი (ჩემნაირების) კონსტიტუციური უფლებები, განსაზღვრული მე-17, მე-19, 24-ე მუხლების მოთხოვნებით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ საკონსტიტუციო სარჩელით. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სარჩელი წარმოებაში, ბათილად ცნოთ კანონსაწინააღმდეგო და მოსარჩელეთა ღირსებების შემლახავი ნორმა და დაავალოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მისი ანულირება. მოვითხოვ: ,, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნიოს და ბათილად ცნოს „იურიდიული პირების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მისაღებში სარჩელის ჩაბარების წესის განსაზღვრის თაობაზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 25 აგვისტოს №34-ს ბრძანების პუნქტი 2-ის მოთხოვნა. დასაბუთება: მოთხოვნილით აღდგენილი იქნება კონსტიტუციით განსაზღვრული ჩემი პატივი და ღირსება. ამასთან ერთად, აღდგება სამართლის ნორმა, კანონთა შესაბამისობა და ნორმატიული აქტების თანხვედრა საქართველოს უზენაეს კანონთან. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა